ახალი აღმოჩენა – ნამონასტრევში
ოთარ ცინარიძე 599 85 21 14 –
ქედის მუნიციპალიტეტის მერისის ხეობის შორეული სოფელია ნამონასტრევი. ტოპონიმი მიანიშნებს, რომ აქ ერთ დროს მონასტერი იყო. მერისის ხეობისა და სოფელ ნამონასტრევის მოსახლეობა არქეოლოგიური გათხრების წარმოებას ითხოვდა. მათ საქმეში პარლამენტარი ანზორ ბოლქვაძეც ჩართეს.
მიმდინარე წელს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელობამ ნამონასტრევში არქეოლოგიური გათხრებისთვის თანხები გამოყო. ექსპედიცია სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე სპირიდონმა აკურთხა. საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმინდა აბუსერისძე ტბელის სასწავლო უნივერსიტეტთან არსებული გიორგი მთაწმინდელის სახელობის ქართველოლოგიური კვლევის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები ტარიელ ებრალიძე (ექსპედიციის ხელმძღვანელი) და ნაზი სურმანიძე სტუდენტებთან ერთად, მოსახლეობის თანადგომით, სამუშაოებს მარიამობის დღესასწაულის წინ შეუდგნენ. ექსპედიციის წევრები ორი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა მცირე დარბაზული ტიპის, ორფერდა სახურავიანი ეკლესიის ნაშთები. ეკლესია თავის დროზე აუგიათ მდინარე აკავრეთას მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ბუნებრივ ბორცვზე. გამოიკვეთა ნახევარწრიული მოყვანილობის აფსიდა, სამხრეთი და ჩრდილოეთი კედლების და საძირკვლის ნანგრევები. არქიტექტურული დეტალებიდან აღმოჩნდა თაღის ქვები, ასევე, ქვაზე ამოკვეთილი წარწერა და ქვაზე ამოკვეთილი ჯვრის ფრაგმენტი, ქვევრის, კეცის, ქოთნის და დოქის ნატეხები. საინტერესოა თითქმის მთლიანად დაცული თიხის სასანთლე, რომელიც საკურთხეველში აღმოჩნდა.
– მიმდინარე წელს ეს მეორე ექსპედიცია იყო. ასევე საინტერესო აღმოჩენებთან გვქონდა საქმე მარეთის ხეობის შორეულ სოფელ დარჩიძეებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას, ანალოგიური აღმოჩენები სხვაგანაც იყო. კიდევ ბევრია გასაკეთებელი ეკლესია-მონასტრების ნაშთების აღმოსაჩენად, – გვითხრა ტარიელ ებრალიძემ.

