„აქ მაღალი ფასებია და სერვისის დაბალი დონე, თუკი ეს სხვაობა არ დარეგულირდა, სტუმარი თავს მოტყუებულად იგრძნობს“
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
პანდემიის პირობებში ტურიზმის სფერო მნიშვნელოვან გამოწვევებს აწყდება და მათ შორის უმნიშვნელოვანესი კოვიდპანდემიაა. ვირუსის ახალი შტამები ვრცელდება გაცილებით უფრო სწრაფად და ტურიზმიც ამ ყველაფერს ხელს უწყობს, რადგან ის მნიშვნელოვნად ზრდის მობილობას. რთული სიტუაციაა ამ მხრივ საქართველოშიც. განსაკუთრებით ხალხმრავლობაა ზღვისპირა კურორტებზე, სადაც ადგილობრივ დამსვენებლებთან ერთად მრავლად არიან უცხოელი ტურისტებიც. ჯეროვნად არ სრულდება რეგულაციები, რის გამოც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები კვლავ მაღალ ნიშნულზეა.
რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით აჭარაში, ამაზე საუბრობს ჩვენთან ინტერვიუში საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად ელიზიანი.
–თუ შეიძლება, მიმოვიხლიოთ საერთაშორისო ტურიზმის მდგომარეობა. როგორც ცნობილია, მილიარდობით დოლარის ზარალზეა საუბარი.
-რა თქმა უნდა, პანდემიამ უდიდესი დარტყმა მიაყენა მთელ მსოფლიოს და არცერთი ქვეყანა არ არის გამონაკლისი. თუკი 2021 წელს შევადარებთ შარშანდელს, ცხადია, მცირეოდენი ცვლილება ტურიზმის ამოძრავების კუთხით იყო. ამაში ტურიზმს დაეხმარა ვაქცინაცია, ხალხის მიერ რეგულაციების დაცვით უსაფრთხოების ზრდა და ა.შ. ანუ იმ ქვეყნებში, სადაც შედარებით უკან დაიხია პანდემიამ, მართლაც ამოძრავდა ტურიზმი. თუნდაც თურქეთი ავიღოთ, ამ სეზონზე ისინი მასპინძლობენ ტურისტებს, თუმცა, რაღა თქმა უნდა, გაცილებით მცირე რაოდენობით.
–გამოსავალი ალბათ ისევ და ისევ მოსახლეობის უმეტესი ნაწილის ვაქცინირებაშია.
-ეს თავისთავად, მაგრამ არის სხვა პრობლემებიც, რომელთა ყოველი ფაზა განსაკუთრებულ მიდგომას და მუშაობას მოითხოვს. ვაქცინაციის გარდა, აუცილებელია ჯანდაცვის კუთხით დადგენილი რეგულაციების მკაცრი დაცვა და იმ ტიპის შეზღუდვის შერბილება, რომელიც აფრთხობს ტურისტს, უჩენს მას დაუცველობის შეგრძნებას. უსაფრთხო ტურიზმი რთული შესამუშავებელია პანდემიის ყველაზე სახიფათო პერიოდში. სწორედ ასეთ ეტაპზე ვართ ახლა და უმჯობესია, თუკი ჯანმოს ყველა რეგულაციას გავითვალისწინებთ. მომავალ წელს ალბათ უკეთესი პირობები იქნება საერთაშორისო ტურიზმის ასამოძრავებლად. დიდი ალბათობით, უკვე 2022 წელს დასავლეთის ქვეყნების უდიდესი ნაწილი სრულად აცრის საკუთარ მოქალაქეებს, რაც პანდემიის შენელებას შეუწყობს ხელს და მეტ პერსპექტივას მისცემს ამ სფეროს წარმატებულად ამუშავებას.
–ჩვენთან როდის უნდა ველოდოთ ამ მხრივ ცვლილებებს უკეთესობისკენ?
-ჩვენთან დაგვიანებით დაიწყო აცრები და ჯერ კიდევ ვერ ვახერხებთ მოქალაქეების ვაქცინირებაზე დათანხმებას. ასე რომ, მეეჭვება სწრაფად დავტოვოთ ის წითელი ზონა, სადაც უკვე მოვექეცით პანდემიის ურთულესი შემოტევის გამო. თუკი მოხდება სასწაული და აცრების ეროვნულ გეგმას დავეწევით, სადაც ზუსტადაა მითითებული, რა პერიოდში რამდენი მოქალაქე უნდა აიცრას პანდემიის შესაჩერებლად, შესაძლოა, უკვე გაისად სულ სხვა ციფრებზე გავიდეთ ტურიზმის შემოსავლების კუთხით. ეს ყველაფერი ჩვენი მოქალაქეების და სახელმწიფო სტრუქტურების აქტიურობაზეა დამოკიდებული. ისიც გასათვალისწინებელია, რომ აქ არ არის მხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობაზე საუბარი, ქვეყნის ეკონომიკა კოლაფსში ჩავარდება, თუკი დროულად არ ამუშავდა და არ მიეცა ბიზნესს პანდემიამდე არსებულ ნიშნულთან დაბრუნების შანსი.
–ე.ი. რაღაც იმედი არსებობს?
-არსებობს, რადგან მილიონობით ვაქცინაა შემოტანილი და მეცნიერებს აქვთ ახალი მედიკამენტის გამოჩენის იმედი, რომელიც განკურნავს კოვიდ-19-ს. ეს უზარმაზრი წინსვლა იქნება მთელი მსოფლიოსთვის და საბოლოოდ დაამარცხებს პანდემიას. ამ ეტაპზე კი უნდა მივიღოთ ის მოცემულობა, რაც არსებობს და აქედან ამოვიდეთ. ფაქტია, ამ ეტაპზე საერთაშორისო ტურიზმი იმდენად მცირე მასშტაბებს მოიცავს, რომ რაიმე რეალურ წინსვლას გამორიცხავს ამ სფეროში.
–აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა შეიმუშავა სამთო ტურიზმის პროდუქტები, სხვადასხვა გაიდლაინი და ახალი მარშრუტები, რაც ხელს უწყობს ინდივიდუალური ტურების განხორციელებას. პანდემიის პერიოდში ბევრი ითხოვს დასვენების მსგავს კერებს, რომლებიც მოშორებული იქნება თავყრილობებს და ცივილიზაციას. თუ დაეხმარება ახალი მიმართულებები ჩვენთან ტურიზმის ამუშავებას?
– ეს პროცესი ვერ დაეხმარება აჭარას ტურისტების მასობრივ მოზიდვაში. სამთო ინდივიდუალურ ტურებს იმდენად მცირე მომხმარებელი ჰყავს, რომ დიდად ვერ შეავსებს რეგიონის შემოსავლებს. შესაძლოა, სამომავლოდ გაიზარდოს ასეთი ტურისტების რიცხვი. ისიცაა, ჯერ ჩვენ ეს მხარე და ეს ტურისტული პროდუქტი სათანადო დონეზე არც გვაქვს გატესტილი. ეს მარშრუტები ჯერ კიდევ დასახვეწია, ინფრასტრუქტურულად გასამართი და კადრები – მოსამზადებელი. თავისთავად, ამ მარშრუტებმა მოიზიდა ადგილობრივი ტურისტები, იქაურმა მოსახლეობამაც ნახა შემოსავალი და ეს ძალიან კარგია, მაგრამ ამ ეტაპზე საერთაშორისო ტურიზმის განვითარებაზე დიდად ვერ აისახება და აჭარაში მხოლოდ ამის იმედად ვერ ვიქნებით.
–მოდით. განვიხილოთ ჩვენი ტურიზმის ნაკლოვანებები, რაც არსებობდა ჯერ კიდევ პამდემიამდე.
-პრობლემები უკვე კარგა ხანია გვაქვს და არც შეცვლილა. გადავხედოთ, რა მოცემულობა გვაქვს. ზღვა, მთები, ულამაზესი ბუნება, ტყეები, დაცული ტერიტორიები, გასტრონომია, ღვინო, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. თანდათან იხვეწება ტურისტების მიღების კულტურა, მუშავდება სერვისის უნარ-ჩვევები, ვითარდება ინფრასტრუქტურა, შენდება ფეშენებელური სასტუმროები, კაფე-ბარები, რესტორნები, გასართობი ცენტრები. ეწყობა ქალაქგარეთ არსებული დასვენების კერები. პრობლემაა ისევ გზები, მომსახურება და ფასები.
– თქვენ თქვით, რომ სერვისი იხვეწება?
-დიახ, იხვეწება, მაგრამ ჯერ ვერ პასუხობს სტანდარტებს, მაშინ როდესაც ფასები აშკარად უდრის უცხოეთისას. აქ ჩამოსულს ეს შეუსაბამობა მაშინვე ეცემა თვალში. ამას აფიქსირებენ როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი ტურისტები. ყველამ ვიცით, რა მომსახურებას გვიწევენ აქვე, თურქეთში მდებარე კურორტები. იქ დასვენება გაცილებით იაფი ჯდება და თან გაცილებით უფრო კომფორტულია, ვიდრე ჩვენთან. ამის შედარება არავის გაუჭირდება. არის იქაც ძვირიანი ადგილები, მაგრამ იქ ფასი შეესაბამება როგორც სტანდარტს, ისე სერვისის დონეს და გული არ გწყდება, რომ ზედმეტს იხდი. აი, სწორედ ეს განწყობა არ უნდა დარჩეს აქ ჩამოსულ ტურისტს. ფასი უნდა შეესაბამებოდეს მიწოდებულ პროდუქტს. თუკი ეს სხვაობა არ დარეგულირდა და თანაფარდობა არ იქნა მიღწეული, სტუმარი თავს მოტყუებულად იგრძნობს. არც თავად გვესტუმრება მეორეჯერ და არც სხვას ურჩევს აქ ჩამოსვლას.
–ამ პრობლემებზე უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ, მაგრამ არ გამოსწორდა. აჭარაში გახსნილი კოლეჯები ხომ სწორედ ამ მიმართულებით ამზადებენ კადრებს?
-კი ბატონო, კოლეჯებიც გაიხსნა და სწავლებაც მიმდინარეობს ძალიან კარგ დონეზე. ამან, ერთი მხრივ, რაღაც შვება მისცა ტურიზმში დაკავებულ ჩვენს ბიზნესმენებს, კადრების შერჩევის და მოზიდვის საკითხიც სულ სხვა დონეზე ავიდა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ კვლავ პროფესიონალი კადრების ნაკლებობაა და კოლეჯების კურსდამთავრებულთა რაოდენობა საკმარისი არ არის. 15 წელიწადია, აქტიურად ვითარდება ტურიზმი ჩვენს რეგიონში და ჯერაც ვერ ჩავთვლით, რომ ამ მიმართულებით წარმატებული გარღვევა მოხდა. ცხადია, აქ არ ვგულისხმობ ბრენდულ სასტუმროებს, რომლებიც, ძირითადად, თავად ამზადებენ კადრებს, ან სტრუქტურების ხელმძღვანელები უცხოეთიდან ჩამოჰყავთ. სპეციალისტების მომზადების საკითხი ალბათ გადასახედია. იყო ადრეც ამაზე საუბარი და მაშინ გადაწყდა, რომ ყველაზე უფრო მომგებიანია უცხოეთში სტაჟირება, გაცვლითი პროგრამები, უცხოელი ლექტორების მოწვევა, ახალი სასწავლო კურსის შემუშავება და სხვ.
–თავად სასტუმროების და რესტორნების მფლობელებმა რა ხერხს უნდა მიმართონ?
-ამ ადამიანებმა უნდა განსაზღვრონ ფასების პოლიტიკა, ჩაატარონ მონიტორინგი. ან შესთავაზონ სტუმრებს უმაღლესი კატეგორიის მომსახურება, ან დაწიონ ფასები. ყველა სეგმენტს თავისი მომხმარებელი ჰყავს და მხოლოდ ვარსკვლავების მომატებით და ფასების აწევით ვერ მოიზიდავ და თუ მოიზიდავ, ვერ შეინარჩუნებ მომსვლელს. აუცილებელია ბაზრის სწორი ანალიზი, რა კლიენტურა გყავს, რა დონის ტურისტული პროდუქტის მიწოდება შეგიძლია, რა ტიპის სერვისები გაქვს და რამდენად ადეკვატურ ფასს ადებ. მსგავს ანალიზს ბევრი ვერ ახერხებს. ალბათ ჯერ კიდევ დრო გვჭირდება, სანამ აქამდე მივალთ.
–ჩვენმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ძალიან კარგი გადაცემა შესთავაზა მაყურებელს. სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად შედიან რესტორნებსა თუ კაფე–ბარებში და სამზეოზე გამოაქვთ მათ სამზარეულოსა თუ დარბაზებში აღმოჩენილი ნაკლოვანებები.
-ეს მართლაც კარგი გადაცემაა. ჩანს ის სტანდარტები, რასაც აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს საზოგადოებრივი კვების ობიექტები, მით უმეტეს, თუკი იქ ასტრონომიული ფასებია. სურსათის უვნებლობის საკითხი არც კი უნდა განიხილებოდეს დღეს, მაგრამ როგორც ვხედავთ, ესეც გამოსასწორებელი და გასაკონტროლებელია. იოლი მოგება ის არგუმენტია, რასაც ბევრი ხელის მოსათბობად იყენებს. ცხადია, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ხშირად არც კი იცის მფლობელმა, რა ტრიალებს მისი ობიექტის სამზარეულოში, მაგრამ კარგად გამართული სტრუქტურა უზრუნველყოფს მსგავსი გაუგებრობების თავშივე მკაცრად აღმოფხვრას. ამ კუთხით უნდა დაალაგოს საკუთარი საწარმო ბიზნესმენმა და ასევე მნიშვნელოვანია სახანძრო და სხვა უსაფრთხოების წესების ზედმიწევნით დაცვაც, რაც ასევე პირდაპირ აისახება ტურისტების შემოდინებასთან.
–თუ შეიძლება დავაკონკრეტოთ, რას გულისხმობთ?
-მაგალითად, სასტუმრო „ლეოგრანდის“ ტრაგედიას, რომელმაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეიწირა, ან ქობულეთის კერძო სასტუმროში გაჩენილ ხანძარს, ახალგაზრდები რომ ემსხვერპლა. იყო მსგავსი ფაქტები კიდევ, თუმცა არა ასეთი მასშტაბების. ეს ყველაფერი ხაზს უსვამს ჩვენს იმიჯს არა მხოლოდ უცხოელის, არამედ ადგილობრივი ტურისტის თვალშიც. სასტუმროს მშენებლობისას, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო უსაფრთხოების წესების უგულებელყოფამ, კარგად დავინახეთ, რამხელა ტკივილი მოგვაყენა. ისიც გასათვალიწინებელია, რომ პანდემიამ კიდევ უფრო გაამძაფრა ტურისტების მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნა. აქ არ იგულისმება მხოლოდ კოვიდი, იგივე სურსათის თუ ნაგებობათა უსაფრთხოებაც დადგა დღის წესრიგში. ახლა ტურისტი უფრო აკვირდება, სად მიდის, რამდენადაა დაცული მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ვერ ვიტყვით, რომ ეს ყველაფერი ერთ-ორ წელიწადში მოგვარდება, მაგრამ კარგია, რომ ტელეარხებიც გააქტიურდნენ, სახელმწიფომაც შეიმუშავა ამ მიმართულებით სათანადო რეგულაციები, რომლებიც უკვე მოქმედებს. იმედია, კერძო სექტორიც აქტიურად ჩაერთვება ამ პროცესებში, ცხადია, თუკი სურს, საკუთარი ბიზნესი უფრო მაღალ დონეზე აიყვანოს და მეტი მოგება მიიღოს.
–კიდევ რის გათვალისწინებას ურჩევთ ტურიზმში დასაქმებულ ბიზნესმენებს?
-ტურისტს ლამაზი ხედების გარდა იზიდავს ადგილობრივი სამზარეულოც. ის სინჯავს კერძებს, აგემოვნებს აქაურ ხილს, ბოსტნეულს და ირჩევს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს. ჩვენთან უკვე ვითარდება სოფლის მეურნეობა, ძლიერდება კოოპერატივები, ეწყობა სათბურები, ფერმები და ა.შ. თუკი სახელმწიფო სტრუქტურები შეძლებენ მედიატორის როლის შესრულებას სასტუმროებსა და ფერმერებს შორის, დაალაგებენ მიწოდება-გასაღების ბაზრებს, შესაძლოა, ტურისტების მოზიდვა მოხერხდეს სწორედ ამ სეგმენტითაც. გემრიელი სამზარეულო ხომ სტუმრისთვის თავის მოწონების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. თურქეთიდან შემოტანილ ხილ-ბოსტნეულს არა აქვს ის გემო, რაც ადგილობრივს. ამ მიმართულებითაცაა აუცილებელი მუშაობა, რაც აშკარად გამოიღებს საუკეთესო შედეგს.
–ბათუმში ტურისტებისთვის ერთ–ერთი მიმზიდველია კაზინოთა ქსელი, რომელიც ზამთარ–ზაფხულ მუშაობს, დიდ შემოსავალს აძლევს ქალაქს, მაგრამ სამართლიან აღშფოთებას იწვევს მოქალაქეებში.
-ეს მართლაც ასეა, თუმცა ახლა უკვე ხდება არასრულწლოვანთა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა ფილტრაცია დიდ კაზინოებში. საკითხი მაღალ დონეზე გვარდება, თუკი დაინტერესებული პირი შეატყობინებს ადმინისტრაციას პრობლემის შესახებ. ამ კუთხით მონიტორინგის განხორციელებაც შესაძლებელია. ჩვენს მახლობელ ქვეყნებში: თურქეთში, ისრაელში, აზერბაიჯანში, არაბეთში და ა. შ. აკრძალულია აზარტული თამაშები, არადა, მოთხოვნა არის. ჩვენთან განვითარდა ეს სეგმენტი და კარგადაც მუშაობს. შეიძლება, ტურისტთა ნახევარს არ შეადგენს აქ თამაშისთვის ჩამოსულთა რიცხვი, მაგრამ მნიშვნელოვან შემოსავალს აძლევს ქალაქს. ასევე, სასტუმროთა დიდი ნაწილი ამ ხალხზე მუშაობს. მათ გარეშე ბრენდულ სასტუმროებს გაუჭირდებოდათ არსებობა. სწორი რეგულირების პირობებში, ვფიქრობ, ჩვენი მოქალაქეებისთვის, ამ მხრივ, ზოგადი რისკების შემცირება შესაძლებელია.
–კოვიდსასტუმროებად გადაკეთებამაც შეუნარჩუნა სახე სასტუმრო ბიზნესს.
-დიახ, საკმაოდ დიდი როლი ითამაშა ამ ბიზნესში. პერსონალიც შეინარჩუნეს და გადაამზადეს კოვიდუსაფრთხოების დაცვის მიმართულებით, რაც შემდგომშიც გამოადგებათ. ამ ხალხმა გაიარა ისეთი კურსები, რასაც ვერც ერთი სასწავლებელი ვერ მისცემდა. კოვიდრეგულაციებით მომუშავე ბრენდულ სასტუმროებს აღარ გაუჭირდებათ უსაფრთხოების რეგულაციების დაცვა და პანდემიის შემდეგ, კიდევ უფრო გაძლიერებულნი დაუბრუნდებიან მუშაობის ჩვეულ რეჟიმს.