„ბათუმში სამოქალაქო საზოგადოებას უნდა გააჩნდეს მერიისა და საკრებულოს წევრთა კონტროლის ბერკეტი“
ხატია იაშვილი 27 48 93 –
თვითმმართველობის არჩევნები არ გამოირჩეოდა დიდი აქტუალურობით, მაგრამ მას შემდეგ, რაც შარლ მიშელის დოკუმენტმა პროცესს რეფერენდუმის დატვირთვა მისცა, ოპოზიცია იმდენად გააქტიურდა, რომ მმართველმა პარტიამ აღნიშნული შეთანხმება გააუქმა.
ამ ეტაპზე, სანამ დიდი პოლიტიკა მაღალ ეშელონებში წყდება, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების პოსტებზე სხვადასხვა პარტიები აყენებენ საკუთარ კანდიდატებს. ბათუმში გაერთიანებულმა ოპოზიციამ აღარ დაანაწევრა ძალები, არ გაყო ხმები და შეთანხმებისამებრ, ერთიანი კანდიდატურები წამოაყენა. გთავაზობთ ინტერვიუს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ოპოზიციის კანდიდატ („ევროპული საქართველო“) ვახტანგ კალოიანთან, რომელიც ჩვენი გაზეთის ერთგული რესპოდენტია. როგორც ექიმი, იგი ხშირად გვაკვალიანებს ეპიდემიასთან დაკავშირებულ საკითხებში.
-ქალაქში ცნობილი ექიმების ოჯახიდან, თავადაც წარმატებულმა ექიმმა რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში წასვლა, ისიც „ევროპულ საქართველოში“?
-პოლიტიკაში წასვლაზე დიდი ხნის ნაფიქრი მაქვს. ჩემი იქ ყოფნის საჭიროება აუცილებლობად ჩავთვალე მას შემდეგ, რაც ქვეყნის მართვაში უამრავი ხარვეზი დავინახე. გავაცნობიერე, რომ მხოლოდ პოლიტიკით შევძლებ ისეთ სტრუქტურაში მოსვლას, საიდანაც უფრო მეტის გაკეთებას შევძლებ ხალხისთვის, ქვეყნისთვის. რაღაც ეტაპზე ეს გრძნობა ალბათ ყველას უჩნდება, ზოგი ახერხებს ჩანაფიქრის რეალიზებას, ზოგიც – ვერა. მე გადავწყვიტე, აქტიურად ჩავრთულიყავი ამ სფეროში და ბოლომდე გამომეცადა საკუთარი თავი. რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“, იდეოლოგიურად ეს არის მემარჯვენე ლიბერალური პარტია ევროპული ორიენტაციით. რაც მთავარია, პოლიტიკური ძალა თანმიმდევრულია, არ იყენებს პოპულისტურ მესიჯებს. მოქალაქეებს არ აძლევს უპასუხისმგებლო დაპირებებს, ეუბნება მხოლოდ იმას, რაც რეალისტურია, რასაც ჰპირდება, ასრულებს. გაიხსენეთ პარლამენტში შესვლის ეპოპეა, რითაც დაამტკიცა იდეოლოგიური დამოუკიდებლობა.
-ოპოზოციამ მაშინ მოაწერა ხელი მიშელის დოკუმენტს, როდესაც მასზე უარი თქვა „ქართულმა ოცნებამ“. თქვენი პარტია რა გზას ირჩევს ამ კუთხით?
-მოგეხსენებათ, „ევროპულმა საქართველომ“ ხელი არ მოაწერა მიშელის დოკუმენტს. თავიდანვე ითხოვდა მის გაუმჯობესებულ ვარიანტს. სამწუხაროდ, ჩვენი პარტნიორები ამაში ვერ დავარწმუნეთ. ვთვლით, რომ ხალხისთვის მიცემული პირობა არ უნდა დაირღვეს, რადგან ეს იწვევს დაბნეულობას, უნდობლობას და გულგატეხილობას მის მომხრეებში. ტყდება ხიდი მოქალაქეებსა და მათ რჩეულ პოლიტიკურ პარტიას შორის. ამიტომ, რადგან თავიდანვე უარვყავით ხელმოწერა, არც ახლა მოვაწერეთ ხელი.
– თქვენი მოსაზრებით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ რატომ მოაწერა?
-არ ვიცით, მათი ეს ნაბიჯი დღემდე გაუგებარი და მიუღებელია ჩვენთვის. თანმიმდევრულობა, სიტყვის შესრულება და პირობის დაცვა ერთ -ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად მიგვაჩნია დღეს, ისედაც გართულებულ პოლიტიკურ ვითარებაში. თუკი ხელმოწერას აპირებდნენ, ლოგიკური იქნებოდა უფრო ადრე მოეწერათ ხელი, თუმცა ვთვლით, რომ ქვეყნისთვის დღეს ეს არ არის მთავარი გამოწვევა. უფრო მნიშვნელოვანია ამ არჩევნებში კოალიციური ოპოზიციის გამარჯვება. აქვე შეგახსენებთ, რომ კოალიციის მიუხედავად, ჩვენს პარტიებს შორის განსხვავებები რჩება, თუმცა უცვლელია საერთო კანდიდატები და ის ცვლილებები, რასაც განვახორციელებთ გამარჯვების შემთხვევაში. ცხადია, ვგულისხმობ ბათუმის მუნიციპალიტეტს და აქ არსებულ ძირეულ პრობლემებს, რომლებიც აღმოიფხვრება, თუკი ამომრჩეველი მხარს დაგვიჭერს. ბათუმური ოპოზიციის ერთიანობა განსაკუთრებით სასიხარულოა, რადგან ამ კოალიციით დავამტკიცებთ, რომ ბათუმი ნამდვილად ევროპული ქალაქია და მზად არის ევროპული სტანდარტების ცვლილებებისთვის. ჩვენ ვაპირებთ, მოვიდეთ თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციაში კონკრეტული ნაბიჯებით, პროგრამით, ღირსეული კადრებით. წარვადგინეთ როგორც დეპუტატობის კანდიდატები, ასევე მერის მოადგილეების, მერიის ძირითადი სამსახურის შემადგენლობის კანდიდატები. თავისთავად ვთვლით, რომ დიდი ნაბიჯია გადადგმული ევროპული ტიპის მმართველობისკენ.
-სანამ ბათუმს მოვუბრუნდებით, მინდა გკითხოთ, რა აზრის ხართ გახარიას მიერ საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაზე თბილისის მერად?
-გახარია სწორედ ის პიროვნებაა, რომელიც პასუხისმგებელია პანდემიის დღევანდელ მომძლავრებასა და ამდენი ადამიანის გარდაცვალებაზე. სწორედ მისი არასწორი და არაეფექტური მართვის გამო დავრჩით ვაქცინების გარეშე. გახარიას შეცდომების გამო, მხოლოდ აგვისტოში დავიწყეთ მასშტაბური ვაქცინაცია. ვთვლი, რომ გიორგი გახარია ნეგატიური ფიგურაა ქართულ პოლიტიკაში და არც ის მგონია, რომ სერიოზული ცვლილება მოახდინოს ამ სფეროში.
-გახარიას მმართველობის პერიოდს უკავშირებენ პანდემიის საწყის ეტაპზე საქართველოს მწვანე ზონად გამოცხადებას.
– ვინც ამ საკითხში უკეთ ერკვევა, არაფრით დაგეთანხმებათ. მწვანე ზონად დარჩენა შევძელით მკაცრი ლოქდაუნების და შეზღუდვების დაწესების შედეგად, რამაც მთლიანად დასცა ეკონომიკა, დაძაბა სოციალური ფონი, გააღატაკა მოქალაქეთა დიდი ნაწილი, დატოვა შემოსავლების გარეშე. ასევე, ის თავს არ იწუხებდა ვაქცინის მოსაპოვებლად. მთავარი შეცდომა დაუშვა, როდესაც დროულად არ დარეგისტრირდა კოვიდპლატფორმაზე, რის გამოც დავაგვიანეთ ვაქცინაციის პროცესის სრულად ჩაშვება, ანუ გახარია პირდაპირ კავშირშია საქართველოს მოქალაქეების სიკვდილის შემზარავ ქრონიკასთან, რომელიც ყოველდღიურად ცხადდება. გახარიას არათანმიმდევრული მმართველობა აზიანებდა სამედიცინო სფეროს. ჩვენ თვეების განმავლობაში ვითხოვდით ანტიბიოტიკებით, მედიკამენტებით მომარაგებას, რაც პრაქტიკულად არ იყო. ორი წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია ხელისუფლებას, რომ საავადმყოფოების ინფრასტრუქტურული მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო, სამედიცინო პერსონალი დატრენინგებულიყო, აღჭურვილობა შეეძინათ და სხვ.
-ახლანდელმა პრემიერმა ხომ მოაბა თავი ვაქცინაციას?
-ღარიბაშვილმა გახსნილი ყუმბარით ირბინა მაის-ივლისში. აუცრელ მოსახლეობაში ის მინიმალური რეგულაციებიც ვერ მართა, რაც იყო. აქედან გამომდინარე, მასაც ხელი ურევია ტრაგიკული აგვისტოს მოწყობაში. სამედიცინო კორპუსი ჯერ კიდევ მარტში ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ რთული მეოთხე ტალღა გველოდა წინ, მაგრამ სიტყვებით ვერაფერს გავხდით და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, 70-80-90 კაცის სიკვდილს ვიგებთ ყოველდღიურად.
-„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ გაიმარჯვებს არჩევნებში, ვერავითარი ძალა ვერ დაუდგება წინ.
-უბრალოდ, თავს იმშვიდებს. ასე თუა, რატომ უშალა პირი მიშელის დოკუმენტს. მან კარგად იცის, რომ თუნდაც ამ კოვიდპანდემიის მოზღვავება და ამდენი ადამიანის სიკვდილში დადანაშაულებაც ეყოფა, რომ პირწმინდად წააგოს არჩევნები. იმდენჯერ არ შეასრულა თავისი დანაპირები მმართველმა გუნდმა, რომ არც ახლა შეწუხებულა საკუთარი სიტყვის უკან წაღებით. აცხადებს, რომ ვადამდელ არჩევნებს არაფრით დანიშნავს, მაგრამ ცხადია, დაინიშნება, სურს ეს მათ, თუ არა. მოსახლეობა ელოდება ცვლილებებს და ამ მოლოდინს ვერავინ შეეწინააღმდეგება. რაც შეიძლება სწრაფად უნდა შევცვალოთ ხელისუფლება, რადგან იგი უკვე მერამდენედ „აგდებს“ საკუთარ ხალხს, ოპოზიციას და დასავლელ პარტნიორებს.
-თქვენ გეჩქარებათ, თუმცა ოპოზიცია ახლახან თვითმმართველობის არჩევნების გადადებას ითხოვდა. . .
-„ევროპულ საქართველოს“ არჩევნების გადადება არ მოგვითხოვია. ეს ეპიდემიოლოგების გადასაწყვეტია. ჩვენ მზად ვიყავით, ჩავრთულიყავით ამ საკითხის განხილვაში და ქვეყნის ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად მიგვეღო გადაწყვეტილება. „ქართულმა ოცნებამ“ ამ მიმართულებით მსჯელობაც კი არ მიიჩნია საჭიროდ, არადა, ჩვენ მზად ვიყავით და ახლაც მზად ვართ ჩავერთოთ ნებისმიერ დებატებში ხელისუფლებასთან და გადავწყვიტოთ, რამდენად აუცილებელია არჩევნების გადადება. როგორ მოგეწონათ, 75-მილიონიან ტრანშზე რომ თქვა ღარიბაშვილმა უარი?! ამ შემთხვევაშიც დაადასტურა, რომ რუსეთის მხარდაჭერის იმედი აქვს. არადა, „ქართულმა ოცნებამ“ ყველა წინამორბედ მთავრობაზე მეტი, კატასტროფული ვალი დააგროვა საკუთარი მმართველობის პერიოდში, რაც კორუფციული სქემებისა და პარტიის დაფინანსებისთვის გამოიყენა. ახლაც ეს არის არა ფინანსურ მხარდაჭერაზე უარის თქმა, არამედ უარი სასამართლოს რეფორმებზე, ბიზნესის მხარდაჭერაზე და ა.შ. ამის პარალელურად, ბატონი ლავროვის განცხადება: „მზად ვარ საქართველო გულში ჩავიხუტო“, კიდევ ერთხელ ადასტურებს ზემოთქმულს.
-ოპოზიცია რაში ხედავს გამოსავალს? როგორც ჩანს, თქვენს რიგებშიც მიმდინარეობს გადალაგება-გადმოლაგების პროცესი, როდესაც ერთი პოლიტიკური ძალის ლიდერი, სრულიად მოულოდნელად, მანამდე მტრად შერაცხულთა ბანაკში აღმოჩნდება, მოსახლეობის ნდობაზე პრეტენზია, მგონი აღარც უნდა გქონდეთ. მაგალითად „მესამე ძალაც“ საკმარისია, „რესპუბლიკელებზე“ რომ არაფერი ვთქვათ.
-ბათუმში ოპოზიცია შეკრული და მთლიანია. ამას ადასტურებს ჩვენი საერთო კანდიდატურებიც. ჩვენი ძალა კოალიციასა და ერთად დგომაშია. იგივე „მესამე ძალის“ კანდიდატიც ჩვენთან ერთადაა. გამოსავალი კოორდინაციაშია. ახლა, „ნაციონალების“ გაპარული თავმჯდომარე რომელ პარტიაში შევა, არა მგონია, ამან არჩევნების ბედზე რაიმე სერიოზული გავლენა მოახდინოს.
-ოპოზიციას ბრალს სდებენ, რომ არჩევნებიდან მეორე დღესვე არეულობასა და საპროტესტო აქციებს გეგმავს.
-სიცრუეა. ჩვენ ვემზადებით მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებისთვის. ერთად ვართ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, „მესამე ძალასთან“, „ლელოსთან“ და სხვებთან. გამოკითხვებით, ხმების 60% უდავოდ ჩვენია. ასე რომ, არ დაგვჭირდება საპროტესტო აქციები და არეულობა, რადგან ოფიციალური მანდატებით მოვალთ ბათუმის მუნიციპალიტეტის სათავეში. იგივე იქნება სხვა რეგიონებში. გამარჯვება გარანტირებული გვაქვს და მმართველი გუნდი მაქინაციებით ვერ შეძლებს, ბათუმელებს წაართვას ევროპული ტიპის კოალიციური მმართველობა.
-როგორც საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, ცხადია, ნაფიქრი გაქვთ, რას გააკეთებთ ქალაქისა და ქალაქელებისთვის.
-ძალიან დიდი პრობლემების წინაშე დგას დღეს ჩვენი საყვარელი ბათუმი. ჩემი მმართველობის საწყისი ეტაპი დაეთმობა ქალაქის ბიუჯეტის გაზრდას. პირველივე სხდომაზე მივმართავთ აჭარის მთავრობას, რომ ბათუმში გენერირებული საშემოსავლოების გადასახადების უდიდესი ნაწილი დარჩეს ქალაქს. შევიმუშავებთ ბათუმის გონივრული ურბანული განვითარებისთვის საჭირო დადგენილებების პროექტებს და დოკუმენტებს, რათა სრულიად მივუხუროთ კორუფციულ სქემებს კარი. ბათუმის განაშენიანების გენერალური გეგმა არ უნდა იყო დამოკიდებული ბიუროკრატიულ გადაწყვეტილებებზე, უნდა შეიმუშაონ და დაამტკიცონ პროფესიონალებმა. მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების სოციალური პრობლემების მოგვარება. ამაში საკრებულოს ძალიან დიდი როლის შესრულება შეუძლია. მიზანმიმართული, ღია, პროგრამული საბიუჯეტო დაფინანსების მომხრენი ვართ. გპირდებით, ჩვენს მუშაობაში მოქალაქეები აქტიურად ჩაერთვებიან. ე.წ. ამხანაგობებს დავუკანონებთ რეალურ ქონებას, რათა ისინი არ იყვნენ დამოკიდებულნი ბიუროკრატიაზე და მათ წინ მდებარე ტერიტორია იყოს მათი საკუთრება, სადაც სურვილისამებრ შეძლებენ პარკების, მწვანე ხეივნების თუ საბავშვო მოედნების მოწყობას და გაშენებას, ცხადია, მერიის ფინანსური მხარდაჭერით. მნიშვნელოვანია ასევე, ბათუმში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, რომელიც არ უნდა იყოს ხელისუფლებაზე დამოკიდებული, პირიქით, უნდა გააჩნდეს მერიის და საკრებულოს წევრთა კონტროლის ბერკეტი და ამ პროცესის ტექნიკური შესაძლებლობა. დაფინანსების განხილვაში მოქალაქეების ჩართულობა იმის გარანტიას მოგვცემს, რომ ბიუჯეტი დაიგეგმება და განაწილდება ქალაქის საჭიროებებზე მორგებულად და არა რომელიმე ცენტრალური ბიუროკრატის სატელეფონო ზარით და სურვილით.
-სიტყვიერად ყველაფერი აწყობილად ჟღერს, მაგრამ განხორციელებაზე რომ მიდგება საქმე, ხელისუფლებაში მოსულებს ავიწყდებათ დაპირებები.
-როგორც საუბრის დასაწყისში ხაზგასმით აღვნიშნე, ჩვენ სიტყვას ჰაერზე არ ვამბობთ. კოალიციური მთავრობის პირობებში, ჩემს მიერ ჩამოთვლილი საკითხები მოგვარებადია. შევძლებთ, სწრაფად განვახორციელოთ ეს ცვლილებები. აქვე აღვნიშნავ, რომ მერიაში დასაქმებული სპეციალისტები გააგრძელებენ მუშაობას, მათი პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად. პირადად მე ვიქნები მათი უფლებების დაცვის გარანტი და ვერავინ გაბედავს ამ ხალხის სამსახურებიდან გაშვებას. გამოცდილი კადრები დიდი დეფიციტია და არ ვაპირებთ მათ დაკარგვას. ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ბათუმელებს ჰქონდეთ წვდომა ყველა სამედიცინო სერვისზე, რაც არსებობს და რისი მიწოდებაც შეგვიძლია. ქრონიკული დაავადებებით დასნებოვნებულებს მივაწოდებთ ყველა სახის მედიკამენტს, იმასაც, რომელიც დღეს არ არის ჩამონათვალში. ეს იმ პროექტების ზოგადი ნუსხაა, რომლის რეალიზაციასაც ვგეგმავთ კოალიციური მმართველობის პირობებში. დარწმუნებული ვარ, პარტნიორი პოლიტიკური პარტიების თანხმობაში. ჩვენ უკვე დეტალურად გვაქვს შესწავლილი არსებული ბიუჯეტი, შევიმუშავეთ სამომავლო ბიუჯეტიც, პროგრამები, რომლებსაც მხარს დავუჭერთ, დავაფინანსებთ და რომლებიც მიმართული იქნება კონკრეტული ბათუმელების ინტერესების დაკმაყოფილებისკენ. დატბორილი ქუჩები, წყალ-კანალიზაციის საკითხები თუ საცობები – ეს არის ის პრობლემები, რომლებიც სწორი მმართველობის პირობებში ძალიან მარტივად და სწრაფად მოგვარდება.