თვითმმართველობის არჩევნები – „ჭარბი შრომითი რესურსების ადგილზე დასაქმება, სიღარიბის დაძლევა ისევ რჩება მმართველი პარტიის მთავარ საზრუნავად“
ოთარ ცინარიძე 599 85 21 14 –
როლანდ ბერიძე ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე იყო. 18 აგვისტოს იგი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს რეკომენდაციით, ქედელ ამომრჩევლებს მერობის კანდიდატად წარუდგინეს. დღეს როლანდ ბერიძე ჩვენი გაზეთის სტუმარია.
– წუთისოფელში ადამიანები საქმისა და ურთიერთობისთვის მოვდივართ. თითოეული ჩვენგანის ბიოგრაფიაში, ყოველდღიურ საქმიანობაში არის დღე, თუნდაც საათი, რომელიც განვლილს გადაწონის, ცხოვრების და სიცოცხლის შემდგომ გზაზეც დაუვიწყარი რჩება. 2021 წლის 18 აგვისტო ასეთია ჩემს ბიოგრაფიაში. ქედაში დაბადებულს, თანარაიონელების სამსახურში მდგომს მმართველი პარტიის პოლიტსაბჭომ დიდი პატივი დამდო, რომელიც უნდა გავამართლო, თუ ამომრჩეველმაც მხარი დამიჭირა.
– გაქვთ 2 ოქტომბრის არჩევნებში თანარაიონელთა მხარდაჭერის იმედი?
– ბერიძეების გვარი ქვეყანაში პირველობს, ქედაშიც საკმაოდ ვართ, მაგრამ მარტო მოგვარეთა მხარდაჭერის იმედზე ვერ ვიქნები. ოთხი წლის განმავლობაში მერის პირველი მოადგილის პოზიციაზე მუშაობამ, პროგრამებისა და პროექტების არსში წვდომამ, მათი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში შესრულებამ, ადამიანების სიხარულის გაზიარებამ, პრობლემებზე, გასაჭირზე დროულმა რეაგირებამ მრავალ მათგანთან დამაახლოვა. ჩემთვის დიდი პატივი იყო ზაფხულობით მთებში მყოფი უხუცესების, ბავშვების მონახულება, სახალხო დღესასწაულების, დაბადების დღეების მილოცვა. . . მშენებლობის ხარაჩოებზე მდგომნი, გზაზე ნიჩბითა და წერაქვით მომუშავენი თუ ზვარში ვაზთან მოფუსფუსენი, უცხოელი და ადგილობრივი ვიზიტიორები, კულტურისა და ხელოვნების მოამაგენი თუ ცხოვრებით დაბრძენებული ადამიანები იყვნენ და არიან ჩემი ყოველდღიურობის თანამოზიარენი. მათგან მადლიერებისა და მოფერების გარდა სხვა არაფერი მახსოვს. რამდენიმე ოჯახს მერიის სოციალური პროგრამით საცხოვრებელი სახლები ავუშენეთ. ახლაც თვალწინ მიდგას ახალმობინადრეთა ღიმილიანი სახეები, ნორჩების სიხარული. ევროკავშირის თანადაფინანსებით ორ წელიწადში ქედაში 80-ზე მეტი პროექტი განხორციელდა, 500-მდე ადამიანმა სამუშაო გაიჩინა. „შატო ივერში“ გამართული შემაჯამებელი ღონისძიება იმ ადამიანების ცხოვრებასა და ჩემს მეხსიერებაში წარუშლელი დარჩება. მიხარია და მეამაყება, რომ ჩემი სათაყვანებელი მერისელები ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაში საკუთარ თავს, ხეობის პოტენციალს კარგად ხედავენ. პანდემიის პერიოდშიც კი მათ საოჯახო სასტუმროებს დამკვეთები არ მოკლებიათ. თუ მათი ნდობა მექნება, ზემდგომი ორგანოების თანადგომით, მთა ღომას, კოსლითავის, ნაკონაღარის, ლაშეს ტურისტული პოტენციალის ათვისებაზეც ვიზრუნებ. პირველ რიგში საგზაო ინფრასტრუქტურაა მისახედი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გზის რეკონსტრუქციას შეგვპირდა, როცა ქედაში მთავრობის გამსვლელი სხდომა ჩატარდა. თუ თანამედროვე სტანდარტების შესაფერისი საკომუნიკაციო საშუალება – გზა გვექნება, უცხოელ და ადგილობრივ ვიზიტიორებს შესაძლებლობა ექნებათ, მაქსიმუმ, 2 საათის განმავლობაში ზღვისპირეთიდან იმ ტერიტორიაზე ავიდნენ, სადაც წელიწადის 7 თვეს თოვლი ძევს და თხილამურებით სრიალიც შესაძლებელი იქნება. ცხმორისის, დანდალოს ადმინისტრაციული ერთეულების რამდენიმე სოფლის მეცხოველეები ზაფხულს აჭარა-გურიის ქედზე ჯვარიმინდორისა და თაგინურის შემოგარენში ატარებენ. მათთან ერთად არიან ჭვანის ხეობის წარმომადგენლებიც. ჯვარიმინდორი უკვე ტურისტული ლოკაციის ობიექტი გახდა. იქ ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა გრძელდება. იგივე გვსურს იყოს თაგინურზეც, რომელიც ტურისტულ დაბა გომის მთას ემიჯნება.
– ზვარში ვაზთან მოფუსფუსენი ახსენეთ და ნიშანდობლივიცაა. ქედა აჭარაში მევენახეობის ცენტრია. აქაური ცოლიკაურის, ჩხავერის ღვინო მსოფლიო ბაზარზე გადის. მევენახეობის და სოფლის მეურნეობის სხვა დარგების განვითარება როგორ გესახებათ?
– კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ თავის დროზე საშური საქმე გააკეთა ქედაში ღვინის ქარხნის გახსნით. 10-მდე ადგილობრივი ჯიშის, ქედის კლიმატზე კარგად მორგებული ვაზის ნერგები ფერმერებს უფასოდ გადასცა. ახლა ის ვაზი მოსავალს იძლევა. წელსაც მევენახეები მოსავალს არ ემდურიან. ვფიქრობ, ერთი ქარხანა საკმარისი არ იქნება. თუ ინვესტორი გამოჩნდება, ჩვენგან მეორე ქარხნის მშენებლობისთვისაც ექნებათ თანადგომა. მისასალმებელია, რომ შერვაშიძეების, ავალიანების, შავიშვილების, სირაბიძეების, ბალაძეების მარნები გვაქვს. ქედაში ღვინის ფესტივალის გამართვამ მევენახეობა-მეღვინეობას ახალი სული შთაბერა. კაცობრიობა პანდემიას დაამარცხებს, ჩვენც ფესტივალებს, სხვა ღონისძიებებს ჩვეული ფორმატით გავმართავთ. მევენახეობასთან ერთად ქედაში თამბაქოს მოვლა-მოყვანა-რეალიზაციას სტიმული მიეცა. რეგიონის ხემძღვანელობისგან სრული მხარდაჭერა გვაქვს, რომ ფერმერებს თამბაქოს წარმოება-რეალიზაციაზე გადასახადი არ ჰქონდეთ.
– 18 აგვისტოდან მოყოლებული, ამომრჩევლებს ხვდებით, საკუთარ ხედვებს, სამოქმედო პროგრამას აცნობთ, ამომრჩეველი კი მხარდაჭერასთან ერთად სურვილებს, წინადადებებს გთავაზობთ. უმთავარესად რა სჭირდებათ მათ?
– აღარაფერს ვამბობთ შიგასასოფლო გზების მოასფალტება-რეკონსტრუქციაზე. უმრავლეს სოფლებში ასფალტბეტონისსაფარიანი გზებია. ქვეყნის, რეგიონის ხელმძღვანელობის კურსი ურბანული განვითარებისკენაა მიმართული. მნიშვნელოვანი თანხები იქნება მობილიზებული დაბა ქედის ცენტრის კეთილმოწყობაზე. შორეული სოფელია ხარაულა. იქ საჯარო სკოლის, საბავშვო ბაღის კარგი შენობები გვაქვს. ხარაულას ცენტრის კეთილმოწყობა მომავლის პროექტია. ეს სოფელი ერთადერთი არ იქნება. სოფლების ცენტრის კეთილმოწყობა, ინტერნეტით მომსახურება, საირიგაციო საშუალებების მაქსიმალური გამოყენება, გაზიფიცირების გაგრძელება ქედელი კაცის სასიკეთო მომავალისთვისაა საჭირო. ჭარბი შრომითი რესურსების ადგილზე დასაქმება, სიღარიბის დაძლევა ისევ რჩება მმართველი პარტიის ხელმძღვანელების მთავარ საზრუნავად. ამ გამოწვევების დაძლევაში ჩემ წილსაც გავიღებ. ამომრჩეველი გვავალდებულებს, სოციალური პროგრამები გავაგრძელოთ, იმ შეღავათებით ვისარგებლოთ, რომელსაც „მთის კანონი“ გვიწესებს.
– რიგი ვიზიტიორები ქედას კალიფორნიას ადარებენ. ბუნების სიმშვენიერეს მდიდარი წარსული, ისტორიული ძეგლები, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები ემატება. რამდენიმე მათგანი ჩამოშლის ზღვარზეა. აღმასრულებელი სტრუქტურის პირველ პირად არჩევის შემდეგ მათზე იზრუნებთ?
– ზესოფლელმა ენრიკე (გრიგოლ) ბერიძემ ღირსეული წინაპრის თეარ ბერიძის უკვდავსაყოფად მახუნცეთის კლდეში მემორიალი „სამშობლოს სადარაჯოზე“ გააკეთა. მისი ქველმოქმედების უბადლო ძეგლია ასევე ზესოფელში აგებული მართლმადიდებლური ტაძარი. ქველმოქმედებს, ინვესტორებს, რომლებიც ღირსეულ წარსულს აცოცხლებენ, მატერიალური კულტურის ძეგლების რესტავრაცია-კონსერვაციას აკეთებენ, გვერდით დავუდგები. თუ ამომრჩეველთა ნდობა მექნება, მიზნად დავისახავ, მომავალი ოთხი წლიდან ერთი წელი ისტორიული ძეგლების მოვლა-შენახვის წლად გამოვაცხადო. ცივასულას, ზენდიდიდს, დანდალოს (ტაკიძეების) ციხეები, უძველესი მარნები, თაღოვანი და მიწის ხიდები მშველელს ელიან. მათი გადარჩენის თხოვნით მოგვმართავენ შესაბამის სოფლებში გამართულ შეხვედრებზე.
– ამომრჩეველი ძლიერთა შორის ყოველთვის უძლიერესს ირჩევს. პროგნოზი როგორია, პირველსავე ტურში გამარჯვებას იზეიმებთ თუ მეორე ტურის მოლოდინში ხართ?
– ყველაფერი ჩემი ქედელების არჩევანზეა დამოკიდებული. წლების განმავლობაში სხვადასხვა პოზიციაზე ვიმუშავე, ბოლო ოთხი წელი მრავალი პროგრამისა და პროექტის განხორციელებაში მივიღე მონაწილეობა. პანდემიის მიუხედავად, ყველა დავალება ხელშეკრულებით ნაკისრ ვადებში სრულდებოდა. მათგან მნიშვნელოვანი იყო მდინარე აკავრეთასა და აჭარისწყლის ნაპირსამაგრი სამუშაოები, სტიქიისგან დაზარალებული აგარელებისთვის სოციალური სახლის მშენებლობა, მდინარე აჭარისწყალზე ორი ხიდის აგება. ამომრჩეველი გაკეთებულს ხედავს, არჩევანსაც ობიექტურად აკეთებს. ჩემთან ერთად მერობის კანდიდატები სხვა პარტიებსაც ჰყავთ. ვფიქრობ, მეორე ტური არ უნდა დაგვჭირდეს. არჩევნებამდე კიდევ ოთხი კვირა რჩება. ქედაში ახლანდელი რეიტინგით, ამომრჩეველთა 60-65 პროცენტი ჩემს კანდიდატურას მხარს უჭერს.
– წინა არჩევნების შედეგებს თუ გადავხედავთ, მერობის კანდიდატებს, მმართველ პარტიას, მაჟორიტარ დეპუტატებს ამომრჩეველთა მხარდაჭერაში დიდი სხვაობა არ აქვთ. იგივე განმეორდება?
– უბნებზე ამომრჩეველთა გამოცხადებით ბოლო არჩევნებზე ქედა ლიდერობდა. ახლაც იგივე უნდა განმეორდეს. ამგვარ პროგნოზს სოფლებში, ცალკეულ დასახლებულ უბნებში გამართული შეხვედრები გვაკეთებინებს. ამომრჩეველი გათვითცნობიერებულია მერობის კანდიდატების, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისა და მმართველი პარტიის ათეულის წარსულსა და დღევანდელ საქმეებში, ახალი სახეების გამოჩენას, გარკვეულ ცვლილებებსაც მიესალმებიან. მერია და საკრებულო გუნდური პრინციპით ვმუშაობდით. ასეთივე პრინციპით ვაპირებთ მუშაობას 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგაც. ამომრჩეველს დანაპირები უნდა შევუსრულოთ, საამისოდ ერთ პოზიციაზე მყოფი აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების ღირსეული კადრებით მობილიზება გვმართებს.