„არასტაბილურობა უკან ხევს ქვეყანას. ამიტომაა ამხელა სიკვდილიანობა, უმუშევრობა, მიგრაცია, სიღარიბე და უკიდურესი გაჭირვება“
ირმა ცეცხლაძე 27 48 94 –
თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდი ისეთი სცენარით არ წარიმართა, როგორსაც ოპოზიცია იმედოვნებდა, თუმცა გაერთიანებული ოპოზიციის ფლაგმანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ კიდევ რჩება რეფერენდუმის ფარდი არჩევნების გამართვის ილუზიაში. ამისთვის უკიდურეს ზომებსაც კი მიმართა და აქამდე უგულებელყოფილ მიშელის დოკუმენტსაც მოაწერა ხელი, მაგრამ „ქართული ოცნება“ არ იმჩნევს მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და არც კი განიხილიავს 43%-იანი ბარიერის დღის წესრიგში დაბრუნებას. პოზიცია-ოპოზიცია უფსკრულზე გადებულ ხიდზე შეჩერებულ ორ ძალას დაემსგავსა – არცერთი არ იხევს უკან და არად დაგიდევენ, რა მდგომარეობაში იმყოფება პანდემიისგან დაოსებული მოსახლეობა და ქვეყნის ზღვარზე მისული ეკონომიკა.
ამ საკითხებსა და თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობს „აჭარასთან“ ინტერვიუში უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი ირაკლი ჩავლეიშვილი, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის სიით მოხვდა ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოში, თუმცა ბოიკოტირების პროცესის დარღვევისთვის ჩამოაშორეს ძირითად ბირთვს და ამ ეტაპზე ნეიტრალურ პოლიტიკოსად მოიაზრება.
-ბატონო ირაკლი, რომელმა პოლიტიკურმა პროცესმა მიიპყრო ყველაზე მეტად თქვენი ყურადღება?
-პოლიტიკური პროცესები ამ ბოლოს მართლაც, კოლეიდოსკოპური სისწრაფით ვითარდებოდა ქვეყანაში, თუმცა, მართალი გითხრათ, დადებითი შედეგი მოეტანოს რომელიმეს, ნამდვილად ვერ ვიტყვი. პირიქით, რაც უფრო სიღრმეში შევდივართ, უფრო ვიხლართებით პრობლემებში და გულწრფელად გეტყვით, ასეთი გაურკვევლობა პოლიტიკურ ლანდშაფტში ჯერ არ მახსოვს.
-ამჯერად რომელ გაურკვევლობას გულისხმობთ?
– ხომ ხედავთ, რა გაურკვეველი ვითარება შეიქმნა თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში. ისე აირია ყველაფერი, რომ ვეღარ ვხვდებით, რომელი პროცესი როგორ შევაფასოთ. არეულობის მოთავედ ორივე მხარეს ვგულისხმობ, როგორც პოზიციას, ისე ოპოზიციას. თქვენ იცით, რომ ამ ეტაპზე არცერთის მხარეს არ ვარ, ნეიტრალური პოზიცია მიკავია. ვამბობ და ვაანალიზებ სრულიად მიუკერძოებლად, რადგან არ მზღუდავს პარტიული დისციპლინის ჩარჩოები. მოკლედ რომ ვთქვათ, მმართველ გუნდსაც და გაერთიანებულ ოპოზიციასაც უამრავი შეცდომა აქვს დაშვებული, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის საგარეო პოლიტიკასა და სოციალურ-ეკონომიკურ ასპექტებზე.
-მოდით, შევაფასოთ თვითმმართველობის წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობა.
-თვითმმართველობის არჩევნებს უაღრესად დიდი დატვირთვა გააჩნია მოსახლეობისათვის, გაცილებით მეტი, ვიდრე ამას აღვიქვამთ. სამწუხაროდ, 2012 წლის შემდეგ ისე წარიმართა ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება, რომ ამ მიმართულებით დიდი რეგრესი გვაქვს. ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა იყოს დამოუკიდებელი ცენტრალიზებული მართვისგან. სწორედ ეს ქმნის ქვეყნის დემოკრატიის ქვაკუთხედს. ევროპაში ამაზეა აგებული ხელისუფლება. იქ ადგილობრივად წყვეტენ პრობლემებს, რომლებიც კონკრეტულ მოქალაქეს, ქუჩას თუ უბანს აწუხებს. 15 წლის განმავლობაში ვერ მივაღწიეთ დეცენტრალიზებული მმართველობის სრულყოფილად დანერგვას. „ქართულმა ოცნებამ“ მოსპო ის პროგრესი, რასაც ქვეყნის სათავეში მის მოსვლამდე მივაღწიეთ თვითმმართველი ქალაქების სტრუქტურების ჩამოყალიბებით და მათთვის სახსრებისა და ძალაუფლების დელეგირებით.
-სტრუქტურა ხომ არ შეცვლილა?
-სტრუქტურა რას იზამს, თუკი თანხების ცენტრალიზებული წესით გადაცემა ხდება. იქ, ცენტრში, რა იციან, რა უჭირს აქ მოსახლეობას და როგორ სურს საშემოსავლოებისგან მიღებული თანხების გადანაწილება? ახლა გაცილებით ნაკლებია ქალაქის მართვაში ბათუმელების ჩართულობა, რაც თავისთავად აქვეითებს დემოკრატიის ხარისხს. ამ არჩევნებითაც არაფერი შეიცვლება, არავინ შეგვეკითხება, ხიდის აშენება გვსურს, ქუჩის მოწესრიგება თუ სკვერის მოწყობა.
-ადგილობრივი მთავრობა პირიქით ამტკიცებს, რომ მხოლოდ და მხოლოდ მოქალაქეების რჩევებით ადგენენ პროგრამულ ბიუჯეტს.
-ეს მხოლოდ სიტყვებია. საკრებულოში იყო 21 დეპუტატი. მათგან აქტიური, კვალიფიციური, რომელიც ქალაქის მართვაში სრულყოფილად მონაწილეობდა, იყო მხოლოდ 5-6 ადამიანი. ახლა აპირებენ 30-მდე გაზარდონ საკრებულოს წევრთა რიცხვი, რაც თავისთავად გულისხმობს იმ არაკვალიფიციური დეპუტაციის ზრდას. ეს ხალხი თვეში ერთ-ორჯერ ცხადდება სხდომებზე, ხელს უწევს უკვე გადაწყვეტილ საკითხს და ამით მთავრდება ყველაფერი. სამწუხაროდ, ყველაფერი გადავიდა ცენტრალიზებულ მმართველობაში. ისე დაამახინჯეს თვითმმართველობის კანონმდებლობა, იქ იმდენი ხარვეზია, რომ კარგა ხანს ვერ გამოსწორდება.
– თუ შეიძლება დააკონკრეტეთ, ამ ხარვეზებში რას გულისხმობთ?
-ძალიან გაიზარდა მერის ძალაუფლება და შემცირდა საკრებულოს უფლებები. ამიტომ უიშვიათესად ხდება რაღაც პროგრესული გადაწყვეტილების მიღება, ისიც მაშინ, თუკი ქალაქის საზოგადოება ხმას ამოიღებს და საკრებულოს რიგი წევრებიც აჰყვებიან. ხელდასმული მერებია ყველა მუნიციპალიტეტში, საქართველოს მასშტაბით. ეს უკვე ფაქტია და ვერავინ გააპროტესტებს. ხალხის არჩეული ლიდერები პრაქტიკულად, აღარსად შერჩა. ეს გამორიცხავს რაიმე სახის დემოკრატიაზე საუბარსაც კი. ელემენტარული საკითხი ავიღოთ -ქალაქის მერი, რომელიც ტოვებს პოსტს ამა თუ იმ მიზეზის გამო, უმუშევარი რჩება. ამ ხალხს არავინ არსად ასაქმებს. რამდენად მიზანშეწონილია გამოცდილი კადრების ასე გაფანტვა პროფესიონალი და კვალიფიციური კადრების უკიდურესი დეფიციტის პერიოდში? ამასაც თავი დავანებოთ. მართავდა კაცი ქალაქს, მუნიციპალიტეტს, მოვიდა ვადა, გადაირჩიეს და რატომ უნდა დავტოვოთ უმუშევარი? მმართველობის პერიოდში ხომ ვაქებთ, ვაცხადებთ, რომ მაღალი რანგის პროფესიონალებია, შემდეგ რა ხდება, ავიწყდებათ, რაც იციან თუ კარგავენ პროფესიონალიზმს? საჯარო მოხელეების, ბიუროკრატიული აპარატების კადრების გამოზრდა ურთულესი საქმეა. გაშვებული ხალხი ან კერძო სამსახურებში მიდის, ან სულაც – ემიგრაციაში, ქალაქი კი ისევ და ისევ, ახალგამომცხვარი მერის მმართველობაშია, რომელიც სანამ მიიღებს სათანადო გამოცდილებას, უამრავ შეცდომას უშვებს, არაკვალიფიციურად ასრულებს რიგ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც მოსახლეობის ზურგზე გადადის და აფერხებს ქვეყნის განვითარებას.
-როგორ შეაფასებდით ოპოზიციის აქტივობას წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარე ეტაპზე?
-სიმართლე გითხრათ, ასეთი არათანმიმდევრული ოპოზიცია ცხოვრებაში არ მახსოვს. გული მტკივა, რადგან ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობის დიდი ნაწილი ხელისუფლებასთან ოპონირებას შევალიე, დღეს კი ასეთი დაკნინებული, არასტაბილური ოპოზიცია გვყავს. ხაზგასმით ვამბობ, ეს არ არის გაბრაზებული კაცის პოზიცია, თავს ისევ ოპოზიციას მივაკუთვნებ, მაგრამ თუკი ასე გააგრძელეს მოღვაწეობა, შესაძლოა, მთელი მათი ძალისხმევა კრახით დასრულდეს.
-ოპოზიციის რომელ არათანმიმდევრულ ქცევას მოიყვანთ მაგალითად?
-აი, თუნდაც ბოიკოტს, საკანონმდებლო ორგანოებში შესვლა-არშესვლას. მე თავიდანვე ვიყავი დარწმუნებული, რომ ბოიკოტი არაფერს შეცვლიდა და ეს არ იყო შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი. ამიტომ მივიღე დამოუკიდებელი გადაწყვეტილება და შევედი უმაღლეს საბჭოში. რა მოხდა შემდეგ? რატომღაც გაიაზრეს, რომ მართლაც, ასე აჯობებდა და თავადაც შემოვიდნენ. ვეუბნებოდი თავიდანვე: არ შეიძლებოდა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ჩაგდება, ბოიკოტი, შარლ მიშელის დოკუმენტის უარყოფა. ხომ მოაწერეს ხელი, მაგრამ მხოლოდ ნახევარი წლის შემდეგ, ანუ როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ მშვენიერი გამოსავალი ნახა ამ სიტუაციიდან და მშრალად გამოვიდა 43%-იანი ბარიერის თემიდან. ახლა ვის რას უმტკიცებენ, გაუგებარია. მოსახლეობა ხედავს ოპოზიციის არასტაბილურობას. რატომ მიენდობა მას, თუკი არ იქნება დარწმუნებული, ხვალ რას მოიმოქმედებს და რას გამოთხრის? ხან ერთ ბანაკში არიან მათი ლიდერები, ხან – მეორეში. მუდმივ ცვლილებებში არიან, გადალაგდებიან, გადმოლაგდებიან, ისე იცვლიან პოლიტიკურ პარტიებს, რომ გაგიკვირდება. არ არის ეს სერიოზული პოლიტიკა და ვერც მიიღებენ სერიოზულ მხარდაჭერას. ამ არჩევნებში ეს კარგად გამოჩნდება. ოპოზიციის ვერცერთი კანდიდატი ვერ გავა.
-ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ბათუმში კოალიცია აქვთ შეკრული და მათ მიერ წამოყენებული საერთო კანდიდატები აუცილებლად გაიმარჯვებენ.
-ნახავთ აგერ, რაც ვთქვი, ის გამართლდება. გული მწყდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობას ვერცერთი მათგანი ვერ მიიღებს. თავადაც კარგად იციან ეს. მქონდა საუბრები მათთან. არც იმას ვამბობ, რომ არ ჰყავთ გამოცდილი კადრები და ავტორიტეტული კანდიდატები, ყველა კარგია და წარმატებას ვუსურვებ თითოეულს, მაგრამ შანსი ამ ეტაპზე არ აქვთ.
-არც მაჟორიტარებს?
-მაჟორიტარებს, შესაძლოა, რაღაც შანსი მისცენ, რამდენიმეს გაამარჯვებინებენ. რაც შეეხება ხელისუფლებას, სწორედ მისი არასტაბილურობის გამოა ოპოზიციაც არასტაბილური. . . პრემიერების ამდენი ცვლა, წინამორბედის ამდენი ლანძღვა, პროპორციული არჩევნების დაპირება და შემდეგ სიტყვის უკან წაღება. ყველა ვხედავდით, რა ბრძოლა დაგვჭირდა საპარლამენტო კვოტების გადანაწილებაზე და შემდეგ ნახევრად პროპორციული არჩევნების ჩასატარებლად. ავიღოთ იმ 75 მილიონის ამბავი. გამოდის ღარიბაშვილი და აცხადებს, რომ ეს სესხი არ გვჭირდება, რადგან ბიუჯეტში გვაქვს თანხები. ეს სესხი იყო ხანგრძლივვადიანი, დაბალპროცენტიანი და ალბათ, რაღაც დროის გასვლის შემდეგ, ჩამოგვაწერდნენ. ამ გაგანია პანდემიის დროს, შეიძლებოდა ამხელა ფულზე უარის თქმა?
-ეს ამბავი თუ თქვენთვისაა ცნობილი, ღარიბაშვილსაც ხომ ეცოდინებოდა და რატომ შეიკავა თავი სესხის აღებისგან?
-იმიტომ რომ, სთხოვდნენ სასამართლოს რეფორმას, სხვა ცვლილებებს. როდესაც დასავლეთი ხედავს, რომ არც ხელისუფლებაა სტაბილური და არც ოპოზიცია, ვიღას უნდა დაეყრდნოს ამ ქვეყანაში? აქედან გამომდინარე, მათაც ხელი აქვთ ჩაქნეული. კიდევ კარგი, ბოლომდე ვერ გვიმეტებენ, იქნებ ამათგან რაიმე გამოვიდესო. მარტო გახარიას ისტორია რად ღირს, ჯერ გმირი იყო, საქართველო პანდემიისგან გადაარჩინა, ახლა კი ხალხის მტერი ყოფილა. არ შეიძლება ასეთი არაპროგნოზირებადი და არასტაბილური განცხადებების კეთება, მსგავსი იარლიყების მიწებება. ჩვენ კი ვიცოდით, რომ გახარია არ იყო წარმატებული, მაგრამ მათგან ამის თქმა საკუთარი პოლიტიკის უარყოფაა. სალომე ზურაბიშვილი აღშფოთდა ამ სესხზე უარის გამო, ღარიბაშვილმა კი თქვა, ჩვენ გავაგებინებთ პრეზიდენტს რაც ხდება, შეცდომაში შეიყვანესო. ყველა შეცდომაში როგორ შეჰყავთ ამ ქვეყანაში და ამ ხელისუფლებაში. ხომ შეიძლება ერთი პოზიცია შეიმუშაონ და ის გაატარონ? მსგავსი არასტაბილურობა უკან ხევს ქვეყანას. ამიტომაა ამდენი სიკვდილიანობა, უმუშევრობა, მიგრაცია, სიღარიბე და უკიდურესი გაჭირვება. ინვესტიციებზე დამოკიდებული სახელმწიფო ვართ და როდესაც ინვესტორები ხედავენ მსგავს შეუსაბამობას, არ ჩადებენ აქ საკუთარ თანხებს. იმიტომაც მიდის ჩვენი ეკონომიკა ურმის სიჩქარით.
-ოპოზიცია არეულობით იმუქრება. . .
-ადრეც იყო ეს საუბრები და არ გამოუვიდათ. არ უნდა ამ ხალხს რევულუცია. შეკვეთილი ამბოხებების და დაუმორჩილებლობის ეპოქა კარგა ხანია დასრულდა. ახალი ვეღარაფერი მოიფიქრა ოპოზიციამ, ისევ საპროტესტო აქციებით იმუქრება იმის მაგივრად, რომ გადახედოს და უფრო დახვეწოს პოლიტიკა, საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამები, შემოიყვანოს ახალი სახეები, რომლებსაც არ ექნებათ წარსული შეცდომები და მართლაც ქვეყანაზე, ხალხზე ზრუნვაზე იქნებიან ორიენტირებულები. ამას არავინ აკეთებს. „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ეპაექრება ერთმანეთს, ხან ერთი აწერს ხელს მიშელის დოკუმენტს, ხანაც მეორე. ამით ხალხს აქტიურობის იმიჯს უქმნიან, თავად კი მშვენივრად ხეირობენ.
-რომელ ახალ პარტიას გამოარჩევდით ძირითადი ორი პოლიტიკური ძალის გარდა?
-რაც უნდა ვიძახოთ, არჩევნები გაყალბდაო, ყველაზე სწორად მაინც იქ აისახება ყველას რეიტინგი. გაყალბების ინსტიტუტი მეცნიერულ დონეზე აიყვანეს „ნაციონალებმა“, ხოლო ახლა კიდევ უფრო დაიხვეწა და გამაგრდა. ყველა ევროპული ხაზის პარტიები ერთ პერიოდში რომ ლამის განადგურდა, ახლა რეანიმაციის პროცესშია. კარგი იქნება, თუკი გადარჩებიან და წარსულ გამოცდილებას ახალ სახეებს დაუმატებენ, რომელიც საბოლოოდ შექმნის ძლიერ პოლიტიკურ პროდუქტს. უნდა მივიდეს ჩვენი პოლიტიკური სპექტრი იმ დასკვნამდე, რომ კოალიციურ მმართველობასა და მთავრობაზე უკეთესი აქამდე არაფერი ყოფილა დასავლურ სახელმწიფოებში. სწორედ ამ პრაქტიკით შეძლეს უძლიერესი სახელმწიფოების ჩამოყალიბება, რომლებიც დღემდე ინარჩუნებენ მსოფლიო ლიდერობას და სტაბილურ კეთილდღეობას საკუთარი მოქალაქეებისთვის. თუ ევროპა გვინდა, ასე უნდა მოვიქცეთ, და თუ არა – დავრჩებით მაჩანჩალა ქვეყანად.