ბინაზე ვაქცინაცია გრძელდება
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
იმ პირებს, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ, kovidD – 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბინაზე უტარდებათ. აღნიშნული სერვისით ამ დროისთვის აჭარაში 74 პაციენტმა ისარგებლა. სერვისის ბინაზე მიღების მიზნით მოქალაქემ ცხელ ხაზზე – 1522 უნდა დარეკოს. შეტყობინების შემდეგ, ვაქცინის დანაკარგის თავიდან აცილების მიზნით, მობილური ჯგუფები გამოძახებაზე პერიოდულად, მოთხოვნილი ვაქცინის მიხედვით გადიან. -აჭარაში ბინაზე ვაქცინაცია აგვისტოდან დაიწყო და აქტიურად ვარ ჩართული სერვისის განხორციელებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა, რადგან ძირითადად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ვემსახურებით, რომლებსაც გადაადგილება არ შეუძლიათ და აუცილებელია მათი ვაქცინაცია. აღნიშნულ სერვისს მობილური ჯგუფები რეგიონის მასშტაბით ვახორციელებთ, – გვითხრა ექიმმა ირინა მექვაბიშვილმა.
დღეს ბინაზე ვაქცინაცია 15-მდე მოქალაქეს ჩაუტარდა, მათ შორისაა
80 წლის ნელი ნაჭყეპია.
– პირველი ვაქცინა გავიკეთე კლინიკაში, შემდეგ ფეხი დავიზიანე და ვინაიდან გადაადგილება არ შემეძლო, გამოვიძახე მობილური ჯგუფი ბინაზე. მოვიდნენ და ძალიან კმაყოფილი ვარ, ,,სინოვაკის“ მეორე დოზით ბინაზე ავიცერი. მჯერა რომ აცრა დაგვიცავს, განაცხადა ნელი ნაჭყეპიამ.
– მე პირადად ორჯერადად ვარ აცრილი, ჩემი მეუღლე გახლავთ მწოლიარე, ამიტომ იძულებული ვიყავით, გამოგვეძახებინა მობილური ჯგუფი და დღეს ბინაზე ავცერით. მადლობელი ვართ ამ შესაძლებლობისთვის, – აღნიშნა ვლადიმერ გოგიამ, 81 წლის ეთერ გოგიას მეუღლემ.
აჭარაში ამ დროისთვის ჩატარებულია 161 846 დოზა აცრა, მათ შორის ორი დოზით აცრილია – 58 477 მოქალაქე.