ვაჟა დარჩია: მოახლოებულმა არჩევნებმა დღეს შეიძინა გლობალური კონტექსტი
ლაშა ხომერიკი: 593 50 82 69 –
მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიცია რეფერენდუმად და ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვან ეტაპად მოიხსენიებს, სამი კვირაც და საარჩევნო მარათონი ფინალს მიუახლოვდება, ყველა პარტია საზოგადოებას ჰპირდება, რომ საკრებულოებში მათი მოსვლა იქნება გზა ხსნისა, რაც ქვეყანას ააღორძინებს. აქტუალურია კითხვები: როგორი საარჩევნო გარემოა ქვეყანაში? პოლიტიკოსების რა ვარაუდები და თვალსაზრისი იკვეთება სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში? დღეს ამ თემაზე “ლელო საქართველოსთვის” აჭარის ორგანიზაციის ერთ-ერთ ლიდერ ვაჟა დარჩიას ვესაუბრებით.
– ბატონო ვაჟა, საარჩევნო მარათონი პიკშია, საარჩევნო გარემოს მინუსებსა და პლიუსებზე რას გვეტყვით?
– 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების ფასი ძალიან გაზრდილია, რაც დიდწილად ოპოზიციის დამსახურებაა. მიშელის დოკუმენტმა მას მისცა რეფერენდუმის კონტექსტი, შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცდება, ყველა რესურსის გამოყენებას, იქნება ეს ეპიდემიოლოგიური ვითარება, დაშინება, მოსყიდვა თუ დაკავებული ადამიანებით მანიპულირება. ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ ხელწერაა, რაც ყველამ ვნახეთ 2020 წლის არჩევნებზე, თუმცა წელს ოპოზიციას აქვს ამასთან ბრძოლის ბევრად მეტი მექანიზმი. მოგეხსენებათ, რომ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე არის ჩვენი გუნდის წევრი და ძალიან კვალიფიციური ადამიანი გიორგი სიორიძე. გარდა ამისა, მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულია რიგი ბერკეტები, რაც ხელისუფლების მანიპულაციების ალბათობას შეამცირებს, იქნება ეს დათვლის პროცესის ლაივები, 100-მეტრიანი დაშორებები უბნებიდან, ამომცნობი აპლიკაციები თუ სხვა, თუმცა ვხედავთ, რომ ხელისუფლება უკვე ცდილობს ამ გზების მოსპობას. მაგალითისთვის შეიძლება იმის თქმა, რომ საუბნო კომისიებში ე.წ ნეიტრალურ წევრებად ირჩევენ საკუთარ აქტივისტებს, ადამიანებს, რომლებიც თავად ადასტურებენ, რომ „ქართული ოცნების“ შტაბის დავალებით შეიტანეს განაცხადი. ეს ჯერ კიდევ დასაწყისია. ოპოზიციას მოგვიწევს თითოეული ხმის მაქსიმალურად დაცვა, რადგან „ქართული ოცნება“ უკვე ხვდება, რომ მისი რეიტინგი ბევრად ნაკლებია, ვიდრე 43%-ს სჭირდება, რაც მათი მხრიდან მიშელის დოკუმენტის ცალმხრივად ანულირებითაც ნათლად ჩანს.
– დღევანდელი ჩვენი თვითმმართველობა არ შეესაბამება ევროპულ მოდელს, ამას ხშირად აცხადებენ ოპოზიციის ლიდერები. რა აძლევთ მათ ამის თქმის საფუძველს?
– ცხადია, რომ დღევანდელი თვითმმართველობა არ არის ამ სიტყვის მნიშვნელობის მცირედით გამომხატველიც კი. თვითმმართველობა, პირველ რიგში, გულიხმობს დეცენტრალიზაციას, მათ შორის ფისკალურ ნაწილშიც, თუმცა დღეს ვხედავთ, რომ ჩვენს ქვეყანაში დეცენტრალიზაციის ხარისხი საკმაოდ დაბალია. აჭარის მაგალითზე ეს ყველაზე მეტად ჩანს როგორც თვითმმართველობაში, ასევე აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებაში. გარდა ამისა, გვახსოვს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ გაზარდა, ხოლო შემდეგ ისევ შეამცირა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა. ეს რა თქმა უნდა, მეტყველებს იმაზე, რომ მათ არ სურთ დეცენტრალიზაციის ხარისხის გაზრდა, რაც წლების განმავლობაში უკვე არაერთხელ დაადასტურა დღევანდელმა ხელისუფლებამ.
– არჩევნების მნიშვნელოვანი კომპონენტი პარტიების პროგრამები და კონცეფციებია სხვადასხვა საკითხთან მიმართებით, თქვენი პარტია კონკრეტულად, რას სთავაზობს ჩვენი რეგიონის მოსახლეობას?
– მოგეხსენებათ, რომ 2020 წლის არჩევნებზე ჩვენ წარმოვადგინეთ „მარშალის გეგმა საქართველოს რეკონსტრუქციისთვის“. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო სრულყოფილი პოლიტიკური დოკუმენტი, რომლის ანალოგი არ არსებობს ქართულ პოლიტიკურ ველზე, სწორედ „მარშალის გეგმა“ გულისხმობდა საკუთარ თავში ე.წ. კლასტერულ ეკონომიკას, რაც გულისხმობს რეგიონების განვითარებას მისი რესურსიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია, საზღვაო რესურსის მაქსიმალურად სწორი და რაციონალური გამოყენება. გასაკეთებელია ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი. აჭარა არ უნდა იყოს მხოლოდ ტურისტული სივრცე და ამის პოტენციალი ჩვენს რეგიონს ნამდვილად გააჩნია.
– ბათუმში მოხერხდა ოპოზიციის ძირითადი ნაწილის შეთანხმება მერობის საერთო კანდიდატზე, მაგრამ თბილისში ასეთი კონსენსუსი ვერ შედგა, რატომ?
– აჭარა წელს იქცა შეთანხმების სიმბოლოდ. ჩვენ დაახლოებით, ორთვიანი მოლაპარაკებების შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ თბილისში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, მჭიდროდ გვეთანამშრომლა რეგიონში. გახსოვთ, ყველანი ერთად ვაპროტესტებდით 2020 წლის არჩევნების გაყალბებას. აჭარამ მაშინაც აჩვენა თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი. შესაბამისად, ვფიქრობ, ახლანდელი შეთანხმებაც არ იყო მოულოდნელი საზოგადოებისთვის. ჩვენ ამ ფორმით შევეცადეთ, რომ სამაჟორიტარო ოლქებში დაგვესახელებინა გამარჯვების მომტანი კანდიდატი, მიუხედავად მისი პარტიული კუთვნილებისა. იგივე პრინციპით ვიმოქმედეთ მერის შემთხევაში. 2021 წლის ორი ოქტომბრის შემდეგ საზოგადოება ნახავს კოალიციური მმართველობის მაგალითს, იმას, თუ როგორ შეუძლიათ განსხვავებული შეხედულებების მქონე პოლიტიკურ ძალებს ერთად მართონ ქალაქი და მთელი რეგიონი, რაც იმედი გვაქვს, მთელს ქვეყანაში გავრცელდება.
– ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმად მოიხსენიებს, აქედან გამომდინარე არწმუნებს თუ არა ოპოზიცია ამომრჩევლს არჩევნების ასეთ მნიშვნელობაში?
– როგორც უკვე აღვნიშნე, 2021 წლის არჩევნები არ არის თვითმმართველობის რიგითი არჩევნები, მან შეიძინა გლობალური კონტექსტი, რაშიც საკმაოდ დიდია ოპოზიციის წვლილი. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ პრეზიდენტ მიშელის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი ცალმხრივად დატოვა, ის მაინც ძალაში რჩება. გარდა ამისა ვხედავთ, რომ უკმაყოფილება „ქართული ოცნების“ მიმართ დღითი დღე იზრდება. ვხედავთ, რომ ვერ ხერხდება ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურება. საქართველო პირველ ადგილზეა სიკვდიალიანობით, ძალიან ნელა მიდის ვაქცინაციის პროცესი, დაწესებულია რიგი შეზღუდვები, რაც ადამიანებს ურთულებს ყოველდღიურ ყოფას. ამ ფონზე იგრძნობა, რომ მოსახლეობა უკმაყოფილოა და არსებობს ცვლილებების მოლოდინი, რის შემდეგაც აუცილებლად დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
– თქვენი პარტია და საერთოდ, მთელი ოპოზიციური სპექტრი დაბეჯითებით აცხადებს, რომ ოპოზიცია, ჯამში, 57 პროცენტს აიღებს, რამდენად რეალურია თქვენი ოპტიმიზმი?
– ვხედავთ, რომ ყველა ავტორიტეტულ კვლევაში „ქართული ოცნების“ რეიტინგი ვერ გასცდა 43%-ს, რასაც უკავშირდება მმართველი გუნდის მიერ მიშელის დოკუმენტის ანულირების გადაწყვეტილება. გარდა ამისა არსებობს სხვა, არაერთი ფაქტორი, რის გამოც დღეს „ქართული ოცნების“ რეიტინგი უფრო დაბალია, ვიდრე ეს იყო 2020 წლის არჩევნებამდე. უნდა გამოვყოთ ყოფილი პრემიერის, გახარიას ფაქტორიც, რომელიც დიდწილად, სწორედ „ქართული ოცნების“ ელექტორატს მიიზიდავს, რადგან ძნელი წარმოსადგენია, ამომრჩევლების იმ 52%-მა, რომელმაც 2020 წლის არჩევნებში მხარი დაუჭირა ოპოზიციას, დღეს ეს არჩევანი შეიცვალოს. შესაბამისად, ვთვლი, რომ მმართველი გუნდი ვერ შეძლებს ხმების 43 პროცენტის აღებას.
– თუ მმართველი პარტია ვერ გადალახავს 43-პროცენტიან ბარიერს და არ დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს (მიუხედავად იმისა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება მოახდინა), რას მოიმოქმედებს ოპოზიცია და მოსალოდნელია თუ არა დასავლეთის მხრიდან სანქციები?
– ვფიქრობ, რომ ეგ საკითხი არ დგას. მიუხედავად იმისა, რომ „ოცნება“ გამოეყო მიშელის დოკუმენტს, თუ იგი ვერ მოახერხებს ამ ჩამკეტის გადალახვას, აუცილებლად გაიმართება ვადამდელი არჩევნები, სურს თუ არა ეს მას. შესაბამისად, არ მგონია სხვა კუთხით ამ თემის გაშლა იყოს სწორი, თუმცა დასავლეთის მხრიდან კონკრეტული მინიშნებები უკვე ჩანს და დროთა განმავლობაში ეს ტონი უფრო კატეგორიული გახდება.
– სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის აუცილებლად ჩამოვა არჩევნებამდე, ეს გადაწყვეტილება ვის წისქვილზე დაასხამს წყალს?
– არ მიმაჩნია სწორად, ვიმსჯელო მიხეილ სააკაშვილზე, რადგან ეს სცენარი მისი მხრიდან ახალი არ არის, ყველა არჩევნების წინ ვხედავთ . . . შესაბამისად, კონკრეტულად, „ლელოსთვის“ ეს არ ცვლის დღის წესრიგს. ის ამ ფორმით ცდილობს საკუთარი თავის აქტუალიზებას, რაც ხელს უწყობს პოლარიზების ხარისხის გაზრდას.
– რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირის ტრანშზე უარის თქმას, რას ფიქრობთ?
– ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმას აქვს მხოლოდ ერთი ახსნა. ეს არის დასავლური კურსის უგულებელყოფა, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა „ქართულმა ოცნებამ“ თავად ჩაწერა კონსტიტუციაში მისი მნიშვნელობა. ანულირებული დოკუმენტი, ლავროვის განცხადება ურთიერთობის დასტაბილურებასთან დაკავშირებით, დახმარებაზე უარის თქმა – ეს არის ერთგვარი ჯაჭვი, რომელსაც შეიძლება სამწუხარო დასასრული ჰქონდეს ჩვენი ქვეყნისთვის. აქ მნიშვნელოვანია დავსვათ ერთი მარტივი კითხვა – დასავლეთი თუ ჩრდილოეთი? ამ კითხვაზე ქართველი ხალხი ყოველთვის სწორ პასუხს სცემდა, რაც დასტურდება ყველა ავტორიტეტული კვლევითა თუ პლებისციტით.
– კვლავ დავუბრუნდეთ წინასაარჩევნო კამპანიას, რა გამოიკვეთა – მოსახლეობა რა პრობლემების მოგვარებას ითხოვს?
-2020 წლის არჩევნებშიც კი მოსახლეობა ჩვენგან, ძირითადად, ითხოვდა იმ საკითხებზე მუშაობას, რომლებიც მუნიციპალიტეტს ეხება, იქნება ეს განათება, საგზაო ინფრასტრუქტურა, ურბანული განვითარება თუ სხვა.
– თქვენმა პარტიამ („ლელო საქართველოსთვის“) ბათუმის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატად წარგადგინათ. რას ნიშნავს ეს თქვენთვის და რომელ მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილებთ ყურადღებას მომავალში?
– დიდ ნდობას და დამატებით პასუხისმგებლობას ჩემი თანაქალაქელების წინაშე. მე ვაპირებ თითოეული ბათუმელის პრობლემის გაჟღერებას საკრებულოში. პირობას ვდებ, რომ ჩვენი მიკროფონი არ გაჩერდება, ვეცდები მაქსიმალური მონიტორინგი გავუწიო თითეული თეთრის დანახარჯს, საზოგადოებას დეტალურად მივაწოდებ ინფორმაციას, რას მოხმარდება მათი ჯიბიდან წამოსული გადასახადები.
– როგორ ფიქრობთ, რა აწუხებთ დღეს ყველაზე მეტად ბათუმელებს?
– დღეს და უკვე ათწლეულებია, ბათუმელებს გვეშინია წვიმის. ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაიჭრას და ამას მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდება. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ურბანული პოლიტიკა და კულტურული მემკვიდრეობა არის საკითხი, რომელიც ძალიან გვაწუხებს თითოეულ ბათუმელს, მაგალითად, „ამბასადორის“ მშენებლობა ბულვარში, რომელიც კანონდარღვევით მიმდინარეობს. შესაბამისად, ახალმა მერიამ და საკრებულომ არ უნდა დაუშვან, რომ მშენებლობა ამ ქალაქში მიდიოდეს გადაკეთებული ნებართვებით, ხშირ შემთხვევაში – არარსებული ნებართვებით. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ბათუმმა შეინარჩუნოს იდენტობა და პოლიტიკა მოერგოს მას და არა – პირიქით.
– გლობალური საკითხია პანდემია, ამ პირობებში რამდენად ელოდებით არჩევნებში მოსახლეობის აქტივობას?
– პანდემია 2020 წლის არჩევნების თანმდევიც იყო, თუმცა ვნახეთ, რომ აჭარაში დაახლებით 180 000 ადამიანი მივიდა არჩევნებზე. წელსაც, ვფიქრობ, აქტივობა მაღალი იქნება გამომდინარე მისი მნიშვნელობიდან, რაზეც უკვე არაერთხელ ვისაუბრე. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო მოქალაქეებს არჩევნებზე მოსვლისკენ, დაბალი აქტივობა მარცხის პირდაპირპროპორციული იქნება, რადგან „ქართული ოცნება“, ვხედავთ, მაქსიმალურად იყენებს ყველა რესურსს. მნიშნელოვანია, რომ 2 ოქტომბერს არ დავრჩეთ სახლში და არჩევანი გავაკეთოთ უბნებზე.
– და ბოლოს, რა არის თქვენი პარტიის განსაკუთრებელი მახასიათებელი, რის გამოც ამომრჩეველმა ხმა უნდა მისცეს?
– ჩვენი გუნდი, პირველ რიგში, გამოირჩევა იმით, რომ ყველაზე თანმიმდევრული პოლიტიკური ძალაა, რაც მიმდინარე პროცესებმა ნათლად აჩვენა და რისი დეფიციტიც არსებობს ქართულ პოლიტიკაში. გარდა ამისა, ჩვენ გვყავს გუნდი, რომელიც არის გამოცდილი ადამიანებისა და ახალგაზრდების საუკეთესო ნაზავი. კარგად ვიცით ქალაქის თითოეული უჯრედი და ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის, რომ ბათუმმა შეინარჩუნოს იდენტობა.

