“სოფლისადმი თანადგომა ცხოვრების წესად გვაქვს ქცეული”
ოთარ ცინარიძე 599 85 21 14 –
2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში ვაშლოვანელთა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში პარტიიდან “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” რენარ ბოლქვაძეა წარდგენილი. დღეს იგი ჩვენი გაზეთის სტუმარია.
– საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე თანარაიონელთა სამსახურში ჩავდექი. სპეციალობით აგრო-ეკოლოგმა ხულოს სატყეო ადმინისტრაციაში დავიწყე მუშაობა. რამდენიმე წელი დირექტორის მოადგილე ვიყავი. 12 წელია დირექტორის პოზიციაზე ვარ.
– ტყის და მისი რესურსების დაცვა ერთ–ერთი პრობლემური საკითხია ქვეყნის მასშტაბით. წლებია, აღნიშნულ პოზიციაზე საქმიანობთ. როგორ გაუმკლავდით მთიანი რეგიონის წინაშე მდგარ გამოწვევებს?
– ეროვნული მეურნეობის ყველა დარგი მნიშვნელოვანია, თუმცა სატყეო სამსახურს მაინც მეტი პასუხისმგებლობა აკისრია. ქვეყნისთვის ძნელბედობის წლებში ყველაზე მეტად ჩვენი ტყეები დაზარალდა. ბრაკონიერებმა კურორტ ბეშუმის შემოგარენიც არ დაინდეს. უცხოეთში გადიოდა, ნიავდებოდა ყველაზე ძვირფასი საუნჯე. ასეთ ვითარებაში, იმ კონტინგენტს, რომელსაც ტყე და მისი რესურსი ესაჭიროება, მასზე ხელი არ მიუწვდებოდა – ვერც ტრანსპორტს ქირაობდა და ვერც თანხას შოულობდა საცხოვრებელი სახლის ან დამხმარე ნაგებობის ასაშენებლად. სიტუაციების დეტალურად გაცნობამ, გამოცდილი სპეციალისტების, მეცნიერების რჩევებზე დაყრდნობამ შეგვაძლებინა მე და ადმინისტრაციაში დასაქმებულებს რამდენიმე მიმართულებით წესრიგის დამყარება. რა თქმა უნდა, ქვეყნის, რეგიონის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები დახმარების ხელს გვიწვდიდნენ. მთაში მცხოვრები ოჯახი შეშასაც მოიპოვებს და მერქანსაც იმ რეგულაციების დაცვით, რასაც კანონმდებლობა, ახლახან მიღებული „ტყის კოდექსი“ ითვალისწინებს.
–ზამთარში მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეშით თბება, ზაფხულობით 9 ათას ოჯახზე მეტი მაღალ მთებში მიდის, იალაღებზე. იქ არც გაზია და აქამდე დენიც სანატრელი იყო. ასეთ ვითარებაში, ადამიანები ტყის რესურსების იმედზე არიან. გამოსავალი სადაა?
– თუ გამოცდილება არ გაქვს, სამსახურში თეორიული ცოდნაც ზურგს არ გიმაგრებს, შეცდომებიც გექნება, საკუთარ თავსაც დააზარალებ და იმ კონტინგენტსაც, რომელიც შენგან დახმარებას, თანადგომას ელოდება. საქართველოში კი არადა, მსოფლიოში განახლების თვალსაზრისით ჩვენს ტყეებს ბადალი არ მოეძებნება. ჩვენ ყველაფერი გავთვალეთ. მარტო სამსმელო და ნაბახტრევი ვერ იქნებოდა ტყის რესურსების მოპოვების ტერიტორიები. იგივე ხულოს ტერიტორიაზე გვაქვს ჭრაგაუვლელი კორომები, სადაც ხანდაზმული ხეებია. მათ მკაცრი ზამთარი, ძლიერი ქარი, სხვა პროცესები ანადგურებს. მათი მოპოვება, წესების დაცვით ტყიდან გამოტანა დროულია. ვერც იმას დავუშვებდით, რომ სოფლების შემოგარენში არსებულ ტყეებს შევსეოდით. ამ ტყეებს დიდი როლი აკისრია – ქარსაცავია, მეწყრის, თოვლისა და კლდეების ზვავების შემაკავებელია. თავის დროზე რომ გაეთვალათ და ხელაღებით არ გაენადგურებინათ თხილვანის დამცავი ტყეები, აბანოფერდის ტერიტორიაზე წარმოქმნილი მეწყერული პროცესები არ გვექნებოდა. ტყის რესურსების არამართლზომიერი მოპოვების შედეგი იყო 1998 წლის 18 აპრილს განვითარებული მეწყერი, რომელმაც 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სკოლის მოსწავლეს, სტუდენტს გული მწყდებოდა, როცა პირწმინდად იჩეხებოდა ვაშლოვანის მიმდებარედ – სატბაოს ტერიტორიაზე არსებული ფოთლოვანი და წიწვოვანი ხეები. . .
ქვეყნის, რეგიონის ხელმძღვანელობა უდიდეს სამსახურს გვიწევს ხულოს სოფლების, კურორტების გოდერძის, ბეშუმის შემოგარენების გაზიფიცირებით. ეს სიკეთე ჩვენი ტყეების გადარჩენის წინაპირობაა.
– წინ 2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებია. მმართველი პარტიის კანდიდატებს მხარდაჭერის იმედი აქვთ, არჩევის შემთხვევაში, ტყისა და მისი რესურსებისადმი დამოკიდებულება როგორი გექნებათ?
– 43 წელი უკან მოვიტოვე. შესაძლებელია წარმომადგენლობით ორგანოში რამდენიმე წელს დავრჩე. ასაკი ხელს მაძლევს, არჩეულ სპეციალობას დავუბრუნდე. იმასაც გეტყვით, რომ ტყის დაცვა, ბუნებრივი რესურსების ზომიერი გამოყენება ჩემი საქმიანობის ამოსავალი წერტილია. 18 წლის განმავლობაში ასეულობით ძირი ხე დავრგეთ. გაიარეთ სხალთის ხეობაში, თვალი შეავლეთ 1989 წლის 19 აპრილს იავარქმნილ ტერიტორიას. აქ მილიონობით კუბური მეტრი მიწის მასის ჩამოწოლამ ერთ უბანში ცხოვრება წაშალა და 23 ადამიანი იმსხვერპლა. ახლა ამ ტერიტორიაზე ისეთი ბუნებრივი აღმონაცენია, რომ „თაგვი კუდს ვერ მოიბრუნებს”. ზოგიერთები ალმაცერად უყურებდნენ და ახლაც ჭორებს აგორებენ გოდერძის ალპური ბაღის შესახებ. 10 ჰექტარი ტერიტორიის შემოკავებას, ხელოვნურ ჩარევებს, ბუნებრივი განახლების პროცესიც მოჰყვა. მალე ამ სიმაღლეზე უნიკალური ბაღი იქნება. თავის დროზე საშური საქმე გააკეთა აჭარის სატყეო მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა, ჩვენმა თანარაიონელმა, ცნობილმა მეცნიერმა, კუთხის პატრიოტმა მიხეილ ბერიძემ, როცა გოდერძი-ბეშუმის საავტომობილო გზის გაყოლებაზე არსებული მოშიშვლებული ტერიტორია მავთულხლართით შემოაკავა. იქ წიფლის ნორჩი ხეებია, რომელსაც პირუტყვი ვეღარ მისწვდება და უხვი თოვლიც ვერაფერს დააკლებს. ახლა 600 ჰექტარი ტერიტორია ბუნებრივი განახლების მიზნით გვაქვს შემოკავებული. მრავალი ხე და ბუჩქი ხელოვნურად გავაშენეთ.
– ტყესა და ბუნების დაცვაზე საუბარმა გაგიტაცათ. მთავარი მაინც ის ამომრჩეველია, რომელმაც მხარი უნდა დაგიჭიროთ. მათ როგორ გაუწევთ თანადგომას?
– თითოეულ ვაშლოვანელს მშობლიური სოფლისადმი თანადგომა ცხოვრების წესად გვაქვს ქცეული. შორეული კამჩატკის ოქროს მაღაროებში საქმიანობდა კოსტა აბულაძე და ვაშლოვანელებს თანადგომას არ აკლებდა. ხულოს რაიონის აღმასრულებელი სტრუქტურის ხელმძღვანელი, საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ლევან რიჟვაძე ვაშლოვანის სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურულ განვითარებას შესაძლებლობის მაქსიმუმს ახმარდა. ეროვნული მოძრაობის ლიდერი ბადრი მელაძე უცხოეთში საქმიანობს, მაგრამ აქაურობას ეფერება. თანასოფლელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ბატონი თორნიკე რიჟვაძე, რაც ჩვენთვის საამაყოა. ქვეყნის, რეგიონის, ხულოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მიზანია, ზემო და ქვემო ვაშლოვანი, მისი უბნები – შურმული, სხანდარა, სოფლები ჩაო, თაგო თანამედროვეობის შესაფერის დასახლებებად იქცეს. არჩევის შემთხვევაში, მეც ჩავერთვები. ვიცი, რომ საარჩევნო ოლქში არიან ოჯახები, რომლებიც სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობენ, მოსაგვარებელი აქვთ საბინაო პირობები. კეთილმოსაწყობია ზემო ვაშლოვანის ცენტრი. გერმანიის მთავრობა დახმარების ხელს გვიწვდის მთელი ვაშლოვანის წყალარინებისა და წყლის სისტემის პრობლემების გადაწყვეტაში. ამ მიზნით შექმნილი შპს „აჭარისწყლის ალიანსი“ უკვე პრაქტიკულ სამუშაოებს იწყებს. სასმელ წყალს ღორჯომის ხეობიდან გამოვიყვანთ. ამ პროცესებში აქამდეც ჩართული ვიყავი. ამომრჩეველთა მოთხოვნის საფუძველზე მეტ ოპერატიულობას გამოვიჩენ. კარგია, რომ ზემო და ქვემო ვაშლოვანში, ჩაოში სამსაფეხურიანი, თაგოში ორსაფეხურიანი საჯარო სკოლები გვაქვს. თანამედროვე მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს ქვემო ვაშლოვანის, ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას დაღუპული რუსლან მელაძის სახელობის საჯარო სკოლის შენობა. ამ პრობლემის მოგვარებისთვის ვიზრუნებ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დახმარებით საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. მარტო ხულოში კი არა, მთელს ქვეყანაში თაგო ხულო-თაგოს დამაკავშირებელი ბაგირგზითაა ცნობილი. აჭარის მთავრობის თანადგომით წელს ეს საკომუნიკაციო საშუალება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად შეკეთდა. ტურისტული სააგენტოების და ჩემი მიზანიც იქნება, თაგო ტურიზმის ცენტრად იქცეს. ამ სოფელზე გავლით შესაძლებელია ტურისტული ბილიკების მოწყობა, საიდანაც უცხოელ და ადგილობრივ ვიზიტიორს საშუალება ექნება, გადავიდეს სხალთის ხეობაში და ხულოს მთელ ტერიტორიას არგინეთის მთიდან გადმოხედოს. სოფელი ჩაო, მისი უბანი გამართი ყველასგან და ჩემგანაც ხელდასმას ელის. ამ სოფელში და თითქმის ყველგან ასფალტბეტონისსაფარიანი გზებია. მათი მოვლა-შენახვა მომავალშიც გაგრძელდება. ჩაოს კეთილმოწყობილი ცენტრი, „სოფლის სახლის“ ახალი შეობა კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
– კარგი წამოწყებაა სახალხო დღესასწაული „ჩაოობა“, ქვემო ვაშლოვანში მოქმედებს გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი, ხელოვნების მოტრფიალენი არიან თაგოში. ეროვნული ადათ–წესებისა და კულტურული განვითარების მხრივ რა პერსპექტივები გაქვთ?
– ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ქვემო ვაშლოვანის ჩოგბურთელების, ოლქში მცხოვრები მოჭიდავეების მიერ ქვეყნისა და მის ფარგლებს გარეთ მოპოვებული წარმატებებით დავიწყებ. ჩვენი ვალია, თანადგომა არ მოვაკლოთ მინური რიჟვაძის, ავთანდილ აბულაძის სადარ მწვრთნელებს, კიდევ უფრო გამდიდრდეს და გამრავალფეროვნდეს ის წარმატებები, რომლებიც ვაშლოვანელ, ჩაოელ, თაგოელ მოჭიდავეებს აქვთ. სპორტის ამ სახეობის სადავეებთან 90 წელს მიტანებული როსტომ აბულაძეა, რომელიც წლევანდელ შუამთობაზე „საპატიო ხულოელად“ ავირჩიეთ. ვაშლოვანის სპორტული დარბაზი, ღია და დახურული სპორტული ობიექტები, ქართული ჭიდაობა, სხვა სპორტული სახეობები, რაც ჩვენს ეროვნულობასთან კავშირშია, ყოველდღიურ მზრუნველობას, პერსპექტიული ახალგაზრდების ჩართულობას ითხოვს. ერთხანს ყურადღება მოაკლდა ვაშლოვანის გოგონათა ანსამბლს. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელობის დამოკიდებულება ეროვნული და კულტურული ტრადიციებისადმი განსაკუთრებულია. ამ ყურადღების შედეგია გოგონათა ანსამბლის ამოქმედება. მათ ჩვენგანაც თანადგომა ექნებათ. ჩაივლის პანდემია, ხულო ცხოვრების, შრომის ნორმალურ რიტმს დაუბრუნდება. სახალხო დღესასწაულები და მათ შორის „ჩაოობაც“ ადრინდელ სახეს დაიბრუნებს.
– ორი ვაჟის მამას მრავალშვილიანი ოჯახებისადმი რა დამოკიდებულება გაქვთ?
– ბოლქვაძეები ხულოში რამდენიმე სოფელში ვსახლობთ. ოჯახი და მისი ერთგულება ცხოვრების წესად გვაქვს ქცეული. ამ ეტაპზე ხულო საქართველოს მთიან რაიონებში ერთადერთია, სადაც დაბადებულთა რაოდენობა სიკვდილიანობაზე მაღალია. მრავალშვილიანი დედა ჩემს საარჩევნო ოლქშიც მრავლადაა. მათ დღემდეც არაერთგზის დავხმარებივარ და ამ საპატიო საქმეს მომავალშიც ყურადღების მიღმა ვერ დავტოვებ.