როგორ დამთავრდება „პოლიტიკური პინგ-პონგი“ ირაკლი მიქელაძის თვალსაზრისით?
ხატია იაშვილი 27 48 94 –
„გახარიას პარტია ნებისმიერ შემთხვევაში არის „ქართული ოცნების“ თავის ტკივილი. მას სრულფასოვან ოპოზიციად ჩავთვლით თუ ბიძინა ივანიშვილის მოთამაშედ, „ქართული ოცნების“ ბრენდისთვის პრობლემებს ქმნის. . . სრულიად გასაგებია თავდასხმები გახარიაზე, რადგან თუ გახარია თავისით იკრებს ძალას, უბედურებაა მათთვის და თუკი ივანიშვილის დახმარებით, მაშინაც უბედურებაა მათთვის“, – ამბობს ექსპერტი და ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია, რომელიც 2015 წლამდე აქტიურად თანამშრომლობდა ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ოცნებასთან“. გამზარდიას თქმით, გახარიას მიზანმიმართული აქტიურობა სხვა ოპოზიციური პარტიების წისქვილზეც ასხამს წყალს, რადგან მათი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად წაართვან ხმები „ქართულ ოცნებას“.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატების წარდგენა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ აჭარიდან დაიწყო და განაცხადა: „დღეს იძულებულები ვართ, რომ ბოლო 9 წლის მიღწევები (რომელიც ბრძოლით არის მიღწეული), დავიცვათ იმ უგუნური პოლიტიკისგან, რომელსაც ახლანდელი „ქართული ოცნების“ ბოსები ატარებენ. „ჩვენი მთავარი მიზანია, ძლიერი, სამართლიანი, თანამედროვე სახელმწიფო, რომელმაც უნდა დაიცვას ჩვენი კულტურა, წარსული, ისტორია, იდენტობა, ეკლესია და რაც მთავარია, უნდა შექმნას ქვეყანაში სამართლიანი გარემო“.
ბათუმის მერობის კანდიდატად გახარიამ ირაკლი მიქელაძე წარადგინა და ასე დაახასიათა იგი: „იურისტი, განათლება მიღებული აქვს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. როდესაც ჩვენ ვეძებდით ბათუმის მერობის ღირსეულ კანდიდატს, ირაკლი აღმოვაჩინეთ გერმანიაში“ და დაამატა, რომ მასთან ფასეულობებით იმდენად ახლოს არის, ხანგრძლივი საუბარი არ დასჭირვებია.
გთავაზობთ ინტერვიუს ბათუმის მერობის კანდიდატ ირაკლი მიქელაძესთან.
-ბატონო ირაკლი, საუბარი ცოტა არასასიამოვნო ფაქტებით უნდა დავიწყოთ. მართალია, რომ თქვენს პარტიას წევრები ტოვებენ?
-გეტყვით სიმართლეს, ორი კვირის წინ გვქონდა ბრიფინგი, სადაც განვაცხადეთ, რომ ჩვენს წევრებზე ხორციელდებოდა მკაცრი ზეწოლა და მიმდინარეობდა შანტაჟი. ეს ყველაფერი გავახმაურეთ, მაგრამ ამის მიუხედავად პროცესი არ შენელებულა, პირიქით, გაძლიერდა. ჩვენი პარტიის მერობის, მაჟორიტარობის კანდიდატებს და სიის წევრებს სათითაოდ დაუკავშირდნენ და დააშინეს. სამწუხაროდ, გუშინ ხულოს მაჟორიტარობის კანდიდატმა რიყეთში, ილია კორჩალიძემ განცხადება გააკეთა პარტიის დატოვებაზე. გულწრფელად ვუთანაგრძნობ ამ ადამიანს, რადგან მივხვდით, რომ უდიდესი პრესის ქვეშ მოაქციეს, კანდიდატობა რომ დაეთმო. ეჭვი გვეპარება მის ჯანსაღად ყოფნაში. საერთოდ გაქრა არეალიდან, ვერც ტელეფონით ვუკავშირდებით და ვერც ფიზიკურად ვნახეთ. მთავარია, რამე ცუდი არ დამართონ, გვინდა ვიცოდეთ, რომ ყველაფერი კარგად არის, თორემ არჩევნებს და კანდიდატებს აღარ დავეძებთ. აქვე მინდა ვუთხრა „ქართულ ოცნებას“, რომ ეს ყველაფერი ზუსტად ჰგავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მანევრებს 2012 წელს და ისიც უნდა იცოდნენ, რომ ანალოგიური დასასრული ელით მათაც ოქტომბერში.
-გაერთიანებული ოპოზიციისგან განსხვავებით, საკუთარი კანდიდატები წარადგინეთ თვითმმართველობის არჩევნებზე, რატომ არ შეუერთდით ოპოზიციურ კოალიციას?
-ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი, იდეები და მიზნები გვაქვს, კოალიციას კი საკუთარი ხედვები გააჩნია, რომელიც არ გვაწყობს. გვინდა საკუთარი კანდიდატებით და პროგრამით წარვსდგეთ ბათუმელების წინაშე, რათა დავანახოთ, რის გაკეთება შეგვიძლია და რატომ უნდა დაგვიჭირონ მხარი ამ არჩევნებში.
-ასე მარტოდ რამდენად გაქვთ გამარჯვების იმედი, მაშინ როდესაც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც“ კი, რომელსაც სტაბილურად ჰყავს ამომრჩეველი, კოალიციური სქემა ამჯობინა?
-ბათუმელებს ჰქონდათ ორი არჩევანი. ერთი მხრივ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები, მეორე მხრივ – „ქართული ოცნება“ და მისი მოკავშირეები. მმართველი პარტია თავისი მოქმედებებით აბსოლუტურად დაემსგავსა წინა ხელისუფლებას. მისი მერობის კანდიდატიც კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მომხრეა, რომელიც 2012-ში ებრძოდა იმ ადამიანებს, გამარჯვება რომ მოუტანეს „ქართულ ოცნებას“. დღეს, ამ კაცის სახე უზარმაზარ ბანერებზეა გამოსახული, რომელიც ყველგან გააკრეს, ქალაქში თუ ქალაქგარეთ. რა თანხებიც დაჯდებოდა ეს, კარგად იცით. თანაც ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც პანდემიისგან იხოცება ასეულობით ადამიანი, ირგვლივ უმუშევართა და სოციალურად დაუცველთა არმიაა. ჩვენ ვდგავართ ზემოთ ხსენებულ ამ ორ ძალას შორის. მოვედით, აგერ ვართ და გთავაზობთ საკუთარ პროფესიონალიზმს, გამოცდილებას, საუკეთესო პერსპექტივებს. ამ მოცემულობას ვერც დაშინებით, ვერც ზეწოლით, ვერც სამსახურებიდან გათავისუფლებით შეცვლის ვერავინ. ამათ არც ბანერები უშველით და არც ის უზარმაზარი ადმინისტრაციული რესურსი, რომელსაც იყენებენ ოპოზიციის წინააღმდეგ.
-რატომ გგონიათ, რომ თქვენ გაიმარჯვებთ?
-იმიტომ, რომ ქართველი ხალხი გონიერია. მათ ახსოვთ ბატონი გახარიას მმართველობა და ხედავენ, რა ხდება ახლა, რა მდგომარეობაშია ჩავარდნილი მთელი ქვეყანა. ამიტომ მიმაჩნია, რომ თავის დროზე, ამომრჩევლების უმეტესობა მიიღებს სწორ, ადეკვატურ გადაწყვეტილებას და სწორედ ჩვენს პარტიას „საქართველოსთვის“ დაუჭერს მხარს.
-გახარიას მიერ თბილისის მერობაზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენებამ საგონებელში ჩააგდო ექსპერტები. მათი თქმით, გახარიას უფრო მაღალი პოსტის ამბიცია უნდა ჰქონოდა. კალაძეს დიდი ავტორიტეტი აქვს და ამ ფონზე მასთან წაგება, გახარიას ავტორიტეტს დასცემს როგორც ამომრჩევლის, ისე თანაპარტიელების თვალში.
-ამასთან დაკავშირებით ბატონმა გიორგიმ უკვე გააკეთა განცხადება, მე კი ჩემს სუბიექტურ აზრს გეტყვით. გახარია პასუხობს საზოგადოების დაკვეთას და არა – პოლიტიკოსების და ექსპერტების. ყველას აქვს უფლება, საკუთარი შეხედულება გაასაჯაროოს, მაგრამ მე არ ვეთანხმები მათ. მოხარული ვარ, რომ ჩვენს პარტიას ხელმძღვანელობს ადამიანი, რომელიც პრიორიტეტად აყენებს ხალხის, ქვეყნის კეთილდღეობას და გადაწყვეტილებასაც ამის გათვალისწინებით იღებს.
– რა გრძნობა დაგეუფლათ, როდესაც ასეთ საპასუხისმგებლო პოსტზე კანდიდატად დაგასახელეს?
-გახარიამ აჭარიდან დაიწყო მოქმედება, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რამდენად სჯერა ჩვენი ხალხის გონიერების და შორსმჭვრეტელობის. ამ ნაბიჯით ხაზი გაუსვა ჩვენი მხარის დიდ დატვირთვას ქვეყნის პოლიტიკაში. როგორც ერთ რიგით აჭარელს, ძალიან მახარებს და მეამაყება, რომ ვარ ამ გუნდის წევრი, რომ მენდნენ და საკმაოდ მნიშვნელოვანი თანამდებობა შემომთავაზეს. ჩემთვის დიდი პატივია ამ ბრძოლაში მონაწილეობა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ძალისხმევა გამარჯვებით დაგვირგვინდება, რადგან ვასრულებთ საზოგადოების დაკვეთას, რომელმაც კარგად უწყის, კონკრეტულად ვინ სჭირდება ხელისუფლებაში, რომელი ადამიანია ლიდერი, ვის აქვს ცოდნა, გამოცდილება, შინაგანი მოთხოვნილება, საკუთარ ქვეყანას და ხალხს ემსახუროს პირუთვნელად და პატიოსნად. საქართველოსა და კონკრეტულად, აჭარაში არსებულ ურთულეს გამოწვევებს მხოლოდ ჩვენი გუნდი მოერევა გიორგი გახარიას უშუალო ხელმძღვანელობით.
-გახარიას პარტიას „ქართული ოცნების“ თავის ტკივილად მიიჩნევენ.
-ეს მართლაც ასეა. „ქართულ ოცნებას“ ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი პრობლემა დარჩა გახარიას სახით. უფრო თუ დავაკონკრეტებთ, მათთვის პრობლემა გახდა ქართველი ხალხი, რადგან ძალიან კარგად ჩანს, რამდენად დიდია მოსახლეობის მხარდაჭერა. „ოცნება“ უკვე კარგა ხანია ჩამოშორდა რეალობას, ქართველ ხალხს და ის მოქმედებები, რომლებსაც ყოველდღიურობაში ვაწყდებით (დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა) ამის გამოძახილია. ცდილობენ, მაქსიმალურად ჩაებღაუჭონ ხელისუფლებას და შეიქმნან კომფორტული ზონა ოპოზიციაში მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნით, მაგრამ ეს პოლიტიკური „პინგ-პონგი“ აუცილებლად დამთავრდება 2 ოქტომბერს.
-მედეა ვასაძემ თქვენ კარიერისტი და მედროვე გიწოდათ. რით გააბრაზეთ ასე ქალბატონი მედეა?
-სიმართლე გითხრათ, არ მინდა ამ ფაქტზე კომენტარის გაკეთება, რადგან პატივს ვცემ ამ ქალბატონის ასაკს და მის გამოცდილებას პოლიტიკურ ბრძოლებში. თანაც, მას ჯერაც ვერ გაურკვევია, რომელია მისი პარტია და საწინააღმდეგო განცხადებებსაც ავრცელებს მათთან მიმართებაშიც.
-რამდენი ოფისი გახსენით საქართველოს მასშტაბით?
-ნამდვილად ვერ გეტყვით , ალბათ, 72-მდე. აქ დღედაღამ არიან ჩვენი თანაპარტიელები, ამუშავებენ გეგმებს და წინასაარჩევნო მოქმედებების სქემას, რათა შევძლოთ თვითმმართველობის არჩევნებზე ხმების მაქსიმალურად მობილიზება. ჩვენს ამ აქტიურობას ვერ ეგუება „ქართული ოცნება“ და იმის ნაცვლად, რომ თანაბარი პირობები შეუქმნას პოლიტიკურ ძალებს, რაც გულისხმობს ქვეყანაში ადამიანის უფლებების და თავისუფლების დაცვას, რაც დემოკრატიას და პოლიტიკურ პაექრობას გააძლიერებს, პირიქით, აკნინებს მეტოქეების მდგომარეობას და ზეწოლით ცდილობს მათ დაჩოქებას ან განადგურებას.
-რამდენად პოპულარულია თქვენი პარტია მოსახლეობის ფართო წრეებში?
-ძალიან პოპულარულები ვართ ხალხში. ამას ადასტურებს ჩვენთან მომსვლელთა დიდი რაოდენობა. აქვე მინდა გაგანდოთ ყველაზე მთავარი – უამრავი საჯარო მოხელე გვიკავშირდება ყოველდღე, გვეუბნებიან ვინაობას და გვატყობინებენ, რომ მხარს გვიჭერენ, უბრალოდ, ამის თქმას ოფიციალურად ვერ რისკავენ, რადგან სამსახურების დაკარგვის შიში აქვთ, მაგრამ მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად დაგვჭირდება მათი თანადგომა, ანუ არჩევნებზე, ხმას მისცემენ მხოლოდ პარტიას „საქართველოსთვის“. ამ ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ ყველამ დაკარგა სამსახური, ვინც ჩვენთან მოვიდა, ამიტომ ასე გამოხატავენ თანადგომას. ძალიან გვიხარია, რომ ამდენი პატრიოტი გვყოლია, რომლისთვისაც არ არის სულერთი, ვინ ჩაუდგება ხელისუფლებას სათავეში უახლოეს მომავალში. უფრო მეტსაც გეტყვით – პარტია „ქართული ოცნების“ წევრებიც კი მოდიან და მხარდაჭერას გვპირდებიან ამ უთანასწორო ბრძოლაში. ისინი წუხან, ღიად რომ ვერ გამოხატავენ თანადგომას. მადლობას გვეუბნებიან იმ სიმტკიცისთვის, რასაც ვინარჩუნებთ, გმობენ მათი პარტიის მიერ ჩვენს საწინააღმდეგოდ მიმართულ ძალადობას.
-რა ლოზუნგი გაქვთ წინასაარჩევნოდ და რაზე აკეთებთ აქცენტებს პროგრამაში?
-„ბათუმი შეუზღუდავი შესაძლებლობების ქალაქი“. ჩემი პროგრამის დაყოფა შესაძლებელია სამ ძირითად ჯგუფად. პირველია – მმართველობის ფორმები, რისი შეცვლის გარეშეც ვერაფერს გავხდებით. ამიტომ შევიმუშავეთ გეგმა, რომელიც გამორიცხავს დაინტერესებული მოქალაქეების მიმართ არათანაბარ მიდგომას. ეს იწყება მუნიციპალური ნებართვების გაცემით, საზედამხედველო აქტივობების განხორციელებით და მუნიციპალურ პროგრამებში ჩართვით.
ამასთან, ვაპირებთ მუნიციპალური ბიუროკრატიული ხარჯების მაქსიმალურ შემცირებას, ახალი პროფესიონალი კადრების მოზიდვას, მაგრამ არსებული, გამოცდილი სპეციალისტების შენარჩუნებას. ეს ხელს შეუწყობს მუნიციპალური მმართველობის გამოჯანსაღებას. გაიზრდება მონაწილეობითი ბიუჯეტის როლი, რომელსაც პირდაპირ განკარგავენ მოქალაქეები, ანუ თითოეული უბნისთვის ხელმისაწვდომი იქნება 100 000-200 000-მდე ლარი, რომელსაც მოსახლეობა მოიხმარს საკუთარი შეხედულებების მიხედვით, ადმინისტრაციის ჩარევის გარეშე. ეს არის ჩვენი დაპირებების ძირითადი მუხლი. ვაპირებთ, მუნიციპალიტეტი გავხადოთ საკუთარი მოქალაქეებისთვის ღია და გამჭვირვალე. . . და რაც ყველაზე მთავარია, ბათუმისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს უნდა იღებდნენ თავად ბათუმელები და არა ბიუროკრატიული მოხელეები. ეს არის ის მესიჯი, რასაც ამ ეტაპზე ვაწოდებთ ჩვენს თანაქალაქელებს. აქვე მინდა აღვნიშნო განათლების საკითხიც. ამ მიმართულებითაც საკმაოდ დიდი ცვლილებების გატარებას ვაპირებთ, დაწყებული სკოლამდელი აღზრდით, დასრულებული უნივერსიტეტებით. გვინდა მილიონ-ნახევარი ლარი მივმართოთ ბათუმელი სტუდენტებისთვის. მათთვის აუცილებელია სრულყოფილი ცოდნისა და გამოცდილების მიღება, რაც, უპირველესად, გამოადგება ქალაქს და მთელ ქვეყანას. ასე ვაპირებთ, დავაფინანსოთ ჩვენი სტუდენტები მსოფლიოს 500 ტოპუნივერსიტეტში, სადაც გაივლიან როგორც ბაკალავრიატს, ისე სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს. კიდევ ბევრი პროგრამა გვაქვს ჩვენი უნიჭიერესი და შრომისმოყვარე ახალგაზრდებისთვის. მთავარი მიზანია, მათთვის სრულყოფილი, მაღალი კლასის განათლების მიცემა. მხოლოდ პროფესიონალი, საქმის ზედმიწევნით მცოდნე კადრები თუ გადაწყვეტენ ჩვენს პრობლემებს, რომელიც საკადრო პოლიტიკის არასწორი წარმართვით და პროფესიონალების დეფიციტით აიხსნება.
-თქვენ მხოლოდ მმართველობის ფორმებსა და განათლებაზე ისაუბრეთ, როგორ გადაჭრით მუნიციპალიტეტში არსებულ ეკონომიკურ კრიზისს, რომელიც ამ ეტაპზე ლამის ყველა ოჯახს აწუხებს?
-ჩვენ გვაქვს პროგრამის ეკონომიკური ნაწილიც. მისი პირველი თავი ბათუმში ბიზნესაწარმოო ცენტრის შექმნას გულისხმობს. შეიქმნება სპეციალური ბიზნესსტრუქტურა, რომელიც შეასრულებს ერთგვარი ინკუბატორის და აქსელერატორის როლს. მისი ძირითადი დატვირთვა იქნება დამწყები ბიზნესმენების და მეწარმეების მხარდაჭერა, მათი რისკების მინიმალიზაცია და საწყის პერიოდში საოპერაციო ხარჯების შემცირება. ყველაფერი ეს, ცხადია, გამოიწვევს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, რაც უზრუნველყოფს ბათუმელთა ოჯახების ფინანსურ კეთილდღეობას. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ჩვენთვის უმთავრესი საზრუნავია. ამაში უნდა ჩაერთოს მუნიციპალიტეტი. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ამ სტრუქტურას მხოლოდ კომუნალური საკითხების მოგვარება ძალუძს, რაც შეცდომაა. 21-ე საუკუნეში არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას არხის გაწმენდა, წყალ-კანალიზაციის სისტემის მოწესრიგება თუ გარე განათების დამონტაჟება. ყველაფერი ეს თავისთავად იგულისხმება. აუცილებელია, ქალაქის ხელმძღვანელობა საკუთარი მოქალაქეების სოციალური ფონის გაუმჯობესებასა და მათ ფინანსურ მდგომარეობაზეც ზრუნავდეს. ქმნიდეს პროგრამებს, რომლებიც უფრო შორს მიმავალი გეგმების განხორციელებას უნდა უწყობდეს ხელს. მდიდარ ქალაქში მდიდარი მოქალაქეები უნდა ცხოვრობდნენ. ბათუმს საკმარისზე მეტი შემოსავლები აქვს, რაც არ აისახება ბათუმელთა ცხოვრებაზე. ამიტომ ვცდილობთ, ბევრი ახალი, საინტერესო პროექტი შევთავაზოთ ამომრჩევლებს. მათ უნდა დავანახოთ, რომ ვიქნებით ინოვაციური, უახლეს ტექნოლოგიებსა და გამოწვევებზე მორგებული ჯგუფი, რომელიც შეძლებს ბათუმის მუნიციპალიტეტის ევროპული ქალაქის დონეზე აყვანას.