საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 13 სექტემბრიდან აღდგება
მარი მიდასელი 27 48 94
დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ 13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, ასევე, დაიწყება ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია.
ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარია.
13 სექტემბრიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ფულადი ჯილდოები გათამაშდება როგორც ერთჯერადად, ისე ორჯერადად ვაქცინირებული პირებისთვის. გათამაშებები ჩატარდება ყოველდღიურად, ასევე, ყოველკვირეულად.
ამასთან, მაყურებლის გარეშე გაიმართება სხვადასხვა სახის სპორტული ტურნირები, რომელთა მონაწილეები უნდა იყვნენ აცრილები, ან ჰქონდეთ ბოლო 72 საათში ჩატარებული Ppsr ტესტის ან 24 საათში -ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხი.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე ძალაში რჩება ყველა სხვა მოქმედი შეზღუდვა.
როგორც ცნობილია, პირბადის ტარება სავალდებულოა, როგორც დახურულ, ისე, ღია სივრცეებში. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.
საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე ვირუსით ინფიცირების 567 922 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 523 669 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 7 917 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 97 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 2 152 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 6 766 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.