“შედეგს საქმე და 2 ოქტომბერი გამოაჩენს”
ოთარ ცინარიძე: 599 85 21 14 –
ვახტანგ (სულიკო) ფუტკარაძე შუახევის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელია ოლადაურის ადმინისტრაციულ ერთეულში. იგი ამ პოზიციაზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მმართველობაში მოსვლის დღიდან მუშაობს. 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებში „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველ ათეულშია. დღეს იგი ჩვენს კითხვებს უპასუხებს.
– წლებია მშობლიური თემის, მარეთის ხეობის მოსახლეობის სამსახურში ვარ. შრომითი საქმიანობა 25 წლის წინ, მაშინდელი ოლადაურის საკრებულოს ადმინისტრაციაში დავიწყე – სამხედრო მაგიდის გამგედ. სამართალდამცავ სტრუქტურაში იმ დროს ვიმუშავე, როცა შუახევში ამ სამსახურს ცნობილი იურისტი, ახლა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რაჟდენ ფუტკარაძე ხელმძღვანელობდა. მისგან, ტარიელ მაკარაძისგან, ანზორ გოგიტიძისა და სხვებისგან ვისწავლე ადამიანებთან ურთიერთობა, იმ პრობლემებისა და გამოწვევების არსში წვდომა, რომლებიც მხვდებოდა და არც ახლა მაკლია ცხოვრების გზაზე.
– საზოგადოებას ახსოვს თქვენი წარდგენა ოლადაურის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელად . . .
– შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ოლადაურელების წინაშე საჯაროდ წარმადგინა. ამ პოზიციაზე შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, შემდეგ ოლადაურის თემის ხელმძღვანელი აკაკი ფუტკარაძე შევცვალე. ამ პიროვნებასთან ოლადაურელებს სასაყვედურო არაფერი ჰქონდათ. ჩვენ დღესაც მეგობრები და მეზობლები ვართ. სამუშაო ოთახში რომ შევედი, უმალვე კედლიდან მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტოსურათი ჩამოვხსენი. მისი პოლიტიკის სისასტიკე მეც ვიწვნიე და სამაგიერო ამ ქმედებით გადავუხადე. წინამორბედს ეწყინა, სამაგიეროდ, საზოგადოებამ მომიწონა. მშრომელ, ალალმართალ ოჯახში ვარ გაზრდილი. ჩემთვის ადამიანების ჩაგვრა, კრიჭაში ჩადგომა, საპყრობილეში გაგზავნა, ოჯახისგან იძულებით ჩამოცილება ყოველთვის მიუღებელი იყო და მომავალშიც ასე იქნება.
– ამ პოზიციაზე საქმიანობის პერიოდიდან რას გამოარჩევდით?
– ოლადაურის თემში 6 სოფელია, ასევე, დასახლებული უბანი ჯუმუშაური. თანასოფლელების, პაპოშვილების, მახალაკიძეების, ოლადაურის, მაწყვალთის, კარაპეტის მოსახლეობის წინაშე პირნათელი ვარ. 8 წლის განმავლობაში სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს ერთად ვეჭიდებით, ჩირუხში „შუამთობას“, მაწყვალთის მთაზე „ქუშინარობას“ ერთად ვზეიმობთ. მათთან ერთად ჯვრები აღვმართე მახალაკიძეების ციხეზე, სანალიას მთაზე, მაწყვალთაში – სამზიარის სერზე, მახალაკიძეებში, ოლადაურის ცენტრში, მთა ჩირუხში, ახლა მშობლიურ სოფელ გორში ვაპირებთ. ერთად გადავუხადეთ იუბილეები ღვაწლმოსილ ადამიანებს. გვერდით ვედექი ღვაწლმოსილ პედაგოგ ვახტანგ მაკარაძეს, ცნობილ საჯარო მოხელესა და ხელოვანს ტარიელ მაკარაძეს. საქმიანი ურთიერთობები მაქვს ცნობილ მეცნიერებთან ძმებ აკაკი და ჯემალ ბერიძეებთან, ვლადიმერ მახარაძესთან, ნუგზარ ფუტკარაძესთან, სოლომონ და ოთარ მიქელაძეებთან. მეც ვეფერები საუკუნეს გადაცილებულ შრომის ვეტერანს ზულეიხა ფუტკარაძეს, საკანონმდებლო ორგანოებში ერთ დროს მომუშავეებს ელგუჯა, ნადია მაკარაძეებს, შუახეველთა რიგებიდან დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ბრიგადის გენერალ მალხაზ მაკარაძეს. ამაგს არ ვუკარგავ ბიზნესმენებს: ზურაბ დავითის ძე ფუტკარაძეს, მალხაზ თავდგირიძეს, ზურაბ მახარაძეს, ზურაბ კეკელიძეს, ზურაბ, რევაზ ფუტკარაძეებს. მათი წვლილი პანდემიის პირობებში გამორჩეული იყო. ზურაბ ფუტკარაძემ უკვე ტრადიციად აქცია ოლადაურის თემის პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის საახალწლო საჩუქრების გამოგზავნა. ქვეყნის, რეგიონისა და შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ძალისხმევით შევძელით, რომ ყველა სოფელში ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზები გვაქვს. ნორმალურია სკოლების მატერიალური ბაზა. წლების განმავლობაში მახალაკიძეებელი ავთანდილ მახარაძე აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული შვილის ფრიდონის სახელის წარმოჩენას, მისი გმირობის დაფასებას გვევედრებოდა. ახლა მახალაკიძეების საჯარო სკოლა ფრიდონის სახელს ატარებს. მემორიალები დავდგით ხიჭაურში, ზამლეთში, ნაჭივრზე. ფრიდონ მახარაძესთან ერთად ამ მემორიალებზე 2008 წლის აგვისტოს ომის გმირების: კარაპეტელი რომან ზოიძის, ბუთურაულელი იაგო მიქელაძის, ბარათაულელი ამირან მამალაძის სახელებია დატანილი. უსახური, თანამედროვე სტანდარტებისთვის შეუფერებელ შენობაშია მახალაკიძეების საბავშვო ბაღი. უკვე მობილიზებულია თანხები ამ სოფელში თანამედროვე სტანდარტების შესაფერისი შენობის ასაგებად. ალტერნატიული ბაღები გავხსენით მაწყვალთაში, კარაპეტში. სასმელი წყლის პრობლემა იყო გორში, რაც მოგვარებულია.
– „შუახევიჰესის“ სათავე ნაგებობა თქვენი თემიდან იწყება. საუკუნის პროექტის მშენებლობას როგორ აფასებთ?
– ყველა დიდ საქმეს საზოგადოება დადებითად აფასებს, თუმცა პრობლემებიც ახლავს. იყო აქციები, დაპირისპირება მშენებელ კომპანიასთან, იქ მომუშავე პერსონალთან. ზოგიერთები ადამიანებს ხელოვნურად ძაბავდნენ, რომ პროექტი არ განხორციელებულიყო. უმრავლესობამ გაგვიგო. დღესაც მათი მადლიერი ვარ. დამკვეთი და შემსრულებელი კომპანიების ხელმძღვანელებმა რამდენიმე სოციალური პროექტი დაგვიტოვეს, დაკავებულ ნაკვეთებზე, რომლებიც თითქმის გამოუყენებელი იყო, მესაკუთრეებს საკმაო კომპენსაცია გადაუხადეს. მახალაკიძეებში თანადაფინასებით სასმელი წყალი გამოვიყვანეთ. უკვე „შუხევიჰესი“ დენს იძლევა. მჯერა, თაობები ამაგს დაგვიფასებენ.
– მმართველი პარტიის საარჩევნო პროპორციულ სიაში მეექვსე ხართ. როგორია თქვენი მოლოდინი?
– მეზობლების, მეგობრების, თანახეობელების მხარდაჭერის იმედი ყოველთვის მქონდა, მაქვს და მექნება. არც პირადი ახირება ყოფილა, რომ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად არჩევაზე კენჭი მეყარა. შუახევის საოლქო ორგანიზაციის რეკომენდაციას მმართველი პარტიის პოლიტსაბჭომ მხარი დაუჭირა. სხვებთან ერთად საარჩევნო ციებ-ცხელებაში მეც ვარ ჩართული. შედეგს საქმე და 2 ოქტომბერი გამოაჩენს.

