აჭარის სოფლებში იმუნიზაციის პროცესი ფართოვდება
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის არეალის გაზრდის მიზნით, აცრების ადმინისტრირების პროცესში სოფლის ექიმები ჩაერთვებიან და ვაქცინაციას სოფლის ამბულატორიებში ჩაატარებენ. პირველად ჯანდაცვის ცენტრებთან მოშორებულ სოფლებში ვაქცინაცია გაგრძელდება გამსვლელი ბრიგადების საშუალებით. გამსვლელი ბრიგადების მორიგი ვაქცინაცია ჩატარდა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლების – რიყეთისა და დიოკნისის საექიმო ამბულატორიებში. სოფლად იმუნიზაციის პროცესს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე გაეცნო.
– ჩვენს რეგიონში ყოველდღიურად ფართოვდება იმუნიზაციის პროცესი. გასვლითი ბრიგადები ორი კვირაა, აქტიურად მოძრაობენ მთელ რეგიონში, მუნიციპალიტეტებში. სულ 17-მდე სოფელში 500-ზე მეტი ვაქცინაა ადმინისტრირებული, თუმცა ეს ტემპი არ არის საკმარისი და მიზნად გვაქვს ვაქცინაციაში თითოეული სოფლის ამბულატორიის ჩართვა. პროცესი უკვე დაწყებულია, 60-ვე უბანი შეუერთდება იმუნიზაციის პროცესს და პრაქტიკულად, მთელი მუნიციპალიტეტები, სოფლების ჩათვლით, უნდა აიცრას სოფლის ექიმის ოპერირების შედეგად. ჩვენ მოვუწოდებთ მოსახლეობას უფრო მეტი აქტიურობისაკენ. ვალდებულები ვართ, შემოდგომის სეზონს დაბალი რისკებით შევხვდეთ, ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, ისარგებლოთ შესაძლებლობით, მიმართოთ სოფლის ამბულატორიას და ჩაიტაროთ ვაქცინაცია, – განაცხადა მინისტრმა დიოკნისის ამბულატორიაში ვაქცინაციის პროცესის მონახულებისას. ნინო ნიჟარაძე ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში კოვის-19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრებსაც დაესწრო, რომელიც აჭარის რეგიონში პირველადი ჯანდაცვის ექიმებთან, საშუალო სამედიცინო რგოლის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან იმართება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით.
– აჭარაში, სოფლის ამბულატორიების ნაწილი უკვე ჩართულია კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესში და ძალიან მალე მას მუნიციპალიტეტებში ყველა სამედიცინო საექიმო უბანი შეუერთდება. დღეს აჭარის სოფლებში ჩვეულებრივად ხდება ადმინისტრირება, როგორც „ფაიზერის“, ასევე ჩინური ვაქცინებისა. შესაბამისად, ნებისმიერ ადამიანს თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შეეძლება, ეწვიოს საექიმო ამბულატორიას და აიცრას. შეხვედრების მიზანია, აჭარის რეგიონებში ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობა, ვაქცინაციის მიმღებლობის გაზრდა საინფორმაციო/საგანმანათლებლო სემინარების და ორგანიზებული ვაქცინაციის კამპანიის განხორციელებით, – აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.
აჭარის მასშტაბით, ამ დროისთვის სულ – 172 693 დოზა ვაქცინაა ადმინისტრირებული, მათ შორის ორი დოზა – 66 550, რაც პროცენტულად ერთი დოზით მოზრდილი მოსახლეობის 39.2 % -ის, ხოლო ორი დოზით 24.6 %-ის აცრას ნიშნავს.