გიგა ფარტენაძე : სწორედ 43 % -იანი ბარიერის გადალახვა-არგადალახვის მოლოდინშია სრულიად საზოგადოება, ევროკავშირიც და ვაშინგტონიც
ლაშა ხომერიკი 593 50 82 69 –
პოლიტიკური პარტიები აქტიურობენ. იმართება საარჩევნო შეხვედრები, ღონისძიებები, არ კლებულობს ურთიერთბრალდებები, რაც არჩევნების (მით უფრო ქართულის) დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა. უდავოა, მოახლოებული არჩევნები მრავალმხრივ მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის. დასავლეთი გამადიდებელი მინით დააკვირდება ოქტომბრის არჩევნებს. ის, თუ როგორ ჩავაბარებთ დემოკრატიის ტესტს, განსაზღვრავს საქართველოს მომავალს დასავლეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით. აქტუალურია კითხვები: როგორი საარჩევნო გარემოა ქვეყანაში, ვინ შეიძლება მოგვევლინოს ახალ მესამე ძალად, შეძლებს თუ არა ოპოზიცია, ჯამში, ხმების 57 პროცენტის აღებას, რამდენად იაქტიურებს ამომრჩევლი და რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება ხელისუფლებამ? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი გიგა ფარტენაძე.
– ორი კვირა და ადგილობრივი არჩევნები გაიმართება, მოსახლეობის არჩევანი გაცხადდება, რამდენად ცივილურად მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი?
– ჩვენი ქვეყანა უმნიშვნელოვანესი, მუნიციპალური არჩევნებისთვის ემზადება. მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურ საარჩევნო კამპანიაშია ჩაბმული როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიები. განვლილ თვეს თუ გადავავლებთ თვალს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საარჩევნო პროცესი მშვიდ და თანაბარ გარემოში მიმდინარეობს. ყველა ოპოზიციური პარტიის შეხვედრა და კანდიდატების წარდგენა ექსცესებისა და გართულებების გარეშე მიმდინარეობს, თუმცა აქვე ვხვდებით სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის განცხადებებს მათი მხარდამჭერების მიმართ ზეწოლაზე, რაც, დამეთანხმებით, საჭიროებს შესაბამის შესწავლასა და დადასტურების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ სამართლებრივ რეაგირებას.
– ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ სექტემბრის მიწურულს საარჩევნო ბრძოლა დაუნდობელი გახდება, რას ფიქრობთ?
– თვისობრივად, 2021 წლის არჩევნები განსაკუთრებულ მოლოდინს აჩენს საზოგადოებაში. ამას ემატება პოლიტიკურ ველზე არსებული რამდენიმე მსხვილი და წვრილ-წვრილი პარტიის დაპირისპირება. ბუნებრივია, ეს მოცემულობა ზრდის იმის რისკებს, რომ საარჩევნო გარემო დაიძაბოს, ხოლო არჩევნების დღე, 2 ოქტომბერი, წინა არჩევნებთან შედარებით განსაკუთრებული სიფიცხით გამორჩეული გახდეს.
– სიტყვით ხელისუფლება და პოლიტიკური სპექტრი დასავლური კურსის ერთგულია, ამ მხრივ მათი ქმედებები (თუნდაც ურთიერთკრიტიკის თვალსაზრისით) რამდენად ჯდება ევროპულ სტანდარტებში?
– დასავლური კურსი არის ქართველი ხალხის ისტორიული მონაპოვარი, რომელსაც სჭირდება გაფრთხილება. ხელისუფლების და პოლიტიკური სპექტრის თითოეული განცხადება მიმართული უნდა იყოს დასავლური იდეების ერთგულებისკენ და მათ უნდა მოსდევდეს შესაბამისი, განმამტკიცებელი, ქმედითი ნაბიჯები, რომ არ დარჩეს კითხვის ნიშნები ხელისუფლების საგარეო ორიენტაციასთან დაკავშირებით. ამ თემაზე საუბრის დროს გვერდს ვერ ავუვლით მმართველი პარტიის მხრიდან ცალხმრივად ანულირებულ შარლ მიშელის დოკუმენტს, რაც, ბუნებრივია, გარკვეულ უხერხულობას უქმნის ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო პარტნიორებთან ევროკავშირსა და ვაშინგტონში. საქართველოს მოქალაქეების წინაშე ქვეყნის საშინაო და საგარეო საკითხებზე ანგარიშვალდებულება ეკისრება ხელისუფლებას, ამიტომ მოცემულ შემთხვევაში, უპირველესად, ხელისუფლებამ და შემდეგ სხვა პოლიტიკურმა აქტორებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა შექმნილ უხერხულობაზე, რომელშიც დღეს ჩვენი ქვეყნა აღმოჩნდა.
– არჩევნების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ქვეყნის განვითარების პროგრამები და კონცეფციები. ამ მხრივ თითქმის ყველა პარტია, მერობის კანდიდატი უხვ დაპირებას გასცემს, რამდენად გაცნობიერებულია ჩვენი ამომრჩეველი პარტიების მიზნებში და რეალურად განხორციელებადია თუ არა მათი დაპირებები?
– დავიწყოთ პირველი კითხვით – ჩვენს ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები ცხადყოფს, რომ ამომრჩეველი ხმას არა კონკრეტული პარტიის პროგრამას, მიზნებსა და ამოცანებს აძლევს, არამედ კანდიდატებს, რაც გვაფიქრებინებს, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობამ არ იცის, რომელ პარტიას რა ხედვა და სტრატეგია აქვს, თუნდაც თავისი ქალაქის, მუნიციპალიტეტის დაგეგმარების, არსებულ გამოწვევებზე რეაგირების და განვითარების გეგმის შესახებ. ბუნებრივია, ეს ყველაფერი განპირობებულია ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ფონით. იდეის ნაცვლად ჩვენი ყურადღება ფოკუსირებულია ავტორიტეტულ ადამიანებზე, რომლებიც თავიანთი შეხედულებების მიუხედავად, დღეს შეიძლება ერთ პარტიას წარმოადგენდნენ, ხვალ – მეორეს. რაც შეეხება მათ დაპირებებს, ეს ყველაფერი საარჩევნო კამპანიის ნაწილია, რაც, რა თქმა უნდა, კანდიდატს ერთგვარ ანგარიშვალდებულებას უქმნის ამომრჩევლის წინაშე. კანდიდატების დაპირებებთან ერთად, საინტერესოა მათი შესრულების კონკრეტული ვადები და გზები – როდის და როგორ ესახებათ ამა თუ იმ დანაპირების მიღწევის შესაძლებლობა.
– ოპოზიციის ნაწილმა ბათუმში კონსენსუსს მიაღწია მერობის ერთიან კანდიდატთან მიმართებით, თუმცა თბილისსა და სხვა რეგიონებში შეთანხმება ვერ მოხერხდა, ეს რამდენად დააზარალებს ოპოზიციურ სპექტრს?
– არ ვფიქრობ, რომ ოპოზიციამ შეთანხმებას ვერ მიაღწია, უკეთესი იქნება, თუ ვიტყვით, რომ არ მიაღწია, რადგან თითოეულ ოპოზიციურ პარტიას გააჩნია თავისი დღის წესრიგი. ბათუმს რაც შეეხება, ნათელია, რომ აქ ოპოზიციურმა პარტიებმა გადაწყვიტეს, ელექტორატის გაერთიანება და ერთიანი ძალებით ბრძოლა სახელისუფლებო კანდიდატთან, თუმცა აქაც არის გამონაკლისი – პარტიას „საქართველოსთვის“თავისი მერობის კანდიდატი ეყოლება, რაც გარკვეულწილად, ცვლის საარჩევნო დღის წესრიგს. რეალურად, ამომრჩეველს არა ორ, არამედ სამ კანდიდატს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთბა. რაც შეეხება კითხვას, დააზარალებს თუ არა ეს სტრატეგია ოპოზიციას, უნდა ითქვას რომ არა, რადგან ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის ამომრჩეველთა ზუსტი მხარდაჭერა და ამის დეკლარირება სწორედ მუნიციპალური არჩევნების შედეგებით არის შესაძლებელი.
– ექსპერტები თბილისში, რუსთავში, ბათუმში მერობის კანდიდატებთან მიმართებით მეორე ტურს არ გამორიცხავენ, თქვენი აზრი ამის თაობაზე?
– არაერთი სოციოლოგიური კვლევა ცხადყოფს, რომ არცერთ წარმოდგენილ სუბიექტს არ გააჩნია ამომრჩეველთა 50% +1 მხარდაჭერა, რაც, ბუნებრივია, მეორე ტურების გამართვის ალბათობას ერთიორად ზრდის.
– ხშირად საუბრობენ მესამე ძალაზე, ამ მხრივ პრეტენზია რამდენიმე პარტიას აქვს. ექსპერტი გია ხუხაშვილი ასეთ ძალად გახარიას პარტიას ასახელებს, რას ფიქრობთ?
– ამომრჩეველთა მხადაჭერით თუ ვიმსჯელებთ, რასაც სოციოლოგიური კველებიც ადასტურებს, გახარიას პარტია ნამდვილად არის რიგით მესამე ადგილზე. აღიქმება თუ არა ის მესამე ძალად ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატისთვის? ვფიქრობ – არა. პარტია „საქართველოსთვის“ ამომრჩეველთა ხმებს გაიყოფს „ოცნებასთან“, რაც ბუნებრივია, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებში მესამე ძალის, როგორც ალტერნატივის, არსებობას ადასტურებს.
– რა თქმა უნდა, არანაკლებ მნიშვნელოვანი თემაა სააკაშვილის ამასწინანდელი განცხადება საქართველოში დაბრუნების თაობაზე, ამ მხრივ პროცესების როგორ განვითარებას ელოდებით?
– სააკაშვილის დაბრუნება საარჩევნო პროცესს და პოლიტიკური დღის წესრიგს რომ შეცვლის, ეს ცხადია. პროცესები შეიძლება განვითარდეს ორი მიმართულებით. პირველია სამართლებრივი – მას ელოდება ქართული მართლმსაჯულება, ვისაც თავისი სურვილით ჩაბარდება და მეორეა დესტრუქციული – მხარდამჭერების მოწოდებას, დაიცვან ექსპრეზიდენტი, ბუნებრივია, მოჰყვება შესაბამისი რეაქცია. საზოგადოება და საერთაშორისო თანამეგობრობა იხილავს, როგორ დააპატიმრებენ საქართველოს მესამე პრეზიდენტს თავის მომხრეებთან ერთად, რაც, ბუნებრივია, დააზარალებს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს სახელმწიფოს, რადგან, რბილად რომ ვთქვათ, საარჩევნო გარემო გახდება კიდევ უფრო დაძაბული, პოლარიზებული და აგრესიაზე აგებული.
– შეძლებს თუ არა ოპოზიცია, ჯამში, ხმების 57 პროცენტის მოპოვებას, რათა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოითხოვოს (მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა პარტიამ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება მოახდინა)?
– ვფიქრობ, რომ წინა წლის არჩევნებთან შედარებით, ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატი გაიზარდა, უფრო ზუსტად კი „ოცნების“ მომხრეთა რაოდენობა შემცირდა, რაც, ბუნებრივია, ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის ხმების 57 %-მდე ასვლის ალბათობას ზრდის.
– თუ მმართველმა პარტიამ ხმების დათქმული 43 პროცენტი ვერ აიღო, თქვენი აზრით, ჩატარდება თუ არა რიგგარეშე არჩევნები?
– მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება მოახდინა, რითაც ყოველგვარი ვალდებულებისგან გაითავისუფლა თავი, ხელმომწერი მხარეებისთვის და საერთაშორისო აქტორებისთვის ეს არაფერს ცვლის. უფრო მეტიც, სწორედ 43 % -იანი ბარიერის გადალახვა-არგადალახვის მოლოდინშია სრულიად საზოგადოება, ევროკავშირიც და ვაშინგტონიც, რის შედგეადაც ვიხილავთ ქმედით საპასუხო ნაბიჯებს დასავლეთისგან.
– არჩევნებში მნიშვნელოვანია მოსახლეობის აქტიურობა, რამდენად იაქტიურებს ამომრჩევლი ამ არჩევნებში, არმისვლა ვისთვის იქნება ხელსაყრელი?
– სამოქალაქო პასუხისმგებლობა, აქტივიზმი და თვითშეგნება ხელისუფლებაში აჩენს ანგარიშვალდებულებას, კეთილსინდისიერებას და გამჭვირვალობას. თუ ამას ვერ გავიაზრებთ, არჩევნებზე პასიურობა, პირველ რიგში, დააზარალებს ჩვენს ქვეყანას, ხალხს, საზოგადოებას და შემდეგ პოლიტიკურ პროცესს.
– აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საქართველოს ხელისუფლების უარმა ევროკავშირის ტრანშზე. როგორია თქვენი აზრი ამის შესახებ?
– მეგობრისთვის დამხარებაზე უარის თქმის (რომელიც თავის დროზე ითხოვე და გჭირდებოდა) ის მოტივი, რაც გაახმოვანა ხელისუფლებამ, უსუსურია. განსაკუთრებით ეს გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის წარმომადგენლებმა გააკეთეს ოფიციალური განცხადებები და დაასაბუთებულად ახსნეს, რასთან გვაქვს საქმე. როგორც ვიცით, სასამართლო რეფორმა იდგა დღის წესრიგში. მარტივია, თუ იღებ ვალდებულებას, უნდა შეასრულო, ხოლო მისი დარღვევის შემთხვევაში, ბევრი კითხვა ჩნდება. ხელისუფლება კეთილსინდისიერად, გულწრფელად და იდეათა ერთგულებით უნდა ადგეს დასავლეთისკენ მიმავალ გზას.
– ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ ეს არჩევნები მრავალმხრივ მნიშვნელოვანი იქნება როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, ჩააბარებს ჩვენი ქვეყანა დემოკრატიის ამ ტესტს?
– დემოკრატიის ტესტის ჩაბარებას განაპირობებს: პირველი – არჩევნების შედეგები და მისი აღიარება ლეგიტიმურად როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისა და დიპლომატიური კორპუსის მიერ და მეორე – შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული და მიღებული დოკუმენტის სრულად იმპლემენტირება.
– და ბოლოს, ამ ვითარებაში განსაკუთრებით რა საკითხებზე უნდა გაამახვილოს ხელისუფლებამ ყურადღება?
– პირველია საარჩევნო პროცესის ეფექტურად და სამართლიანად წარმართვა, მეორე – მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი არჩევნებზე ხმის მიცემის უფლების მქონე მოქალაქეების ინფორმირებულობას მათი არჩევნებში მონაწილეობის აუცილებლობასთან დაკავშირებით და მესამე – პატივი სცეს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების ნებას.