ეს სფერო კონტროლს მიღმა რჩება – მოხერხებული ექიმი და ეშმაკური სქემა
ირმა ცეცხლაძე 27 48 93 –
საკმაოდ საინტერესო ფაქტს წავაწყდი დედაჩემისთვის ექიმის ძიებაში. ურეკავ 112-ს იმ დროს, რომელსაც ადრე შეგულებული ექიმი გეუბნება, იძახებ სახლში და ისიც მოდის სასწრაფო დახმარების მანქანით, ექთნით და თავისთავად, მედიკამენტებით. სცენარი ვითარდება შემდეგნაირად: ექიმი გსინჯავს, გიწერს წამლებს, შენ აძლევ საზღაურს. თუკი იმ წამლებს მისივე აფთიაქში შეიძენ, მაშინ დიაგნოსტირებისთვის ფულს არ გახდევინებს. ამ ბიზნესის მომხმარებლებს განსაკუთრებით მოსწონთ ის ფაქტი, რომ ექიმი არ სთხოვს მათ ძვირად ღირებულ სისხლის ანალიზს, ექოსკოპიას თუ კომპიუტერულ ტომოგრაფიას. მთავარია, უთხრა, რა გტკივა და წამსვე მიიღებ იმ მედიკამენტების ჩამონათვალს, რომელსაც დღედაღამ ატრიალებენ რეკლამებში. ეს პროცესი პაციენტებსაც ხელს აძლევს და მათ ოჯახებსაც, მაგრამ რამდენად წაგადგება ასეთი მკურნალობა, არავის აღელვებს, რადგან კოვიდის პირობებში ისედაც ერიდებიან კლინიკებს. მედიკამენტების სიძვირე საქართველოში მტკივნეული თემაა, განსაკუთრებით, დაბალი სოციალური ფენის ადამიანებისთვის. არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ უღარიბესი ფენისთვის მედიკამენტების და ჯანდაცვის ხარჯები კატასტროფულად მაღალია. ყოველწლიურად მედიკამენტების ფასი საშუალოდ 7,6%-ით იზრდება. ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ფასის რეგულირება და ბაზარზე კონკურენციის ზრდა თუ არ მოხდა, მედიკამენტების გაძვირება მძიმე სოციალურ შედეგებს გამოიწვევს.
რატომ ძვირდება წამალი საქართველოში?
ფარმაცევტული კომპანიები გასაყიდი მედიკამენტების ფასს უცხოური ვალუტის კურსის შესაბამისად ცვლიან. ბაზარზე არსებული მედიკამენტების დიდი ნაწილი იმპორტირებულია, შესაბამისად, პროდუქტის ფასი მყისიერად რეაგირებს ლარის გაუფასურებაზე. ამას ემატება სახელმწიფოს მიერ ამ კომპანიებისთვის დაწესებული რეგულირების ტვირთი. ამ და სხვა ფაქტორების გავლენით მედიკამენტები მუდმივად ძვირდება.
ფონდ „კურაციოს“ მიერ 2018 წელს ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ მოსახლეობის მიერ მედიკამენტებზე დახარჯული თანხა ჯანდაცვის საერთო ხარჯების 36%-ია და ამ მაჩვენებლით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა. განსაკუთრებით სავალალოა, რომ თანხის 97%-ს მოსახლეობა საკუთარი ჯიბიდან იხდის, მხოლოდ 2%-ს აფინანსებს სახელმწიფო ბიუჯეტი (ე.წ. უფასო მედიკამენტების პროგრამის ფარგლებში). მოსახლეობის მიერ შეძენილი მედიკამენტების 70% არის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მათთვის მუდმივი ხარჯია. პრობლემას ამწვავებს ექიმების მიერ საჭიროზე მეტი მედიკამენტის დანიშვნა. ხშირად ამის მიზეზი არის ფარმაცევტული კომპანიების წახალისების პროგრამები და სარგებელი, რასაც ექიმები იღებენ.
მიდიხართ ექიმთან, გიწერთ წამლებს, თან რეცეპტზე აღნიშნავს, რომელ აფთიაქში უნდა იყიდო, სადაა უკეთესი ფასები და ხარისხიანი მედიკამენტები. ცხადია, მის მითითებას პირნათლად ასრულებთ, თუმცა, შემდეგ შესაძლოა, სხვა აფთიაქში უფრო ნაკლებ ფასად ნახოთ უკეთესი ფარმაცევტული კომპანიის წამლები.
მსგავსი ისტორიები ისეა მომრავლებული, რომ ჩვეულებრივ მოვლენა მიაჩნია უკვე ყველას და უმრავლესობა არც აპროტესტებს, რადგან თვლის, ასეა საჭირო. ის მოქალაქეები კი, რომლებიც უკეთ ერკვევიან ფარმაციაში, თურქეთის აფთიაქებში გადადიან, ან სხვა ექიმებთან მიდიან და ყურადღებით ამოწმებენ რეცეპტებს.
ექიმების ნაწილი საჯაროდ ალაპარაკდა იმაზე, რომ არცთუ იშვიათად, მათი კოლეგები ფარმაცევტულ კომპანიებთან გარიგებით პაციენტებს უსარგებლო მედიკამენტებს უნიშნავენ. არღვევენ თუ არა ექიმები პაციენტების უფლებებს, ეთიკურ და პროფესიულ სტანდარტებს პირადი გამორჩენის მიზნით და ერთვებიან თუ არა ე.წ. არაეთიკური მარკეტინგის სქემებში?
გაიხსენეთ, ექიმის კაბინეტიდან გამოსულს, რამდენჯერ გჭერიათ ხელში დანიშნულება – წამლების გრძელი ჩამონათვალით და რამდენჯერ შეგპარვიათ ეჭვი, ნუთუ ყველა ეს წამალი მჭირდება?! პაციენტისთვის, როგორც წესი, თითქმის შეუძლებელია იმის გადამოწმება, ამოძრავებდა თუ არა ექიმს პირადი ინტერესი დანიშნულების დაწერისას.
„ექიმმა წამლის გამოწერაში პროცენტი არ უნდა აიღოს. ოდესმე უნდა დასრულდეს ეს სიმახინჯე, რაც იწვევს წამლებისა და სხვა „არა–წამლების“ პანტა–პუნტით დანიშვნას“, – ეს ნაწყვეტია ექიმი გასტროენტეროლოგის ჯაბა ზარქუას საჯარო ფეისბუკპოსტიდან, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ დაწერა და თქვა, რომ ამაზე საუბარი „სუსტად და ხმადაბლა“, მაგრამ თავად ექიმებს შორისაც ნელ-ნელა იწყება.
რა არის და როგორია არაეთიკური მარკეტინგი სამედიცინო სფეროში და წამლის გაყიდვის რა სქემები მოქმედებს საქართველოში?
გარიგების იმ სქემების რამდენიმე დეტალზე, რომელიც სამედიცინო სფეროში დიდი ხანია მოქმედებს, საუბრობს ჩვენი რესპონდენტი ექიმი. იგი მხოლოდ ანონიმურობის დაცვის პირობით დაგვთანხმდა ინტერვიუზე,
ექიმთან მიდის რომელიმე ფარმაცევტული ფირმის წარმომადგენელი და მისი კომპანიის წამლების დანიშვნას სთავაზობს, უტოვებს ბლანკიან ფურცელს, რომელზეც ეს წამლებია ჩამოწერილი. ექიმი ამ მედიკამენტებს დანიშნვისას, ბლანკზე უთითებს თავის სახელსა და გვარს. ეს ბლანკი ჯერ პაციენტის ხელში ხვდება, შემდეგ კი აფთიაქში რჩება. ასე მარტივად კონტროლდება, დანიშნა თუ არა ექიმმა კონკრეტული კომპანიის წამალი. თუ ამ გზით გაიყიდა მედიკამენტი, ექიმს სანაცვლოდ ერგება საჩუქარი – კოსმეტიკა, რაიმე ბრენდირებული ნივთი, ტკბილეული ან სხვა წამახალისებელი რამ. . . და რაც მთავარია, ფული. „პირდაპირ შემოუთავაზებიათ, რომ თუკი დავნიშნავდი, მაგალითად, 35-ლარიან ანტიბიოტიკს, თითო გაყიდული წამლიდან 5 ლარი მე ჩამერიცხებოდა. მოითხოვეს ჩემი ანგარიშის ნომერიც“, – გვიყვება ექიმი გელა თ., რომელიც მიუღებლად თვლის ამ პრაქტიკას, თუმცა შეთავაზების ფაქტს ადასტურებს. შემოთავაზებას მოჰყვება ხოლმე ე.წ. ფასდაკლების ბარათები, რომლებიც დამატებით ხიბლავს პაციენტებს. ყველამ არ იცის, რომ აფთიაქებს ფასდაკლების აქციები ისედაც აქვთ და ეს ბარათები წამლების იაფად საყიდლად საერთოდ არ არის საჭირო.
ყოფილა შემთხვევები, როდესაც ჩვენი რესპონდენტისთვის ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს მისი პაციენტების საკონტაქტო ინფორმაციაც უთხოვიათ იმისთვის, რომ მოგვიანებით მათთან გადაემოწმებინათ, ნამდვილად შეიძინეს თუ არა დანიშნული პრეპარატი. არის ისეთი შემთხვევები, როდესაც გარიგება ხდება კლინიკასა და კონკრეტულ ლაბორატორიას შორის. ჩვენი რესპონდენტი არ ასახელებს იმ საავადმყოფოს, რომლის ლაბორატორიასთანაც მათ კლინიკას ჰქონდა შეთანხმება, თუმცა ამბობს, რომ ანალიზების გასაკეთებლად ისინი პაციენტებს სწორედ ამ ლაბორატორიას ურჩევდნენ, ხოლო შემდეგ, ეს ლაბორატორია მათ შემოსავლის გარკვეულ პროცენტს ურიცხავდა.
ჩვენ მიერ გამოკითხული 55 ადამიანიდან 45-მა გვითხრა, რომ მათ ჰქონიათ გამოცდილება, როდესაც ექიმმა სწორედ საფირმო ბლანკზე ჩამოწერილი მედიკამენტები დაუნიშნა და შესაძენად კონკრეტული აფთიაქიც ურჩია. ნინა ჯ. იხსენებს, როგორ დაურიცხეს რამდენიმეათასლარიანი ჰონორარი კლინიკაში, რადგან მისმა პაციენტმა იქ ჩაიტარა ძვირიანი სამედიცინო პროცედურები. მისი თქმით, მას კონკრეტული პროცედურა არ დაუნიშნავს და ამიტომ არც ჰონორარი აუღია. ის ამტკიცებს, რომ ხშირად მასთან მოხვედრილან ისეთი პაციენტები, რომლებსაც დანიშნული ჰქონდათ, მაგალითად, ღვიძლის დამცავი საშუალებები, ჰეპატოპროტექტორები, რომლებიც პაციენტს, არ სჭირდებოდა.
„მიჭირს ვთქვა, რამდენია ან რა სახისაა ეს გასამრჯელო, მაგრამ გაყიდული წამლებიდან რაღაც რაოდენობის „ქეშბექი“ ექიმს რომ ერგება, ეგ ფაქტია“, – ამბობს ქალბატონი ნუნუ. მისივე თქმით მსგავსი ქცევა, მთელი სამედიცინო სპექტრის ავტორიტეტზე აისახება და აბსოლუტურად განსხვავებულია იმისგან, რაც დასავლეთში ხდება: იქ ავტორიტეტიანი ექიმები წამლებს არ ასაღებენ. დასავლეთში, თუკი ექიმი რომელიმე ფარმაცევტული კომპანიის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობს, ეს საჯაროდ გაცხადებული ფაქტია.
რადიო „თავისუფლებამ“ გამოაქვეყნა ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ექიმის ირმა კვიცარიძის ავსტრიული გამოცდილება: „იქ კატეგორიულად დაუშვებელია, რომ ექიმმა აიღოს თანხა ფარმაცევტული ფირმისგან. საწერ კალამსაც კი ვერ აიღებ ფირმის წარწერით. აქ ეს კორუფციაა. ხოლო თუ რომელიმე ექიმმა მიიღო წამლის კვლევაში მონაწილეობა და მისი სასტუმრო ან მგზავრობა გადაიხადა ფარმაცევტულმა ფირმამ, ეს ექიმი ვალდებულია, ვიდრე მოხსენებას დაიწყებს აუდიტორიის წინაშე, გამოაცხადოს, რამდენი გადაუხადა მას ფარმაფირმამ, ან რა ხარჯები დაუფარა. ამით უნდა გამოირიცხოს მოხსენების მიკერძოებულობა. ავსტრიაში, წამლის დანიშვნა კონტროლდება სპეციალური წესებით, გაიდლაინებით და სახელმწიფო სადაზღვევო სისტემის მიერ“.
რამდენიმე ევროპულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ უკვე დატოვა საქართველოს ბაზარი, მათ შორის ისეთებმა, როგორებიც არიან G
– ყველა მათგანი ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის წევრი იყო. მათი წასვლა ბაზრიდან ე.წ. არაეთიკურ მარკეტინგთან პირდაპირ კავშირშია, – ამბობს ასოციაციის დირექტორი ირაკლი მარგველაშვილი, – დასავლური კომპანიები ისეთი მკაცრი მარკეტინგული კოდექსებით ხელმძღვანელობენ, რომ მათ ბრენდირებული კალმის ჩუქებაც კი აკრძალული აქვთ ექიმებისთვის. ამ ფონზე კი, როდესაც სხვა კომპანია ექიმს არათუ კალმით, არამედ სხვა საჩუქრით ან ფულადი ანაზღაურებით ხიბლავს და შედეგად, მის პრეპარატს ანიშნინებს, მისთვის კონკურენციის გაწევა ძალიან რთული საქმეა.
ირაკლი მარგველაშვილს მოჰყავს კომპანია G-ს მაგალითი, რომელიც ბრენდულ (ორიგინალ) წამლებს აწარმოებს. ამ კომპანიის ერთ-ერთი ანტიბიოტიკი საქართველოში იყიდებოდა დაახლოებთ ორ-სამჯერ იაფად, ვიდრე ერთ-ერთი გენერიკული (ორიგინალი პრეპარატების ასლი, რომელსაც არ აქვს საპატენტო დაცვა) წამალი. საერთაშორისო სტანდარტით ფარმაკოლოგიური კომპანია ექიმს აწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას მედიკამენტსა და მის გვერდით მოვლენებზეც, ხოლო ექიმი თავად წყვეტს, დანიშნოს თუ არა ეს წამალი.
მაგრამ რა არის გამოსავალი, სანამ ეს სქემა საქართველოში ყველა ექიმის შემთხვევაში არ მუშაობს?
ამბობენ, დაინტერესებული პირებს „ფარმაციული პროდუქციის შესახებ” ახალი კანონის იმედი აქვთ, შესაძლოა მასში ჩადებულმა სტანდარტებმა შეცვალოს ბევრი რამ ამ სფეროში. თუმცა ეს კანონპროექტი ჯერ ჯანდაცვის კომიტეტში დამუშავების ეტაპზეა.
ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველოში საყოველთაო დაზღვევა მედიკამენტების საფასურს არ ფარავს, ხოლო წამლების თანხა მოქალაქეების ჯიბიდან გადახდილი ყველაზე მთავარი ხარჯია. ფინანსური კონტროლი აქ, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი იხსენებს, რომ მისი მინისტრობის პერიოდში ის მოქალაქეები, ვისაც არ ჰქონდა დაზღვევა, ყოველ ას ლარზე დაახლოებით 55 ლარს ხარჯავდნენ წამლებში საკუთარი ჯიბიდან. ვისაც კერძო დაზღვევა ჰქონდა, მათი ხარჯი გაცილებით ნაკლები იყო, ანუ სადაზღვევო კომპანია აკონტროლებდა თავის დაზღვეულებს. შიდა სისტემის საშუალებით, ის ხედავდა, მის პროვაიდერ კლინიკაში ესა თუ ის ექიმი რა წამალს ნიშნავდა და დაეჭვების შემთხვევაში, კითხვებსაც სვამდა.
დღეს, როცა არც ელექტრონული რეცეპტების სისტემა არსებობს, საერთო სურათის დანახვა შეუძლებელია. ეს სფერო კონტროლს მიღმა რჩება, ფარმაცევტული კომპანიები ამით სარგებლობენ.
პოლიპრაგმაზია – ძველი პრობლემაა 2016 წლის კვლევიდან.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ ქვეყანაში ფარმაცევტულ ბაზარს იკვლევდა ჯერ 2012 წელს, შემდეგ 2016 -ში. მათ მიერ 2016 წელს ჩატარებული კვლევის ერთ-ერთი მთავარ მიგნება სწორედ ის არის, რომ პოლიპრაგმაზია, ანუ ავადმყოფისათვის ერთდროულად, გაუმართლებლად მრავალი წამლისა და სამკურნალო პროცედურის დანიშვნა, საქართველოში გადაუჭრელი პრობლემაა;
ფარმაკოზედამხედველობის სრულყოფილი სისტემა არ არსებობს.
ამ პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთ გზად „საერთაშორისო გამჭვირვალობაც“ ასახელებდა ერთი მხრივ, ელექტრონული რეცეპტების სავალდებულო შემოღებას და ელექტრონული რეცეპტების ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნას, მეორე მხრივ – იმ პროტოკოლების, წესების, სტანდარტების არსებობას, რომლებიც განსაზღვრავდა, როგორ დაისვას დიაგნოზი და როგორ უმკურნალონ კონკრეტულ დაავადებას. ამ გამოკვლევის ერთ-ერთი რეკომენდაცია ფარმაკოზედამხედველობის პრობლემის გადაჭრა იყო, ასევე ის, რომ კანონს დაევალდებულებინა რეგისტრაციით დაინტერესებული პირი, რეგისტრაციის პროცესში წარმოედგინა გვერდითი ეფექტების მონიტორინგის გეგმა. პრობლემა, როგორც ზემოთაც ვნახეთ, არც 2021 წელს მოგვარებულა.
ექსპერტები ასევე ამბობენ, რომ აფთიაქებში იაფფასიანი მედიკამენტები (ორიგინალური პრეპარატის ასლი, რომელსაც იგივე ქიმიური აგებულება აქვს) შედარებით ნაკლებად გვხვდება, ვიდრე ძვირად ღირებული ბრენდული პრეპარატები, რასაც დამატებითი წვლილი შეაქვს მედიკამენტებზე გაუმართლებლად მაღალ დანახარჯებში.
ბაზრის მთავარი მოთამაშეები
„ავერსი“, „გეფა“ (ფარმადეპო, ჯპს), PპსპP – ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანიებია და ბაზრის დაახლოებით 70% უკავიათ. მათი შემოსავლები და წმინდა მოგება ყოველწლიურ ზრდას აჩვენებს. ამის გადამოწმება კომპანიების აუდიტის ანგარიშებიდან არის შესაძლებელი.
რაც შეეხება ადგილობრივ წარმოებას, მედიკამენტების უმსხვილესი მწარმოებლები არიან შპს „ჯი–ემ–პი“ და შპს „ავერსი რაციონალი“. საინტერესო ფაქტია, რომ ეს კომპანიები წარმოებისთვის მთლიანად იმპორტულ ნედლეულს იყენებენ.
გაზრდილი იმპორტი
საქართველოში ფარმაცევტული პროდუქციის მოხმარებაში იმპორტირებული პროდუქციის წილი კვლავ დიდია. 2019 წელს მედიკამენტების იმპორტმა 382.5 დოლარს მილიონს მიაღწია, რაც მთლიანი იმპორტის 4.2%-ს აღწევს. ფარმაცევტული პროდუქციის უმსხვილესი იმპორტიორია თურქეთი, საიდანაც 2019 წელს 85,2 მილიონი დოლარის მედიკამენტი არის შემოტანილი (მთლიანი იმპორტის 22.3%). უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყნებს შორისაა გერმანია (9.5%), უნგრეთი (8.4%), საფრანგეთი (7.1%), უკრაინა (5.0%), შვეიცარია (4.4%) და სხვა.
პრობლემაა ისიც, რომ საქართველოში მედიკამენტების ფასები მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, 2-3-ჯერ ძვირია. ფასთა შორის სხვაობა განსაკუთრებით თვალშისაცემია თურქეთთან.
რეგულირების ტვირთი – გაძვირების მიზეზი
ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მედიკამენტების ფასების რეგულირებაზე მუშაობს. ამის შესახებ მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 2020 წლის ოქტომბერში განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წელს თებერვალში
პარლამენტში გამოსვლისას თქვა: „მედიკამენტების ფასების საკითხი მიშვებულია, უზარმაზარი მოგებით ზრდიან მედიკამენტების ფასებს და ამას ჩარჩოებში მოქცევა სჭირდება“.როგორ აპირებს მთავრობა წამლებზე ფასების დაწევას, უცნობია. ჯერჯერობით, ის რეგულირების წესებს ამკაცრებს, რაც წამლის კიდევ უფრო გაძვირების მიზეზი ხდება.
2020 წელს პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“, რომლის თანახმად, აღიარებული ქვეყნებიდან შემოსული მედიკამენტების ბაზარზე ხელახლა დაშვებისთვის (დაშვების ვადა 5 წელია), დისტრიბუტორმა 500 ლარი უნდა გადაიხადოს და მედიკამენტი ისე დაარეგისტრიროს.
გარდა ამისა, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ, რომელიც ფარმაცევტული პროდუქტის ეროვნული და აღიარებითი რეჟიმებით საქართველოს ბაზარზე დაშვებას ახორციელებს, დოკუმენტაციის ექსპერტიზის ვადები 1 კვირიდან 20 დღემდე გაზარდა. პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ეს ცვლილება წამლის ფასს არ გაზრდიდა. თუმცა, ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლები საპირისპიროს ამბობენ.
რეგულირების გამკაცრებამ კომპანიების ხარჯების ზრდისა და წამლების გაძვირების რისკი რომ შექმნა, ეს სამთავრობო უწყებებს რეგულირების ზეგავლენის შეფასებაში უწერიათ: „როგორც წესი, მაღალ სტანდარტებთან შესაბამისობა მცირე და საშუალო ბიზნესს განსაკუთრებით დიდ ფინანსურ ტვირთად აწვება, რაც მათი ბაზრიდანგ ასვლის მთავარ მიზეზს წარმოადგენს ბაზრიდან მცირე და საშუალო საწარმოების გასვლა კი კიდევ უფრო მეტად გაზრდის ფარმაცევტულ ბაზარზე ჯერ კიდევ სუსტი ოლიგოპოლიების გაძლიერებას“.
ამ პირობებში როგორ უნდა შეამციროს მთავრობამ მედიკამენტების ფასები, რთული სათქმელია. ფასზე მოქმედ ფაქტორებს თუ გავითვალისწინებთ, მომავალში მედიკამენტების კიდევ უფრო გაძვირებას უნდა ველოდოთ.

