ადამიანი, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობები ბარიერს არცერთ სფეროში არ უქმნის
ხატია იაშვილი 555 18 48 88 –
2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებში, ბათუმის საკრებულოში მოსახვედრად, პარტია ,,ქართულმა ოცნებამ’’ საჯარო სამართლის მაგისტრს, პედაგოგს, ა/ო “შშმ პირთა უფლებებისთვის” დამფუძნებელ თამაზ მჟავანაძეს ნდობა უკვე მეორედ (პირველად აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში) გამოუცხადა. ის პროპორციული სიის ოცეულშია.
– ჩვენი პარტია ნამდვილად ღირსეული გუნდით არის წარმოდგენილი. ბათუმის მერობის კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი და საკრებულოს შემადგენლობა ის ადამიანებია, ვინცბათუმის ორგანული ნაწილია. ეს იყო ერთი ფაქტორი, რისთვისაც მათ შემოთავაზებას დავთახმდი. ამასთან, უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა, ემსახურო ქალაქს, იყო სასარგებლო და საჭირო მისი ყოველდღიურობისთვის.
პოლიტიკა გუნდური თამაშია და რას გავაკეთებ, რა მიმართულებით ვიმუშავებ, ამაზე მირჩევნია მაშინ ვისაუბრო, თუ საკრებულოში მოვხვდები. ერთი უპირობოდ შემიძლია ვთქვა, სანამ პოლიტიკაში ვიქნები, ვიქნები ,,ქართულ ოცნებაში’’, ვინაიდან ამ გუნდის და ჩემი ღირებულებები და ფასეულობები თანხვედრაშია. მოგეხსენებათ, ამჟამად ვიკავებ ბათუმის ავტოტრანსპორტის დირექტორის მრჩევლის პოზიციას, სადაც სულ ახლახან მივიღეთ ახალი, შშმ პირებისთვის ადაპტირებული ავტობუსები და სრულიად განახლდება ავტოპარკი. ამავდროულად, უკვე ერთი წელია, ვმუშაობ კავკასიის ბიზნესსკოლაში, ვარ სამოქალაქო განათლების სერტიფიცირებული პედაგოგი, წელს გავიარე მაძიებლის პროგრამა და უკვე მომენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი. ვფიქრობ, ჩემი მრავალმხრივი გამოცდილების გაზიარება პედაგოგის რანგში ახალგაზრდებთან ურთიერთობის საუკეთესო საშუალებაა. პროფესიით იურისტი ვარ. ძალიან ბევრ რამეს მოსწავლეებისგანაც ვსწავლობ და ეს პროცესი უფრო სასიამოვნო და ჰარმონიულია, – გვითხრა თამაზ მჟავანაძემ.
ჩვენს კითხვაზე, არის თუ არა ის აჭარაში შეზღუდელი შესაძლებლობების მქონე პირველი პედაგოგი, რომელმაც ჯერ სერტიფიცირებული პედაგოგის სტატუსის, შემდეგ კი უფროსი მასწავლებლის წოდება მოიპოვა, მან გვიპასუხა, რომ ეს დანამადვილებით არ იცის და თუ ასეა, უხარია, რომ სხვებისთვის სტიმულის მიმცემი იქნება.
– შესაძლებელია, ერთ-ერთი პირველი ვარ, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი არა რეგალია, არამედ ის შრომა და ენერგიაა, რაც უფროსი მასწავლებლის სტატუსში დევს. ამასთანავე, ჩემი წარმატებები სტიმული და მოტივაცია უნდა იყოს სხვებისთვისაც, მე თუ გამომივიდა ეს, სხვასაც გამოუვა. აქვე აღვნიშნავ, რომ კავკასიის ბიზნესსკოლის დირექციისა და პედაგოგების თანადგომის გარეშე ეს გამარჯვება შეუძლებელი იქნებოდა. ექსკლუზიურად გეტყვით, რომ თავისუფალ დროს ვუთმობ ახალი დეტექტიური ნოველების კრებულს, რომელშიც ასევე შევა გამოუქვეყნებელი ძველი ჩანახატები, წიგნი კი მამაჩემის ხსოვნას მიეძღვნება. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური, საზოგადოებრივი ცხოვრება ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად დარჩება, თუმცა ასევე აქტიურად ვარ ჩართული საგანმანათლებლო საკითხებში, კოლეჯ “ახალი ტალღის” მიერ წარდგენილი ვარ წლის პროფესიული განათლების პედაგოგის ჯილდოზე, მაღალმთიან აჭარაში, ქედაში, ქედის სათემო განათლების ცენტრის მიწვევით ვატარებ “სამართლებრივი რჩევების” ტრენინგს სამართლებრივი კულტურისა და ცნობიერების ამაღლების კუთხით. მოკლედ, წინ დატვირთული და საინტერესო წელი მელოდება. მადლობა თქვენს გაზეთს, რომ ყოველთვის მაძლევთ საშუალებას, ჩემი სათქმელი ვთქვა და მკითხველამდე მივიტანო, – გვითხრა თამაზ მჟავანაძემ.

