კულტურის სახლის განახლებული შენობა ექნებათ
ოთარ ცინარიძე: 599 85 21 14 –
მალე ხულოს პროფესიული სახელმწიფო თეატრის შენობის მსგავსად შუახევის კულტურის სახლის შენობაც კულტურული მემკვიდრეობის ფონდში დაიმკვიდრებს ადგილს. მისი საზეიმო გახსნა 1961 წლის გაზაფხულზე შედგა. 60 წლის განმავლობაში მოვლენები, ხელისუფალნი, საზოგადოების ფორმაციაც კი იცვლებოდა, კულტურის სახლის შენობა კი თავის დანიშნულებას დღემდე ასრულებს. მისი სცენა და დარბაზი მრავალი კულტურული, მასობრივი ღონისძიების მომსწრეა.
კულტურის სახლის სცენა იმ სტანდარტებს ვეღარ აკმაყოფილებდა, რაც თანამედროვე ანსამბლების, თეატრალური დასებისთვისაა საჭირო. ერთხანს ზოგიერთებმა მისი ახალი შენობით ჩანაცვლების იდეა გაახმიანეს, მაგრამ არ გამოუვიდათ. შუახეველებისა და მათი სტუმრების საყვარელ შენობას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დასანგრევად ხელი ვეღარ ახლეს. სამაგიეროდ, შეკეთებისთვის პროექტი მოამზადეს, რაც საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ანზორ ბოლქვაძის ძალისხმევით მოხდა. მან შენობის შეკეთების დაჩქარება თვითმმართველობისა და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის შუახევში გამართულ გასვლით სხდომაზეც მოითხოვა.
საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა „ურბანული განახლების შესახებ“. ეს პროექტი შუახევსა და შუახეველებს სასიკეთოდ წაადგათ. 1.2 მილიონი ლარი გამოიყო აღნიშნული შენობის შესაკეთებლად და შემოგარენის კეთილმოსაწყობად. შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის შემდეგ გამარჯვებული კომპანია აგვისტოს მესამე დეკადაში სამუშაოებს შეუდგა. ადრე დილიდან გვიან საღამომდე 20-მდე ოსტატი, რიგითი მუშა სარემონტო სამუშაოებში არიან ჩართულნი. არსებულ შენობას 130 კვადრატული მეტრი ფართობი ემატება, რაც ადრინდელ არქიტექტურასთან იქნება შეხამებული და გარე ფასადს არ დაამახინჯებს.
სამუშაოთა მწარმოებელმა ანდრო ხინკილაძემ გვითხრა: – ხელშეკრულება 8-თვიანია. ყველა პირობაა, რომ დაზამთრებამდე მიშენებით სამუშაოებს და მთელი ფართობის სახურავქვეშ მოქცევას მორჩნენ. ოსტატებმა: ნოდარ, არჩილ ბერიძეებმა, შოთა თოდრიამ, გელა დუმბაძემ ადრინდელი შენობის სახურავქვეშა კომუნიკაციების შეცვლა დაასრულეს. ისინი უახლოეს დღეებში მისი თუნუქის ფურცლებით გადახურვას მოასწრებენ. მთის მკაცრი კლიმატი არ გვანებივრებს, მაგრამ მზე გამოანათებს თუ არა, ოსტატები და მუშები სამუშაოზე არიან. უქმე დღეებსაც მაქსიმალურად ვიყენებთ.
თვალსა და ხელს შუა მიიპარება 2021 წლის შემოდგომა. ზამთარიც, იმედია, მალე და უმტკივნეულოდ ჩაივლის. სამუშაოთა ახლანდელი რიტმი იმის დასტურია, რომ გაზაფხულის შუა პერიოდში შუახეველებს კულტურის სახლის განახლებული შენობა ექნებათ.