„პანდემიიდან გამომდინარე, დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეუძლია“
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
კოვიდშეზღუდვებმა და ლოქდაუნებმა მძიმე დარტყმა მიაყენა ეკონომიკას და თავისთავად, კერძო ბიზნესს, რომლის არაერთი წარმომადგენელი აღმოჩნდა გაკოტრების ალბათობის წინაშე. ცხადია, ამ პროცესს მოსდევს დასაქმებულთა სამსახურიდან გათავისუფლება, რაც დუხჭირ სიტუაციაში აგდებს ისედაც სიღარიბის ზღვარზე მდგარი მოსახლეობის დიდ ნაწილს.
იყო თუ არა კოვიდის გამო სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტები, ვინ და როგორ დაიცვა პროფკავშირებმა, რა უნდა ვიცოდეთ კანონით მონიჭებული ჩვენი უფლებების შესახებ, ამაზე და სხვა საინტერესო საკითხებზე საუბრობს „აჭარასთან“ აჭარის პროფკავშირების რესპუბლიკური გაერთიანების თავმჯდომარე ზურაბ ცეცხლაძე.
– ბატონო ზურაბ, კოვიდპანდემიის დროს აჭარაში ხომ არ ყოფილა სამსახურიდან გათავისუფლების თუ შრომის კოდექსის დარღვევის ფაქტები?
-მსოფლიო დონის პანდემიები და სხვა გლობალური პრობლემები გავლენას ყოველთვის ახდენს ქვეყნებს შიგნით არსებულ მდგომარეობაზე ყველა მიმართულებით, მათ შორის დასაქმებაზეც, ვინაიდან ასეთი მოვლენები იწვევს სამუშაო ადგილების შემცირებას, რაც თავისთავად დასაქმებულების სამსახურებიდან გაშვებით მთავრდება. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაშიც ბევრი სამუშაო ადგილი დაიკარგა (სეზონური თუ მუდმივი), შესაბამისად, ჩვენს ორგანიზაციას უამრავმა ადამიანმა მომართა სამართლებრივი კონსულტაციებისათვის, ხოლო იმ საწარმო-დაწესებულებებში, სადაც პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია არის, ასეთ ფაქტები არ მომხდარა. პირიქით, ძალიან ბევრ საწარმოში კოლექტიური ხელშეკრულებებიც კი გავაფორმეთ. ჩვენ ყველა დაწესებულებასთან მუდმივ კონტაქტში ვიმყოფებოდით და ვიცავდით დასაქმებულების უფლებებს.
-დამსაქმებლებთან უკმაყოფილებაც ხომ არ მოგსვლიათ?
-თქვენ წარმოიდგინეთ, არავითარი წინაღობა არ გვქონია. პირიქით, გაგებით ეკიდებოდნენ ჩვენს მითითებებს და რეკომენდაციებს. შრომის კოდექსის დარღვევით დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების სულ რაღაც ხუთი შემთხვევა გვქონდა, რაზედაც მოვახდინეთ მყისიერი რეაგირება და შევიტანეთ სარჩელები ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
-ანუ მაინც იყო უსამართლო ქმედებები დამსაქმებელთა მხრიდან?
– პრინციპში, დღევანდელი მდგომარეობით, მთავრობის მიერ განხორციელებული შეზღუდვებისა და გაცემული რეკომენდაციების (მათ შორის უსაფრთხოების ზომების) გამო, დამსაქმებელი აუცილებლობის წინაშე დადგა, გაეტარებინა ეფექტური ღონისძიებები (მათ შორის სამუშაო ადგილების შემცირებასთან დაკავშირებით), რაც სრულად უნდა შეესაბამებოდეს ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობას.
–რა სახის სამართლებრივ დახმარებას უწევთ დასაქმებულებს?
-არსებულ პირობებში აქტუალური გახდა უამრავი საკითხი, რაც დამსაქმებლისთვისაც და დასაქმებულისთვისაც მოითხოვს კვალიფიციურ სამართლებრივ განმარტებებს. დასაქმებულებს ყველაზე მეტად აინტერესებთ: შეუძლია თუ არა დამსაქმებელს კოვიდ-19-ის გავრცელებით შექმნილი გარემოებების გამო, დასაქმებული გაათავისუფლოს სამსახურიდან. ყველა დაინტერესებულ პირს, თქვენი გაზეთის მეშვეობით, კიდევ ერთხელ განვუმარტავთ, რომ სამსახურიდან გათავისუფლება არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იყოს გამონაკლის და მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მყარი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის პირობებში. დამსაქმებელი ვალდებულია, ყველა ზომა მიიღოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის თავიდან ასაცილებლად. კონკრეტულად, დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება მხოლოდ ერთ შემთხვევაშიშეუძლია – თუ დაასაბუთებს, რომ კოვიდ-19-ის გამო შექმნილი ვითარება იწვევს, ისეთ ეკონომიკურ გარემოებებს, ტექნოლოგიურ ან ორგანიზაციულ ცვლილებებს, რომელიც აუცილებელს ხდის საწარმოში (დაწესებულებაში) სამუშაო ძალის შემცირებას. როგორც ხედავთ, დამსაქმებელი ამ მხრივ შეზღუდულია კანონით, ის ვალდებულია ყველა ზომა მიიღოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თავიდან ასაცილებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამსახურიდან დასაქმებულის გათავისუფლება შეიძლება უკანონო აღმოჩნდეს. დამსაქმებლის უფლება, შეწყვიტოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობები, არის შეზღუდული. შესაბამისად, იგი უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, კანონით გათვალისწინებული ნორმების სრული დაცვით, პრიორიტეტი მიენიჭოს შრომითი ურთიერთობების შენარჩუნებას და არა მის შეწყვეტას.
-თუ შეიძლება დაგვიზუსტეთ, რა უნდა ვიცოდეთ ანალოგიურ სიტუაციაში?
-ეკონომიკური, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებების გამო პირის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, უნდა არსებობდეს სამი ძირითადი წინაპირობა: 1) ეკონომიკური აუცილებლობა, რომელიც გამორიცხავს შტატების კონკრეტული ოდენობით შენარჩუნების შესაძლებლობას (უნდა დაასაბუთოს აღნიშნული);
2) შტატების რეალური და არა თვალთმაქცური, კანონთან შესაბამისი შემცირება;
3) გათავისუფლებულთა შერჩევა უნდა მოხდეს წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, რაც უნდა ემყარებოდეს ობიექტურ საფუძველს და არ ტოვებდეს დისკრიმინაციული მოპყრობის შესაძლებლობას, რაც განსაზღვრულია საქართველოს შრომის კოპდექსის 47-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ა“- ქვეპუნქტით.
-ამჟამად რა ეტაპზეა თქვენი ორგანიზაციის საქმიანობა, რამდენი წევრი გყავთ?
-პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანება შექმნილია „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის და მე-3 მუხლის „დ“ – ქვეპუნქტის მიხედვით როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიული კავშირების გაერთიანება, რომელიც მოქმედებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. იგი რეგისტრირებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 27-ე და 29-ე მუხლების შესაბამისად, როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ა(ა)იპ – ის სახით, გააჩნია საკუთარი ინდივიდუალური ქონება, საიდენტიფიკაციო კოდი და ყველა სხვა რკვიზიტი, რაც დამახასიათებელია იურიდიული პირისათვის – ეს არის პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების სამართლებრივი სტატუსი. რაც შეეხება პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების ფუნქციონირებას, იგი არის სხვადასხვა დარგის პროფესიული კავშირების გაერთიანება. გაერთიანების წევრი ორგანიზაციებია: საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირები, ხელოვნების, მასმედიის, კულტსაგანმანათლებლო, სპორტისა და ტურიზმის მუშაკთა პროფკავშირები, საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირები, შრომისა და ჯანდაცვის სფეროს პროფკავშირები, თვითდასაქმებულთა და ვაჭრობის სფეროში მომუშავეთა პროფკავშირები, მშენებელთა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის პროფკავშირები, მომსახურების სფეროს, კომუნალური და ბანკების მუშაკთა პროფკავშირები და სოფლის მეურნეობისა და მსუბუქი და კვების მუშაკთა პროფკავშირები. რაოდენობრივად პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანება მოიცავს 6000 (ექვსიათას)-მდე წევრს. აქვე შეგახსენებთ, რომ პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანება წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური პარტნიორობის სამმხრივი ტერიტრიული კომისიის წევრ ორგანიზაციას (მხარეები: აჭარის ა.რ. მთავრობა, დასაქმებულთა გაერთიანება და დამსაქმებელთა გაერთიანება), რომელი კომისიაც შეიქმნა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 24 აპრილის #10 დადგენილებით, დამტკიცდა მისი დებულება და განისაზღვრა კომისიის უფლებამოსილებები. აღნიშნული მოიცავს, მხარეთა მიერ დასმული საკითხების მოსმენა-განხილვას, საჭირო ინფორმაციების გამოთხოვას აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მუნიციპალური ორგანოების სხვადასხვა შტოებისაგან, სათანადო წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას და სხვა.
-ერთი წელი სრულდება, რაც ამ უწყებას ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს. რა შეიცვალა?
– ამ პერიოდის განმავლობაში მოვახერხეთ გაერთიანების ყველა წევრ ორგანიზაციებში პროფკავშირის წევრებთან შეხვედრა, ოთხ საქმეზე დავასრულეთ დავები სასამართლოში და ყველა მათგანი მოვიგეთ, ორი -პირველი ინსტანციის სასამართლოში. როგორც უკვე მოგახსენეთ ხუთ ახალ საქმეზე შევიტანეთ სარჩელები ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ველოდებით საქმეების განხილვის დაწყებას. პარალელურად, კოლექტიური ხელშეკრულებები გავაფორმეთ სამ საწარმოში, ჩავატარეთ შეხვედრები ყველა მუნიციპალიტეტში პროფკავშირული ორგანიზაციების აღდგენისა და შექმნის მიმართულებით, გავმართეთ სასწავლო სემინარები კურორტ ბეშუმში ტრანსპორტის პროფკავშირის მუშაკებისათვის, პანდემიის მიუხედავად ჩავატარეთ ყველა ღონისძიება მშრომელთა უფლებების დაცვისა და სოლიდარობისთვის, მათ შორის სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღე, მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე, 1 მაისი და სხვა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გავაფორმეთ რობაქიძის სახელობისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფრო უნივერსიტეტებთან, სტუდენტი ახალგაზრდობისა და კურსდამთავრებულთა სასწავლო პრაქტიკით უზრუნველყოფის მიზნით, შემდგომში მათი დასაქმების პერსპექტივით, სოციალური გვერდის მეშვეობით დაინტერესებული პირებისათვის დისტანციურ რეჟიმში ვპასუხობდი ყველა შეკითხვას სამართლებრივ თუ სხვა საკითხებზე, ვაცნობდი ყველა საკანონმდებლო ცვლილებებს და განვუმარტავდი ამ ცვლილებების სამართლებრივ და პრაქტიკულ ბუნებას, უამრავ ახალ ინოვაციას და გეგმას ჩაეყარა საფუძველი, რომლის განხორციელებასაც ახლო მომავალში იხილავს საზოგადოება.
-რა სიახლეებს გაიხსენებთ დასაქმებულთა უფლებების გაუმჯობესების მიმართულებით?
– ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე, რაც ამ ბოლო პერიოდში განხორციელდა, არის შრომის ინსპექციის სამსახურის გადაწყვეტილება სამუშაო ადგილებზე კოლექტიური პასუხისმგებლობის დაკისრების აკრძალვის შესახებ. ამ გადაწყვეტილებით წერტილი დაესვა უკანონო და მანკიერ პრაქტიკას დამსაქმებლის მხრიდან, დასაქმებულის უშუალო ბრალეულობის დადგენის გარეშე, საწარმოში სასაქონლო-მატერიალური მარაგების დანაკლისით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების კოლექტიურად დაკისრებას. საწარმოთა შრომის შინაგანაწესის მიხედვით დასაქმებული ვალდებული იყო. აენაზღაურებინა დანაკლისი იმ შემთხვევაშიც, როდესაც ვერ დგინდებოდა პროდუქციის თუ თანხის დანაკლისის მიზეზები, ასევე ერთ-ერთი დასაქმებულის არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოს გამო პასუხისმგებლობა ვრცელდებოდა სხვა დასაქმებულზეც. შრომის ინსპექციის სამსახურმა დაასკვნა, რომ იმ შემთხვევაში, როცა კომპანიისთვის არ არის ცნობილი ზიანის მიმყენებელი კონკრეტული დასაქმებულის ვინაობა, მატერიალური პასუხისმგებლობის კოლექტიურად გადანაწილება სცილდება შრომის კოდექსით დადგენილ ფარგლებს. ამიერიდან, დამსაქმებელი ვალდებული იქნება, პასუხისმგებლობის სახეები განსაზღვროს ინდივიდუალურად და დასაქმებულთან გააფორმოს ინდივიდუალური პასუხისმგებლობის შეთანხმებები. შესაბამისად, დამსაქმებელი ვალდებული იქნება, დაადგინოს ზიანის მიმყენებელი პირი და წაუყენოს მას ინდივიდუალური მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. მეორე კარგი სიახლე ის არის, რომ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რომელიც ღამის ცვლაში დასაქმებულთა ჯანმრთელობის პერიოდული გამოკვლევის წესებს და პირობებს განსაზღვრავს. ბრძანების თანახმად, იმ დასაქმებულთა გამოკვლევის საფასურს, რომლებიც რეგულარულად მუშაობენ ღამის ცვლაში და დასჭირდებათ სამედიცინი შემოწმება, გადაიხდის დამსაქმებელი. აღნიშნული ვალდებულება ვრცელდება როგორც კერძო, ასევე საჯარო უწყებებზე.
– რა პრობლემები გაქვთ?
-ამჟამად, პროფკავშირების წინაშე მდგარი სირთულეების მთავარი მიზეზი არის საკანონმდებლო ბაზა. პროფესიულ კავშირებს კანონით მინიჭებული ისეთი ფუნქცია არ გააჩნია, რომელიც იქნება შრომითი უფლებების ეფექტურად დაცვის დამოუკიდებელი ბერკეტი. მხოლოდ საზოგადოებრივი კონტროლი არ კმარა, რომ პროფკავშირმა ეფექტურად დაიცვას შრომითი უფლებები. მთავარ სირთულეს წარმოადგენს ასევე, სამუშაო ადგილებისა და შრომის ანაზღაურების სიმცირე. არაკვალიფიციური მუშახელი და ზოგადად, არასტაბილურობა შრომით ბაზარზე. პრობლემაა ისიც, რომ დასაქმებულების უდიდეს ნაწილს დღესაც, მიაჩნია, რომ მის შრომით უფლებებს დამსაქმებელი უკეთესად დაიცავს, თუ მასთან მეგობრულ ურთიერთობაში იქნება, რომ დამსაქმებელს თუ მოესურვება, ნებისმიერ მიზეზს მოუძებნის დასაქმებულს სამუშაოდან გასათავისუფლებლად და მას ვერც კანონი და ვერც შრომის უფლებების დამცავი ორგანიზაციები ვერ დაეხმარება. ამ პრობლემებს ემატება პანდემია, მცირე თუ გლობალური ფინანსური კრიზისები, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და სხვა. ეს უკანასკნელი კი ხელს უშლის უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, რომელი ინვესტიციებითაც უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, გაიზარდოს შრომის ანაზღაურება და გაუმჯობესდეს დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოება.