„ევროკლუბის ღია ბიბლიოთეკები“
ოთარ ცინარიძე 599 85 21 14 –
ჯერ იყო ყვარელი, შემდეგ – თელავი, ახლა – ხულო და ქედა, სადაც ევროკავშირის პროექტ „ევროკლუბის ღია ბიბლიოთეკების“ ფარგლებში წიგნის პროპაგანდას, „ქართული ოცნების“ მიერ აღდგენილი ბიბლიოთეკების თანამედროვე ქართველი და უცხოელი კლასიკოსების ბესტსელერებით მომარაგებას გამორჩეული ყურადღება ექცევა. პროექტის ხელმძღვანელმა ნიკა გურინმა წამოწყებაში უცხოელი დიპლომატებიც ჩართო. ამ მიზნით ხულოს სტუმრობდა საფრანგეთის ელჩი საქართველოში. ხულოს ბიბლიოთეკასთან აქტიურად თანამშრომლობს ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო.
პროექტის პოპულარიზაციის, ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის თანამედროვე ლიტერატურით მომარაგების, ბიზნესმენების, ქველმოქმედების უკეთ ჩართულობის მიზნით, ნიკა გურინმა ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ანზორ ბოლქვაძის, ხულოს კულტურის ცენტრის დირექტორ ჯუმბერ აბაშიძის, ცენტრის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო განყოფილების გამგე ლია ბოლქვაძის თანდასწრებით დაბა ხულოს, დაბა ქედის, სოფელ ღორჯომის ცენტრებში სპეციალური ყუთები დადგა. ამ ყუთებში შესაძლებელია წიგნების შეგროვება. ბიზნესმენი, ქველმოქმედი შეძენილ წიგნს, საკუთარი ავტოგრაფით, სასურველ ბიბლიოთეკებს დაუტოვებს. გახსნის დღესვე 320 ლარის ღირებულების 30 დასახელების ახალი გამოცემები განათავსა ყუთში პარლამენტარმა ანზორ ბოლქვაძემ. საკუთარი ბიბლიოთეკიდან ამ ფორმით 10-მდე წიგნი გასცა ხულოს წმინდა აბუსერისძე ტბელის სახელობის სკოლის ქართული ენისა და ლიტერეტურის მასწავლებელმა ეთერ დეკანაძემ. 50-მდე წიგნი ხულოს ბიბლიოთეკებს ნიკა გურინმა და მისმა თანმხლებლებმა ჩამოუტანეს.
ხულოში ყუთის დადგმის ცერემონიას, სხვა ღონისძიებებს საზოგადოების წარმომადგენლები, საჯარო და საპატრიარქოს სკოლების მოსწავლეები, მათი აღმზრდელები დაესწრნენ.
– ღონისძიებაზე ჩვილთან ერთად მივედი, – გვითხრა მზია ქამაშიძე-ხოზრევანიძემ, – თხილვანაში გაზრდილმა კარგად ვიცი წიგნის ფასი, ვიცნობ ქართველი და უცხოელი კლასიკოსების ნაწარმოებებს. ჩვილის დედა წიგნისთვის დროს ყოველთვის მოვიტოვებ, რაშიც ხულოს ცენტრალური ბიბლიოთეკა, იქ დასაქმებული პროფესიონალი ბიბლიოთეკარები მეხმარებიან.
ღონისძიების დასასრულ, კომენტარი ნიკა გურინსაც ვთხოვეთ: – ხულოსთან, სტუმართმოყვარე აქაურებთან ჩვენს ურთიერთობას დიდი ისტორია არ აქვს, თუმცა დროის ეს მონაკვეთი საკმარისი გამოდგა, რომ გავცნობოდი მათ დამოკიდებულებას წიგნებთან. ნანახმა, უკვე გაკეთებულმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ქალბატონი ლია ბოლქვაძე, ბიბლიოთეკარები, თითოეული მცხოვრები წიგნს გამორჩეულად ეფერებიან. ყუთს, რომელიც ხულოს ცენტრში, სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის ეზოში დაიდგა, მეტი დატვირთვა რომ ექნება, პირველი დღის შთაბეჭდილებამაც ცხადყო. იმედია, ასე იქნება ღორჯომსა და ქედაშიც. ჩვენი ყურადღება და თანადგომა ხულოს, აჭარის მთიანეთს არ მოაკლდება. სულ მალე ხულოში ისევ გეახლებით. ჩვენი ვალია, უცხოელმა დიპლომატმაც საკუთარი თვალით ნახოს ხულოელების წიგნისადმი დამოკიდებულება. ხულოში, სადაც სახელმწიფო დრამატული თეატრი აქვთ, წიგნისა და ხელოვნების სიყვარული კარგად იციან.