30-მდე ოჯახს მუნიციპალიტეტი დაეხმარა
ცოტნე ცაბაძე 27 48 94 –
თერნალი ზღვის დონიდან 1200 მეტრზე მაღლა მდებარე დასახლებაა. აქაურებს ეს ხელს არ უშლით, რომ ცხოვრება, შრომა ჩვეულ რიტმში წარმართონ. ბადალი არ აქვს რეზო, ოთარ დავითაძეების ბაღში დაკრეფილ ხეხილს, დიომიდე, სიმონ დავითაძეების მოყვანილ სიმინდს. რამდენიმე ფერმერს ვაზის ჯიშიც უხარებია, რომელიც ასეთ სიმაღლეზე მოსავალს იძლევა.
– მაისის პირველ დეკადაში მოსულმა თოვლმა, ღამით ტემპერატურის მკვეთრმა დაცემამ კაკლის მოსავალი გაგვინადგურა. სოფელში გვყავს ფერმერები, რომლებიც 200 კილოგრამამდე კაკალს აგროვებენ, – გვითხრა თამაზ დავითაძემ.
თერნალელები მეცხოველეობასაც მისდევენ. სოფლის შემოგარენში არსებული საძოვრები, მთა კატრიანის ნოყიერი ალპური მდელო მათ საუკეთესო პირობებს უქმნის. ნამეტი ხორცი, რძის პროდუქტები ქვეყნის ბაზარზე გააქვთ, ნაწილსაც ზაფხულში კურორტ ბახმაროში ყიდიან. 10-მდე ფერმერს ამ დარგიდან წელიწადში 2-3 ათასი ლარი შემოსავალი რჩება.
დასახლებაში ისეთებიც არიან, რომლებსაც პრობლემები მოუზღვავდათ, თუმცა ქვეყნის სხვა ტერიტორიაზე გადასვლას ისევ ადგილზე დარჩენას და არსებულ პრობლემებთან ჭიდილს ამჯობინებენ, ცხოვრების, ოჯახური ყოფის გაუმჯობესებისთვის თავს არ ზოგავენ. თამაზ და სიმონ დავითაძეების ცხოვრება ერთხანს ნორმალურად მიდიოდა, მაგრამ წუთისოფელი ზოგჯერ ყველაფერს უკუღმა დაატრიალებს. მათ საკუთარი დანაზოგებით სახლები აიშენეს, მაგრამ უხარისხო, მთის პირობებისთვის შეუფერებელი სახურავის მასალა გაფუჭდა. დახმარებისთვის შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართეს. მერიის ხელმძღვანელობამ შესაბამისი სამსახურის დასკვნის საფუძველზე ორივე ოჯახს თუნუქის ფურცლოვანი სახურავი შეუძინა.
თამაზ და სიმონ დავითაძეების მსგავად შესაბამისი თემის, სამსახურის რეკომენდაციით, მერიასთან არსებულმა შესაბამისმა კომისიამ მარტო წელს 30-მდე ოჯახს თუნუქის სახურავი უფასოდ გადასცა, – გვითხრა შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რუსუდან შავაძემ.