მეოთხე მოწვევის ბათუმის საკრებულომ მუშაობა დაასრულა
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
ბათუმის მეოთხე მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომაზე, რომელიც ხმაურით დაიწყო, ოპოზიციური პარტიების წევრებს, როგორც ყოველთვის, მმართველ გუნდთან შეკითხვები ჰქონდათ, ამჯერად ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობებთან დაკავშირებით. საკრებულოს სხდომას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებიც ესწრებოდნენ. ბათუმის მერობის კანდიდატის (ენმ), გიორგი კირთაძის განცხადებით, გოგოლის ქუჩაზე გაურკვეველი მშენებლობა უკანონოდ მიმდინარეობს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ლობირებს. მისივე განცხადებით, უკანონო მშენებლობის მოქმედი კომპანია ბათუმის მერიამ არაერთხელ დააჯარიმა, თუმცა მაინც აგრძელებს მშენებლობას. ამ განცხადებებს „ქართული ოცნების” წევრებმა უპასუხეს და განაცხადეს, რომ ადგილზე სამართალდამცავები და მერიის შესაბამისი სამსახურები იმყოფებოდნენ. მათივე განცხადებით, საქმე სასამართლოშია გადაცემული.
ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზი ბოლო დროს გავრცელებული ჩანაწერები გახდა. ხმაურის გამო გამოცხადებული შესვენების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს და განახლების შემდეგ დარბაზში აღარ დაბრუნებულან.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ათი საკითხი განიხილეს. საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ე.წ. შანხაის დასახლებაში ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების გეგმის დამტკიცებისთვის გასატარებელ ღონისძიებებს. როგორც ცნობილია, ბათუმის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ურთულესი პრობლემური საკითხია ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლების არსებობა, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ერთ-ერთ ასეთი დასახლებაა ე.წ. შანხაის დასახლება. საკრებულოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ დასახლებაში დაგეგმილია სოციალური სახლების მშენებლობა, რომლითაც საბოლოოდ გადაწყდება აღნიშნული პრობლემა. პროექტის განხორციელებისთვის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში თანხა უკვე გათვალისწინებულია.
სხდომაზე დამტკიცდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმა, რომლის მიხედვითაც ქ. ბათუმში, გონიოს დასახლებაში, შავი ზღვის სანაპირო ზოლში განლაგებულ 20485, 0 კვმ ფართის ტერიტორიაზე დაგეგმილია დაბალი ინტენსივობის ორსართულიანი სასტუმროს ფუნქციის მქონე ელიტარული ვილების მშენებლობა. წარმოდგენილ საპროექტო ტერიტორიაზე საჭირო გახდა ქალაქმშენებლობითი პარამეტრების ცვლილება, რაც არსებითად არ აისახება დადგენილი ზონის მოთხოვნებზე. კერძოდ, განსაზღვრულია: 1) შზ-4 ზონაში დადგენილი განაშენიანების მაქსიმალური (კ-1) კოეფიციენტი 0.2 მაჩვენებლიდან გაიზარდოს 0,3 მაჩვენებლამდე. 2) შზ-4 ზონაში დადგენილი მაქსიმალური სიმაღლე 15 მეტრიდან შემცირდეს 8 მეტრამდე.
საკრებულოს წევრებმა მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციაც დაამტკიცეს. პროექტის მიხედვით, შპს ,,ორბი ჯგუფი ბათუმის“ სახელზე გაცემულია ინიცირების ბრძანება ქ. ბათუმში, წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე, რომელიც მდებარეობს ქალაქ ბათუმში და მოიცავს ფიროსმანის, ჟიული შარტავას, შ. ხიმშიაშვილისა და დავით ხახუტაიშვილის ქუჩებს შორის არსებულ კვარტალს, რომელზეც განთავსებულია მიწის ნაკვეთები საკადასტრო კოდებით.
ინიციატორის მიერ დაგეგმილია ქალაქ ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, სპორტსკოლის მიმდებარედ და შ. ხიმშიაშვილის ქუჩაზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე მრავალსართულიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა. თუმცა, ვინაიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე ხდება k2 კოეფიციენტის გადამეტება, განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების ეტაპზე წარმოდგენილი და შეჯერებული უნდა იქნეს კანონმდებლობით გათვალისწინებული მაკომპენსირებელი ღონისძიება. ხელშეკრულების თანახმად, განისაზღვრა, რომ მყიდველი ვალდებულია, შეძენილ მიწის ნაკვეთზე ააშენოს არანაკლებ 10- ნომრიანი შენობა-ნაგებობა და განახორციელოს არანაკლებ 60 000 000 ლარის ინვესტიცია.
ამასთან, შეძენილი მიწის ნაკვეთიდან, ქ. ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქ. №7ბ-ში მდებარე მიწის ნაკვეთის ხარჯზე შპს „ორბი ჯგუფი ბათუმმა“ უნდა ააშენოს არანაკლებ 10,00 მეტრი სიგანის საავტომობილო გზა, რომელიც ჟიული შარტავას გამზირს დააკავშირებს ხახუტაიშვილის ქუჩასთან.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, განისაზღვრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით სარგებლობაში განსაკარგი ქონების (მიწის ნაკვეთი) საწყისი წლიური სარგებლობის საფასური, შემდგომი განკარგვის მიზნით. კერძოდ, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით მომართა ფიზიკურმა პირმა რამაზ მორთულაძემ, რომელიც ითხოვს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, აეროპორტის გზატკეცილი №300ა-ს მიმდებარედ არსებული 74.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის 5 წლის ვადით იჯარით სარგებლობაში გადაცემას, ტერიტორიაზე სავალუტო ჯიხურის და სწრაფი კვების ობიექტის მოწყობის მიზნით.
საკრებულომ, ასევე, დაამტკიცა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში შესატანი ცვლილებები.
საკრებულოს გადაწყევტილებით, შპს „მზიური რეზორტს“ მიეცა თანხმობა ქ. ბათუმში, დაბა მახინჯაურში, ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელი ხიდის მოსაწყობად ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ, ქ. ბათუმში, დაბა მახინჯაურში მდებარე 50,0 კვ.მ და 48,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ხიდის საყრდენების განთავსებაზე, შემდეგი პირობებით: გადასასვლელი ხიდი იქნება სრულიად ადაპტირებული შშმ პირთათვის; ხიდით შეუფერხებლად სარგებლობა შეეძლება ნებისმიერ პირს; შპს „მზიური რეზორტი“ რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მოაწყობს თანამედროვე დიზაინის მგზავრთა მოსაცდელს; საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 2316,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებული პროექტით მოაწყობს საერთო სარგებლობის სკვერს. გადასასვლელი ხიდის და სკვერის მოწყობის სამუშაოებს განახორციელებს მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულაციების დაცვით და დაასრულებს არა უგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა. საკრებულომ თანხმობა მისცა ქალაქ ბათუმის მერს, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა მახინჯაურში მდებარე უძრავი ქონების (ბინების) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, შემდგომში იქ მცხოვრები მოქალაქეებისათვის საკუთრების უფლებით გადაცემის მიზნით.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქალაქ ბათუმში, ზურაბ გორგილაძისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების კვეთაში არსებულ სარეკრეაციო (გამწვანებული) ტერიტორიას სკვერის სტატუსი და ზაქარია ფალიაშვილის სახელი მიენიჭა.
2 ოქტომბრის შემდეგ როგორი იქნება კონფიგურაცია და იქნებიან თუ არა ძველი სახეები საკრებულოში, ამაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა შეგვიძლია გადავხედოთ მოქმედი დეპუტატების საქმიანობის 4 წელს. მათგან უმრავლესობა ქართული ოცნების წევრია. ხშირად სწორედ ისინი იღებდნენ ქალაქისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, მიუხედავად იმისა, რომ იგი არაერთხელ გამხდარა ოპოზიციისა და მოქალაქეების პროტესტის მიზეზი.
დეპუტატებმა მათ მიერ განხორციელებულ, დაგეგმილ ან ვერ შესრულებულ გეგმებზე ისაუბრეს. როგორც მმართველი გუნდიდან, ასევე ოპოზიციიდან. საკრებულოს 4-წლიანი საქმიანობის განმავლობაში მოქალაქეებს ახსოვთ ხმაურიანი სხდომები, მათ შორის ფიზიკური დაპირისპირებიც. ერთ-ერთი ასეთი იყო ტერენტი გრანელის პოეტობა-პროზაიკოსობასთან დაკავშირებით დაწყებული დავა მირდატ ქამადაძესა და ირაკლი პატარიძეს შორის, რომელიც ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა. დღეს უკვე ხუმრობენ, რომ ამ საკითხზე შეთანხმება მიღწეულია. ოპოზიციის ნაწილი საკრებულოს საქმიანობას აკრიტიკებს. მიაჩნიათ, რომ ქმედითუუნარონი აღმოჩდნენ მაშინ, როცა არჩეულმა მერმა ლაშა კომახიძემ თანამდებობა დაუზუსტებელი მიზეზით დატოვა და ამაზე საჯარო და რიგგარეშე სხდომა არავის მოუწვევია.
მეოთხე მოწვევის საკრებულოს წევრთა ნაწილი საარჩევნო სიებში არ იძებნება არც მმართველ გუნდსა და არც ოპოზიციაში, თუმცა ამბობენ, რომ პოლიტიკაში ისინი კვლავ რჩებიან.
მმართველი გუნდის წევრი ნატალია ზოიძე კმაყოფილია მის მიერ გაწეული სადეპუტატო საქმიანობით და იმედოვნებს, რომ კიდევ მეტს შეძლებს, რადგან ახალი მოწვევის საკრებულოს პარტიულ სიაშია.
– საკრებულოს წევრებს წარმატებებს ვუსურვებ. მიუხედავად მათი პოლიტიკური გემოვნებისა. რაც შეეხება განვლილ ოთხ წელს, საკმაოდ საინტერესო იყო, თუნდაც ჩემი, როგორც მაჟორიტარის მხრიდან, განსაკუთრებით პირველი ორი წელი, როდესაც მერთან, საკრებულოს წევრებთან, მაჟორიტარებთან ერთად მქონდა მუდმივი შეხვედრები მოსახლეობასთან, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ნატალია ზოიძემ.
საკუთარი აზრი დააფიქსირა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქამადაძემაც:
– პირდაპირი წესით არჩეული მერი ისე გაუშვეს პარტიულმა „ბოსებმა“, რომ ამაზე საზოგადოებამ განმარტება დღემდე ვერ მიიღო. როდესაც ვხედავთ, რომ თვითმმართველობაში საკითხები წყდება პარტიული ვერტიკალიდან, მართველი პარტიის დავალებით და ამომრჩეველის ხმა, რომელმაც აგირჩია და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლად დაგნიშნა, რეალურად იგნორირებულია, ეს ნიშნავს იმას, რომ თვითმმართველობა არ გვაქვს.
– პირადად ჩემს საქმიანობას დადებითად შევაფასებ იმიტომ, რომ საკმაოდ ბევრი ინიციატივა მქონდა. ნაყოფიერი იყო ჩემი შრომა, მე ასე ვფიქრობ, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი პატარიძემ.
მეოთხე მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომას თავმჯდომარე სულიკო თებიძე ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ ესწრებოდა, ამიტომ სხდომა მისმა მოადგილე თამაზ სალუქვაძემ დახურა.

