წლები თავის წიაღში აგროვებს განძს
ლაშა ხომერიკი 593 50 82 69 –
ასე ფიქრობს ჩვენი დღევანდელი ინტერვიუს გმირი, ფართო თვალსაწიერის ქალბატონი ნათია ხადური. სამართალისა და საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტმა 40 წლის ასაკში დაგროვილი გამოცდილება და განცდები ბოლო ერთი წლის განმავლობაში სულიერ განძად გარდაქმნა – ლექსებისა და რომანების სახით შემოგვთავაზა. ნათია ხადური თვითმყოფად, საინტერესო მწერლად აღიარა მკითხველმა. ჩვენი ინტერვიუც ამ ინტერესის გამოძახილია.
-ვინ არის ნათია ხადური, როგორ აღიქვამთ საკუთარ თავს?
-დავიბადე და გავიზარდე გორის სოფელ ქვეშში. ახლა ვცხოვრობ თბილისში. დღეს ნათია ხადური არის ის, ვინც უნდოდა, რომ ყოფილიყო ძალიან პატარას (ბავშვობაში). მიხარია, რომ შემიძლია ადამიანების უთვალთმაქცო სიყვარული, თორემ ღმერთს ისედაც ვერაფერს მოვატყუებთ. პროფესიებმა და ჩემს ასაკში (უკვე ორმოცზე ცოტა მეტი წლის ვარ) სტუდენტობამ ყველაზე ძვირფასი რაც მომცა, ადამიანთა კეთილგანწყობილი ურთიერთობებია. სხვათა შორის, ამ სპეციალობის გახლავართ – სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობები… ასევე, ეკონომისტიც.
-პოეზია თუ პროზა? სად შეძელით უკეთ თვითრეალიზაცია, საკუთარი შესაძლებლობების განსახოვნება?
-თქვენ წარმოიდგინეთ, ორივე ერთნაირად მომდინარეობს ჩემი სულიდან ჩემი სიყვარულის მათზე თანაბარი გადანაწილებით … ჯერჯერობით ორი რომანი მაქვს დაწერილი და თითოეულის დაწერას მაქსიმუმ ერთი თვე მოვანდომე თავისი რედაქტირებიანად… არც ლექსის დაწერაზე ვწვალობ. სულ რამდენიმე წუთში დაიბადებიან ხოლმე… ამით იმის თქმა მინდა, რომ ორივე ისე მოდის ხოლმე სულიდან, რომ მე ნუ გამაყოფინებთ ერთიმეორისგან. არ ვიცი, სად გადის ზღვარი პოეზიასა და პროზას შორის ჩემს შინაგან სამყაროში. ამისი ნათელი დადასტურება არის ის ფაქტიც, რომ მეორე რომანში “იერუსალიმამდე” ოცდაშვიდი ლექსი შევიტანე. ეს წინასწარ არ ჩამიფიქრებია. უბრალიდ, კონკრეტული ეპიზოდის აღსაწერად ერთნაირად მოდიოდა პროზაც და პოეზიაც. ჰოდა, როგორც კი დაიწერებოდა ხოლმე რომანის ესა თუ ის ეპიზოდი, იქვე მისი შესატყვისი ლექსიც მზად მქონდა. მერე იმასაც განვიცდიდი ჭარბად არ გამოვიდეს პროზაში პოეზია ამ დოზით-მეთქი… მაგრამ, მართლა ასე დაიწერა თავისთავად და როცა ვგრძნობ, რომ გამოგონებისთვის კი არ ვწვალობ, არამედ, თავისთავადია, მივუშვებ ხოლმე თავის ნებაზედ… პოეზია უფროა ჩემი თუ პროზა, ამის პასუხიც მკითხველს მივანდოთ, რომლის აზრიც ძალიან ძვირფასია ჩემთვის.
-ადამიანი და ასაკი – თქვენი დამოკიდებულება ასაკთან. . .
-ასაკი სახუმარო თემა არაა. . . ძალიან ძვირფასია ყოველი შემომატებული წელი თავისი სიდინჯითა და გამოცდილებით, სწორხაზოვნების შემეცნებითა და ზუსტი აღქმით გრძნობებისა თუ მოვლენებისა. მარტივად რომ ვთქვა, ადრინდელ ასაკში თუ წარმომედგინა, რომ, რაღაც მოსასწრები იყო ახალგაზრდობაში, აღმოვაჩინე რომ არასწორად წარმომედგინა (ჩემს სტუდენტობასაც ვგულისხმობ) და საერთოდაც, მთავარია, გულს რა უნდა და გაკეთებული საქმის ხარისხი. კიდევ, არა მგონია, ასეთი განცდები ჩამედო ჩემს ნაშრომებში ადრე. ამიტომ, ყოველი წელი, რომელიც გვემატება, პროდუქტიული და ძვირფასია. ვფიქრობ, გაცილებით მეტი ემოცია წინ მაქვს, ვიდრე ეს დღემდე იყო.
-სილამაზე იხსნის სამყაროს ჩვენს პანდემიურ სინამდვილეშიც?
-სილამაზე კი არ იხსნის სამყაროს, ჩვენს მიერ ღმერთის შეყვარება იხსნის… თუმცა, როდესაც ღმერთს შევიყვარებთ, ხომ თავისთავად ლამაზებიც ვიქნებით ადამიანები?! მოკლედ, ჩემი პასუხია – სულიერი სილამაზე იხსნის სამყაროს…
-პანდემიაა მთელ მსოფლიოში, ადამიანებს ბედნიერების შეგრძნება უფერმკრთალდებათ. . . და მაინც, ვისთვის რაა ბედნიერება?
-ამდენი განსაცდელის არა მხოლოდ მოსმენა, არამედ თანამონაწილეობაც, რაღა თქმა უნდა, გულგატეხილობის მთავარი მიზეზია, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ღმერთმა ბედნიერებისთვის შექმნა ადამიანი და ამ განცდის თანდაყოლილი მოთხოვნილება ბოლომდე არასდროს დაგვტოვებს… ბედნიერებაა ყოველი გათენებული დღე შენი გარშემომყოფების ჯანმრთელობითა და მშვიდობით. ბედნიერება სულის მდგომარეობაა, ამიტომ ის მატერიას არ ცნობს. მთავარია აღქმა, რადგან ბედნიერება მდგომარეობის შეგრძნებაა და არა ვიტრინაში გასაყიდად დადებული ძვირადღირებული საქონელი.
-როცა იმედი გადაგვეწურება, ღმერთი მაშინ მოდის ჩვენთან. . . . მაშ, ამდენი სუიციდი და სასოწარკვეთა ?
– ვიცით, რომ ღმერთისგან ვართ და მთელი ქვეყნიერება ბოროტებაში წევს. ღმერთი კეთილია. . . ღმერთი არასდროს მიატოვებს მასზე რწმენით მინდობილს. . . გვაქვს კი ძლიერი რწმენა? ალბათ არა… დავმარცხდეთ გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯით ადრე – ადამიანურია… მოთმინება არ არის მოთმენა. სწორედ, მოთმენა სჭირდება ამგვარ განსაცდელებს და ღმერთთან გაქცევა – ღმერთისგან გაქცევის ნაცვლად. . . ეს კრიტიკულობა არ არის. გულწრფელად განვიცდი ბოლო დროინდელ დამძიმებულ ცხოვრებას…
-თუ ერთი ადამიანიც გძულს. . .
-ეს ალბათ ჩემი ფრაზიდან გამომდინარე მკითხეთ, – ერთი ადამიანიც რომ გძულდეს, უფლის ათივე მცნება დარღვეულია… ნუ დარჩები უღმერთოდ!
-ცას ხშირად გაჰყურებთ? რას გასძახებდით ხმამაღლა სამყაროს?
-სიყვარულისთვის მადლობა, ღმერთო!
-თქვენმა რომანმა “უდაბნოელი” გაარღვია ჩვენი სივრცე. . .მოგვითხრეთ მასზე და შემდგომ რას უნდა ველოდოთ.
-დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის. აქვე ვისაუბრებ ზოგადად, ჩემს დაწერილზე. ერთი წელი გახდება ოქტომბერში, რაც პროზაში წერა დავიწყე (ლექსებს სულ ვწერდი). ამ დროში თქვენს წინაშეა ჩემი ორი რომანი და ოთხმოცზე მეტი ლექსი (დანარჩენი ლექსები სხვადასხვა დროისაა). ახლა თუ მკითხავთ, მართლა დავწერე თუ არა ერთ წელიწადში ეს ყველაფერი – გეტყვით, რომ არა… ისინი მთელი ცხოვრება იწერებოდა… აი, რატომ გითხარით, ასაკი დიდი სიბრძნე არის-მეთქი. წლები თავის წიაღში აგროვებს ხოლმე განძს და ერთ მშვენიერ დღეს ამ განძის ფლობით ბედნიერების გარდაუვალი შედეგიც დგება. ჩემს ნაწერებში, როგორც უკვე გითხარით, ჩემი სული დევს და მეტს ვერაფერს ვიტყვი. ამჯერადაც, მკითხველს ვაყენებ პრივილეგირებულ მდგომარეობაში. დავწერე ერთია და რა დავწერე – მეორე… “სულ+ცარიელი” სტრიქონები ვერასდროს შეეხება მკითხველის გულს და ასეთ შემთხვევაში დიდი არ არის მათი არამც თუ ყოფნის, ხსოვნის ალბათობა. არ მიყვარს ჩემს თავზე საუბარი და თქვენ რომ არ გწყენოდათ, აჰა, ვისაუბრე ცოტა. გავიხსენებ ჩემი პირველი წიგნის რედაქტორის, აკადემიკოს მურად ჭოლოკავას ნათქვამს, როცა ნაშრომი მივუტანე. . . ცოტა ხანში დამირეკა, – შენ მე მომატყუეო, მეუბნება… დავიბენი, დავიძაბე და მიუხედავად იმისა, რომ ტყუილს არასდროს ვამბობ, მაინც ეჭვმორეულმა გონებისთვალი გადავავლე ჩვენს შორის შემდგარ საუბარს. და ვიდრე სიტყვა მოვძებნე, ისევ თავად განაგრძო, – ეს არ არის პირველი წიგნი… ეს არის მეხუთე წიგნი, რადგან არავის შეუძლია პირველი წიგნის ასე დაწერა. შენ იცი, რას ნიშნავს დიალოგების წერა? – მე ძლივს ჩავიჩურჩულე (ჯერ კიდევ მგონია, რომ კრიტიკა უნდა მოვისმინო), – დიახ, ვიცი ბატონო მურად, მაგრამ თქვენ მითხარით და მე შევასწორებ… – დიალოგი არის ყველაზე რთულად დასალაგებელი და შენ გაქვს ზეპროფესიულად შესრულებული. ამ ხნის ადამიანი პირველად ვამბობ, რომ აღფრთოვანებული ვარ ნაწერით. ყველა ეპიზოდი კადრებივით მოდის, ეს არის ნაწერი, რომელსაც კინორეჟისორები ეძებენ ფილმის გადასაღებად. ჰოდა, ეს წიგნი ჩემს მეგობარ კინორეჟისორს უნდა მივცე… ჩემს მეორე რომანთან დაკავშირებითაც ციტირებას მივმართავ და თქვენ განსაჯეთ: “განსაკუთრებით თვალშისაცემია ისეთი ცხოვრებისეულ – ფილოსოფიური ცნებების ღვთიური და მატერიალურად დასაბუთებული განხილვა, როგორებიცაა – მატერია, სული, სიყვარული, მონატრება, მიტოვება, პატიება, დაბრუნება და ა.შ. მრავალი ბრძენის და ფილოსოფოსის განმარტება წამიკითხავს ცხოვრების 70 წლის მანძილზე, მაგრამ არცერთს არ აქვს ჭეშმარიტად ზუსტად ჩამოყალიბებული მოსაზრება შესაბამის ცნებებზე. ამ მხრივ, ძალიან საინტერესოდ და მომხიბვლელადაც კი მეჩვენა ნათია ხადურის ყველაზე გამორჩეული პერსონაჟის ნააზრევი განსახილველ მოვლენებზე. ყველაზე მეტად, პრაქტიკაში მატერიალისტს, დამაინტერესა სულის ნათიასეულმა განმარტებამ. ასევე ამაფორიაქებელია შეხედულებები სიყვარულზე, მიტევებაზე, დაბრუნებაზე და ა.შ. თვით ნათიას უსაყვარლეს ცნება ჩახუტებაზე.
ვფიქრობ, ბევრს დააინტერესებს ნათია ხადურის წიგნი “უდაბნოელი”, რადგან ასეთი ნაშრომი ბოლო დროის ერთ-ერთ იშვიათობას წარმოადგენს. ენდეთ ბევრისმნახველი ასაკოვანი ადამიანის (70-ს ვუკაკუნებ) ცხოვრებისეულ გამოცდილებას“, – აკადემიკოსი იაგო ვალიშვილი.
„რომანი დაწერილია ხელოვნების ოსტატობით, მხატვრული სიტყვის გამძაფრებული გრძნობით. იპყრობს მკითხველს მოულოდნელობის ეფექტებით. ნ. ხადური აუცილებლად დაიმკვიდრებს თვალსაჩინო ადგილს ქართული სიტყვის ოსტატთა შორი. ნ. ხადური არის პიროვნება, რომელსაც აქვს საოცარი, მდიდარი, ამოუწურავი რესურსი სითბოს, ადამიანობის, სიკეთის, სიყვარულის. იგი მხატვარია. . . ხატავს მისთვის დამახასიათებელი და გამორჩეული საღებავებით და სისათუთით. თითოეულ სტრიქონში იგრძნობა სიწრფელე, მანერულობა, ლამაზად შეფუთული უბიწო გრძნობა – სიყვარული.
მისი მკითხველი ამჯერადაც გაოცებული დარჩება მწერლის გულისშემძვრელი , იდუმალების და მშვენიერების დახვეწილად, ადამიანებთან პოეტური ხერხებით მიტანილი იმპულსებით. ნ. ხადურს გზა დალოცვილი აქვს უფლისგან ცხოვრებაშიც და სამწერლო ასპარეზზეც“, – ლიტერატორი მედეა საღრიშვილი.
რაც შეეხება მესამე რომანს, თითქმის მზად მაქვს, თუმცა სრულქმნას თავს ვარიდებ. ვზარმაცობ? – არა, ზარმაცი არ ვარ. ერთ კვირაში დავწერ, მაგრამ ალბათ ჯერ არ დადგა სწორედ ის “ერთი კვირა”. ამ სამყაროში ხომ ყველაფერს თავისი დრო აქვს?! გაგიმხელთ იმასაც, რომ უკვე ვიცი მეოთხე რომანის ჯერ არდაწერილი შინაარსიც და ამასთან, არაერთმა საინტერესო ადამიანმა მითხრა, რომ მათი ისტორიები დავწერო. ასე რომ, წერისთვის ნიადაგი არსებობს, მთავარია ნაყოფიერება, რომელიც არაერთხელ აღვნიშნე, რომ მხოლოდ მკითხველმა უნდა შეაფასოს. ჩემს ყველა წიგნს “უდაბნოელი” ერქმევა, მაგრამ ექნებათ განმასხვავებელი ნიშანიც, მაგალითად: “უდაბნოელი 3” პირველი ორი რომანი თანდართულია პოეზიით, “უდაბნოელი 3” კი მხოლოდ პოეზიაა. ამ წელიწადშივე მინდა მოესწროს “უდაბნოელი 4-ც”… ლონდონში “იერუსალიმამდე” ითაგმნება ინგლისურ ენაზე და მას მალე იხილავს საერთაშორისო საზოგადოება
-ციფრული გადატვირთვა მიმდინარეობს. . .როგორ უწყობთ ფეხს ამ პროცესს როგორც მწერალი.
-შესანიშნავად. -აი, ერთსიტყვიანი პასუხიც.
-ბუნებისადმი დამოკიდებულება ადამიანობის ხარისხის განმსაზღვრელია – ამ დეფინიციას რას დაამატებდით?
-დიახ, ვინც ღმერთის ნახელავს არ უფრთხილდება, მას სიყვარული არ შეუძლია, რადგან სიყვარული, ზრუნვა და გაფრთხილებაა მომავალი თაობების სიჯანსაღისა…
-კითხვა, რომელიც ხშირად გაფიქრებს და პასუხს მოითხოვს.
– და რაც უნდა კეთილ უყო ადამიანებს, სულ ბოლოს მაინც ნეკნს გულიდან გამოგაცლიან. . . რატომ?. . . . .
-თქვენი ერთი ლექსი . . .
გეძახი ღმერთო, რომ გულიდან გელაპარაკო,
შენი სულგრძელი სიყვარული მაოცებს ერთობ,
ვერცხლის ფულისთვის გაგიმეტეს და შენ კი მაინც,
რომ არ მიაგე ბოროტის წილ ბოროტი, ღმერთო.
შენამდე, ღმერთო, იყო წარღვნა, იყო სოდომი,
იყო ღალატი, სიძვა, შური, გაუტანლობა,
შენ მოხვედი და ჩამოგვრეცხე შენი სიცოცხლით
ჩვენი სიცოცხლის სირცხვილი და აუტანლობა.
ახლა როგორი განაჩენი გველის, უფალო?
ვერ მოვუარეთ დედამიწას, გავრყვენით ერთობ,
მე ერთი დამრჩა თორმეტთაგან, გამყიდა ყველამ.
შენ თორმეტიდან ერთი გყავდა გამცემი, ღმერთო.
თერთმეტჯერ მეტი ნალურსმევი მაწყვიტავს ვენებს,
მაჯებს მიშუპებს სისხლისფერი ნაიარევი
და რომ იცოდე, ღმერთო ჩემო, როგორ მიყვარხარ,
რომ უდაბნოში შენი რწმენით დავიარები.
და ჩემო ღმერთო, შენ რომ გვერდით გყავდა იუდა,
შენ პეტრეც გყავდა, გყავდა მათე, ლუკა, მარკოზი,
მე კი, სულ მარტო დავრჩი, ღმერთო და გელოდები,
და ჩემს სიყვარულს თუ ამაზე მეტად გამოსცდი,
გეტყვი გულწრფელად, უფრო მეტად მიყვარხარ ახლა,
რადგან ტკივილმა დამანახა მფარველი ერთობ,
რომ მე ვისწავლე ვერცხლის ფულის გადაფასება,
რომ მიყვარს ისიც, ვინც არ უნდა მიყვარდეს, ღმერთო.
რომ სიმაღლიდან გოლგოთისა იხილა ზეცამ,
ჯვარცმა შენი და სისასტიკე კაცთაგან ერთობ,
მე რას მიზამენ? – არავინ ვარ უშენოდ, რადგან
შენით ნამდვილი სიყვარული ჯვარს ვაცვით, ღმერთო.
მას აქეთ, ღმერთო, კაცთა მოდგმა არის უღმერთო,
შენ კი გვარწმუნებ, ცოდვებისთვის ეწამე ჩვენი,
მაგრამ რა მერე? – დღესაც ვყიდით, ვკლავთ და ვერ ვინდობთ,
ვერცხლის ფულისკენ დღესაც ურცხვად გაგვირბის ხელი. . .
და გევედრები მოგვიტევე სულ ყველას, ღმერთო,
რომ გულმართალნი შეგეგებოთ, მოხვალ როდესაც,
ისევ დაგვმოძღვრე, როგორ უნდა გვიყვარდეს, გვწამდეს,
მოეღოს ბოლო სამუდამოდ კაცთა ცოდვებსაც. . .
ჩემს გულშიც, როგორც ცათა შინა იყავნ შენს ნებად,
და მიუტევე მათაც, თუკი ჯვარზე გამაკრეს,
მათ არ იციან, რასა იქმან, შეუნდე, ღმერთო,
მე მაპოვნინეს უფალი და თვითონ დაკარგეს. . .
სიყვარულისთვის მადლობა, ღმერთო. . .