„43%-საც ავიღებთ და 53%-საც, მაგრამ ეს არანაირ კავშირში აღარ არის უვადო არჩევნებთან“
ხატია იაშვილი 27 48 93 –
წინასაარჩევნო მარათონი დასასრულს უახლოვდება. ისედაც დაძაბული პოლიტიკური ვითარება კიდევ უფრო გამძაფრდა ერთმანეთში არეული ბრალდებებით და შემონახული ფაქტებით, რომლებსაც მოწინააღმდეგეები ერთმანეთის დასაძირად იყენებენ.
რთული სათქმელია, რომელია აქედან სიმართლე და რომელია ოსტატურად შემზადებული ჭორი, მაგრამ ფაქტია, რომ მოსახლეობა სრული გულგრილობით ეკიდება ნებისმიერ ინფორმაციას, რადგან ეპიდვითარების გააქტიურებით დაზაფრულს ნაკლებად სცხელა პოლიტიკური ბატალიებისთვის.
ასეა თუ ისე, რეფერენდუმად წოდებული თვითმმართველობის არჩევნები მალე შედგება. თუკი მმართველი პარტია ხმების 43%-ზე ნაკლებს აიღებს, ოპოზიცია უკვე მომზადებულია ხისტი გადაწყვეტილებებისთვის და აქედანვე ამზადებს საკუთარ მომხრეებს საპროტესტო აქციებისა და დაუმორჩილებლობისთვის.
იმაზე, თუ რას ფიქრობენ ამ საკითხზე პოზიციის წარმომადგენლები, საუბრობს „აჭარასთან“ უმაღლესი საბჭოს ვიცესპიკერი ტიტე აროშიძე.
-ბატონო ტიტე, საუბარი დავიწყოთ მიმდინარე ხმაურიანი თემების მიმოხილვით. დღის წესრიგშია ე.წ. მოსმენები, რასაც მმართველი პარტიის საწინააღმდეგოდ იყენებს ოპოზიცია.
-მმართველი გუნდი არ მისდევს ასეთ პრაქტიკას, არავითარი მსგავსი ფაქტების გამოქვეყნებით ოპოზიციის მომხრეთა მანიპულირება არ ხდება. ჩვეულებრივად ვაგრძელებთ წინასაარჩევნო კამპანიას, ანუ ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებდით სხვა ნებისმიერ საარჩევნო პერიოდში. რაც შეეხება იმ ბინძურ თამაშს, რომელიც მოაწყო თითქოსდა ოპოზიციამ ჩვენ წინააღმდეგ (თითქოსდა-ს, ვამბობ, რადგან ყველაფერ ამას მტრის გარდა არავინ გააკეთებს), ვიტყვი – უშიშროების ამოცანაა ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა და აქვს გარკვეული ინფორმაციის მოკრების უფლება. როდესაც ვიღაცას შიდა სამზარეულოს კადრები გამოაქვს გარეთ, ეს ნიშნავს, რომ თავადაა ქვეყნის მოღალატე და არ სურს ქვეყნის ნორმალური ფუნქციონირება. ვერავინ იტყვის, რომ საქართველოში მოწინააღმდეგეებთან გასამკლავებლად ტოტალური მოსმენები, დაშინებები ან შანტაჟი ხდება.
-ეს მოსმენები გამჟღავნდა, დაფიქსირდა ფაქტები. . .
-დიახ, მაგრამ უშიშროებას კონტროლზე ჰყავს აყვანილი ის ადამიანები, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას ემუქრებიან და სტაბილიზაციის წინააღმდეგი არიან. ამის გახმაურება კი, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი სახელმწიფოებრიობის მტრობას ნიშნავს. ეს ბინძური კამპანია, რომელსაც წარმართავენ ოპოზიციური პარტიები „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ, მიუღებელი და დაუშვებელია. ცდილობენ მოსახლეობის მოტივირებას ნეგატიური ნარატივის გამოყენებით. იმას არ ითვალისწინებენ, რომ მსგავსი ქმედებით სახელმწიფოს ინსტიტუციის ჩამოშლას უფრო უწყობენ ხელს, რაც საბოლოო ჯამში არც მათთვის იქნება მისაღები და არც ჩვენთვის. ყველას კარგად გვახსოვს, რა მასშტაბის მოსმენები, დაჭერები და წამება მიდიოდა „მათი“ მმართველობის პერიოდში. აღარ მინდა ისევ წარსულში გადასვლა, გახსენებაც კი მზარავს იმ ხალხის ნამოქმედარის, ახლა ზვარაკად შეწირულ ცხვრებად რომ მოაქვთ თავი.
-მთელი ეს კამპანია ხელისუფლებისა და ეკლესიის დაპირისპირებისთვის იყო გამიზნული?
-რა თქმა უნდა. ჩვენ უძველესი, ტრადიციული ერი ვართ, უდიდეს პატივს ვცემთ რელიგიას და საპატრიარქოს. ჩვენთვის ყველაზე სენსიტიურია ეკლესიასთან დამოკიდებულება, რაც გამოიყენეს კიდეც საერო და სასულიერო პირების დაპირისპირებისთვის.
-როგორ ფიქრობთ, მიაღწიეს საწადელს?
-არა მგონია. მთელი ეს თამაში ისე უნიჭოდაა დაკერილი თეთრი ძაფებით, რომ კიდევ უფრო მეტი ზიზღი გამოიწვია ხალხში. ძალიან კარგად იცის მოსახლეობამ, თავად რას ჩადიოდნენ ეკლესიის საწინააღმდეგოდ და რა სახის დაპირისპირებებს იყენებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. მე რომ არ ვთქვა, თქვენ ხომ იცით, სხევბმაც ხომ იციან? ამიტომ ვთვლი, რომ დაიწყო მათი დასასრულის დასაწყისი. აქამდე კიდევ რაღაცას ახერხებდნენ, ახლა კი თვალნათლივ დაინახა ყველამ, რაზე არიან წამსვლელი და რა გზებს არ თაკილობენ, ოღონდაც ხელისუფლებაში კიდევ ერთხელ მოვიდნენ. სხვა მეთოდი ვერ გამოძებნეს ჩვენთან საბრძოლველად და ამ უკიდურეს ზომას მიმართეს. როგორ შეიძლება უწმინდესს შეეხო, პარტიას პარტიული დაპირისპირებები მოუწყვე, კრიტიკა გამოიყენე, დებატები. . . მაგრამ კარგად იციან, რომ არაფერი აქვთ ხელჩასაჭიდი და ამიტომ წამოიწყეს ეს კამპანია.
-გაერთიანებული ოპოზიცია ყველა არხზე გაჰყვირის, რომ წინასწარი კვლევებით, 33%-საც ვერ აიღებს „ქართული ოცნება“. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?
-არ ვიცი ესენი რა კვლევებს უკვეთავენ და აქვეყნებენ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიექანება პოლიტიკური უფსკრულისკენ, საითკენაც მოისვრის გაბრაზებული მოსახლეობა. ამიტომ ჩვენი გუნდი არც ვინტერესდებით იმ კვლევებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რომ უკვეთავს. პრინციპში, სწორედ მათი კვლევებით ჩანს, რომ არსებობის ვადა ამოეწურათ ქართულ სინამდვილეში. მათ მიმართ ნდობაც ნელ-ნელა ქრება. ყველას საკუთარ ადგილს მიუჩენს არჩევნები. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ სრულ გამარჯვებაში, მაგრამ წინასწარ არ ვაპელირებთ ამით. ვნახოთ, ელექტორატი რას გადაწყვეტს და ვის მიანიჭებს უპირატესობას – მშენებლობას და აღზევებას თუ ნგრევას, ციხეებს და წამებას. ამომრჩეველმა კარგად უწყის „ნაციონალების“ ბეგრაუნდი და ისიც იცის, რომ მათი ხელისუფლებაში ხელახლა მოსვლით უარესი სიტუაცია იქნება, ვიდრე პირველი მმართველობის დროს იყო.
-„ოცნების“ მიერ მიშელის დოკუმენტში დასმული და შემდეგ გაუქმებული ხელწერა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერამ ჩაანაცვლა, ნაკლები ხმების მიღების შემთხვევაში, უვადო არჩევნების დანიშნვის იმედით. რას აპირებს მმართველი გუნდი თუ მართლაც ვერ აიღო ხმების 43 პროცენტი?
-3%-ზე მეტიც რომ ვერ აიღოს „ქართულმა ოცნებამ“, ვადამდელი არჩევნები არავითარ შემთხვევაში არ დაინიშნება. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მმართველი გუნდი გამოვიდა შარლ მიშელის დოკუმენტიდან, რომელსაც აღარანაირი კავშირი აღარ დარჩა თვითმმართველობის არჩევნებთან, ანუ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოთა არჩევნები უნისონში ვერ მოვა მუნიციპალურ არჩევნებთან. ეს საკითხი უკვე შეთანხმებული, გადაწყვეტილი და დასრულებულია. მით უმეტეს, ჩვენ გამოვედით მაშინ, როდესაც დავიწყეთ ამ დოკუმენტში (და არა მხოლოდ) გაწერილი ვალდებულების შესრულება. ჩვენ უკან არ დაგვიხევია, უარი არ გვითქვამს არც ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებსა და არც საკუთარი მოსახლეობის წინაშე დადებულ პირობაზე. ყველაფერს ვაკეთებთ ისე, როგორც დაგეგმილია და როგორც მოითხოვს ამას ქვეყნის და ხალხის კეთილდღეობა. მოკლედ რომ ვთქვათ, 43%-საც ავიღებთ და 53%-საც, მაგრამ ეს არანაირ კავშირში აღარ არის უვადო არჩევნებთან.
-ოპოზიცია აპელირებს, რომ “ქართული ოცნების“ მიერ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის კანდიდატად წარდგენილი არჩილ ჩიქოვანი წარსულში მჭიდრო კავშირში იყო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“. რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ ამ დაძაბულ ვითარებაში ასეთი წარსულის მქონე კანდიდატის დასახელება?
-არჩილ ჩიქოვანი ყველგან ამტკიცებდა საკუთარ კომპეტენტურობასა და პროფესიონალიზმს, სადაც კი უმუშავია. ის ყოველთვის იყო ის პიროვნება, რომელიც უკომპრომისოდ ცხოვრობდა, მუშაობდა და ასრულებდა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს დავალებებს. სხვადასხვა დროს მავანნი მუშაობდნენ სამართლებრივ სტრუქტურებში, მავანნი – არქიტექტურულ ბიუროებში, სხვები – მშენებლობებზე. ყველას აქვს წარსული, მთავარია, რომ ის იყოს სუფთა, როგორც პიროვნება. არჩილ ჩიქოვანს აქვს შეულახავი რეპუტაცია, ძლიერი ავტორიტეტი, არის საინტერესო ადამიანი, რომელმაც კარგად იცის, რა საქმესაც ეჭიდება და აბსოლუტურად პირუთვნელია გარშემომყოფთა მიმართ. რა მოხდა მერე, თუკი რაღაც პერიოდი ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა. მთავარია, რომ მას არ ჰქონია არავითარი დანაშული და ყველა ვითარებაში რჩებოდა პროფესიონალად.
-თვითმმართველობის არჩევნებში გამოიკვეთა გახარიას პარტიის პოზიცია, რომელმაც გაერთიანებული ოპოზიციისაგან განსხვავებით, საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა, რითაც დაუპირისპირდა არა მხოლოდ პოზიციას, არამედ – ოპოზიციასაც. ამის გამო ზოგიერთი ექსპერტი აკეთებს დასკვნას, რომ გახარია ივანიშვილის სატელიტია. თავად როგორ შეაფასებთ ამ პროცესებს?
-ახალი პარტია, რომელმაც თავიდანვე ბინძური თამაში წამოიწყო თავის დასამკვიდრებლად, არა მგონია ვინმესთვის საფრთხეს წარმოადგენდეს და შეძლოს მეტოქეებისთვის ხმების წართმევა. პოლიტიკაში გამოჩენილმა ძალამ ჯერ ნდობის მანდატი უნდა მოიპოვოს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს საუბარი სამომავლო გეგმებზე. როდესაც ტყუილებით, ცილისწამებებით მოდიხარ, არ მგონია, დიდხანს გასტანო. ყველამ იცის, რომ გახარია არ არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი, რომ მას არ უჭერენ მხარს საჯარო მოხელეები და მით უმეტეს ჩვენი პარტიის წევრები. იგონებს, თითქოს სდევნიან, აშანტაჟებენ, აყაჩაღებენ, არბევენ. კარგით რა, ხალხო! საქართველო იმდენად პატარაა, უცებ მჟღავნდება, სად რა ხდება. ყველაფერ ამას, ყოფილი პრემიერი იმისთვის იყენებს, რომ გაამძაფროს მოსახლეობის ყურადღება საკუთარი პერსონის მიმართ და დააინტრიგოს ამომრჩეველი. გარწმუნებთ, ისინი აბსოლუტურ დეზინფორმაციას ავრცელებენ, რის გამოც ვერ მიიღებენ ამომრჩევლებისგან ნდობის მანდატს. რატომღაც პაატა ბურჭულაძის პარტია გამახსენდა, თუმცა სახელწოდებას ვერც ვიხსენებ. რამდენიმე თვე იარსება, ვერ მიიზიდა მოსახლეობის ყურადღება ვერაფრით. ალბათ ასეთია გახარიას პერსპექტივაც. ვნახოთ, რას გადაწყვეტს ამომრჩეველი. ბურჭულაძესავით მასაც არანაირი პოლიტიკური რესურსი არ გააჩნია, რაღაც პერიოდი, ჩვენს გუნდთან ერთად, ხელისუფლებაში ყოფნის გარდა.
-რამდენად უშვებთ, რომ საქართველოს რიგ მუნიციპალიტეტში უმრავლესობით გავა ოპოზიცია?
-არჩევნები, როგორც დემოკრატიული პროცესი, თავისთავად გულისხმობს ოპოზიცია-პოზიციის შანსების შერკინებას და მეტ-ნაკლები ოდენობით ორივე მხარის გასვლას, მაგრამ ოპოზიციის უმრავლესობის მეეჭვება, რადგან, მათივე კვლევებს თუ დავეყრდნობით, ამის არანაირი წინაპირობა არ გააჩნიათ.
-ასე გჯერათ საკუთარი კანდიდატების?
-მათგან განსახვავებით, ჩვენ ნამდვილ, რეალურ კვლევებს ვეყრდნობით და ზუსტად ვიცით, სად, რომელ მუნიციპალიტეტში, რამხელა მხარდაჭერა აქვთ მათაც და ჩვენს კანდიდატებსაც. ყველა კვლევა გვიდასტურებს, რომ არ ვცდებით და ოპოზიციის უმრავლესობა ხსნებაშიც არ იქნება. ცხადია, მანდატების გარკვეულ რაოდენობას მიიღებენ. ოპოზიცია უნდა იყოს მმართველობაში და ასრულებდეს საკუთარ ფუნქციას, რაც აუცილებელია ქვეყნის თვითმმართველობის ნორმალური, დემოკრატიული ფუნქციონირებისთვის.
– „ქართული ოცნების“ რა მიღწევებს გამოარჩევდით აჭარის თვითმმართველობებში?
-პანდემიის მიუხედავად, რომელიც უკვე ორი წელიწადია ურთულეს სიტუაციებს გვიქმნის ეკონომიკაში, მაინც არ შეყოვნებულა აჭარისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტები. მართალია, ზოგიერთი გადავადდა, რადგან წინა პლანზე წამოვწიეთ კოვიდსიტუაციების დარეგულირებისთვის აუცილებელი ღონისძიებები, მაგრამ საბოლოოდ მაინც ყველა დასრულდება. ამასთან, დაიწყო ახალი პროექტებიც, რაც ასევე საყურადღებოა ჩვენი მუნიციპალიტეტებისთვის. გამოვყოფ ბათუმს, რომელმაც მოახერხა, რომ 2021 წლისთვის ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის საწყისი ეტაპი გამოეცხადებინა. პროფესიონალთა ჯგუფი უკვე შეუდგა მუშაობას და სულ მალე ბოლო მოეღება ქალაქისთვის საფრთხის შემცველ ქაოტურ განაშენიანებას, რაც მას მომხიბლაობას უკარგავს. ერთხელ და სამუდამოდ დადგინდება, სად რამდენი და რა სიმაღლის ნაგებობები უნდა ავაშენოთ და გვეღირსება ქალაქმშენებლობის სტაბილური, სტრატეგიული დოკუმენტი. ასევე, ბათუმში შენდება ახალი ეკოლოგიური დერეფანი, რომელიც ზღვისა და მზის დამაკავშირებელი გახდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის ეკოლოგიისთვის. გაუმჯობესდება სატრანსპორტო სისტემები, დაიწყება წყლისა და კანალიზაციის სისტემების აღდგენა-გაყვანა ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე. უკვე ხელი მოეწერა KF-სთან თანამშრომლობის მეხუთე ფაზას. აღსანიშნავია, რომ ვითარდება აჭარის მაღალმთიანი კურორტები. ყველაფერს ვერ ჩამოვთვლი ერთ საგაზეთო ინტერვიუში. აქ მცირე პროექტები აღვნიშნე, რათა ხაზი გამესვა ჩვენი გუნდის მუხლჩაუხრელი საქმიანობისთვის. მთავარია, რომ შევინარჩუნეთ სტაბილურობა, სიმშვიდე და პანდემიის პერიოდში შევძელით კოვიდვითარების მართვა, რაც თავისთავად, ჯანდაცვის სისტემის გამართულ მუშაობაზე მიუთითებს. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ვაქცინაციის მნიშვნელობა. ჩვენ ვერავის დავავალდებულებთ, რომ აიცრას, რადგან პიროვნულად, მოქალაქე თავისუფალია და არჩევანი თავად უნდა გააკეთოს, მაგრამ აცრა აუცილებელია ჩვენივე ოჯახების წევრების, ბავშვების ჯანმრთელობის და სიცოცხლის შესანარჩუნებლად. და ბოლოს, ვსარგებლობ შემთხვევით და გავაჟღერებ ჩვენს სლოგანს: „განვითარება ყველა რეგიონს“. აუცილებელია, რომ თანაბარწილად ვითარდებოდეს საქართველოში არსებული ყველა რეგიონი, აუცილებელია უკეთეს პერსპექტივებზე ვიფიქროთ, მომავალი მზიან, ნათელ ფერებში დავისახოთ, პოზიცია-ოპოზიციამ თითო აგური მაინც დავდოთ მომავლის მშენებლობისთვის! მოვუწოდებ მომხრეებსაც და ოპონენტებსაც – ერთად ვაშენოთ ჩვენი ქალაქი და მთელი საქართველო!