„ნაციონალები“„ოცნების“ ხელვაჩაურის შტაბში შეიჭრნენ
ირმა ცეცხლაძე 27 48 93 –
“ქართულმა ოცნებამ” ენმ-ს მმართველი გუნდის ხელვაჩაურის შტაბში შეჭრის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.”ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მათ წინააღმდეგ მოწყობილი ყველა პროვოკაციის თაობაზე ინფორმაციას მიაწვდიან საერთაშორისო პარტნიორებს და დამკვირვებელ ორგანიზაციებს.
პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები: ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ – მიხეილ ბოლქვაძე, მაჟორიტარობის კანდიდატი – ამირან თედორაძე, პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატები: მალხაზ თავდგირიძე, მერაბ ვარშალომიძე და ნიკა ნაგერვაძე, აქტივისტებთან და საკუთარ მედიასაშუალებებთან ერთად, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხელვაჩაურის შტაბში შეიჭრნენ.
„გაუგონარია საბაბი, რომელიც ჩვენს ოფისში შესაჭრელად პროვოკატორებმა გამოიყენეს. მათ მიიტანეს კანდიდატის დახეული პლაკატი, რომელიც უდიდესი ალბათობით, თავად დააზიანეს და შემდეგ, ყოველგვარი ფაქტობრივი მტკიცებულებების გარეშე გამოიყენეს მიზეზად, რომ ეს მძიმე პროვოკაცია მოეწყოთ, რაც მათ, საბოლოო ჯამში, ვერ შეძლეს.
ჩვენ კარგად გვახსოვს, თუ როგორ მიმართავდნენ მსგავს პრაქტიკას შარშანაც, როდესაც ჩვენი ოფისების ეზოებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე ცდილობდნენ პროვოკაციების მოწყობას. დღეს კი უფრო შორს წავიდნენ და პროვოკაციის მოსაწყობად არათუ ჩვენი შტაბის ეზოში, უშუალოდ შტაბში შევიდნენ. ვაზუსტებ, რომ საუბარია არა მხოლოდ ტელევიზიების წარმომადგენლებზე, არამედ მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებზე და მათ აქტივზე. ეს არის გაუგონარი თავხედობა, მიმართულია იმისკენ, რომ უკონტროლო პროცესები გამოიწვიონ და დაძაბულობის დონემ პიკს მიაღწიოს”, – თქვა შალვა პაპუაშვილმა სპეციალურად ამ თემაზე გამართულ ბრიფინგზე. ის, ასევე, შეეხო ორი დღის წინ კასპში მომხდარ ინციდენტსაც, რომლის დროსაც ტელეარხ “მთავარის” ოპერატორი მმართველი პარტიის ოფისის მეორე სართულიდან გადმოვარდა. ჟურნალისტებისგან განსხვავებით, პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ მედიის წარმომადგენლები თავად ცდილობენ გადაღებისთვის ისეთი ადგილების შერჩევას, საიდანაც გადმოვარდნა ადვილად არის შესაძლებელი.
“ხაზგასმით აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო დღეებში, ქარელში „მთავარი არხის“ მიერ მოწყობილი პროვოკაციის დროსაც ცდილობდნენ ისეთი ლოკაციის შერჩევას, სადაც არის მეორე სართულიდან ჩასასვლელი კიბეები, რომელსაც ზედა მხარეს საერთოდ არ გააჩნია მოაჯირი და საიდანაც, მათ მიერვე პროვოცირებული შესაძლო არეულობის დროს, ადვილად შეიძლებოდა, გადავარდნილიყო ადამიანი. ეს კი იმისთვის სჭირდებათ, რომ შექმნან აპოკალიპტური სურათი, თითქოს „ქართული ოცნების“ ოფისებიდან ხალხს მეორე სართულიდან ყრიან. აქვე გაცნობებთ, რომ ყველა, როგორც ვიდეო, ასევე ფოტომასალას მოგაწვდით”, -თქვა შალვა პაპუაშვილმა. მან ამ ბრიფინგზე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებსაც მიმართა და მოუწოდა, არ გამოცადონ ხალხის მოთმინება, “რომელსაც მართლაც, გააჩნია საზღვარი”.