საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 22 ტონა სამედიცინო თხევადი ჟანგბადი საჩუქრად გადასცა
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ შვეიცარიის წითელი ჯვრის მხარდაჭერით, 22 ტონა თხევადი ჟანგბადი მიიღო და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს საჩუქრად გადასცა. ჟანგბადის გადაცემის პროცესს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური მდივნის მოადგილე კახა მამულაძესთან ერთად დაესწრო.
– წითელი ჯვრისგან აჭარის რეგიონს საჩუქრად გადმოეცა 22 ტონა ჟანგბადი. დაძაბული ეპიდემიოლოგიური ვითარების დროს ეს ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქარია, ვინაიდან გაზრდილია ჟანგბადდამოკიდებული კოვიდპაციენტების რაოდენობა, შესაბამისად -ჟანგბადის მოხმარებაც. აღნიშნული რაოდენობა გადანაწილდება იმ კოვიდდაწესებულებებზე, რომლებიც ყველაზე დიდი რაოდენობით მოიხმარენ ჟანგბადს. ესენია: ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, ბათუმის სამედიცინო ცენტრი, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი და მაღალტექნოლოგიური კლინიკია “მედცენტრი”. მე კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი წითელ ჯვარს გადმოცემული საჩუქრისათვის, – აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საწყისი ეტაპიდან ჩართულია მოსახლეობის მხარდასაჭერად სხვადასხვა მიმართულებით.