ბათუმი მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალისთვის ემზადება
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
ა(ა)იპ ,,არტ საზოგადოება – ლიმონარიუმი“ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა ირაკლი კიკვაძემ, გიორგი გოგიბერიძემ, ზურაბ ქავთარაძემ, მამუკა ჩხიკვაძემ და მამუკა ჯორბენაძემ დააფუძნეს, რომლებიც უკვე წლებია პედაგოგიურ მოღვაწეობას მშობლიურ უნივერსიტეტში ეწევიან.
ბათუმის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი მათი პირველი ერთობლივი პროექტია. კინოფესტივალის მიზანია, რეგიონში საერთაშორისო კულტურული ღონისძიებების ორგანიზება, სახელოვნებო განათლების, ხელოვნების სხვადასხვა დარგში მოღვაწე ახალგაზრდა ხელოვანთა ხელშეწყობა. უპირველეს ყოვლისა, როგორც ფესტივალის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ჯორბენაძემ გვითხრა, მათ მიერ დასახული ამოცანების გადაწყვეტა უნივერსიტეტის განვითარებას და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
დღეს ჩვენს შეკითხვებს ამ კინოფესტივალის შესახებ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი მამუკა ჯორბენაძე უპასუხებს.
– ბატონო მამუკა, რატომ „ლიმონი“ ? ვის ეკუთვნის სახელწოდების იდეა?
– ამ სახელწოდებას თავისი ისტორია აქვს. სტუდენტური კინოფესტივალის ჩატარების იდეა დიდი ხნის წინ დაიბადა. მახსოვს, ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო და როგორც წესი, ამ დღესაც განვიხილავდით სამომავლო გეგმებს, ოღონდ ამჯერად – კინო-ტელე ხელოვნების დეპარტამენტში. იმ პერიოდში კინორეჟისორი ზაზა ხალვაში ხელმძღვანელობდა კინომიმართულებას. კინოფესტივალის დაარსებაზე დავიწყეთ საუბარი და ზურაბ ქავთარაძემ იკითხა, ფესტივალს რა დავარქვათო. მცირე პაუზის შემდეგ, ზაზამ – ,,ლიმონიო“. პირველად ვერ აღვიქვით ეს ,,არასერიოზული“ სათაური. ბატონმა ზაზამ, ხუმრობით დაამატა: ,,სტუდენტიც ასეთია – მჟავე, მაგრამ სასარგებლო“. გაგვეღიმა მე და ზურაბს, მოგვეწონა ეს იდეა, ძალიან მოგვეწონა. სამწუხაროდ, ზაზას სიცოცხლეში ვერ განვახორციელეთ იგი, მაგრამ წლების შემდეგ, 2021 წელს, როცა გადავწყვიტეთ უნივერსიტეტის ბაზაზე სტუდენტური კინოფესტივალის ჩატარება, სახელწოდებაზე არ გვიფიქრია დიდხანს – რა თქმა უნდა, ,,ლიმონი“!
– როდის და სად უნდა გაიმართოს პირველი ჩვენება და რამდენ დღეს გაგრძელდება?
– სტუდენტური მოკლემტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ხუთი დღე გაგრძელდება – 2021 წლის 23 ნოემბრიდან 27 ნოემებრამდე. გახსნის ცერემონიალი და კინოჩვენებები (საკონკურსო სტუდენტური ფილმები, ჟიურის წევრი კინორეჟისორიების ფილმები; დიდოსტატთა კოლექცია) გაიმართება ხელოვნების უნივერსიტეტის სასცენო დარბაზში. დაგეგმილია ახალგაზრდა ფოტოხელოვანთა და ფერმწერთა არასაკონკურსო გამოფენების მოწყობა ფესტივალის ფარგლებში. საერთაშორისო ჟიურის წევრთა მიერ სამი (თითო 2-საათიანი) მასტერკლასის ჩატარება კონკურსში მონაწილეთათვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის (კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვით). ფესტივალის დახურვის ცერემონია გაიმართება ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე.
– დაახლოებით რამდენ ფილმს ითვალისწინებს კინოფესტივალი და ფილმების ქრონომეტრაჟს თუ აქვს მნიშვნელობა?
– ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების კინოსკოლებთან. ფესტივალზე საკონკურსოდ წარმოდგენილი იქნება უცხოელ სტუდენტთა ოცდახუთამდე საკონკურსო ფილმი, საქართველოდან შოთა რუსთაველის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტთა ნამუშევრები. საკონკურსოდ წარმოდგენილი ფილმების ქრონომეტრაჟია, მინიმუმ, 10 და მაქსიმუმ, 25 წუთი.
– რა კრიტერიუმებით ირჩევა ფილმები?
– კონკურსანტებს ფესტივალზე შეუძლიათ წარმოადგინონ მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ან დოკუმენტური კინო, ანიმაცია, ექსპერიმენტული კინო. ფესტივალის დირექციის მიერ შერჩეული სტუდენტური ფილმები მოხვდება საკონკურსო კინოჩვენებების ბადეში. მოწვეული საერთაშორო ჟიური საკონკურსოდ გამოავლენს გამარჯვებულებს სხვადასხვა ნომინაციაში.
– არის თუ არა დაინტერესება სტუდენტების მხრიდან?
– სტუდენტების დაინტერესება დიდია. უპირველეს ყოვლისა, ეს ფესტივალი მათთვისაა. ფესტივალის ორგანიზებაში მოხალისეების ამპლუაში ჩაერთვებიან ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებსაც საფესტივალო დღეებში უშუალო შეხება ექნებათ უცხოურ შემოქმედებით ჯგუფებთან. სტუდენტებს უნივერსიტეტში აქვთ შესანიშნავი პრაქტიკის მიღების საშუალება. სასწავლო პროცესში კინორეჟისურის მიმართულების სტუდენტები სწავლობენ რეჟისორის ხელობას, სცენარის რეჟისორულ ადაპტაციას, გადაღების დაგეგმვას და წარმოებას, მსახიობებთან მუშაობას, მონტაჟის ხელოვნებას. მუშაობენ საკურსო და სადიპლომო კინოპროექტებზე, მაგრამ ხელოვანს პირველ რიგში, სურს მისი შემოქმედება მაყურებლამდე მიიტანოს, ფართო აუდიტორიას გააცნოს, მათ შორის პროფესიულ გარემოში ერთგვარ აღიარებას, ცნობადობის ამაღლებას მიაღწიოს. ფესტივალი დამწყებ რეჟისორებს საშუალებას მისცემს, შეხვდნენ და გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება და ნამუშევრები კინოს სფეროში მოღვაწე კოლეგებს. ფესტივალი ასევე კარგი შესაძლებლობაა ბათუმელი კინომოყვარულებისთვის, გაეცნონ ქართულ და უცხოურ სტუდენტურ კინონამუშევრებს, კინოინდუსტრიაში მიმდინარე პროცესებს და ნახონ ახალი ფილმები. ფესტივალის დირექცია, ასევე, სხვადასხვა სემინარსა და მასტერკლასს გამართავს კინემატოგრაფებისთვის პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით.
– ეს მხოლოდ ადგილობრივი სტუდენტებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, თუ – საერთაშორისო მასშტაბით?
– როგორც უკვე აღვნიშნე, ბათუმის საერთაშორისო სტუდენტურ ფესტივალში ჩაერთვება ოცდახუთამდე სტუდენტ-კონკურსანტი უცხოეთის უმაღლესი სახელოვნებო სასწავლებლებიდან. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ბათუმის სტუდენტური ფესტივალი შექმნის კარგ წინაპირობას სამომავლოდ, რათა ახალგაზრდა ქართველ შემოქმედთა საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმები წარდგეს საერთაშორისო სტუდენტურ კინოფორუმებზე. ფესტივალის საიტზე არა მხოლოდ ფესტივალის მზადების და ჩატარების პროცესში, არამედ შემდეგ პერიოდშიც განთავსდება ინფორმაცია სხვადასხვა საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ქართველი ახალაგაზრდა კინორეჟისორების ჩართულობას ანალოგიურ ფესტივალებში.
– იმართება თუ არა დაჯილდოება? რა პრიზებს აიღებენ გამარჯვებულები?
– კინოფესტივალის საკონკურსო ფილმებს აფასებს საერთაშორისო ჟიური ხუთი წევრის შემადგენლობით, მათ შორის მაქსიმუმ, ორი წარმომადგენელი საქართველოდან. ფესტივალის დირექციამ დააწესა შემდეგი ნომინაციები: გრან პრი, საუკეთესო რეჟისურა, ჟიურის სპეციალური პრიზი, ჟიურის სპეციალური მოხსენება (ორი დიპლომი).
ფაქტობრივად ეს ფესტივალი სხვადასხვა ქვეყნის, ქართული და უცხოური კინოსკოლების სტუდენტთა შემოქმედებითი ხედვის და მათი ხელწერის რეტროსპექტივაა საფესტივალო სივრცეში.
– ახლა რა ეტაპზე ხართ, როგორია მზადების პროცესი?
– ,,არტ საზოგადოება – ლიმონარიუმი“ ვმონაწილეობდით ფესტივალების დაფინანსებაზე გამოცხადებულ კონკურსებში, გავიმარჯვეთ და გვაფინანსებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროები და ბათუმის მერია. ასევე, დაფინასება მივიღეთ საქართველოს ეროვნული კინოცენტრიდან. ჩვენი სტრატეგიული პარტინორია ბათუმის ხელოვენების უნივერსიტეტი. ასევე, ჩვენთან თანამშრომლობს ბათუმის დრამატული თეატრი, სადაც გაიმართება ფესტივალის დახურვის ცერემონია. ამ ეტაპზე თითქმის დასრულებული გვაქვს მოლაპარაკებები ეროვნულ კინოსკოლებთან და ველოდებით საკონკურსო სტუდნეტურ ფილმებს. შერჩეული გვყავს საერთაშორისო ჟიურის წევრებიც. მათ ვინაობას არ ვახმოვანებთ პრესკონფერენციის ჩატარებამდე. აქტიურად ვმუშაობთ ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებთან, შევარჩიეთ სტუდენტი მოხალისეები, ვამზადებთ ლოგოს, ვებსაიტს, ვამუშავებთ პრიზების დიზაინს. ერთი სიტყვით, აქტიურად ვემზადებით, რომ ფესტივალი ჩავატაროთ მაღალ დონეზე.
– პანდემიის პირობებში იქნება თუ არა დაცული ჯანდაცვის რეკომენდაციები?
– რა თქმა უნდა, ფესტივალის ჩატარების პროცესში გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის რეკომენდაციები. ვიხელმძღვანელებთ იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ მთვარობის დადგენილებით.
– რა პრობლემის წინაშე დგანან დღეს ქართველი რეჟისორები?
– ეს საკმაოდ აქტუალური და რთული საკითხია. მე არა ვარ კინომცოდნე და არც კვლევა მიწარმოებია ამ პრობლემაზე, სირღმისეული ანალიზია საჭირო ალბათ. ინდოეთში ათასობით კინოთეატრია და საქართველოში რამდენიმე, საკმარისია თუ არა მსგავსი სტატისტიკა ამ პრობლემის ამოსახსნელად?! თუ პრობლემა გაცილებით ღრმაა და კინოწარმოებისათვის აუცილებელ კოლოსალურ თანხებში არაა საქმე, იქნებ არც მხოლოდ იმ გარემოებითაა განპირობებული, რომ ქართველი რეჟისორები ვერ იღებენ ხშირად და ელემენტარულად, პრაქტიკული გამოცდილებაც არ არის საკმარისი. შეგვიძლია კინოდრამატურგიასაც გადავწვდეთ და იქ ვეძებოთ მიზეზები, ან იქნებ ზოგჯერ ზედმეტად გულწრფელნი, ან არაგულრწფელნი არიან და გაღმა ნაპირიდან გამოღმა ნაპირს ეჭიდებიან, ანდა იქნებ არც დგანან რაიმე პრობლემის წინაშე და ეს მითია. ძალიან ნიჭიერები ვართ და ყველაფერი ვიცით და გვესმის, ან არაფერი გვესმის და ჩვენს დაბნეულობას აბსტრაქციის ნისლოვან ბუნდოვანებაში ვახვევთ. . . ხომ გითხარით, რთული საკითხია. მე ერთი რამ ვიცი – ველოდები ერთ მშვენიერ დღეს, რომელიც აუცილებლად დადგება და მე, როგორც რიგითი მაყურებელი, სტუდენტის ნამუშევარში, მის გულწრფელობაში აღმოვაჩენ – თურმე რა გაგვჭირვებია. . . თურმე რა ყოფილა ამ გასაჭირს მიღმა, ახალგაზრდა ადამიანის იქნებ ბოლომდე გაუცნობიერებელ, მაგრამ ნამდვილ, სადღაც სულის სირღმეში დაბადებულ სიმართლეს.
– რა გეგმები გაქვთ?
– ჩვენი სტრატეგიული მიზანია ფესტივალის პოპულარიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. ,,არტ საზოგადოება -ლიმონარიუმი“ გეგმავს ყოველწლიურად სულ უფრო მეტი სახელოვნებო სასწავლებლების, კინოსკოლების სტუდენტები მოიზიდოს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ფესტივალის დასაფინანსებლად მოვიზიდოთ როგორც კულტურის და ხელოვნების დარგების განვითარებაზე ორიენტირებული სახელმწიფო ორგანიზაციები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ფონდები და კერძო ორგანიზაციები. სამომავლოდ, მასტერკლასებთან ერთად ფესტივალის დირექცია კინოხელოვნების მიმართულებით დაგეგმავს ვორქშოფებს, მოეწყობა სტუდენტური გამოფენები (ფოტო, ფერწერა, გამოყენებითი ხელოვნება), ჩატარდება სამსახიობო ხელოვნების სტუდენტების პერფორმანსები, მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტების კამერული კონცერტი და ა.შ. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ არის სტუდენტური ფესტივალის ეგიდით საზაფხულო კინოსკოლის ორგანზიება ბათუმში.