„თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა თქვა: ჩვენ მათ მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ როგორც საქართველოს ეკადრება.“
ხატია იაშვილი 27 48 94 –
ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები და სულ უფრო იზრდება დაძაბულობა მასში მონაწილე პარტიებს შორის. ყველა ცდილობს, გამოააშკარავოს ბნელი ლაქები მეტოქის გარემოცვაში და ამისთვის კანონგარეშე მოქმედებებსაც არ ერიდება.
როგორ უნდა განვსაჯოთ „მოსმენების“ ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების ხელყოფა თუ დემოკრატიული ძალების აბორდაჟი, ჯერაც ვერ შეთანხმებულან, მაგრამ ფაქტია, რომ ყველაფერს მოეძებნება თავისი ახსნაც და შეფასებაც.
ამ ეტაპზე ჭიქა წყალში ატეხილ ქარიშხალს უფრო მოგვაგონებს ეს პროცესები, რადგან მსოფლიოს ყველა ქვეყნის ყველა უსაფრთხოების უწყება „უსმენს“ მისთვის საინტერესო და ქვეყნისთვის საფრთხისშემცველ პირებს. ეს უკვე აპრობირებული ტაქტიკაა და მოსახლეობაც შეეგუა მსგავს პროცესებს. აქედან გამომდინარე, როგორ შევაფასებთ ამ კონკრეტულ ფაქტს და ვის დავადანაშაულებთ ამაში, ალბათ იმ ადამიანებზეა დამოკიდებული, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ მიმდინარე მოვლენებში.
თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ამ და სხვა საკითხებზე საუბრობს „აჭარასთან“ ინტერვიუში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ილია ვერძაძე.
–ბატონო ილია, რას იტყვით „მოსმენების“ ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟზე?
-მე სამიოდე თვით ადრე დავაანონსე, რომ მსგავსი პროვოკაციები აუცილებლად იქნებოდა. როგორ წარმოგიდგენიათ, საიდან უნდა მცოდნოდა მსგავსი რამ? უბრალოდ, გავითვალისწინე მათი მუშაობის სტილი, რადგან ვიცოდი, რომ სხვა გამოსავალი აღარ დარჩათ. ახლა ანალოგიური ჭორებისა და ტყუილების გაჟღერებით თუ მიიზიდავენ ამომრჩეველს. რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო ღელავენ და უკვე გაუმართლებელ ქმედებებს სჩადიან.
–ოპოზიცია დარწმუნებულია გამარჯვებაში და ამის შესახებ სოციალურ კვლევებსაც აქვეყნებს.
-რას აქვეყნებენ, არ ვიცი, მაგრამ ძალიან კარგად რომ იციან ჭეშმარიტი მდგომარეობა და სარწმუნო კვლევის შედეგები, ისიც ფაქტია. სხვა ახსნა არ მოეძებნება ამ პროცესს. დესტრუქციული ქმედებებით ცდილობენ ხალხის აჟიტირებას და ინტერესის გაღვივებას. ვფქირობ, ისიც იციან, რომ ამით სხვა ამომრჩეველს ვერ დააინტრიგებენ, ალბათ საკუთარ ელექტორატზე ჰქონდათ ეს აგრესიული პოლიტიკა გათვლილი, რადგან ხედავენ, რომ იმათაც კარგავენ, ალბათ სურთ, დაანახონ, რომ კიდევ რაღაც ძალუძთ, რომ ჯერ ისევ შენარჩუნებული აქვთ გავლენის სფეროები.
–ამ თემამ საკმაოდ დიდი ყურადღება მიიპყრო. იქნებ, სწორად გათვალეს და მიაღწიეს საწადელს?
-არა მგონია, რომ ამ ფაბრიკაციებით სერიოზული ხალხის ყურადღება მიიპყრონ, მით უმეტეს, ჩვენი ლიდერები კარგა ხანია აცხადებენ, რომ მათგან ელიან ბინძურ თამაშს, რომლის დროსაც არც ქვეყნის და არც ერის ინტერესებს არ გაითვალისწინებენ. ამას ჩვენ გარდა ბევრი პოლიტიკოსიც ამბობდა, იგივე მათი წრის ადამიანები. იმდენად პროგნოზირებადია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ავადმყოფური ნაბიჯი, რომ აღარავინ იღებს მათ სერიოზულად და მნიშვნელოვნად. შეთხზეს ახლა ეს თემა და ატრიალებენ საკუთარ ტელეარხებზე, აქვეყნებენ უკვე ნაყიდ პრესაში და აპელირებენ ბრიფინგებზე.
–რადგან ამ პროცესებს მათ ხელწერად თვლით, ალბათ კიდევ ელით მსგავსი თემების აგორებას?
-კი, როგორ არა. აქამდე ჩუმად იყვნენ, რადგან დროს საზღვრავდნენ. იციან, დიდ ხანს ვერ გასტანს ჭორი და საპნის ბუშტივით გასკდება. დარწმუნებული ვარ, არჩევნების წინა დღეებისთვის აქვთ შემონახული უფრო მეტი სიბინძურე და ცილისწამება, რომელსაც ჩაუშვებენ მედიის საშუალებით და შეეცდებიან, ცხელ გულზე მოსული ამომრჩევლებით ხმების რაოდენობის გაზრდას.
–ეს სიტუაცია 2012 წელს მაგონებს, როდესაც ციხის კადრების გამოქვეყნებამ მთლიანად შეცვალა მოსახლეობის განწყობა. მაშინ ერი აღსდგა და წინ ვეღარავინ დაუდგა ხელისუფლების შეცვლის გზაზე.
-ამაშია საქმე, მაშინ იმიტომ აღსდგა ერი, რომ იცოდა ყველამ, რაც ხდებოდა ციხეებში, მაგრამ ვერ აცხადებდა. გამოქვეყნებულმა კადრებმა კი შეკრა ის ინფორმაცია, რასაც ხალხი ფლობდა. შეურაცხყოფილი ქართველი ბევრს მოითმენს, მაგრამ უზნეო ადამიანების პარპაშს – ვერა. საქართველო პატარაა, ყველამ ყველაფერი იცის. ის კადრები არავის დავიწყებია, ყველას ახსოვს და ძილს უფრთხობს, თუკი ახსენდება. ამიტომ ვამბობ, ხალხი ბრძენია. იცის, როდის უნდა დაიჯეროს ტელეეთერით გადმოცემული ამბავი და როდის – არა. 2012 წლიდან ცდილობენ ისეთივე განწყობის შექმნას, მაშინ რომ შეიქმნა, მაგრამ ვერაფრით მოახერხეს. ან რას შეძლებდნენ, რაც არ არის. მხოლოდ სიმართლე ჭრის და არა „ფეიკი“. მხოლოდ ჭეშმარიტება უხსნის კარებს ხალხის რისხვას.
–არის ხალხი, ვისაც სჯერა ყველაფერ ამის.
-კი, არის, მაგრამ ასეთები უმცირესობაა. უმეტესობამ კარგად იცის მათი მუშაობის სტილი, იცის მათი აგრესია, ბოღმა და შურისძიების სიღრმე. ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ანალოგიურად, დადგმული სცენარებით მართავდნენ ქვეყანას, სისასტიკეში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ამით თამაშობდნენ და ერთობოდნენ.
–არასამთავრობოებმა დისკრედიტაციის მცდელობა დააბრალეს „ქართულ ოცნებას“, როდესაც პარტიამ მეტი სიზუსტისკენ მოუწოდა მათ. როგორ დააკომენტარებთ ამ ფაქტს?
-გახსოვთ, ალბათ, შარშანდელი არჩევნები, როგორ დაიწყეს გაყალბების თემა. ჯერ თითქოს ოქმი გამოაქვეყნეს, ტექნიკურ შეცდომებზე დაიწყეს საუბარი და თანდათან როგორ გაშალეს სქემა და სადამდე მივიდა მათი ცილისწამება. ყველა პროფესიონალმა იცის, რომ აქ არაფერ შუაშია ის ტექნიკური შეცდომები, ხელზე რომ დაიხვია ოპოზიციამ, მაგრამ რიგითმა მოქალაქემ რა იცის – დაინახა ტელეეთერში არასამთავრობო ორგანიზაციების გაბრაზებული წარმომადგენლები, ფურცელს რომ აფრიალებენ ხელში და სხვა რა უნდა იფიქროს? ამბობენ, გაყალბდა, ე.ი. გაყალბდა. აჩვენებდნენ ოლქებიდან შეხლა-შემოხლას. ხომ გახსოვთ, რა იყო? არავინ არავის არაფერს უკრძალავდა, მაინც მიდიოდნენ და კამერაზე დასაფიქსირებლად ტეხდნენ ჩხუბს, შიგნით შეგვიშვითო. როდესაც ეტყოდნენ, იქ ხომ უკვე არის თქვენი პარტიის სამი წარმომადგენელი, უკან იხევდნენ, მაგრამ იმ კადრებს, რომლებიც აწყობდათ, დღე-ღამ ატრიალებდნენ. ეს იყო და ახლაც არის კარგად ორკესტრირებული, მოდელირებული ქრონიკა, რომელიც ხალხს ყელში ამოუვიდა, დაიღალა ამით. ადრე რომ აშინებდნენ ნახევარ საქართველოს, აღარ ჭრის ეს ფანდი. უკვე ყველამ ისწავლა ნაღდის და ყალბის გარჩევა. იმის მაგივრად, რომ რაიმე საინტერესო პროექტზე ისაუბროს, იმსჯელოს, თუ როგორ სჯობს ამა თუ იმ საკითხის მოგვარება, ოპოზიცია მუდმივად რაღაც ჭორ-მართლის ფაბრიკაციაშია, ტყუილების გაბერვითაა დაკავებული.
–ამის მიუხედავად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღემდე ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ოპოზიციურ პარტიებს შორის. თუკი ასე აშავებდნენ, რატომ არ აიკრძალა მისი ფუნქციონირება?
-იმიტომ, რომ თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა თქვა: ჩვენ მათ მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ როგორც საქართველოს ეკადრება. ეს მართლაც უდიდესი ნების გამოხატულება, უჭკვიანესი გადაწყვეტილება იყო. კარგად გახსოვთ, რამდენი უკმაყოფილება მოჰყვა ამას, რამდენი იყო წინააღმდეგი, მაგრამ მე ახლაც ვთვლი, რომ სწორად მოვიქეცით, არ უნდა დავმსგავსებოდით მათ, არ უნდა გვებრძოლა მათი მეთოდებით. ძლიერი პიროვნებაა ბიძინა ივანიშვილი. მე ამას ამაყად ვამბობ და არ მერიდება ხმამაღლა განცხადება. ამ ადამიანმა საკუთარი ოჯახის სიმშვიდე დადო სასწორზე საქართველოს გადასარჩენად. დაინახა, რა მდგომარეობაში იყო პენიტენციური და იურიდიული სისტემა, ბიზნესი, ადამიანის უფლებები, ჯანდაცვა, რამხელა საბანკო ვალები აწვებოდა მოქალაქეებს ოჯახის წევრის საოპერაციოდ თუ ონკოპაციენტების სამკურნალოდ. „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ აქედან დაიწყო თავისი მმართველობა, მოაწესრიგა ქვეყანაში არსებული გაუსაძლისი ვითარება. დღეს აღარც გვახსოვს, რა როგორ იყო, იმდენად განსხვავებული გახდა სოციალური სფეროს მომსახურება. სამწუხაროა, ყველაფერ ამას წლები დასჭირდა. იმდენად ცუდ მდგომარეობაში იყო ხალხი, ჯერ ის უნდა გადაგვერჩინა. ეს კეთდებოდა ოპოზიციის ხელშეშლის, დესტრუქციული პროცესების ფონზე. მარტო იმ 31 ოქტომბრის აჟიოტაჟმა რამდენი თვე არბია ქვეყანა. ამათ მხოლოდ ეს სურთ. წარმოიდგინეთ, კაცი რომ ჩავა ევროპაში და განაცხადებს, არ მისცეთ საქართველოს ვიზალიბერალიზაციაო, რაღა უნდა მოსთხოვო? ეს ხომ სახელმწიფოს არ ეძლევა, გზას უხსნის ქართველს, საქართველოს მოქალაქეს. ამას იმიტომ აკეთებდნენ, რომ ადამიანმა არ თქვას, ეს რა კარგი ხელისუფლება გვყოლიაო და ის 2% მოიმატონ, რაც ვიზალიბერალიზაციაზე უარით გაღიზიანებამ შეიძლება მოუტანოს. სწორედ მსგავსი ქმედებებისგან შედგება მათი დესტრუქცია და საქმიანობა. ჩვენი მოთმინებით კი მივიღეთ ხალხის ნდობა, უკვე ყველა ხედავს, ვინ ვინ არის.
–მაინც რას ხედავენ ამომრჩევლები ბათუმში?
-თუნდაც იმ ქუჩას, კომუნისტების დროსაც კი რომ ვერ გაივლიდი ნორმალურად, იმ მოწესრიგებულ ქალაქს, სრულიად ახალი სიცოცხლე რომ შთავბერეთ. რამდენი დახმარება გაიცა პანდემიის დროს, რამხელა სამუშაო გასწიეს სამთავრობო და ჯანდაცვის სისტემებმა? უამრავჯერ გვითქვამს ამაზე და ახლა აღარ შევჩერდები, გარწმუნებთ, „ქართული ოცნება“ ხალხზე ორიენტირებული პარტიაა, რომელიც არასოდეს უღალატებს საკუთარ მოქალაქეებს და ქვეყანას. სამწუხაროა, რომ ოპოზიცია გვყავს სუსტი. არ ძალუძთ პოლიტიკის შეცვლა, ღვარძლის და ბოღმის დავიწყება, რაღაც ალტერნატივის შემუშავება-შემოთავაზება, დაპირისპირების მუდმივი მცდელობის ნაცვლად. კონსტრუქციული ქმედებებით დაამახსოვრე ხალხს თავი, ამის საფუძველზე აგროვე მხარდამჭერები და არა გაბრაზებული ხალხის კიდევ უფრო გამწარებით.
ელემენტარულ მათემატიკას მოვიშველიებ, როდესაც 9 წლის განმავლობაში 60 კმ-ზე მეტ გზას ვერ დააგებ და იგივე ვადაში 200 კმ-ზე ავტობანი გვაქვს დაგებული, სხვა, მათ შორის, შიდა გზები გადის მთელი ქვეყნის მასშტაბით ათასობით კილომეტრზე, სოფლებში წყალი და კანალიზაციის სისტემები გაგვყავს, სკოლებს ვაშენებთ, არსებული კი ყველა გარემონტებულია, თითქმის ყველა ბაღი – მოწესრიგებული, 100 ათასობით ახალგაზრდა გადავარჩინეთ ელიმინაციის პროგრამით, რასაც ვერავინ შეძლებდა, რადგან 85 ათასი აშშ დოლარი ჯდება საშუალოდ და სხვ. ამიტომაა, ჩვენი პარტია ერთმანეთის მიყოლებით იგებს არჩევნებს და ამასაც მოიგებს.
–ამ განცახდებას მხოლოდ საკუთარი განწყობით აკეთებთ თუ. . .
-ჩემი განწყობა არაფერ შუაშია. მე ვიცი ხალხის განწყობა, რადგან ყოველდღიურად ვხვდები მათ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებისას. ყველა ცდილობს, მხარდაჭერა და თანადგომა გამოგვიცხადოს. ცხადია, პრობლემებსაც ახმოვანებენ, მაგრამ იციან, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რასაც დავპირდებით.
–ეკლესიის და ხელისუფლების დაპირისპირებაზე რას გვეტყვით, რომელიც ზემოხსენებულმა „მოსმენებმა“ გაააქტიურა?
-როგორც სურთ, ისე ჭრიან და კერავენ. ჯერ იყო და იმაში დაგვდეს ბრალი, რომ ეკლესიის მხარდაჭერის გამო ჟურნალისტების დარბევებზე ვერ გავაკეთეთ სათანადო რეაგირება. ახლა აცხადებენ, რომ ეკლესიის უფლებებს ვლახავთ, რადგან ეს ფაილები გამოაქვეყნეს, რომელიც აშკარაა, პროვოცირებისთვის თავადვე მოამზადეს. რამდენი დარჩა არჩევნებამდე, ალბათ ათიოდე დღე. აი, ნახავთ, ამ დღეებში კიდევ რამდენ რამეს მოამზადებენ, შეთითხნიან და ხალხს ერთმანეთს დაუპირისპირებენ. სიმართლე გითხრათ, არავითარი სურვილი არ მაქვს ამ თემებზე კომენტარი ვაკეთო, რადგან იმდენად ნათელია ყველაფერი, უბრალოდ, მათ წისქვილზე ვასხამთ წყალს, ამ თემების დატრიალებით და აჟიტირებით.
–რა თემების წამოწევას გვირჩევთ?
-თვალი გადაავლეთ იმ პერიოდს, ახალი ხელისუფლება რომ მოვიდა. მსოფლიო კრიზისი იყო ყველგან და ამის მიუხედავად, შევძელით საგარეო პოლიტიკის სწორად წარმართვა. არნახული წარმატება გვაქვს თავდაცვის მიმართულებით. მარტო ასოცირების შეთანხმება რად ღირს მასში სავაჭრო კომპონენტის ჩათვლით, ვიზალიბერალიზაცია, ნატოს სტანდარტებთან დაახლოება. ახლა ავღანეთის პრობლემაა. იცით, რომ 2500 დევნილი გაიყვანეს იქიდან ევროპაში საქართველოს გავლით. მათ მოემსახურნენ, საერთაშორისო მისიასთან ერთად, საქართველოს შესაბამისი სტრუქტურები. ესეც ადასტურებს, რა დონეზე ვართ ევროპაში ინტეგრირებული. პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის პირადი დამსახურებაა ის, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა შეთანხმების კუთხით. ეს ყველაფერი ამიერკავკასიაში მშვიდობას და სტაბილიზაციას უწყობს ხელს. ყველაფერ ამას არავინ ახსენებს. ისეთ რაღაცებს გვაბრალებენ, რომ ხანდახან მიკვირს, როგორ არ რცხვენიათ, ასეთ ტყუილებს რომ აფრქვევენ. რუსული მეთოდებით თავადვე მოქმედებენ და რუსეთისკენ თავად იყურებიან. ჩვენი ევროპაში ინტეგრაცია თითქმის დასრულებულია და აუცილებლად მივაღწევთ საბოლოო მიზანს, რადგან ევროპას უნდა დემოკრატია, აღმშენებლობა, სამართლებრივი ინსტიტუცია და არა – მათ მიერ თავს მოხვეული ქაოსი და გაუგებარი ბრალდებები, რომელიც, პირველ რიგში, სწორედ ოპოზიციის ლიდერებს წარმოაჩენს ევროპელთა წინაშე უსუსურ და გაუმართლებელ შუქ-ჩრდილებში.