პოეტის სათქმელი, ანუ კონკრეტიკიდან გლობალურამდე
მარინა მითაიშვილი: 593 31 73 90 –
ბელა ქებურია ბათუმში სამეგრელოდან ჩამოსვლისთანავე, მაშინდელი პედინსტიტუტის სტუდნტობიდან მოექცა ჯერ გარშემო მყოფთა, შემდეგ კი საზოგადოების ყურადღების არეალში. უბრალოდ, შეუძლებელია მისი არ დანახვა – ნებისმიერ თავყრილობაზე, სადაც მომსყიდველი, ხალასი ღიმილისა და კიდევ უფრო მომსყიდველი, გულწრფელი, ხან ალერსიანი, ხანაც ტყვიებივით ათიანში მოხვედრილი სიტყვების წყალობით მაგიურად მოქმედებს ადამიანებზე და თავის შეყვარებას აიძულებს მათ. ვიზუალურადაც ძალიან ესადაგება პოეტობა და სულით ხორცამდეც განმსჭვალულია სიტყვის ჯადოსნური ძალით. მან ქართულ პოეზიაშიც კარგა ხანია დაიმკვიდრა თავისი ადგილი, რაც საკმაოდ რთულია ყველასთვის ნათელ მიზეზთა გამო და ხშირად გვახარებს თავისი შემოქმედებით. ბოლო დროს ბელას გულშემატკივრები განსაკუთრებით გაახარა მისი პოეზიის თარგმნამ იტალიურ და აზერბაიჯანულ ენებზე. სწორედ ამ გარემოებას ეძღვნება ეს ინტერვიუ, რომლის დროსაც კონკრეტული ფაქტებიდან დავიწყეთ და როგორც ეს პოეტთან საუბრისას ხდება ხოლმე, გლობალურ თემატიკამდეც მივედით.
-ბელა, ისევე, როგორც სხვა, მრავალრიცხოვან, მკითხველს, ჩვენც გვახარებს შენი ბოლოდროინდელი წარმატებები. მათ შორისაა იტალიაში, კალაბრიის რეგიონში ლეონიდე ეზიციონის მიერ ორგანიზებულ წიგნის ყოველწლიურ ნაციონალურ ფესტივალზე () ბათუმელ პოეტებთან ერთად მიწვევა და მასთან დაკავშირებული მოვლენები. ჩვენს გაზეთში ამაზე უკვე ვისაუბრეთ, თუმცა არ იქნებოდა ურიგო, კიდევ ერთხელ ვთქვათ ამ ფაქტის არსსა და მნიშვნელობაზე პირადად შენთვის.
-მადლობა, ყურადღებისა და მოლოცვისთვის, მაგრამ როცა ჩემზე და ჩემს წარმატებებზე ლაპარაკობენ, უხერხულობის გრძნობა მიჩნდება . . . მით უმეტეს, რომ დომენიკო პოლიტოს კერძო გამომცემლობა ,,ლეონიდა ედიციონში“ დაიბეჭდა 4 ქართველი და 4 კალაბრიელი პოეტის შემოქმედება. ის ერთ ულამაზეს წიგნად აიკინძა. სახელწოდებამ – ,,ზღვების სუნთქვა“ პოეტური და შინაარსობრივი თვალსაზრისითაც გააერთიანა კრებულში წარმოდგენილი ავტორები. ჩვენ ხომ შავი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვას, კერძოდ კი იონიის ზღვის სანაპიროს და იქ მცხოვრებთა პოეტურ სმენას მივაწვდინეთ ჩვენი ხმა და გულის ძგერა. ულამაზესი წიგნი გამოვიდა, უმაღლესი პოლიგრაფიული შესრულებით. კრებულმა უმალ მიიპყრო იტალიელი მკითხველის, კერძოდ, რეჯო-დე კალაბრიის წიგნის ყოველწლიური გამოფენა-ფესტივალის დამსწრეთა ყურადღება.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი გამოსვლის წინა დღეს გავიცანით, იტალიაში მცხოვრები და უკვე აღიარებული ახალგაზრდა, უაღრესად საინტერესო მწერალი რუსკა ჟორჟოლიანი. ის საღამო ამ ნიჭიერ და უაღრესად ერუდირებულ გოგონას დაეთმო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. საოცრად ბედნიერი და ამაყი ვიყავი მისი ქართული სილამაზით, ტალანტით, დისკუსიის წარმართვის, კითხვიდან კითხვაზე ლავირების უნარით და პასუხების აკადემიურობით. არც იტალიელ მსმენელს დაუმალავს აღტაცება. მინდა მას წარმატებები ვუსურვო როგორც უცხოეთში, ისე საქრთველოში. სირცხვილია, ქართველს მისი შემოქმედების ქართულად გაცნობის შესაძლებლობა არ ჰქონდეს, მაშინ როცა ევროპაში კითხულობენ და აღიარებენ.
-ამგვარი კრებულის გამოცემის იდეა თავისთავად საინტერესოა, როგორ გაჩნდა იგი?
– მისი გამოცემა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, პირველ რიგში იმან, რომ ჩვენს რეგიონში საკმაოდ მაღალი პოეტური რესურსია საიმისოდ, ,,ევროპას თავისი პოეტური ხმა მიაწვდინოს“. მეორე – იტალიის რესპუბლიკაში ცხოვრობს არაჩვეულებრივი ადამიანი, ჩვენი თანამემამულე და უკვე სახელგანთქმული მთარგმნელი, ქალბატონი ნუნუ გელაძე, რომელიც მილანში ქართველთა სათვისტომოს ხელმძღვანელია და თარგმნის როგორც იტალიურიდან ქართულად, ასევე ქართულიდან იტალიურადაც. ქალბატონი ნუნუ და განათლების სამინისტროს უცხოეთთან ურთიერთობის კულტურის სამსახურის უფროსი, ქალბატონი თეა ჭანტურიშვილი ორი წლის წინ შეხვედრიან ერთმანეთს. თურმე სწორედ იქ გაჩნდა ბათუმელ პოეტთა ლექსების იტალიურ ენაზე ამეტყველების იდეა . . . მესამე – ჩვენი რეგიონის ხელმძღვანელობა, კერძოდ, განათლების სამინისტრო, ქალბატონი მაია ხაჯიშვილი მზად აღმოჩნდნენ ამ პროექტის მხარდასაჭერად და ყველაფერი გაკეთდა ამ რთულ პერიოდში მის ხორცშესასხმელად. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ლიტერატურული ფესტივალი ,,ზე-კართან“ გამოდგა, სადაც ქალბატონი თეასა და ქალბატონი ნუნუს ძალისხმევით, გვსტუმრობდნენ იტალიელი გამომცემელი დომენიკო პოლიტო და მხატვარი ალექსანდრო ალეგრი და ამით იდეამ რეალურ მდინარებას მიაგნო. ფესტივალის ხელმძღვანელი ნიჭიერი ახალგაზრდა რეჟისორი ვახტანგ ბერიძეა, რომელსაც თავის პროფესიასა და ორგანიზაციულ საქმეში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. რაღა თქმა უნდა, მას არ გასჭირვებია საერთაშორისო სტატუსის მქონე ფესტივალის უცხოელი სტუმრებისთვის, ასევე საქართველოს სხადასხვა კუთხიდან და აჭარის მაღალმთიანეთიდან მოწვეული ხელოვანებისთვის ულამაზესი დღეების ჩუქება. მიმაჩნია, როგორც ეს ადრეც აღვნიშნე, რომ ლიტერატურული ფესტივალით ,,ზე-კართან“ ბატონმა ვახტანგ ბერიძემ ქართულ მწერლობაში აჭარის მაღალმთიანეთის თემატიკის შემოტანა მოახერხა და ეს უდიდესი საქმეა, რომელსაც თაობები აუცილებლად შეაფასებენ. ამ ფესტივალით, განათლების სამინისტროს მხარდაჭერით, ქალბატონების ნუნუ გელაძისა და თეა ჭანტურიშვილის ძალისხმევით, ევროპის კარიც გაიღო ბატონი ვახტანგ ღლონტის, ქალთამზე სურმანიძის, როინ აბუსელიძისა და ჩემთვის. როინ აბუსელიძემ ობიექტურ მიზეზთა გამო ვერ მოახერხა ამ გზის როგორც სირთულის, ისე სიხარულისა და წარმატების გაზიარება, მაგრამ იტალიის ქალაქ ბარიდან ხმა მოგვაწვდინეს, რომ მომავალში ჩვენი მიწვევა სურთ და ისიც უთუოდ ესტუმრება იტალიას, რათა დანტესა და პეტრარკას ქვეყანაში მის ტკბილი ქართულიც მოისმინონ. კიდევ ერთი რამ მინდა აღნიშნო – მჯერა, ლიტერატურულ ფესტივალს ,,ზე-კართან“ იტალიელებთან ერთად სხვა ქვეყნებიც შემოუერთდებიან. აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრში, რომელსაც ცნობილი მწერალი, დრამატურგი და სახელმწიფო მოღვაწე აფაგ მასუდი ხელმძღვანელობს, ეს საკითხი გადაწყვეტილიც იყო, რომ არა პანდემია . . . ეს საშინელი მტერი კაცობრიობისა . . .
-როგორი შეგრძნებაა, როცა პოეზიის უცხოელი მოყვარული ზოგადად, ქართულ და მათ შორის შენს ლექსს შეიგრძნობს და გაისიგრძეგანებს?
-გულახდილად გეტყვი, იმდენად მცირე დროში, იმდენად დიდი და დამღლელი მანძილის გავლა მოგვიწია, რომ რეალურად მაშინ ვერ აღვიქვი, ახლა ვხვდები, რამდენად დიდი მოვლენის თანაზიარი გავხდი.
-თქვენს მასპინძლებზე რას გვეტყვით?
-როგორც ზემოთ აღვნიშნე, ფესტივალის ,,ზე-კართან“ ერთ-ერთი სტუმარი გახლდათ გამომცემელი კალაბრიიდან დომენიკო პოლიტო, მან გვიმასპინძლა ჩასვლის მომენტიდან გამომშვიდობების ბოლო წუთამდე. ის არაჩვეულებრივი, ნამდვილი სამხრეთელი, ემოციური, გულიანი და სტუმართმოყვარე ადამიანია, რომელსაც მხარში ედგნენ კალაბრიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები სოფო ბუკია და გიორგი ყიფიანი. ეს უკანასკნელი კალაბრიის ქართველთა სათვისტომოსა და ქართული საკვირაო სკოლის მოხალისე პედაგოგია, რომლმაც მის საყვარელ დედიკოსთან ერთად ულამაზესი ქართული კუთხე დაგვახვედრა. ადრე აღვნიშნე და გავიმეორებ, რომ მისი მსუბუქი ავტომობილი პატარა საქართველოს დაატარებს, ,, მუზეუმი-საქართველო“ ასე შემიძლია ვუწოდო იმ კარავს, რომელიც უამრავი ქართული ნივთითა და სუვენირით გააფორმეს. ბევრნი მოდიოდნენ და ინტერესით ათვალიერებდნენ ქართულ კუთხეს.
-უთუოდ წარმატებაა აზერბაიჯანულ ენაზე შენი ლექსების კრებულის გამოცემა, გვიამბე ამაზე. როგორც გავიგეთ, სირთულეებიც იყო ამ გზაზე?
-დიახ, ჩემთვის ეს ძალიან ამაღელვებელი მოვლენაა, რადგან აქ უბრალოდ თარგმნაზე არაა საუბარი. მთავარი მოვლენა წიგნის დაბეჭდვაა, დამოუკიდებელი და სრული, სოლიდური კრებულის. იდეა ქალბატონ მაყვალა გონაშვილს ეკუთვნის.3 წლის წინ, როცა მისი კრებული გამოიცა აზერბაიჯანში, მკითხა, რატომ არ ვარ დაინტერესებული ჩემი ლექსების საზღვარგარეთ გამოცემით. ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ ჩემს პოეზიას არავის ვახვევ თავზე. მკითხველიც მყავს და დაინტერესებული მსმენელიც, რადგან როგორც ვწერ, იმაზე არანაკლებ ვკითხულობ. შემომთავაზა, ჩვენს იმირ მემედლის დაუკავშირდი, კარგად გიცნობს სტუდენტობიდან მოყოლებული და დაინახავ, რისი გაკეთება იქნება შესაძლებელიო.
ქალბატონი მაყვალას მადლიერი ვარ. მე და იმირი მეგობრები არ ვყოფილვართ, მაგრამ კარგად ვიცნობდით ერთმანეთს სტუდენტ ხელოვანთა რესპუბლიკური შეკრებებიდან. მოკლედ, ჩვენმა ნაცნობობამ მეგობრობის ლოგიკური გაგრძელება ჰპოვა და შედეგად მივიღეთ წიგნი, რომლითაც ვამაყობ, თუმცა მას არანაკლებ საინტერესო ისტორია აქვს. ზემოთ ვახსენე აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებული სახელმწიფო გამომცემლობა, რომელსაც უნიჭიერესი და მომხიბვლელი ქალბატონი აფაგ მესუდი ხელმძღვანელობს. იმირის უშუალო ძალისხმევით, ქალბატონმა აფაგმა დაბეჭდა ეს წიგნი, რომელსაც ქართულად ,,მოციმციმე სხივები“ ჰქვია. უზომოდ მადლიერი ვარ მათი, რადგან არა მარტო გამოსცეს, მათ ცენტრში პრეზენტაციასაც გეგმავდნენ, რომ არა პანდემია. ერთი საინტერესო გაგრძელებაც ჰქონდა ამ ამბავს, გამომცემლობამ ერთი კერძო ქართული გადამზიდი კომპანიის მეშვეობით გამომიგზავნა 10 წიგნი, რომელსაც 8 თვე ველოდი და ვეძებდი, მაგრამ ამაოდ . . . მერე გამომცემლობამ ჩვენს საელჩოს მიმართა და მათი მეშვეობით ხელახლა გამომიგზავნეს წიგნები, თუმცა ამჯერად ჩვენმა საელჩომ ბათუმში, საკუთარ სახლში, მათი ნდობით აღჭურვილი პირის, გოჩა ჯაშის მეშვეობით ხელში ჩამაბარა ისინი და უზომო სიხარული მომიტანა. მადლობა მათ!
-კიდევ რა სიახლეები გაქვს, ან ელოდები შენს შემოქმედებით ცხოვრებაში?
-მირჩევნია, გეგმებზე წინასწარ არ ვისაუბრო, რადგან მერე განხორციელებაში ხელი მუდამ მეშლება. მხოლოდ ერთს გეტყვით, რომ სასიხარულო ინფორმაცია მაქვს ნორჩი შემოქმედებისთვის – პანდემიის გამო გაჩერებული ნორჩ შემოქმედთა ლიტერატურული კონკურსი ,,ზღვაური“ განათლების სამინისტროსა და უშუალოდ, ქალბატონ მაია ხაჯიშვილის ხელშეწყობით, წელს ჩატარდება. რამდენიმე დღეში კონკურსს გამოვაცხადებთ და ვისაც ახსოვს, რამდენ ბავშვს ვუხარებდით გულს, მათ ეს სიამოვნება ისევ ელოდებათ.
-ურთულეს დროში ვცხოვრობთ, პოეტისთვის, რომლისთვისაც გრძნობები უმთავრესია, ალბათ გაცილებით ძნელია მომრავლებულ ტკივილთან ემოციურად გამკლავება, თუმცა იქნებ სწორედ განცდების სიღრმე და სულიერება გეხმარება ამაშიც . .
-იმდენად დათრგუნული ვარ უსიამოვნო ამბებით, იმდენი კარგი ადამიანი მიდის, მგონია, დედამიწა ცარიელდება . . . აი, ახლახან ჩვენი სათაყვანო, საამაყო მსახიობი ზურაბ ქავთარაძე ცათა ბინადარი გახდა. ვერ წარმომიდგენია, რომ ზურა აღარაა . . . 25 წელზე მეტია, მეგობრები ვართ და მიჭირს იმის გააზრება, რომ ჩვენს ურთიერთობაზე საუბარი აწი წარსულ დროში მომიწევს . . . ზურა ყველას დააკლდა, საშინელი გულისტკივილი დაგვიტოვა, მაგრამ მის მიერ ნალოლიავებ მეუღლეს, ჩვენს ესთერ გობრონიძეს ფრთა ჩამოატეხა . . . ვუსამძიმრებ მას, მის ოჯახს, ჩვენს სამეგობროს და სრულიად თეატრალურ და კინოსაზოგადოებას, ხელოვნების უნივერსიტეტს, მის კოლეგებს. ზურა ყველას, ნამდვილად ყველას უყვარდა . . .
-„გარემოების საყვირი, არც მიწისა ვარ, არც ცისა“ . . . დღეს რას გაჰყვირის შენი ლექსი, რა სტკივა პოეტს განსაკუთრებით?
-ძალა აღარ მყოფნის ტკივილებზე სალაპარაკოდ . . . ყველას, ყველგან, ყველაფერი სტკივა . . . ძალა უნდა მოვძებნო და პოზიტიურზე გადავერთო . . .
-კარგი, მაშინ რა რეცეპტს გამოუწერდი მსოფლიოს, რომელიც ავადაა (მხოლოდ კორონავირუსს არ ვგულისხმობ) სულიერადაც და ფიზიკურადაც?
-შეეშვან ერთმანეთის გულისტკენას, გავერთიანდეთ სიყვარულის სახელით, რომ გადავრჩეთ. ეს ეხება ყველას, უბრალო ადამიანებით დაწყებული – პოლიტიკოსებით დამთავრებული. შური, ღვარძლი, სიხარბე და სიძულვილი გვღუპავს. დამშვიდდით და გაერთიანდით მომავლის სასიკეთოდ შესაცვლელად და არა ერთმანეთის გასანადგურებლად. იქნებ სამშობლოზე ვიფიქროთ და არა პირად ამბიციებზე, თორემ . . . თვალსა და ხელს შუა გვეცლება ხალხი, სამშობლო, ფასეულობები . . . თუ ერთად არ დავდექით, პრობლემების გადასაჭრელად ერთმანეთის მხარდამხარ არ ვიბრძოლეთ, არამცთუ ჩვენ, ჩვენი შვილთაშვილებიც ვერ მიიღებენ იმას, რასაც ჩვენ სამშობლოდან ველით.
-კოვიდმა გვირგვინი შენც დაგადგა, პირადი გამოცდილებით, უპირველესად, რით მარცხდება იგი?
-უპირველეს ყოვლისა სიმშვიდით, საკუთარი თავის მობილიზებითა და მედიკოსთა ინსტრუქციების შესრულებით. თუმცა აცრა რომ გაკეთებული არ გვქონოდა, შედეგზე ფიქრი მიჭირს. ეს უვერაგესი დაავადებაა, რომელიც ადამიანს სუსტ წერტილზე ურტყამს, რამაც ჯანმრთელობაზე სავალალოდ შეიძლება იმოქმედოს. ამიტომ თუ რამე დაავადება გაქვს, ფატალურ მდგომარეობას რომ თავი დააღწიო, აცრა ამაში გეხიდება. ისე, ადამიანის ბედი მაინც უფალზეა დამოკიდებული.
-ქართველებმა იმდენი იმედგაცრუება ვიწვნიეთ, ძნელია პოლიტიკოსების დაპირებები ვირწმუნოთ, მაგრამ თუ უკეთესი მომავალი გვინდა, არჩევანი მაინც უნდა გავაკეთოთ. ზოგადად, როგორი პოლიტიკოსები სჭირდება , შენი აზრით, საქართველოს?
-ეს ფართო თემაა, ფორმატი არ გვეყოფა . . . მოკლედ კი იმას გეტყვი, რომ უანგარო პოლიტიკოსებისა და მამულიშვილების დეფიციტია. ყველამ ჩაიხედოს გულში, რამდენი არ ფიქრობს პოლიტიკაში მოსვლით საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე? ვინც ასე არ ფიქრობს, მშვიდად და სუფთა სინდისით გააგრძელოს გზა . . . არადა, ამ ცხოვრებაში არავის არაფერი შერჩენია და ბევრს წინამორბედთა ბედის გაზიარება აუცილებლად მოუწევს. სადღაც გზა წარმატებისა და თანამდებობისა, პარლამენტარობისა და ჩინოვნიკობისა აუცილებლად მთავრდება და მათზეა დამოკიდებული . . . ჩვენი მათდამი დამოკიდებულებაც.
-რა როლი უნდა ითამაშოს ქვეყნის ცხოვრებაში პოეტმა, მწერალმა?
-დიდი როლი, მაგრამ ისეთი დევალვირებულია საზოგადოება და ღირებულებები, რომ მუცელზე, ჭინჭებზე და ვირტუალურ დიდებაზეა ორიენტირებული. გაურკვეველი ძალები ყველა მიმართულებით ცდილობენ ფასეულობათა ტალახში ამოსვრას, ყველას გალანძღვას, სულიერ ღირებულებათა გაბიაბრუებას, რათა . . . დავიბენი, ვერ გავიგე რა უნდათ, რას ელიან მომავლისგან . . . იქნებ მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრობენ – ,,მეტი რა შეგვრჩებას“ პრინციპით? მცდარი პრინციპია ეგ, ძირშივე მცდარი პრინციპი . . . .
ნეტავ, ვისაც უნდა უსმენდეს ერი, იმათსას მაინც გაიგონებდნენ!