სად უშვებს გია ხუხაშვილი ისეთი პარტიის წევრებს, რომლებსაც სამპროცენტიანი ბარიერის გადალახვა არ შეუძლიათ?
ირმა ცეცხლაძე 27 48 94 –
ნარკოტიკებზე თბილისის მერობის კანდიდატებისთვის ტესტების ჩაბარება მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც აღნიშნული ინიციატივით გამოვიდა კახა კალაძე. თუმცა საყოველთაო ინტერესი გამოიწვია პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებლის, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მიერ ნარკოტესტის ავსტრიაში ჩაბარებამ. მან შედეგები და სამედიცინო დასკვნის ფოტო თავის ფეისბუქგვერდზე გვიან ღამით გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ სისხლსა და შარდში ნარკოტიკული ნივთიერება არ აღმოაჩნდა. როგორც ირკვევა, გახარიამ ნარკოტიკის შემცველობაზე თმის ღერის ანალიზიც ჩაიტარა, რომლის პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ამასთან, როგორც პარტია „საქართველოსთვის“ პრესსამსახურში გვაუწყეს, ექსპერტიზა ჩატარდა ქალაქ ვენის წამყვან ჰოსპიტალში , 2021 წლის14 სექტემბერს. ექპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ გიორგი გახარიამ გაიარა ნარკოტიკულ ნივთიერებებზე ნებაყოფლობითი შემოწმება სისხლისა და შარდის ანალიზებით. გამოკვლევა ჩატარდა ავსტრიაში დადგენილი წესებისა და რეგულაციების შესაბამისად. დოკუმენტის გაცემის თარიღია 2021 წლის 16 სექტემბერი.
მანამდე გახარიამ განაცხადა, რომ გადაწყვიტა, ნარკოტესტი ავსტრიის ერთ-ერთ ავტორიტეტულ ლაბორატორიაში გაიაროს, ვინაიდან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მის წინააღმდეგ პროვოკაცია მზადდებოდა. მედიამ მაშინვე ივარაუდა, რომ საუბარი იყო შესაძლო ყალბი შედეგების გამოქვეყნებაზე.
კახა კალაძემ ნარკოტესტი საქართველოში გაიარა. მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოში“ განაცხადეს, რომ რადგან გახარია ნარკოტესტის საქართველოში ჩატარებას გაურბის, მას რაღაც დასამალი აქვს. მეტიც, მმართველი პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ მას „კოკაინშიკი“ უწოდა.
როდის დაიწყო ეს დაპირისპირება და რამდენად მისაღებია, პოზიცია-ოპოზიცია ერთმანეთს მსაგავსი ბრალდებებით ესაუბრებოდეს? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად თვალი გადავავლოთ შარშან არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს და ექსპერტ გია ხუხაშვილის მოსაზრებებს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა, განსაკუთრებით კი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით შეუთანხმებლობამ, სახელმწიფო მწვავე კრიზისის წინაშე დააყენა. არჩევნების მიმართ უნდობლობა იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი გადალახეს, მიღებულ მანდატებზე უარის თქმით გამოხატეს, პარტია ,,მოქალაქეებმა“ კი, საპარლამენტო საქმიანობა ,,ქართულ ოცნებასთან“ გაფორმებულ მემორანდუმში ასახული საკითხების ცვლილების პირობით დაიწყო, რომელიც, მათ შორის, ეხებოდა: ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სისტემის, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებისა და საარჩევნო დავებთან დაკავშირებულ პრობლემებს.
2021 წლის თებერვლის დასაწყისში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა, რომელიც მემორანდუმის გაფორმების შედეგად შეიქმნა, პარლამენტში მუშაობა განაახლა. ჯგუფის შეხვედრებს ესწრებოდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, თუმცა, ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის გამო, ჯგუფმა მუშაობა მათი ჩართულობის გარეშე გააგრძელა, რამაც პროცესის ინკლუზიურობაზე გავლენა მოახდინა. საარჩევნო რეფორმის პროცესის პარალელურად, 23 თებერვალს საქართველოს მთავრობამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი დაიწყო. დაკავების სპეციალური ღონისძიების პროცესში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა არაპროპორციული ძალის გამოყენებით დააკავეს ნიკა მელია, რამაც მთავრობის მიერ მიმდინარე პოლიტიკური დიალოგის და დემოკრატიული პროცესების შეფერხების რისკები გაზარდა. ხელისუფლების აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ გამოავლინა, არსებული პოლიტიკური კრიზისის მართვის პროცესში კონსტრუქციული პოლიტიკური ნების ნაკლებობა, რაც მიმდინარე საარჩევნო რეფორმაზეც უარყოფითად აისახა. შექმნილი კრიზისის მოსაგვარებლად და პოლიტიკური დიალოგის განსაახლებლად აქტიური ნაბიჯები გადაიდგა ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. 28 თებერვალს საქართველოს ვიზიტით ეწვია ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელმაც ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგის საფუძველზე შეიმუშავა 6- პუნქტიანი სამოქმედო გეგმა, რომლის ერთ-ერთი ნაწილი საარჩევნო რეფორმას ეხებოდა. მოლაპარაკების პროცესში მედიატორის როლს ასრულებდა პრეზიდენტ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საარჩევნო კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებული ხარვეზების გამოსწორების მიზნით, საარჩევნო რეფორმა ჯერ კიდევ 2019 წლის ივნისში დაიწყო, რომელიც, ძირითადად ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე შემუშავებული რეკომენდაციების კანონმდებლობაში ასახვას ისახავდა მიზნად. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის შემადგენლობა მეტ-ნაკლებად ინკლუზიური და გამჭვირვალე იყო, ისეთ ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესის გადახედვა, სოციალური ქსელებით განხორციელებული აგიტაციის რეგულირება და საარჩევნო დავების განხილვა – შეთანხმება ბოლომდე ვერ მოხერხდა.
აღნიშნულ დოკუმენტში მიმოხილულია ,,სამართლიანი არჩევნებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ერთობლივი შეფასებები და რეკომენდაციები პოლიტიკურ პარტია ,,ქართულ ოცნებასა“ და ,,მოქალაქეებს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე შემუშავებულ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.
პოლიტიკის ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის შესახებ საუბრისას ზოგადად სკეპტიკური დამოკიდებულება გამოხატა პროცესის მიმართ. მისი განცხადებით, სანამ კანონის უზენაესობის ფუნდამენტური პრინციპის დაცვის პოლიტიკური ნება არ იარსებებს, მანამდე ყველაფერი დიდი ფარსია, რადგან ხელისუფლება კანონის თავის თავზე მორგებაზეა ორიენტირებული და არა მის აღსრულებაზე. მან კონკრეტულად ისაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის იმ ჩანაწერზე, რომელიც ბუნებრივიდან 2%-მდე საარჩევნო ბარიერს და 3%-მდე მის შესაძლო გაზრდას უკავშირდება. საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ არ გამორიცხა, რომ ბარიერი 3%-მდე გაიზარდოს. გია ხუხაშვილმა „დილის საუბრებში“ თქვა, რომ სადავო არ უნდა იყოს, 2% დაწესდეს თუ 3%: „დიდი ბოდიში, მაგრამ პარტიას, რომელიც 3%-ს ვერ ლახავს, არა აქვს იმის საკმარისი ლეგიტიმაცია, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობდეს. ამასთანავე, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ კოალიციური მმართველობა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ისტორიულ აუცილებლობას წარმოადგენს დღეს, მმართველობის ტექნოლოგიის თვალსაზრისით, საკმაოდ რთული და მძიმეა იმიტომ, რომ ფერხდება გადაწყვეტილების მიღების პროცესი და ასე შემდეგ. თუმცა ისტორიულად კოალიციური მმართველობა ახლა არის აუცილებელი, მაგრამ იმას არ ნიშნავს ეს, რომ 30 პარტია უნდა გვყავდეს მაინცდამაინც. დიდი ბოდიში, მაგრამ პარტიას იმდენი შესაძლებლობა თუ არა აქვს, რომ 3 პროცენტი აიღოს, რაც დაახლოებით 50 000 კაცია, დაჯექით სახლში“.
ხუხაშვილის თქმით, უშუალოდ მმართველი პარტიისთვის ბარიერის 3 პროცენტამდე გაზრდა მნიშვნელოვანი არ არის, თუმცა მას ვაჭრობისთვის იყენებს: „ამ პარტიებს არჯულებენ, მათ აქვთ ტექნოლოგია, რომ ზუსტად ამ თემით მოარჯულონ ის პატარ-პატარა პარტიები და ლაპარაკობენ კიდეც. ელისაშვილი, მაგალითად, უკვე ამბობს, რომ რიგგარეშე არჩევნები მისთვის საერთოდ აღარ არის აქტუალური. და არა მარტო ის, სხვებიც იტყვიან ალბათ. ანუ ეს ტექნოლოგია გამოიყენება. პატარა პარტიების მართვა “გათიშე და იბატონეს” პრინციპით ძალიან ადვილია. ამიტომ არ არის სასურველი, რომ ეს ერთპროცენტიანი პარტიები იყვნენ, იმიტომ რომ ხელისუფლებას ყოველთვის შეუძლია რაღაც ისეთი გადაუგდოს, რითაც ფაქტობრივად თავის ორბიტაზე განათავსებს. ორკაციანი პარტიაა იგივე ელისაშვილის პარტია და ვიცე-სპიკერი ჰყავს, ამაზე ხომ ვერც იოცნებებდნენ“.
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებათა კანონპროექტს. „ქართული ოცნების“ უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ერთობლივად ინიცირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა 126-მა დეპუტატმა.
ამ კანონპროექტის მიხედვით: მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის დგინდება 2%-იანი საარჩევნო ბარიერი და მანდატების პროპორციული განაწილების წესი; მიმდინარე და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს ოთხზე ნაკლები;
საკონსტიტუციო ცვლილებების ნაწილი უნდა ყოფილიყო ასევე გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილება, რომელსაც უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.
“კონსტიტუციური კანონის პროექტიდან, გენერალური პროკურორის არჩევასთან დაკავშირებული საკითხების ამოღება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მმართველ ძალას არ სურს სამართალდამცავ და მართლმსაჯულების სისტემებზე პოლიტიკური კონტროლის შემცირება. აღნიშნული გადაწყვეტილება ამცირებს პროკურატურის უწყების დემოკრატიზაციის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პერსპექტივას”,- ასე შეაფასა პროკურორის არჩევის წესის ცვლილება სოციალური სამართლიანობის ცენტრმა.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით.

