“ქალის ხმა არჩევნებში” – საინფორმაციო ხასიათის პროექტი – ქალი ამომრჩევლების გააქტიურებისათვის
ნათია იმნაიშვილი: 27 48 93 –
ა(ა)იპ „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს რამდენიმე რეგიონში, მათ შორის აჭარაში, საინფორმაციო ხასიათის პროექტს „ქალის ხმა არჩევნებში“ ახორციელებს.
პროექტის მიზანი 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში ქალი ამომრჩევლის გააქტიურება და მათთვის არჩევნების თემაზე სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდებაა, შესაბამისად, შეხვედრები აქტიურად იმართება ყველგან.
რამდენად მაღალია ქალების ჩართულობა არჩევნებში და რა მდგომარეობაა ამ კუთხით სოფლებში? ამ და სხვა საკითხებზე გენდერის მედიაცენტრის დირექტორი თამილა დოლიძე გვესაუბრება.
-ქალბატონო თამილა, რა ტიპის შეხვედრა გამართეთ და რა იყო ამ შეხვედრის მთავარი მიზანი ?
-„ქალის ხმა არჩევნებში“ პროექტის ფარგლებში უკვე შევხვდი ქალებს ხელვაჩაურის საკრებულოში, აჭარის უმაღლეს საბჭოსა და სოფელ ზედა მახინჯაურში, 21 სექტემბერს ვხვდები ახალგაზრდებს, 23-ში შეხვედრას გავმართავ ბოშათა დასახლებაში, გელაურში, ასევე, აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში, გენდერული საბჭოების წარმომადგენლებთან ერთად, გავაკრავთ სტიკერებს არჩევნებზე წასვლის მოწოდებებით. პროექტის ფარგლებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ეთერში 2 გადაცემა დაიგეგმა. ტელემაყურებელსა და რადიომსმენელს საშუალება ექნებათ, ნახონ და მოისმინონ გადაცემა „ქალის ხმა არჩევნებში“, ორივე ეთერს ჟურნალისტი ნაზიბროლა ქობულაძე გაუძღვება.
-რამდენად მაღალია ქალების ჩართულობა არჩევნებში?
-არჩევნებში ქალების მონაწილეობა და გაცნობიერებული არჩევანი ძალიან მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, რომ საქართველოში ამომრჩეველთა 53% ქალია და სწორედ მათი ხმები წყვეტს არჩევნების ბედს. 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 728.6 ათასი შეადგინა. მათგან კაცების რიცხოვნობამ 1 796.2 ათასი, ხოლო ქალების რიცხოვნობამ – 1 932.4 ათასი. ქალები საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ და მათი თითქმის 80% სრულწლოვანი, ანუ საარჩევნო ასაკისაა. 2020 წლის არჩევნებზე აჭარაში საარჩევნო ყუთებთან საარჩევნო ასაკის მხოლოდ 28,6 % ქალი მივიდა.
-რა არის საჭირო იმისთვის, რომ ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზარდოს?
-რამდენიმე ფაქტორს გამოვყოფდი. როდესაც ქალები ხედავენ, რომ ისინი არ არიან სათანადო დოზით წარმოდგენილნი არჩევით ორგანოებსა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მათ ნაკლებად აინტერესებთ არჩევნებში მონაწილეობა. აბა, გადახედეთ მონაცემებს? პარტიების წარდგენილ კანდიდატებს შორის კვლავ თვალშისაცემია ქალი პოლიტიკოსების სიმწირე. რეგიონებში მმართველ პარტიას ძირითადად ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატები უპირისპირდებიან. პატარა პარტიების უმეტესობას რეგიონებში მერობის კანდიდატები შეზღუდული რაოდენობით ჰყავს წარდგენილი. „ქართული ოცნების“ მიერ ყველა მუნიციპალიტეტში წარდგენილი კანდიდატიდან ქალი მხოლოდ სამია. „ევროპულმა საქართველომ“ 11 მუნიციპალიტეტში წარადგინა მერობის კანდიდატი, რომელთაგან 2 ქალია. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ წარდგენილი ჰყავს კანდიდატი 54 ქალაქში და ქალი ერთია. „ლელოს“ ამ დროისთვის წარდგენილი ჰყავს თბილისის, საგარეჯოს და ახალციხის მერობის კანდიდატები, მათ შორის ერთი ქალია. 40-მდე ქალაქში წარადგინა მერობის კანდიდატი ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ, მათ შორისაც ორია ქალი. არადა, საერთაშორისო გამოცდილებით და კვლევებით დადასტურდა, რომ: თუ გვსურს, ქვეყანა წარმატებული იყოს და უკეთეს პირობებში ვიცხოვროთ, მაშინ ქვეყნის მართვაში აუცილებლად თანაბრად უნდა მიიღონ მონაწილეობა ქალებმაც და კაცებმაც. იმ ქვეყნებში, სადაც ქალები აქტიურად არიან ჩართულნი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, უფრო სწრაფად ვითარდება დემოკრატიაც და ეკონომიკაც. კიდევ ერთი ფაქტორია განათლების საშუალოზე დაბალი დონე, ასევე, ოჯახის გავლენა ქალის არჩევანზე.
-რა მდგომარეობაა ამ კუთხით სოფლებში ?
-საქართველოს მასშტაბით პრობლემა იდენტურია ყველგან, მიზეზი კი ის ფაქტორებია, რომლებზეც უკვე ვისაუბრე. ოდნავ მეტია აქტივობა ბათუმში, რადგან, საარჩევნო უბნამდე მისვლა ქალაქში ბევრად უფრო ადვილია.
-როგორ გესახებათ ამ პრობლემის მოგვარება ?
-მოდით, ცოტა სხვანაირად გაგცემთ პასუხს: წარმოიდგინეთ, რომ არჩევნების დღეს გაწვიმდა, საარჩევნო უბნამდე გასავლელი გზა შორია, თან უბანი არაადაპტირებულია, შშმ პირს კი უბანზე მისვლა და არჩევანის იქ გაკეთება სურს, ხოლო ქალს იმდენი საქმე აქვს, არ უღირს დროის დაკარგვა, თან იცის, რომ ბევრი ქალი ვერ მოხვდება თვითმმართველობაში. ამას ემატება ისიც, რომ ქალი ვერ ხედავს მისი სქესის წარმომადგენელ მერობის კანდიდატს, ასევე, სიების პირველი ნომრები არ არიან ქალები. ანუ, თვითმმართველობების პირველი პირებიც ისევ არ იქნებიან ქალები. მათ სოფლებსა და თემებშიც ხელმძღვანელი პირები უმეტესად კაცები არიან. დიახ, კვლევებით დასტურდება, რომ ქალები, ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ხშირად არ მიდიან არჩევნებზე. აქვე ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ აჭარის მუნიციპალიტეტებში ყველა პარტიის მიერ მერობის წარდგენილ კანდიდატთა შორის ქალი არ არის.
-რას ეტყოდით წინასაარჩევნოდ ქალებს, რამდენად მნიშვნელოვანია მათი ხმა ქვეყნისთვის?
-არჩევნებამდე აუცილებლად შეამოწმეთ, ხართ თუ არა საარჩევნო სიაში და გაქვთ თუ არა მოქმედი პირადობის მოწმობა (დევნილის მოწმობა დევნილისათვის), კარგად გაეცანით თქვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა და პარტიების საარჩევნო პროგრამებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შეაფასეთ, რამდენად ითვალისწინებენ ისინი სქესების საჭიროებებს. გაეცანით ამომრჩეველი და კანდიდატი ქალების, ასევე, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის (ეთნიკური უმცირესობის, დევნილების, შშმ) წარმომადგენელი ქალების საჭიროებებს. აქტიურად ჩაერთეთ საჯარო დისკუსიებში, შეხვედრებში, ოჯახის, თემის, ქალაქის და ქვეყნისათვის საჭირო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. აუცილებლად მიდით არჩევნებზე და მოუწოდეთ თქვენ გარშემო მყოფ ქალებს აქტიურობისკენ, სამომავლოდ კი მხარი დაუჭირეთ თქვენი ოჯახის წევრ, ან თემში გამორჩეულ, ლიდერ ქალებს არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა როგორც კანდიდატებმა, იბრძოლეთ ნეგატიური სტერეოტიპებისა და ბარიერების აღმოსაფხვრელად, გააძლიერეთ ქალური სოლიდარობა, რაც ასე გვაკლია დღეს. და, რაც მთავარია, გააკეთეთ არჩევანი დამოუკიდებლად, ზეწოლის გარეშე.