„ყველაფერს იტყვის „კაგებეშნიკი“ ბიძის გაზრდილი, რუსეთის მსტოვარი – მიხეილ სააკაშვილი.“
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელისუფლებისთვის მისაღები, კონსტრუქციული ოპოზიცია დაასახელა: „ევროპელი სოციალისტები“, „მოქალაქეები“ და „მესამე ძალა“. ღარიბაშვილმა ეს განცხადება გააკეთა ადგილობრივ არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, წინასაარჩევნო კამპანიის პიკზე და გამწვავებული ვითარების ფონზე. ხელისუფლება თავის წინასაარჩევნო კამპანიაში აქცენტს რადიკალურ ოპოზიციასთან ბრძოლაზე აკეთებს.
ამასთან, არჩევნების წინ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის ყველა კვლევა მიუთითებს იმაზე, რომ მთავარი ბრძოლა წარიმართება „ქართულ ოცნებას“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და გახარიას პარტიას შორის. დანარჩენი პარტიები მხოლოდ სტატისტების როლს ასრულებენ და 5%-ზე მეტ ხმას ვერ მიიღებენ.
მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს ჩვენთან ინტერვიუში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი დავით ბაციკაძე, რომელსაც მიაჩნია, რომ „ქართული ოცნება“ არათუ თვითმმართველობის, მომავალ საპარლამენტო არჩევნებშიც გაიმარჯვებს და კიდევ ერთი ვადით მოვა საქართველოს ხელისუფლებაში.
-ბატონო დავით, რამდენად ეთანხმებით პრემიერს, დესტრუქციული და კონსტრუქციული ოპოზიციის შეფასებაში?
-ვეთანხმები პრემიერს, ნათელაშვილის ფანჩატურს შეფარებული პარტიები ვერაფრით იქნებიან კონსტრქუციულები, რადგან იქ თავი მოიყარეს ყველაზე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა. რაც შეეხება „გირჩს“, „მოქალაქეებს“ და „მესამე ძალას“, ცდილობენ შედარებით კონსტრქუციული დიალოგების წარმოებას, ხელს უწყობენ ხელისუფლებას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში და ა.შ. ოპოზიციასაც აქვს თავისი ვალდებულებები ქვეყნის წინაშე და აუცილებელია, რომ რაღაც წილობრივი მონაცემებით მაინც, შეეხიდონ მთავრობას სახელმწიფოებრივი ინსტიტუციების ამოძრავებაში. ესენი კი თუ არ გვეხიდებიან, ხელს არ გვიშლიან და არ აწყობენ ხალხისთვის სახიფათო გამოსვლებს, საპროტესტო აქციებს და საბოტაჟებს.
-„მოსმენების“ თემამ გადაფარა წინასაარჩევნო მარათონი. ყველა არხზე აჟიტირებენ ამ ფაილების ირგვლივ და აცხადებენ, რომ ეს „ქართული ოცნების“ კრახის მომასწავებელია.
-ეს არ არის მათი ახალი წამოწყება. უკვე კარგა ხანია ამისთვის ემზადებოდნენ და როგორც იქნა გამოუშვეს ხალხის სამსჯავროზე. სააკაშვილი კარგა ხნით ადრე იმუქრებოდა, რომ რაღაც ისეთს გააკეთებდა, რაც „ქართული ოცნების“ პრესტიჟს ძირს დასცემდა. ასე რომ, ველოდით მსგავს პროვოკაციას. აქვე აღვნიშნავ, რომ ამ პროცესებში ჩართულია გახარია, რომელსაც თავის დროზე ჰქონდა წვდომა ამგვარ ინფორმაციებთან.
-ამ ინფორმაციის გავრცელებით ოპოზიცია ცდილობს „ოცნების“ მომხრეების გადაბირებას. იმედი აქვს, მმართველი გუნდი ხმების 43%-ზე ნაკლებს აიღებს და აიძულებენ უვადო არჩევნების ჩატარებას.
-არავითარი უვადო არჩევნები არ დაინიშნება. ეს გარკვევით განაცხადა პრემიერმა. არავინ აპირებს მათ ნება-სურვილზე სიარულს. თანაც, გარწმუნებთ, რომ ჩვენი პარტია 43%-ზე გაცილებით მეტს აიღებს. ასე რომ, აღარ დადგება ამ საკითხის ირგვლივ მსჯელობის აუცილებლობა. ეს მათაც კარგად იციან, ამიტომ არიან ასეთ დღეში და აწყობენ საკმაოდ კარგად მომზადებულ პროვოკაციებს, რათა ხალხს მმართველი გუნდის რწმენა დაუკარგონ.
-თუკი მიაღწიეს საწადელს?
-ვერ მიაღწევენ. ხალხმა კარგად იცის, ვინ ვინ არის და რა აქვს ჩაფიქრებული. მათი პრეზიდენტი, ვგულისხმობ სააკაშვილს, ყოველ დღე ჰპირდება, ჩამოვალო, მაგრამ სად არის? ვერ ჩამოდის. მან კარგად იცის, აქ რაც ელოდება და რა დანაშაულები აქვს ჩადენილი, რომლისთვისაც კანონის ფარგლებში მოსთხოვენ პასუხს, ესენი კი ბეჯითად ელოდებიან. . . ამიტომ არიან ეიფორიაში ჩავარდნილი და მხოლოდ მის ბრძანებებს ასრულებენ. მთელი ეს სიტუაცია კი უარყოფითად მოქმედებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ნორმალური პოლიტიკის წარმოებაზე. რაღა დარჩა, მოახლოვდა არჩევნების დღე და როდესაც დარწმუნდებიან, რომ ყოფილი პრეზიდენტი არ ჩამოვა, დამიჯერეთ, მათი მომხრეების უმრავლესობა, არათუ ხმას მისცემს, საერთოდ არ მივა საარჩევნო უბნებში. ისინიც დაიღალნენ ამდენი ტყუილით.
-თქვენ ამბობთ, რომ მიხეილ სააკაშვილს ჯერ კიდევ ჰყავს მომხრეები, რომლებიც გამოცოცხლდებიან, თუკი გაბედავს და ჩამოვა საქართველოში?
-დიახ, ჰყავს. მკვდარ, არაფრისმაქნის, გამწარებულ ედუარდ შევარდნაძესაც კი უჭერდნენ მხარს საქართველოში და ახლაც არის ეს ხალხი დარჩენილი. იგივეა სააკაშვილის მიმართაც. ჯერ კიდევ ჰგონიათ მავანთ, რომ ეს კაცი რაიმეს გამკეთებელია, რომ მართლაც შესტკივა გული საქართველოსთვის.
-თქვენ თვლით, რომ შევარდნაძის და სააკაშვილის პერიოდი ერთნაირად ნეგატიური იყო?
-არა, შევარდნაძის მმართველობას არ შევადარებ სააკაშვილის ხელისუფლებას. როდესაც დაიწყო მმართველობა, იმ პერიოდში, მართლაც გააკეთა რაღაც სიკეთეები, რომელიც დაეტყო ქვეყანას, მაგრამ შემდეგ ისეთი შეცდომები დაუშვა, უფრო სწორად, იმნდენი დანაშაული ჩაიდინა მან და მისმა გუნდმა, რომ ქართველმა ხალხმა ერთბაშად აქცია ზურგი. ამ ეტაპზე სააკაშვილი არაფრისგამკეთებელია. ჯერ კიდევ ძველი ილუზიებით ცხოვრობენ მისი მომხრეები და არ თმობენ წარსულ მიღწევებს. ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა, მაგრამ მორალური მხრიდან თუ შევხედავთ, საკვირველია, როგორ ვერ ხვდებიან, რომ აბსოლუტურად დესტრუქციულ ძალებს უჭერენ მხარს.
-რამდენად მნიშვნელოვანია თვითმმართველობის არჩევნები რიგითი მოქალაქეებისთვის და რა დატვირთვა გააჩნია მას ჩვენს რეალობაში?
-თვითმმართველობა უშულოდ რიგით მოქალაქეებს აძლევს ქვეეყნის მართვის საშუალებას, რადგან შუალედურ რგოლს წარმოადგენს ცენტრსა და რეგიონებს შორის. ყველა წვრილმანი პრობლემა, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისათვის, მუნიციპალიტეტების მეშვეობით იმართება და ცენტრს განზოგადებისთვის გადაეცემა, რის შემდეგაც პროგრამულად იმართება. ყოფითი საკითხები: გაზი, წყალი, საკანალიზაციო სისტემები, ქუჩების მოწესრიგება, ინფარსტრუქტურა, მშენებლობა და ა.შ. გადის თვითმმართველობაზე. ამიტომაა აუცილებელი, არჩევნების დროს ხმა მივცეთ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ხელეწიფება ყველა ამ პრობლემის მოგვარება.
-ოპოზიცია აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა დაარღვია დეცენტრალიზაციის პრინციპი და რეგიონები ავტომატურად იმართება ცენტრიდან, რაც დამოუკიდებლობის ხარისხს ადაბლებს.
-ამას ის ხალხი ამბობს, ვისი მმართველობის დროსაც არასოდეს ჩატარებულა მერის პირდაპირი არჩევნები. მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი დეცენტრალიზაცია და საკრებულოებს მიეცა რეალური ძალაუფლება. არც ის დაგავიწყდეთ, რომ სწორედ ჩვენ გავზარდეთ საკრებულოს წევრთა რაოდენობა, რათა უკეთესი და უფრო მობილური გამხდარიყო მუნიციპალური საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირება.
-თუკი ასეა, რატომ აყენებენ ამ ბრალდებას?
-იმიტომ, რომ სხვაგვარად არ ძალუძთ. შვეიცარიას რომ დავამსგავსოთ მთელი ქვეყანა, სააკაშვილის და მისი მომხრეების თვალში, მაინც არაფრის მკეთებლებად და უსუსურებად გამოვჩნდებით. არ უნდათ და ვერ ხედავენ, რამხელა ცვლილებებია ბათუმში, სხვა მუნიციპალიტეტებში, რამდენი რამ გაკეთდა. ისეთი უბნებია მოწესრიგებული, ადრე რომ ვერც ვიოცნებებდით. არ არის საჭირო ზეპირად ჩამოთვლა, გადით ქუჩაში და მიიხედ-მოიხედეთ, რამდენი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტია განხორციელებული და როგორ გაიზარდა ქალაქი, გაცილებით კომფორტული და მდიდრული გახდა გარემო.
-როგორ შეაფასებდით გახარიას კანდიდატურის თბილისის მერობაზე წარდგენას?
-თავის დროზე, ძალიან რთულ ვითარებაში დაგვტოვა ჩვენ გიორგი გახარიამ. მაშინ ვერ მივხვდით, ეს ადამიანი „საბოტაჟნიკი“ იყო თუ მშიშარა. შემდგომმა მოვლენებმა ნათელი გახადა, რომ გახარია „საბოტაჟნიკია“ და არა მშიშარა. სხვაგვარად მის შემდგომ ქმედებებს ახსნა არ მოეძებნება.
-მას ერთ-ერთ პრიორიტეტულ პოლიტიკურ ძალად მიიჩნევენ და ახალჩამოყალიბებული პარტიისთვის, საკმაოზე მეტი ავტორიტეტი აქვს, რასაც სოციალური კვლევებიც ადასტურებს.
-ვიცი, ბევრი ჩემი მეგობარი გადავიდა მასთან, რადგან ხმა დაარხია, თითქოს ივანიშვილი აფინანსებდა და მხარს უჭერდა. მეც მიყვებოდნენ, რომ „ბიძინას ახალი პროექტია“. ამ ეშმაკობით შეძლო მან თავის წარმოჩენა და პოლიტიკური ქულების დაგროვება. დრომ თავისი ადგილი მიუჩინა ყველაფერს. თანდათან დარწმუნდა ხალხი, რომ გახარია, უბრალოდ, სარგებლობს არსებული სიტუაციით და იმ კაცს იყენებს ფარად, რომელსაც უღალატა. ადრე თუ ეჭვი ეპარებოდათ, მელიასთან რომ ჰქონდა კავშირი, ახლა დარწმუნდნენ, ამ რადიკალურ ოპოზიციას წარმოადგენს და სააკაშვილთანაა შეკრული.
-სააკაშვილის მომხრეები სასტიკად უარყოფენ ამ ფაქტს და პირიქით, „ქართული ოცნების“ სატელიტად მოიხსენიებენ მას.
-ეს გამორიცხულია. ყველა მისი ქმედება იმის დასტურია, რომ ყოფილი პრეზიდენტის კაცია და თავადაც საქართველოსთვის უაღერსად საზიანო, დესტრუქციულ ქმედებებს ჩადის.
-ცოტა უფრო ადრეული პოლიტიკური მოვლენები განვიხილოთ, რატომ უშალა პირი „ქართულმა ოცნებამ“ მიშელის დოკუმენტს, რეფერენდუმად შერაცხული არჩევნების ჩატარება არ ისურვა თუ მითითებული ბარიერის ვერგადალახვის შეეშინდა?
-აქ ცოტა სხვაგვარად წარიმართა მოვლენები. თავში მიშელის დოკუმენტს მოაწერა ხელი „ქართულმა ოცნებამ“, რითაც მისაბაძი მაგალითი მისცა ოპოზიციურ ძალებს. იმათ არ ისურვეს ხელმოწერა, რის გამოც ამ დოკუმენტმა დაკარგა მნიშვნელობა. შემდეგ ჩაუშვეს გახარიას პროექტი, რამაც ხმების გაყოფის საფრთხე შექმნა. მით უმეტეს, თუკი გავითვალისწინებთ, რომ დაწესებული იქნებოდა ბარიერი და ენმ ახალ პოლიტიკურ პარტნიორთან ერთად ყოველმხრივ შეეცდებოდა არჩევნების სხვა სცენარით წარმართვას. ვინაიდან დოკუმენტს მხოლოდ ერთი მხარე, ანუ ჩვენ ვაწერდით ხელს, ლიდერებმა აღარ ჩათვალეს საჭიროდ გარისკვა და ქვეყანაში არეულობის წინაპირობის შექმნა. ამიტომაც, მშვიდად გამოვიდნენ შეთანხმებიდან. როგორც ხედავთ, მართლები აღმოჩნდნენ, რადგან „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაშინვე გადათქვა ადრე გაჟღერებული პრინციპები და იკადრა მიშელის დოკუმენტის ხელმოწერა. ამის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ არ თვლის საჭიროდ უკვე უარყოფილის დაბრუნებას, მით უმეტეს, რომ გახარია დარჩა აბსოლუტურად უფუნქციოდ.
-ოპოზიცია რევოლუციით იმუქრება, თუკი არ დაინიშნება უვადო არჩევნები, ალბათ ისევ გაყალბებას მოიშველიებს თავისი ქმედებების გასამართლებლად?
-რევოლუცია მაგათ ტვინებში, ჯერ კიდევ შარშან, ნოემბერში მოხდა და ყველა დანარჩენი, ჩვენს მიერ მოგებული ცხრა, არჩევნების შემდეგ ამას სულ იმუქრებიან, მაგრამ ხალხი ვერაფრით აიყოლიეს. ასე რომ, დამშვიდდით, არაფრის მომწყობები ესენი არ არიან. მით უმეტეს, სათქმელიც არ ექნებათ, რადგან 43%-ზე გაცილებით მეტს ავიღებთ ჩვენ. აღდგომა და ხვალეო – რაღა დარჩა 2 ოქტომბრამდე, თავად ნახავთ რა ციფრებიც დაიდება. „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების ფართო წრეების მხარდაჭერა აქვს, რასაც ვერ დაიკვეხნის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც დღითი დღე კარგავს თავის მომხრეებს ამდენი პროვოკაციისა და ტყუილის შედეგად.
-ხომ შეიძლებ, ისევ გაყალბების თემა მოიშველიონ და გამოაცხადონ პროტესტი?
-კი, ესენი ყველაფერს იტყვიან, ამაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ არ გამოუვათ, რადგან ახალი საარჩევნო კოდექსი გამორიცხავს შეცდომებს. ყველა ბიულეტენს გადაიღებენ. როგორც კი არჩევნები დასრულდება, შემაჯამებელ ფურცელთან ერთად დასკანირდება, აიტვირთება სპეციალურ სიატზე და დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ კონკრეტული უბნის კონკრეტული მონაცემების ნახვაც კი. ასე რომ, ისევ გაყალბების დაბრალება გამორიცხულია.
-ევროპის მიერ შემოთავაზებულ ტრანშზე – 75 ათას ევროზე უარის თქმით ღარიბაშვილს რუსეთის ხელდასმული პრემიერი უწოდეს.
-ღარიბაშვილი იყო ის პრემიერი, რომელმაც ხელი მოაწერა ევროპასთან ასოცირების შეთანხმებას და ის იქნება საქართველოს მთავრობის პირველი მეთაური, რომელიც ევროკავშირში საქართველოს წევრად მიღებაზე განაცხადს შეიტანს. ვინაა რუსეთის აგენტი და ვინ ჩააბარა ათეულობით სოფელი და ასეულობით კმ ტერიტორია, ყველამ კარგად ვიცით და ისიც გვახსოვს, ვინ ფორთხავდა რუსეთის გენერალიტეტის წინაშე, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. აქედან გამომდინარე, საკუთარი ქმედებები რომ გადაავიწყოს ხალხს და სხვას შეაწმინდოს ხელი, ყველაფერს იტყვის „კაგებეშნიკი“ ბიძის გაზრდილი, რუსეთის მსტოვარი მიხეილ სააკაშვილი.
-სანამ სხვები მხოლოდ სიმბოლურად წარმოადგენდნენ თავს მესამე ძალად, რომელიც ნეიტრალური ელექტორატის შემობრუნებას შეძლებდა, გრიგოლ და გიორგი ვაშაძეებმა ოფიციალურად დაირქვეს „მესამე ძალა“ და გამოაცხადეს, „ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ უკვე გარდაიცვალაო.
-კულუარებში მათ მოიხსენიებენ, როგორც „რიჩარდ III ძალას“. ალბათ იმედი აქვთ, სამ პროცენტს მაინც ააგროვებენ, შესაძლოა, მაგდენიც ვერ მიიღონ, რადგან სხავასხვა პარტიაში მათი მოგზაურობა და მარტივ მამრავლებად დაშლა უკარგავს ნდობას მათივე ამომრჩეველს. ესეც მათი ლიდერის ხრიკებია. გაიშალნენ, სხვადასხვა სახელწოდების ქვეშ, პატარ-პატარა „ნაცმოძრაობებში“. იმედი აქვთ, ისე არევ-დარევენ პოლიტიკურ დაფას, რომ ხალხს აღარ გაახსენდება, ვინ რას წარმოადგენდა, მაგრამ ასე არ არის, ყველას ყველაფერი ახსოვს და საჭირო დროს, დოკუმენტურადაც დავადასტურებთ. ასე ირბენენ, შემდეგ კი უგულავასავით დაბრუნდებიან მიხეილ სააკაშვილთან პარტიაში და ექნებათ ნულოვანი რეიტინგი, მათი ბოლო მხოლოდ ესაა.
-რეიტინგულ გამოკვლევებში საქართველოს მოსახლეობის 52% აცხადებს, რომ არცერთ პარტიას არ ენდობა. როგორ უნდა გააკეთონ არჩევანი?
-არჩევანი უნდა მოხდეს იმ პარტიებს შორის, რომლებიც საარჩევნო უბნებშია დარეგისტრირებული. სხვა გამოსავალი არ არის. მესმის, ამ ხალხის, რომ ვერ ენდობიან ვერავის, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ პოლიტიკური ველი არასოდეს რჩება თავისუფალი. ასეთ ლუსტრაციაში ვიყავით ჩვენც, მაგრამ გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. ასე იქნება რამდენიმე წელიწადშიც, თუმცა ცვლილება არ მოხდება 2024 წლამდე, ამაში დარწმუნებული ვარ. დაღვინდება მანამდე ახალგაზრდული ჯგუფი, დააგროვებენ პოლიტიკურ ქულებს და ჩამოაყალიბებენ დასავლეთის ორიენტაციის ახალ პარტიას, რომელსაც აირჩევს ხალხი. სულ ხომ ვერ იქნება „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში?. . მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განშტოებები რომ ვერასოდეს მოვლენ ქვეყნის სათავეში – ამაში დარწმუნებული ვარ!

