მზია აბულაძე – 65
მან გული ბავშვებს მიუძღვნა
ყველა პროფესიას თავისი ხიბლი აქვს, მაგრამ მასწავლებლობას ვერცერთი ვერ შეედრება. ხალხური სიბრძნეც ხომ ამას ღაღადებს: ,,სამყაროს მზე ანათებს, ცხოვრებას – მასწავლებელი“. აღზარდო ადამიანი, გამოძერწო მისი პიროვნება, ჩამოქნა, გაალამაზო, გააკეთილშობილო და გაამშვენიერო მისი სული, უდიდესი პასუხისმგებლობაა ღვთისა და ერის წინაშე.
და რაოდენ ბედნიერია პედაგოგი, რომელიც ამ უკეთილშობილეს საქმეს უანგაროდ, უმწიკვლოდ, რუდუნებით, ერთგულებით და სიყვარულით შეალევს თავის ცხოვრებას და ბოლომდე დაიხარჯება.
სწორედ ასეთი, ღვაწლმოსილი, მრავალთაგან გამორჩეული, მაღალადამიანური ღირსებებით შემკული, მზიანი გულის, ღვთისმოსავი პიროვნება, თხემით ტერფამდე პედაგოგი და ჭეშმარიტი აღმზრდელი გახლავთ ქართული ენისა და ლიტერატურის ამაგდარი მასწავლებელი მზია აბულაძე.
მაღალი ზნეობით, კარგი გვარიშვილობითა და ოჯახისშვილობით ნასაზრდოები ფესვებით მოდის ქალბატონი მზია. დიდი ოჯახის მადლი და გენი, შინაგანი კულტურა და დახვეწილი ინტელექტი, გამჭრიახი გონება და ნიჭი, მრწამსი, სიდარბაისლე და დიდბუნებოვნება, მაძიებლობა და ენთუზიაზმი, მდიდარი ცოდნა და გამოცდილება, პროფესიონალიზმი, ნათელი გონება და ლამაზი სული გამოარჩევს ყველასგან და კიდევ – გარჯის, სხვებისთვის სიხარულის მინიჭების იშვიათი უნარი, ადამიანებთან ურთიერთობის დიდი ხელოვნება, რაც ქმნის ჭეშმარიტი ქართველი ქალის, აღმზრდელისა და მოძღვრის განუმეორებელ პორტრეტს.
ულამაზეს სოფელ ვაშლოვანიდან დაიწყო მისი ხატიმამული. ქართული ტრადიციებით, შრომისმოყვარეობითა და სტუმარმასპინძლობით გამორჩეულ ოჯახში იზრდებოდა. მშობლები სამაგალითო ადამიანები იყვნენ. მამა – ყარაღა აბულაძე გმირულად იბრძოდა ფაშისტი დამპრყრობლების წინააღდეგ და ჯილდოებით მკერდდამშვენებული დაუბრუნდა მშობლიურ კერას. დედა – ანტონინა აბულაძე სამამულო ომის ვეტერანი, აჭარის დამსახურებული პედაგოგი, სამაგალითო და აღიარებული აღმზრდელი გახლდათ. მან მომავალი თაობების ღირსეულ მოქალაქეებად აღზრდა-განათლებას მიუძღვნა მთელი ცხოვრება.
მზია დედის კვალს გაჰყვა. მასწავლებლის ურთულესი და უკეთილშობილესი პროფესია აირჩია სამოღვაწეოდ.
ვაშლოვანისა და სოფელ ოქტომბრის სკოლებში სწვლობდა. შემდეგ იყო შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, წიგნებთან გათენებული ღამეები და ინსტიტუტის წარმატებით დასრულება.
ახალგაზრდა პედაგოგმა ხულოს რაიონის ოქტომბრის საშუალო სკოლაში დაიწყო პედაგოიური მოღვაწეობა. მასწავლებელი – გზა სამერმისო, მასწავლებელი – იმედის ხიდი, მასწავლებელი – სინათლის დედა, ქვეყნად მეგზური ყველაზე დიდი“, – პოეტის ეს სიტყვები ზუსტად ესადაგება მის პედაგოგიურ საქმიანობას. იგი აღსაზრდელთათვის მართლაც, დიდ იმედად, სინათლის წყაროდ და ყველაზე დიდ მეგზურად იქცა.
პარალელურად, მზია აბულაძე კომკავშირის ხულოს რაიკომში იღვწოდა რაიონის ახალგაზრდობის ზნეობრივი პოტენციალის ამაღლების, მათში მოქალაქეობრივი მრწამსის ჩამოყალიბებისა და საზოგადოებრივი საქმიანობის უნარების განვითარებისათვის.
1881-1985 წლებში შუახევის წიგნის მოყვარულთა საზოგადოების პასუხისმგებელი მდივანია. 1985 წლიდან თავის საყვარელ საქმიანობას უბრუნდება. წლების განმავლობაში ჩვეული შემართებით იღვწოდა ქ. ბათუმის N1 სკოლა-ინტერნატის აღმზრდელად.
ბავშვთა გულის მესაიდუმლე, შემოქმედი პედაგოგი წარმატებით აგრძელებს მუშაობას ბათუმის შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმში. სწორედ აქ მაქსიმალურად გამოვლინდა მისი შემოქმედებითი უნარი, შესაძლებლობები, ორგანიზატორული ნიჭი, სიახლეთა დანერგვა, სწავლებისა და აღზრდის ურთიერთშერწყმა. მისთვის ყოველ გაკვეთილზე შესვლა აღსაზრდელის სულში შესვლას, სულის თანაზიარობას, მასთან ჰუმანურ თანამშრომლობას, ფიქრისა და განსჯისათვის სარბიელის შექმნას ნიშნავდა. ამიტომაც საგულდაგულოდ ემზადებოდა ყოველი გაკვეთილისათვის. მოსწავლეები კარგად გრძნობდნენ, როგორ იზრდებოდა მზია მასწავლებლის გაკვეთილიდან გაკვეთილამდე მათი ცოდნის მარაგი, გონებრივი თვალსაწიერი, რა ახლობელი, ძვირფასი და საყვარელი ხდებოდა მათთვის შოთა და ილია, ვაჟა და აკაკი, ტატო და გალაკტიონი. . .
,,მეამაყებით, მზია მასწავლებელო, როგორც ჭეშმარიტი პედაგოგი და მოძღვარი. მადლობას გიხდით ლამაზი გაკვეთილებისათვის, თქვენგან დანთებული სინათლის შუქისათვის, სიკეთისათვის, გზის გაკვალვისა და აღსაზრდელებისადმი დედობრივი სიყვარულისათვის“, – ამბობს მისი ყოფილი მოსწავლე ნესტან ქათამაძე, ასევე მისი აღზრდილი ნათია გოგუაძე კი წერს: ,,საყვარელო მზია მასწავლებელო, თქვენ ჩვენთვის, აღსაზრდელებისათვის პირადი მაგალითითაც მასწავლებელი, იდეალი, ჩვენი კერპი, ნამდვილი ადმიანობის ეტალონი იყავით. ბედნიერი იყო თქვენთან, მერხზე გატარებული სკოლის წლები. გმადლობთ იმ ლამაზი ბედნიერი წუთების ჩუქებისათვის, გმადლობთ დედობრივი ზრუნვისა და ამაგისათვის“.
შთაბეჭდილებების წიგნი სავსეა ასეთი გულწრფელი სტრიქონებით, მადლობის სიტყვებით, რომლებიც აღსაზრდელებზე მიძღნილი სიცოცხლის, გულის სითბოსა და სიყვარულის ფასად დაიმსახურა ღვაწლმოსილმა პედაგოგმა.
ლამაზი სულის აღმზრდელმა და მოძღვარმა ოჯახიც ლამაზი შექმნა. მისი მეუღლე თემურ ზოიძე ტურიზმის ექსპერტია, ქალიშვილი თეონა აჭარის სამუზეუმო გაერთიანების დირექტორი, ვაჟი გიორგი კი კომპანია ,,ჯორჯიან ვორქ ფორსის“დირექტორია. რძალი ხათუნა ბერიძე მაგისტრია, სიძე მამუკა აბაშიძე ბიზნესში მოღვაწეობს. მოესწრო შვილიშვილებიც – ანა სტუდენტია, ანრი კი მე-9კლასის მოსწავლე. ქალბატონ მზიას მეტად ახარებს ის ფაქტი, რომ მეუღლე თემურ ზოიძემ და შვილებმა თეონამ და გიორგიმ ერთ დღეს დაიცვეს სადოქტორო დისერტაციები. დღეს ამ სანაქებო, ლამაზ ოჯახში სამი აკადემიური დოქტორია.
ვალმოხდილ, ღვაწლმოსილ პედაგოგ მზია აბულაძეს ვულოცავთ საიუბილეო თარიღს. უფალი ფარავდეს და წინამძღვრობდეს მზით გაბრწყინებულ, ტაძრისკენ მიმავალ ცხოვრების დიდ გზაზე.
საქართველოს იაკობ გოგებაშვილის პედაგოგთა კავშირის აჭარის რესპუბლიკური ორგანიზაცია,
აჭარის ღვაწლმოსილ მუშაკთა პატივგებისა და მადლიერების საზოგადოება,
სრულიად საქართველოს ზოიძეთა საგვარეული კავშირი