რა საფრთხე ემუქრება პოლიტიკურ სპექტრს და ქვეყანას?
ლაშა ხომერიკი 593 50 82 69 –
მეოთხედი საუკუნეა, ჩვენი ქვეყანა მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს. პოლიტიკოსთა ურთიერთბრალდებები, ერთმანეთის შეურაცხყოფა, სხვადასხვა საკითხში კონსენსუსის არმიღწევა – ეს ის რეალობაა, რამაც საქართველოს მრავალი პრობლემა შეუქმნა, თუნდაც არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა, არასტაბილური პოლიტიკური გარემო, რომ აღარაფერი ვთქვათ სახელმწიფო გადატრიალებაზე, რამაც რუსეთს გაუადვილა თავისი მიზნების მიღწევა საქართველოში. არადა, თითქოს ამ 30 წლის განმავლობაში, რაც საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, წესით და რიგით, პოლიტიკური კლასი ისე უნდა განვითარებულიყო, საბედისწერო შეცდომები არ დაეშვა, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ მოხდა, ჩევნი პოლიტიკური რეალობა წრეზე ტრიალებს,
ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს ქვეყნის არასახარბიელო მდგომარეობაში და მას უნიათოს უწოდებს, ხელისუფლება კი ოპოზიციის ბრალეულობაზე საუბრობს, ანტისახელმწიფოებრივ ძალად მოიხსენიებს. . . ასე გრძელდება წლიდან წლამდე. არადა, თანამედროვე ადამიანებს საქრთველოშიც, ცხადია, გვაქვს ისეთ საზოგადოებაში ცხოვრების მოთხოვნილება, სადაც არა მხოლოდ ადამიანის უფლებები იქნება დაცული, არამედ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც შეასრულებენ თავიანთ მოვალეობას ქვეყნის წინაშე. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა უმთავრესად ხელისუფლებას ეკისრება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის სტაბილურობა და განვითარება. ცხადია, ოპოზიციასაც დიდი როლი ენიჭება საზოგადოების ყურადღების ამაღლების თვალსაზრისით. სამწუხაროდ, ამ კუთხით ჯერჯერობით სახარბიელო მდგომარეობას ვერ ვხედავთ. ამიტომაც ხშირად გაისმის კითხვა – ბალტიისპირეთის ქვეყნების მსგავსად საქართველოც რატომ არ გახდა დასავლური ყაიდის სახელმწიფო როგორც პოლიტიკური სტაბილურობის, ისე ეკონომიკური კეთილდღეობის კუთხით? რა თქმა უნდა, რამდენიმე მიზეზის დასახელება შეიძლება, უმთავრესი ის გახლავთ, რომ ჩვენი პოლიტიკოსები აზრის სიღრმითა და სიახლით კი არ ეჭიდებინ ერთმანეთს, არამედ საგანგებოდ შეგროვილი სალანძღავი სიტყვების კორიანტელით. კიდევ კარგი, გასული საუკუნის 90-იანი წლების მსაგვსად, იარაღით არ არჩევენ მტყუან-მართალს, სხვა მხრივ კი არაფერი შეცვლილა: განსხვავებული შეხედულების მქონეთა მიმართ ტოლერანტულები არ ვართ, განსაკუთრებით, თუ ის მოწინააღმდეგე ბანაკშია – მაშინ ის მტერია, მოღალატეა და ა. შ. ოპოზიცია არ აკლებს ხელისუფლებას „ხატოვან“ ეპითეტებს, რადგან არსებული და არარსებული პრობლემების მოუგვარებლობაში ხელისუფლებას ადანაშაულებს, ასე იყო შევარდნაძის, სააკაშვილის მმართველობის დროს და ასეა ახლაც. ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის დამახასიათებელია (ბალტიისპირეთის გამოკლებით). ისინი ერთმანეთისგან თითქმის არ განსხვავდება მმართველობის სტილით, სასამართლო ყოფილ საბჭოურ სახელმწიფოებში ბოლომდე თავისუფალი არ არის ხელისუფლების ზეგავლენისგან, რასაც ემატება არასტაბილური პოლიტიკური გარემო, არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა და ურთიერთდაპირისპირებული პოლიტიკური კლასი, კიდევ უფრო სამწუხარო ფაქტორია – მტრებად დაყოფილი და ნიჰილისტურად განწყობილი საზოგადოება. სწორედ ამ საშიშროებაზე საუბრობდა თავის დროზე ზვიად გამსახურდია : ” რუსკთის მიზანია ქართული საზოგადოება დაყოს, გადაამტეროს და ურთიერთდააპირისპიროს, რათა დასავლეთმა ჩვენზე ხელი ჩააქნიოს და თავის ორბიტაში დაგვაბრუნოს. . .” ამ მიზანს რუსეთმა 90-იან წლებში მიაღწია, 1992-დან 1995 წლამდე დასავლეთი არ ფიგურირებდა ჩვენს რეგიონში და სწორედ ამ ხნის განმავლობაში რუსეთმა მიითვისა აფხაზეთი და ნაწილობრივ, სამაჩაბლო. . . აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დასავლეთის მკაფიო მხარდაჭერა რომ არა, რუსეთი არც მთელი ქვეყნის ოკუპაციას მოერიდებოდა, განა ყირიმის და დონბასის ოკუპაცია არ ცხადყოფს რუსეთის ჰეგემონიურ მისწრაფებებს სამეზობლოში გავლენის გაფართოებისთვის?!
ამჟამად რუსეთის მიზანი არა იმდენად საქართველოსადმი აგრესიაა, რამდენადაც ქვეყანაში შიდა ქაოსის გამოწვევა, პოლიტიკური კლასის ურთიერთდაპირისპირება, რათა დასავლეთმა საქართველოს ზურგი შეაქციოს. ამ კუთხით ქართულ პოლიტიკურ სპექტრს დიდი დაფიქრება მართებს, სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ ჩვენი პოლიტიკოსები ერთმანეთთან ეთიკურად საუბარს ვერ მიეჩვივნენ, საზოგადოების უნდობლობას ვერ ასცდებიან, ამასთან, რუსეთს მისცემენ მღვრიე წყალში თევზის დაჭერის საშუალებას, რაშიც ჩვენი მეზობელი ფრიად გაწაფულია და დიდხანს არ გვალოდინებს. ზოგადად, რას ვამბობთ და როგორ ვამბობთ, თანაბრად მნიშვნელოვანია, უდიდესი კამათიც კი ისეა შესაძლებელი, რომ არცერთი მხარე არ დარჩეს შეურაცხყოფილი . “სიძულვილი და მტრობა ყველას შეუძლია, ამას ნიჭი არ სჭირდება, სიყვარული კი სულით ამაღლებულთ ხელეწიფებათ, იგი ღვთაებრივ უნარს ითხოვს”, – წერდა ერთ-ერთ პუბლიცისტურ წერილში სულმნათი აკაკი ბაქრაძე. ბუნებრივია, პოლიტიკოსებისგან ურთიერთსიყვარულს ვერ მოვითხოვთ, მაგრამ ერთმანეთთან ცივილურად და არგუმენტირებულად პაექრობის, ასევე, ურთიერთპატივისცემის გამოვლენის ვალდებულება ნამდვილად აწევთ. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ შორს ვართ დასავლური დემოკრატიისგან. ეს განსაკუთრებით იგრძნობა არჩევნების მოახლოებისას. საარჩევნო მარათონი დაძაბულია, ურთიერთბრალდებები არ კლებულობს ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის, ხელისუფლება ოპოზიციის დიდ ნაწილს დესტრუქციულ ძალად მოიხსენიებს, ეს უკანასკნელი კი ხელისუფლებას “ვარდისფერი სათვალის” მოხსნას ურჩევს და ოპოზიციაში გადაბარგებას უწინასწარმეტყველებს… ოპოზიციას ეიმედება, რომ ჯამში, 57 პროცენტს აიღებს და მმართველი გუნდი იძულებული გახდება, რიგგარეშე არჩევნები ჩაატაროს, რადგან ლეგიტიმაციის პრობლემა შეექმნება,
ვის რა შანსი აქვს არჩევნებში? “ქართული ოცნება” უკვე მეცხრე წელია, რაც ხელისუფლებაშია და ამ ხნის განმავლობაში, როგორც მისი წარმომადგენლები ამბობენ, ბევრი რამ გააკეთა ქვეყნისთვის, მათი თქმით, ესაა თავისუფალი მედია, დეპოლიტიზებული პოლიცია, მრავალპარტიული პარლამენტი და სხვა. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ხელისუფლება ზემოაღნიშნულის საპირისპიროდ მოქმედებს, რასაც უკვე დასავლეთიც აცნობიერებს. . . ასეა თუ ისე, ერთი რამ უნდა ითქვას, მმართველი პარტიის რეიტინგი, 2012 წელთან შედარებით, შემცირებულია. ეს არცაა გასაკვირი, ამ პარტიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 47 პროცენტი აიღო. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ადგილობრივ არჩევნებში მმართველი პარტია ხმების 60 პროცენტამდე აიღებს, ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება გაყალბებისთვის ემზადება, რადგან მმართველი გუნდის რეიტინგი შემცირებულია, მით უფრო ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ. იგულისხმება ფარული ჩანაწერები, ოპოზიციის თქმით, „მოსმენები“ ხელისუფლების უმსგავსობაზე მეტყველებს, რასაც კატეგორიულად უარყოფენ მმართველი პარტიის წევრები და ამ მხრივ აქცენტი „ნაცმოძრაობასა“ და გახარიას გუნდზე გაადაქვთ. ამას ექსპერტების დიდი ნაწილი არადამაჯერებლად მიიჩნევენ და აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებაში კაროზიაა დაწყებული. . .
ოპოზიციურ ფლანგზე, ყველაზე წონიანი ძალა ” ნაცმოძრაობაა”, მან საპარლამენტო არჩევნებში ხმების 28 პროცენტი მოიპოვა, რაც არ არის ცუდი შედეგი. ექსპერტები აცხადებენ, რომ ” ნაცმოძრაობის” რეიტინგი დიდად არ შეიცვლება და აქ კარგა ხანია გაისმის ლოგიკურ კითხვა: – ვინ იქნება მესამე ძალა, რომელიც კონკურენციას გაუწევს მმართველ პარტიას და ” ნაცმოძრაობას”? ამ მიმართებით აქტიურობს “ლელო საქართველოსთვის”, ” მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლი” და გახარიას პარტია ” საქართველოსთვის”. ამ უკანასკნელმა ამასწინანდელ სოციალოგიურ გამოკითხვებში მესამე ადგილი დაისაკუთრა, მისი რეიტინგი 10 პროცენტია, დაარჩენი პარტიების რეიტინგი ბევრად დაბალია. თუმცა შესაძლოა არჩევნებმა სიურპრიზი შემოგვთავაზოს, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მმართველი პარტია მცირე პარტიებთან (რომლებიც მოხვდებიან საკრებულოში) ალიანსის შეკვრას შეეცდება, რათა „ნაცმოძრაობა” საკრებულოებში უმრავლესობით არ მოვიდეს. ამ მხრივ, როგორც ოპოზიცია, ისე მმართველი პარტია მაღალ ფსონს დებს არჩევნებში, ხუმრობა ხომ არ არის! თუ ხელისუფლებამ დამაჯერებლად მოიგო არჩევნები (მიიღო ხმების, თუნდაც, 44 პროცენტი), ოპოზიცია მარტივ მამრავლებად დაიშლება, ხოლო თუ ამ უკანასკნელმა ჯამში 57 პროცენტი აიღო, მაშინ ხელისუფლებას ეროზია დაეწყება, რაც ორივე მხარეს გაანალიზებული აქვს, ამიტომაც სამტრო-სასიცოცხლოდ უპირისპირდებიან ერთმანეთს.
ექსპერტები აცხადებენ, რომ არჩევნების შედეგებს მნიშვნელოვნად განაპირობებს მოსახლეობის აქტიურობა და ამავე დროს ოპოზიციის სწორი, თანმიმდევრული ქმედებები სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში. . . . როცა არჩევნები ჩაივლის, არსებულ ხელისუფლებას მოუწევს მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება. თუ ჩვენ კარგად გავაანალიზებთ ქვეყნის შიდაპოლიტიკურ ვითარებას ( ეკონომიკა, სოციალური მდგომარეობა), შეიძლება ითქვას, რომ რეფორმები აუცილებელია ყველა სფეროში, მიმდინარე რეფორმები აჩვენებს, რომ ის ან არასწორად არის დაგეგმილი, ან სასურველ შედეგამდე არ არის მისული, ამიტომ აუცილებლად შესასწავლია რეფორმების პროცესი, რამდენადაა იგი შედეგზე ორიენტირებული, რა ხარვეზები შეიძლება გამოვლინდეს მასში. ასევე აუცილებელია შესაბამისი რაციონალური გადაწყვეტილებები. ახალი რეფორმების ტალღა ქვეყნის ყველა სფეროში (პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის, სოციალური მიმართულების) უნდა მიმდინარეობდეს, ვინაიდან ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით, ჩვენ საკმაოდ ნელა მივიწევთ წინ. იმედია, მოახლოებული არჩევნები არანაირ კითხვის ნიშანს არ დატოვებს და ქვეყანა პროგრესისკენ ქმედით ნაბიჯებს გადადგამს, ხელისუფლება და ოპოზიცია სახელმწიფოებრიობის განსამტკიცებლად უკეთ გაირჯებიან.