“ქვეყნის მთავარი პოლიტიკა ეკონომიკაა”
ოთარ ცინარიძე: 599 85 21 14 –
ცნობილ ეკონომისტს, სახელმწიფო მოხელეს, ქედის რაიონის ყოფილ ხელმძღვანელს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 4 მოწვევის დეპუტატ მიხეილ მახარაძეს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდა. იგი ჩვენი გაზეთის სტუმარია.
– ბატონო მიხეილ, წლების განმავლობაში ქედის რაიონის პირველი პირი იყავით. რას გაიხსენებდით ამ გადასახედიდან?
– საქართველოს კომპარტიის ქედის რაიკომის პირველ მდივნად ვმუშაობდი 1982-დან 1991 წლამდე. ჩვენი საქმიანობა, ძირითადად, მიმართული იყო რაიონის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე, მოსახლეობის კეთილდღეობაზე, თითოეული ოჯახის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, რაშიც დიდი როლი ითამაშა თამბაქოს კერძო სექტორში გაშენებამ, რომლის ინიციატორი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაშინდელი ხელმძღვანელი, პროფესორი ვახტანგ პაპუნიძე იყო. აღსანიშნავია, რომ ქედაში წარმატებით ხორციელდებოდა კაპიტალური მშენებლობის პროგრამა. ამ პერიოდში აშენდა რაიონის კულტურის სახლის თანამედროვე შენობა დაბა ქედაში, მდინარე აჭარისწყალზე – 107 მეტრი სიგრძის კაპიტალური ხიდი, ასევე, ხიდები – დოლოგანში, მახუნცეთში, ძენწმანში, ცხმორისში, საჯარო სკოლების კაპიტალური შენობები – დანდალოში, ხარაულაში, გოგიაშვილებში, ცხმორისში, წონიარისში, კვაშტაში, ოქტომბერში და ნამლისევში, აგრეთვე, აიგო რამდენიმე ბაგა-ბაღის და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობები. მადლიერი ვარ თანარაიონელების რომ, “საპატიო ქედელად” ამირჩიეს.
– ეს იყო ეროვნული მოძრაობის გააქტიურების პერიოდი. რაიონის პირველი პირი ეროვნული მოძრაობის ადგილობრივი ლიდერების მოსვლას როგორ შეხვდით ?
– რაიონის დონეზე ეროვნული მოძრაობის ლიდერებთან გაუგებრობები არ ყოფილა. დროულს, პროგრესულს ყოველთვის ფეხი უნდა ავუწყოთ. ეროვნული მოძრაობის ლიდერების მიერ მოწყობილი აქციების საწინააღმდეგოდ ქედიდან ბათუმში აქტივისტების ჩაყვანის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. დედაქალაქშიც და რაიონშიც ეროვნული მოძრაობის ლიდერებთან იმთავითვე საერთო ენა გამოვნახე. ახლა თავს მშვიდად ვგრძნობ, რომ ზოგიერთების ამბიციებს არ ავყევი. დროის მოკლე მონაკვეთში გახლდით იმ ღონისძიებების ორგანიზატორთაგანი, რომლებიც ეროვნულ მოძრაობასთან მიდიოდა.
უდიდესი მოვლენა იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება და დამოუკიდებლობის აქტზე ხელის მოწერა. ძალიან გული მწყდება, რომ ამ დროიდან გასულ 30 წელიწადში ჩვენი საყვარელი სამშობლოს უკეთესი მომავლისათვის დიდი ვერაფერი გავაკეთე. ძველის ნგრევას ბევრი სიკეთეც გადააყოლეს, ქვეყანამ სამოქალაქო და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომები გამოიარა.
– 13-წლიან ერთპიროვნულ, ავტოკრატიულ რეჟიმს დაუპირისპირდით, 2004 წელს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე ქედელებმა მაჟორიტარ დეპუტატად აგირჩიეს . . .
– რაიონის ხელმძღვანელად ჩემი, თითქმის 10-წლიანი, საქმიანობის პერიოდში ჩამომიყალიბდა უაღრესად დადებითი და კეთილი ურთიერთობები შრომით კოლექტივებთან და მოსახლეობასთან. 13 წლის განმავლობაში ადამიანებმა არ დაივიწყეს ის ღონისძიებები, რაც ჩვენი მმართველობის პერიოდში ხორციელდებოდა. აჭარის უმაღლეს საბჭოში 2004 წელს მაჟორიტარ დეპუტატად ამირჩიეს რაიონის მოსახლეობის დიდი მხარდაჭერით. ასევე, სრული მხარდაჭერა გამომიცხადა მშობლიური რაიონის მოსახლეობამ 1991 წელს აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატად არჩევისას, მაგრამ სადეპუტატო საქმიანობა მომდევნო წლებში უკანონოდ აგვიკრძალეს, როგორც კომპარტიის წარმომადგენლებს.
– სტუდენტობა დედაქალაქში გაატარეთ, თითქმის ნახევარი საუკუნე იღვაწეთ სახელმწიფო სამსახურში, მეგობარი რა ადგილს იკავებს თქვენს ცხოვრებაში?
– მეგობრობას ვერაფერი შეედრება და ასე იყო ჩემს ცხოვრებაში სტუდენტობის დროსაც თუ შემდგომაც. განსაკუთრებით დიდი იყო მეგობრული ურთიერთობები რაიონის აქტივთან. გვქონდა პატივი, საქმე გვეკეთებინა მეგობრული დამოკიდებულებისა და თანადგომის ატმოსფეროში. განსაკუთრებული მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები მაკავშირებდა აჭარისა და ქვეყნის დანარჩენი რაიონების ხელმძღვანელებთან, ერთად ვიყავით სირთულეების დაძლევისა და საზეიმო ღონისძიებების დროსაც. ახლა, როცა პენსიაში ვარ, მეგობრები მაინც არ ვივიწყებთ ერთმანეთს. ბათუმში ჩვენს მეგობრულ წრეს პირობითად დავარქვით “ზღვის ბიჭები”. 15-მდე მეგობარი ყოველ დღე ვხვდებით ერთმანეთს, ერთად აღვნიშნავთ დღესასწაულებს, იუბილეებს. ერთად ვართ მაშინაც, როცა გვიჭირს. ახლო ურთიერთობები გვაქვს ქვეყნის სხვა რაიონებში მცხოვრებ მეგობრებთან.
– ვარჯანისი თქვენი მშობლიური სოფელია. რას გვეტყვით მის შესახებ?
– ასაკის მატებასთან ერთად განსაკუთრებული ნოსტალგია მეუფლება ჩემი მშობლიური სოფლისადმი, რომელიც ბავშვობის – სკოლაში სწავლის პერიოდ უკავშირდება და სადაც დღეს, სამწუხაროდ, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, მოსახლეობის ნახევარზე მეტი მიგრირებულია და სოფელი დაცარიელების საშიშროების წინაშეა. უდიდესი სურვილი მქონდა, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ იქ გადავსულიყავი საცხოვრებლად, მაგრამ მეუღლის ავადმყოფობამ და შემდგომში გარდაცვალებამ ხელი შემიშალა ამ იდეის განხორციელებაში.
– როდის იყო ყველაზე კრიტიკული პერიოდი თქვენს ცხოვრებაში და როგორ დაძლიეთ?
– პირად ცხოვრებაში კრიტიკული მდგომარეობა ჩემი მეუღლის, ნათელა ბოლქვაძის, გარდაცვალების შემდეგ მქონდა. ძალიან განვიცდი ასევე, ჩვენს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის გამო. მაღელვებს ქვეყანაში გავრცელებული ვირუსული ეპიდემიის მასშტაბები და ამ დროისათვის 8 ათასზე მეტი ადამიანის გარდაცვალება. არადა, როგორც ექსპერტ-სპეციალისტები ამბობენ, ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაშვებულმა შეცდომებმა განაპირობა ასეთი ტრაგიკული შემთხვევები. საქართველოს გააჩნია ეკონომიკური განვითარების უდიდესი პოტენციალი და ჩემი სურვილია, ქვეყნის ხელმძღვანელობამ ყველაფერი გააკეთოს ეკონომიკური განვითარებისა და ხალხის კეთილდღეობისთვის.
– ოჯახი და მისი როლი – მიხეილ მახარაძის ცხოვრებაში.
– განსაკუთრებული და ფასდაუდებელია აწ გარდაცვლილი მეუღლის ნათელა ბოლქვაძის როლი ჩვენი ოჯახის ცხოვრებაში. 45-წლიანი თანაცხოვრების განმავლობაში, მიუხედავად მისი დატვირთული პედაგოგიური საქმიანობისა, იგი იყო ჩემი არა მარტო მეუღლე, არამედ დიდი მეგობარი. მყავს ორი ვაჟი თავიანთი ოჯახებით. უფროსი დასაქმებულია, ხოლო უმცროსი ლონდონში 7-წლიანი მუშაობის შემდეგ დაბრუნდა და ჯერჯერობით დაუსაქმებელია. მყავს 5 შვილიშვილი და ძალიან მეამაყება, რომ ორი უფროსი შვილიშვილი, ერთი 50%-იანი და მეორე 100%-იანი გრანტებით, სწავლობს სასურველ უნივერსიტეტებში მე-3 და პირველ კურსებზე.
– შვილების, შვილიშვილებისადმი და თანამედროვე ახალგაზრდებისადმი რა დამოკიდებულება გაქვთ?
– სკოლიდან მოყოლებული, ჩემი პრინციპი იყო, თუ ვინმე ჩემზე უკეთესად სწავლობდა, მისთვის მიმებაძა და კიდეც ვაღწევდი. თუ ვინმე უკეთესად მუშაობდა, მეც ვცდილობდი უკეთესად შემესრულებინა ჩემზე დაკისრებული მოვალეობა, რამაც სასურველი დადებითი შედეგები მომიტანა. წარჩინებით დავამთავრე საშუალო სკოლა დაორი უმაღლესი სასწავლებელი, ერთ-ერთი ვიყავი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ რამდენიმე სტუდენტიდან, რომლებიც 1967 წელს პირველად მიგვიწვიეს იენის სახელმწიფო უნივერსიტეტში მე-5 კურსის საწარმოო პრაქტიკის გასავლელად. ჩემს განვლილ საქმიანობაში ყოველთვის ვცდილობდი, მხოლოდ კარგად შემესრულებინა ჩემზე დაკისრებული მოვალეობები. სწორედ ჩემს შვილებს, შვილიშვილებს, ჩემთან ურთიერთობაში მყოფ ახალგაზრდებს ვესაუბრები საკუთარი გამოცდილების შესახებ. ახალგაზრდობა ჩვენი ხვალინდელი დღეა და ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს მათი სწორად აღზრდისა და კარგი განათლებისთვის.
– დასამახსოვრებელი მომენტებიდან რას გაიხსენებთ?
– ესეც მე მეხება, მეუხერხულება, მაგრამ მაინც მინდა გითხრათ. 1963 წელს მისაღებ გამოცდას ვაბარებდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გამოცდები აჭარის კონტინგენტისათვის ტარდებოდა ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში. მათემატიკაში პირველ წერით გამოცდაზე ამოცანა ძალიან მოკლე დროში ამოვხსენი და ვაჩვენე დამკვირვებელ პროფესორს, თუა სწორი-მეთქი. გაეღიმა. ყველაფერი გასაგები იყო და სხვებსაც დავეხმარე. მათემატიკის ზეპირ გამოცდაზე მისვლა დამაგვიანდა და რომ მივედი, გამოცდა უკვე დაწყებული იყო. გამომცდელებმა მითხრეს, რომ პირდაპირ დაფასთან გავსულიყავი. რაც მკითხეს, ყველაფერზე გავეცი პასუხი. მითხრეს, დამეტოვებინა აუდიტორია, რაზეც ვუპასუხე, ჯერ ბილეთი არ ამიღია-მეთქი. 5 -იანს გიწერთ, ამაზე მაღალი ნიშანი არ არსებობსო. უდიდესი იყო ჩემი სიხარული, უკვე უნივერსიტეტის სტუდენტი ვხდებოდი. ასევე დაუვიწყარია იმ პროექტების საზეიმო ვითარებაში ექსპლუატაციაში გაშვება, რომლებიც ქედაში ჩემი მუშაობის წლებში აშენდა.
– და ბოლოს, პროფესიით ეკონომისტი რას ფიქრობთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე?
– ბრძენს უთქვამს, რომ ქვეყნის მთავარი პოლიტიკა ეკონომიკაა. ეკონომიკა ხომ ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების საფუძველთა საფუძველია. სანამ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საკითხზე ვიტყვი, მინდა ძალიან მოკლედ ამ მიმართულებით ისრაელის სახელმწიფოს მაგალითზე მოგიყვეთ: ისრაელის სახელმწიფო ჩამოყალიბდა 1948 წელს. ებრაელთაგან ვინც შეძლო და სურვილი ჰქონდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ისრაელში დაბრუნდა. ისრაელის მაშინდელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, პირველ რიგში, განევითარებინა სოფლის მეურნეობა. 95% მოსახლეობისა დაუკავშირდა სოფელს, თვითონ პრემიერ- მინისტრი და სახელმწიფო საჯარო მოხელეები კვირაში 5 დღე დასაქმებული იყვნენ სოფლად. მაშინ ებრაელებმა სასწაული მოახდინეს, შემოზიდეს მიწა – მანქანებით, მატარებლებით. გემებითაც კი და იქ არსებული უდაბნოები და ხრიოკები სასოფლო-სამეურნეო სავარგულებად აქციეს. მსოფლიოში პირველებმა განახორციელეს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მორწყვა დაწვეთების მეთოდით, უზრუნველყვეს მაღალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სოფლის მეურნეობის განვითარება და აწარმოებენ არა მარტო საკუთარი მოხმარებისთვის საკმარის პროდუქტს, არამედ მნიშვნელოვანი ნაწილი გააქვთ ექსპორტზე. ამჟამად ისრაელის სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია მოსახლეობის მხოლოდ 10 %-მდე, 90 % კი ცხოვრობს ქალაქად. საერთოდ, ისრაელის ტერიტორია შეადგენს 22 000 კვადრატულ კილომეტრს (საქართველო – 70 000-ს) და მოსახლეობა – 9 მილიონს. ისრაელის მაგალითი იმიტომ მოგიყვანეთ, რომ ჩვენი ქვეყნის ბუნებრივად ხელსაყრელ კლიმატურ და უდიდესი ეკონომიკური პოტენციალის პირობებში ვერ მოგვიყვანია ჩვენთვის საკმარისი თუნდაც კარტოფილი, ხახვი და ნიორი. ჩაის კულტურაზე ხომ საუბარი ზედმეტია. წელიწადში დაახლოებით 50-60 მილიონი ლარის ჩაის პროდუქცია შემოდის, მაშინ როდესაც ჩვენი მოქალაქეები თურქეთში კრეფენ ჩაის. არ უნდა ხდებოდეს ის, რომ ჩვენს სავაჭრო ქსელში იყიდება იტალიაში, უკრაინაში და სხვა ქვეყნებში დამზადებული ციტრუსის წვენები, ჩვენ ციტრუსებს სანაგვეზე ვყრით. ამასთან, გაგვაჩნია ციტრუსების და საერთოდ, ხილის წვენების წარმოების საუკეთესო ტექნოლოგიები. ასეთივე მდგომარეობაა სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებთან მიმართებით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როგორც სტატისტიკა აჩვენებს, ჩვენს ქვეყანაში საჭირო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების 70 პროცენტი იმპორტირებულია. ეს ნამდვილად გაუმართლებელია. ამის შედეგია, რომ სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი მრეწველობა თითქმის ჩამოშლილია. იგივე შეიძლება ითქვას მრეწველობის, ტრანსპორტის, მომსახურების და სხვა დარგებზე. აქედან გამომდინარე, ვერ ხერხდება კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო პროდუქციის წარმოება და ექსპორტი, არასწორად მიმაჩნია ქვეყნის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებად დაყოფის არსებული სისტემა. საქართველოში 9 სამხარეო (ე.წ. გუბერნიები) ადმინისტრაციაა, რაშიც ყოველწლიურად მილიონობით თანხები იხარჯება. სრულად შესაძლებელია თანამედროვე სამეცნიერო-ტექნიკური (ინტერნეტი) განვითარების პირობებში მუნიციპალიტეტების მართვა განხორციელდეს ცენტრალიზებული წესით.

