“პანდემიის გამო ბავშვების ჩაკეტილ სივრცეში ყოფნამ მათი სოციალური უნარ-ჩვევები შეასუსტა”
ნანა აბულაძე: 577 20 35 90 –
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად კვლავ გააქტიურდა თემა, რამდენად არის მოსახერხებელი დისტანციური სწავლა-სწავლება და რა შედეგი შეიძლება მოვიმკათ დღეს მიმდინარე პროცესების შედეგად, მომავალში. დღემდე გამოკითხულ მასწავლებლებსა თუ მოსწავლეებს შორის მხოლოდ და მხოლოდ ერთი აზრი დომინირებს – ხარისხიანი სასწავლო პროცესი მხოლოდ სკოლაში, საკლასო ოთახებშია შესაძლებელი, თუმცა, რა თქმა უნდა, უპირველესია ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რაც ყველა რეგულაციით უნდა დავიცვათ. თითოეულმა ადამიანმა უმდა ავიღოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობა საკუთარი და ერთმანეთის სიცოცხლის დასაცავად. ყველა ნამდვილი პედაგოგის შრომა დღევანდელ პირობებში გმირობის ტოლფასია. ეპიდემიასთან ბრძოლისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასწავლებლის როლი და სწრაფვა, რომ სწრაფად გადავერთოთ ახალ რელსებზე და მიუხედავად სირთულეებისა, მოსწავლეებს შევუქმნათ უწყვეტი განათლების მიღების შესაძლებლობა. დღეს გაზეთ „აჭარის“ მკითხველს გავაცნობთ სამოქალაქო განათლების პედაგოგ ინგა მოსიძეს, რომელიც არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილებს ჩვენს ყურადღებას.
-გზის დასაწყისი . . .…
-დავიბადე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიაში, მრავალშვილიან ოჯახში, სადაც ხშირად იკრიბებოდნენ სხვადასხვა თაობის ადამიანები. ნათესავებისაგან ხშირად მომისმენია ჩვენი ოჯახისა და კუთხის ზეპირი ისტორიები. ალბათ ამანაც განაპირობა, რომ ბავშვობიდანვე შემიყვარდა ისტორია და გავხდი ამ საგნის სპეციალისტი, უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ კი მივხვდი, რომ ცოდნის დაგროვება ბედნიერებას ვერ მომანიჭებდა, თუ სხვებსაც არ გავუზიარებდი მას. ჩვენს ქვეყანაში წინა საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს პედაგოგობა პერსპექტიულ საქმედ არ ითვლებოდა. ისეთი დაბალი ხელფასი მქონდა, მგზავრობისთვისაც კი არ მყოფნიდა. მასწავლებლად მუშაობის სურვილი უფრო ძლიერი იყო, ვიდრე მატერიალური კეთილდღეობის და ასე აღმოვჩნდი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის ერთ პატარა სკოლაში. წლების განმავლობაში ვასწავლიდი ისტორიას, ამჟამად უფრო აქტიური ვარ სამოქალაქო განათლების სწავლებაში.
-რას ნიშნავს იყო კარგი პედაგოგი?
-უადვილებდე მოსწავლეებს სწავლას, აძლევდე სტიმულს ყველა სირთულის დასაძლევად. შეგეძლოს მათში ნიჭის აღმოჩენა და მისი ფართო ასპარეზზე წარმოჩენის უნარი. კარგი მასწავლებელი არის ის, ვინც მოსწავლეებს მიაჩნიათ მრჩევლად, ვინც მათ ხელს უწყობს პიროვნულ განვითარებაში, მუდამ ზრუნავს იმ სკოლისა და თემის განვითარებაზე, სადაც მოღვაწეობს.
–მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში მოხვდით. როგორ ფიქრობთ, რა მთავარი თვისებები გამოგარჩევთ როგორც ლიდერს?
-როდესაც დამწყები პედაგოგი ვიყავი, მუდამ ვფიქრობდი, როგორ გამეხალისებინა სასწავლო პროცესი. ეს არც ისე ადვილი იყო, რადგან სასკოლო სივრცეში ამის ელემენტარული პირობები არ არსებობდა (სკოლის შენობა იყო მთლიანად ამორტიზებული). გაკვეთილზე ისტორიის მხოლოდ ფაქტებით სწავლა მოსწავლებს ვერ გაუღვივებდა სამშობლოს სიყვარულს და მასზე ზრუნვის სურვილს. იმ პერიოდიდან დავიწყე მოსწავლეებთან ერთად ექსკურსიების, ლაშქრობების მოწყობა. მიზანდასახული ვარ, მაქვს დაგეგმვის უნარი, მიყვარს ინოვაციები. მაშინვე შევუდექი საგრანტო პროექტებზე მუშაობას, რაც იმ დროს ძალიან იშვიათი იყო. არასოდეს მიკეთებია რაიმე აღიარებისთვის. სამოქალაქო განათლების არაერთ კლუბში მოხალისეობრივმა შრომამ მოგვიტანა წარმატებები, ასევე, საკუთარ თავში მრავალი უნარი აღმომაჩენინა. პროფესიის და მოსწავლეების სიყვარული მაძლევდა ძალას პროექტის, ან აქტივობის დასრულების შემდეგ არ გავჩერებულიყავი და სხვა დამეწყო. სასკოლო პროექტების გარდა, მუდამ ვზრუნავდი სათემო აქტივობების განხორციელებაზე. ვცდილობდი, საკუთარი პრაქტიკისა და გამოცდილების უანგაროდ გაზიარებას სხვებისთვის. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში მოხვედრა იყო წლების განმავლობაში მოხალისეობრივი შრომის დაფასება და აღიარება.
-პანდემიამ და ონლაინ სწავლებამ დიდი გავლენა მოახდინა განათლების ხარისხზე, რასაც არაერთი კვლევა მოწმობს. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს არსებული სურათის შესაცვლელად?
-ყველა მოსწავლეს უნდა ჰქონდეს წვდომა სათანადო ტექნიკასა და ინტერნეტზე; უფრო ზუსტად გამოიკვეთოს კონკრეტული სკოლის საჭიროებები და დაიგეგმოს მათი მოგვარების გზები; გაციფრულდეს რესურსები ყველა საგნობრივი მიმართულებით; გაიზარდოს მშობელთა ინფორმირებულობა ონლაინ სწავლების შესახებ და დაიგეგმოს მშობელთა აქტიურად ჩართვა სასწავლო პროცესში; დაიგეგმოს დამატებითი უფასო წრეობრივი თუ საკლუბო შეხვედრები, საზაფხულო/საზამთრო სკოლები, სადაც შეძლებენ იმ საკითხების სწავლებას, რომელთა შესწავლაც ვერ მოხერხდა პანდემიის პერიოდში, მაგალითად, დაწყებითი კლასებისთვის – წერა,კითხვის, ტექსტების.
-აღნიშნულმა პერიოდმა, სამწუხაროდ, უფროსებზეც და მოსწავლეებზეც დიდი გავლენა მოახდინა ფსიქო-სოციალური კუთხითაც. თქვენი დაკვირვებით, მოსწავლეებში ამ მხრივ რა მდგომარეობაა?
– პანდემიურ ყოფას ნამდვილად მოჰყვა პრობლემები: მოსწავლეების მიერ ისტ-ი კომპეტენციების სუსტად ფლობა აისახა მათ აკადემიურ მოსწრებაზე. ბავშვების ჩაკეტილ სივრცეში ყოფნამ მათი სოციალური უნარ-ჩვევები კიდევ უფრო შეასუსტა, პანდემიამ და ინფექცის გავრცელებამ დიდ სტრესში ჩააგდო. მოსწავლეები მეტად გახდნენ ინტერნეტზე დამოკიდებულები, გაიზარდა კიბერსაფრთხეები. მათი პერსონალური მონაცემები დაუცველი აღმოჩნდა. მოსწავლეთა ნაწილი ინტერნეტის თუ კომპიუტერის არქონის გამო კიდევ უფრო დეპრესიული გახდა. სოციალური უთანასწორობა მეტად გამოიკვეთა. დიდი სირთულეები შეექმნათ სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებს. ამ კატეგორიის აღსაზრდელთა ონლაინ სწავლებაში ჩართვა უდიდეს სირთულეს წარმოადგენდა პედაგოგებისათვის, რადგან ისინი ამ კუთხით არ ფლობდნენ პრაქტიკულ გამოცდილებას.
-განათლება და განათლებული ადამიანი . . .
-განათლება არის ცოდნის, უნარ-ჩვევების და დამოკიდებულებების ერთობლიობა. ეს არის საშულება, იპოვო გზა ცხოვრებაში, გახდე წარმატებული და თვითრეალიზებული. დღევანდელ საქართველოში არსებულ ვითარებას ყველაზე მეტად ალბათ იაკობ გოგებაშვილის ეს გამონათქვამი შეესაბამება: „განათლება – ორლესული იარაღია, რომლის გამოყენება შეიძლება ადამიანთა სასარგებლოდაც და საზიანოდაც. საქმე იმაშია, თუ ვის უჭირავს იგი ხელში და რა მიმართულებით ხმარობს ის ამ იარაღს!“ განათლებული ადამიანი გამორჩეულია აზროვნებით, თეორიულ ცოდნასთან ერთად აქვს პრაქტიკული გამოცდილება, გამორჩეულია სოციალური უნარებით, საკუთარი თავის სრულყოფის სურვილით, იმითაც, რომ შეუძლია სამყაროს აღქმა და მის ირგვლივ არსებული რეალობის გაანალიზება. ყოველივე ეს ამაოა, თუ საკუთარ ცოდნას არ მოახმარს ქვეყნის, ხალხის კეთილდღეობას. ეს ერთგვარი მისიაც უნდა იყოს ყველა განათლებული ადამიანის მახასიათებელი.
-მოსწავლეებთან, ახალგაზრდებთან თითქმის ყოველდღიურად გაქვთ შეხება, როგორი მიდგომა სჭირდებათ მათ იმისათვის, რომ ჰქონდეთ ხარისხიანი განათლების მიღების, პროგრესის სურვილი?
–პირველ რიგში, მოსწავლე სიხარულით უნდა მიდიოდეს სკოლაში. პედაგოგმა მოტივაციის ასამაღლებელი მიდგომები უნდა გამოიყენოს – ესაუბრებოდეს საკუთარი თავის შეცნობაზე, დააფიქროს იმაზე, თუ რა მოსწონს, რა არის მისი ძლიერი და სუსტი მხარე, გაუადვილოს პროფესიის არჩევა, მიზნის ნაბიჯ-ნაბიჯ დაგეგმვა. მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს მის პიროვნულ განვითარებას, შესთავაზოს მრავალფეროვანი ინტერაქტიური აქტივობები როგორც საგაკვეთილო პროცესში, ასევე, საკლუბო საქმიანობაში, ინტერესის მიხედვით ურჩიოს ჩართვა საგანმანათლებლო, ან სააღმზრდელო აქტივობებში.
-ხშირად, ბავშვებს აწუხებთ თანატოლებთან ურთიერთობის ნაკლებობა. გარკვეულ ასაკში არაერთი გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი კომპლექსი იჩენს თავს. როგორ ფიქრობთ, ამ კუთხით რა როლი ეკისრება პედაგოგს?
-მხოლოდ გაკვეთილების დროს ამ კომპლექსების შემჩნევა ვერ მოხერხდება. ალბათ უფრო კლასის ხელმძღვანელს ექნება მეტი დრო, ახლოს გაიცნოს მოსწავლე და მის სულში ჩაიხედოს. დღევანდელ რეალობაში მშობლები დაშორდნენ შვილებს, როგორც ამას ბევრი მოსწავლე აღნიშნავს, მათ კი როგორც ჰაერი, ისე სჭირდებათ ფსიქოლოგიურ თემებზე, მეს შეცნობაზე, კომპლექსებზე, წარუმატებლობაზე, შფოთზე საუბარი. სხვადასხვა კლასში საათებით დატვირთულ მასწავლეებლს რჩება კი დრო, რომ ყველას ინდივიდუალურად გაუწიოს დახმარება? ძალიან ვცდილობთ, მაგრამ ვერ ხერხდება, ისე როგორც საჭიროა.
–რა რჩევას მისცემთ მათ, ვისაც პედაგოგობა სურს?
-უყვარდეთ ეს პროფესია, რომელიც მრავალი ადამიანის ცხოვრების გასაღების მპოვნელია. იზრუნონ სწავლების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაზე, იფიქრონ, რომ თითოეული მოსწავლის სახით მათ წინ დგას ქვეყნის მომავალი, მომავალზე ზრუნვა კი ყველას ვალია, საგაკვეთილო პროცესის შემდეგაც გააგრძელონ სასწავლო ცხოვრება, გახდნენ მოხალისეები, იზრუნონ იმ სკოლის წარმატებაზე, სადაც დაიწყებენ მუშაობას, ყოველი წარმატება გახადონ ახალი წამოწყების საფუძვლი, არ გაჩერდნენ. მოსწავლეებთან ერთად თავადაც ბევრს ისწავლიან. უნდა იყვნენ გუწრფელები მოსწავლეებთან. თუ ბავშვები მათგან სიყვარულს იგრძნობენ, სასწაულებს მოახდენენ.

