“ბიაფი” – ფესტივალი, რომელსაც კინომოყვარულები წლიდან წლამდე ელოდებიან
ნანა აბულაძე: 577 20 35 90 –
მათ, ვისაც „კულტურა გვშია“, ვისაც მოგვენატრა კულტურული ღონისძიებები, ემოციების რეალურად გაცვლის განცდა, სექტემბერში, მაშინ, როცა ხმაურისა და ხალხმრავლობისგან დაღლილი ბათუმი ჩვეულ სიმშვიდესა და სიმყუდროვეს უბრუნდება, ტრადიციულად, უკვე მეთექვსმეტეჯერ, პაემანს გვინიშნავს „ბიაფი“ . . .
ერთი კვირის განმავლობაში კინოთი ცხოვრობს ბათუმი. კინოს მოყვარულ ბათუმელებთან ერთად კინოფესტივალს ესწრებიან როგორც დედაქალაქელი, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრებიც. ისინი ერთხმად აღნიშნავენ, რომ ზღვისპირა ქალაქს ისე არაფერი უხდება, როგორც ფესტივალები. რომელი ფილმების ნახვის შესაძლებლობა გვეძლევა ამჯერად ბათუმის საავტორო ფილმების მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც 18 სექტემბერს დაიწყო და 24 სექტემბრამდე გაგრძელდება, ვინ არიან ჟიურის შემადგენლობაში და ზოგადად, ფესტივალთან დაკავშირებით ყველა საჭირო ინფორმაციას გაეცნობით „ბიაფის“ ვებგვერდსა და სოცმედიის საიტებიდან.
აღსანიშნავია რომ, კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 30 ქვეყნის 35 სრულმეტრაჟიანი, მხატვრული და დოკუმენტური ფილმი, ასევე 30 მოკლემეტრაჟიანი ფილმი. ფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმის „ალტერნატიული ტალღა“ ფარგლებში წარმოდგენილი იქნება 10 ქართული პროექტიც, რომელთა წარმომადგენლებისთვის სცენარის განვითარების, რეჟისურის კუთხით ტრენინგები და ვორქშოფები გაიმართება.
„ბიაფის“ მნიშვნელობაზე, ფესტივალის განვლილ გზასა და სამომავლო გეგმებზე ჩვენს შეკითხვებს ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის მენეჯერმა ზვიად ელიზიანმა უპასუხა.
-ბატონო ზვიად, უკვე მეთქვსმეტეჯერ მასპინძლობს „ბიაფი“ კინომოყვარულებს. ამ გადასახედიდან, გვინდა ისაუბროთ ფესტივალის როლზე, რომელიც მან ქართული კინოს განვითარებაში შეიტანა . . .
-მინდა დავიწყო იმით, რომ 16 წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა. ამას ემატება კონტაქტები. ბევრი საინტერესო ადამიანი სტუმრობდა „ბიაფს“, ჟიურის წევრებად გვყავდა ცნობილი პროფესიონალები, საპატიო სტუმრებად ვიწვევდით აღიარებულ კინოხელოვანებს, რაც, რა თქმა უნდა, ერთგვარი პორთფოლიოა, რომელიც კინოფესტივალისადმი დიდ ნდობას აჩენს. ნამდვილად კარგი ბეგრაუნდი აქვს „ბიაფს“, რაც გვეხმარება ყოველი მომდევნო ფესტივალის დაგეგმვა-განხორციელებაში. ვფიქრობ, „ბიაფს“ თავისი გარკვეული წვლილი შეაქვს ქალაქის პოპულარიზაციაში. ბევრი ადამიანი, კინოს პროფესიონალი იქნება თუ უბრალოდ, მოყვარული, ვინც ჩამოდის და ესწრება ფესტივალს, თავისთავად იღებს ინფორმაციას ბათუმზე, როგორც კინოსთან დაკავშირებით საინტერესო ისტორიის მქონე ქალაქზე. ყოველთვის ვცდილობთ, ფესტივალის თითოეულ სექციაში მაქსიმალურად, კარგად წარმოჩნდეს ქართული კინემატოგრაფია. ვფიქრობ, „ბიაფი“ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული კინოს პოპულარიზაციის კუთხითაც. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ უკვე ათი წელია, რაც ბათუმის ფესტივალის ფარგლებში, ვცდილობთ განვავითაროთ „ბიაფის“ ე.წ ინდუსტრიული პლატფორმა სახელწოდებით „ალტერნატიული ტალღა“. იგი მნიშვნელოვანია, რადგან მასში ყოველწლიურად ათამდე ახალი ქართული კინოპროექტი მონაწილეობს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით ხუთი დღის განმავლობაში ამ კინოპროექტების მონაწილეები ინტენსიურად გადიან პროფესიულ ტრენინგებს კინორეჟისურის, სცენარის განვითარების, პროდიუსინგის, მარკეტინგის, სხვა ფესტივალებზე დაფინანსების პლატფორმების მოძიების კუთხით, ანუ, როგორც წესი, ყოველწლიურად, მოწვეული გვყავს საკმაოდ მაღალი რანგის უცხოელი და ქართველი სპიკერები, რომლებიც თავის გამოცდილებას უზიარებენ და ეხმარებიან ახალ კინოპროექტებს, რათა ისინი დიდ ფესტივალებზე წარსდგნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ინდუსტრიული პლატფორმის კუთხითაც, ვფიქრობ, გარკვეული, მცირე წვლილი შეგვაქვს კინოს განვითარებაში – ვეხმარებით ახალგაზრდა რეჟისორებს ფართო ასპარეზზე გასვლაში. „ბიაფზე“ მოკლემეტრაჟიანი სექციის შემოღების საფუძველი სწორედ ის იყო, რომ ამ კატეგორიაში მიგვეღო ახალგაზრდა რეჟისორების ფილმები, გაგვეხსნა გზა დამწყები კინოხელოვანებისა და სტუდენტებისთვის, რის შედეგადაც შემდგომი ნაბიჯებისთვის დაამყარებდნენ საჭირო კონტაქტებს. ეს კინოინდუსტრიაში საკმაოდ მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, არა მარტო საქართველოში, სადაც ვიცით რომ ფინანსური პრობლემებია, არამედ ევროპაშიც, ძალიან იშვიათია, რომ მხოლოდ ერთი ქვეყნის ფინანსებით გადაიღონ ფილმი. უკვე ყველგან იქმნება კოპროდუქცია – სხვადასხვა ქვეყანა ერთვება სხვადასხვა მიმართულებით დაფინანსებაში. შესაბამისად, მსგავსი ინდუსტრიული პლატფორმები ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თანამედროვე კინოინდუსტრიაში, როგორი კრეატიული იდეებიც უნდა გქონდეს, თუ სწორი ფორმით, სწორი პროდიუსერული მენეჯმენტით არ არის წარდგენილი, ფინანსების მოპოვება ძალიან რთულია.
-ფინანსები ახსენეთ და აქვე გკითხავთ, როგორც ვიცით, ამ მხრივ „ბიაფს“ ჰქონდა და დღემდე აქვს გარკვეული პრობლემები . . .
-ეს პრობლემა მრავალწახნაგოვანია. ერთ-ერთია ინფრასტრუქტურის სიმწირე. ვიცით, რომ ერთი კინოთეატრია ბათუმში. საქართველოში ხომ თბილისის შემდეგ ბათუმია, ტურისტული თვალსაზრისით, წამყვანი ქალაქი და თუ გვაქვს პრეტენზია, რომ იგი ევროპულია, მინიმუმ, რამდენიმე კინოდარბაზი, ან მულტიპლექსი, ან ზოგადად, კინოსივრცე უნდა გააჩნდეს. პრობლემაა ის, რომ, სამწუხარიდ, არა მარტო ბათუმში, არამედ ზოგადად, ქვეყანაში კულტურა პრიორიტეტი ჯერ კიდევ არ არის. უფრო სწორად, არის დეკლალირებულად, მაგრამ არ არის რეალურად. მაგალითს მოვიყვან, ბათუმში აშენდა სტადიონი, რაც რა თქმა უნდა, ძალიან კარგია და გასაგებია, რომ ნებისმიერ ქალაქს სჭირდება სტადიონი, მაგრამ, უბრალოდ, პრიორიტეტების შედარება გავაკეთოთ – სტადიონზე საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა, არადა, ვიცით, რომ ჩვენი ფეხბურთის ნაკრები დიდად ვერ ბრწყინავს. ამით იმის თქმა მინდა, რომ, კი, ბატონო, კარგია სპორტის განვითარებაც, მაგრამ პარალელურად კულტურაში იმის ერთი პროცენტიც რომ ჩადებულიყო, რაც სტადიონის მშენებლობაში ჩაიდო და რაღაც მულტიფუნქციური არტსივრცე გაჩენილიყო ჩვენს ქალაქში, თავისი კინოდარბაზით, ეს ძალიან დიდ ბიძგს მისცემდა კულტურულ პროცესებს, მაგრამ ასე არ მოხდა. ევროპაში სწორედ ბათუმის მსგავს, ზღვისპირა საკურორტო ქალაქებში იმართება და ვითარდება ფესტივალები და არა დიდ მეგაპოლისებში. ჩვენს ქალაქს რეალურად აქვს ამის პოტენციალი. ყველა, ვინც აქ ჩამოდის, უცხოელიც და ქართველიც, ამბობს, რომ ბათუმი საფესტივალო ქალაქია და თუკი ამას სწორი ანალიზითა და დაგეგმვით, პრიორიტეტების განსაზღვრით, ტურიზმს დაუკავშირებ, ამით ეს სფეროები ერთმანეთს გააძლიერებს.
– რა პერსპექტივა აქვს საქართველოს ფილმების გადაღების თვალსაზრისით?
–კოპროდუქციის შექმნისას საუბარია წმინდა ფინანსური და ასევე, პროფესიული კუთხით თანამშრომლობაზე. თუ ფინანსური კუთხით ვიმსჯელებთ, ხარისხიანი ფილმის გადაღებას დიდი თანხა სჭირდება. რისი საშუალებაც დღეს საქართველოში არ არის. ამიტომაც უნდა მოიძიო კოპროდუქცია, ანუ თანადამფინანსებელი სხვა ქვეყნიდან. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყანა ვითარდება და ისე აღარ უჭირს, როგორც წლების წინათ, სასურველია რამდენიმე მილიონი მაინც დაემატოს კინოს ბიუჯეტს. მაგალითად, კარგი იქნებიდა, რომ ამ კონკურსში ცალკე იყოს ფონდი ძალიან გამოცდილი, აღიარებული რეჟისორებისთვის, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ ძალიან კარგი ფილმების გადაღების პოტენციალი. ცხადია, რომ კოპროდუქციას გვერდს ვერ ავუვლით. განვითარებული ქვეყნების დიდი უმრავლესობა მაინც კოპროდუქციით იღებს ფილმს. მიმაჩნია, რომ უნდა შეიქმნას ფონდები, რომლებიც წაახალისებს ახალგაზრდებს, თუდაც სტუდენტებს, რათა მათ გადაიღონ მოკლემეტრაჟიანი ფილმები, მიიღონ გამოცდილება და მოემზადონ დიდი ნამუშევრისთვის.
-როგორ გესახებათ „ბიაფის“ მომავალი, რა მნიშვნელობა უნდა შეიძინოს მან ჩვენი ქალაქისთვის ?
-ბათუმს, მართლაც, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ეს მხოლოდ ჩვენი აზრი არ არის. ვინც კი ჩამოსულა ამ ქალაქში, ყველა ერთხმად იგივეს აღნიშნავს. ფესტივალის მომავალი ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. თუ გვინდა, რომ გავზარდოთ ფესტივალის მასშტაბი, პირველ რიგში, უნდა მოგვარდეს ინფრასტრუქტურული პრობლემა. თუ მოხერხდა რამდენიმედარბაზიანი, თუნდაც კომერციული კინოთეატრის აშენება, ეს ჩვენთვის ნიშნავს პრობლემის მოგვარებას. მეორე – „ბიაფის“ ინდუსტრიული პლატფორმის განვითარების კუთხითაც ვხედავთ ძალიან დიდ პოტენციალს, რადგან ეს შეიძლება გახდეს ერთგვარი შეხვედრის ადგილი არა მარტო კავკასიის, არამედ შავი ზღვის აუზის მასშტაბით. ბათუმი საკმაოდ სწრაფი ტემპებით ვითარდება, მსგავს საკურორტო ქალაქს სჭირდება კიდევ უფრო მასშტაბური ფესტივალი და ჩვენ მომავლისთვის გვაქვს ამის გეგმა, რომლის განხორციელებაც არსებული რესურსით, ამდენი წლის განმავლობაში შეძენილი გამოცდილებით, კონტაქტებით სავსებით შესაძლებელია.
შეგახსენებთ, ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს, ბათუმის ხელოვანთა სახლის „არგანი“, ორგანიზატორობით დაარსდა.