დათო ტურაშვილი: ეს დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია!
ნანა აბულაძე: 577 20 35 90 –
ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი „ბიაფი“ მეთექვსმეტეჯერ მასპინძლობს კინომოყვარულებს. ამდენივე წელია სექტემბრის თვე დღესასწაულია მათთვის, ვისაც უყვარს ბათუმი და კინო, რომლებიც ისე ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს, თითქოს არათუ 16, არამედ ბევრად მეტი წლის წინთ სადღაც, ზეცაში, გადაწყდა, რომ ზღვისპირა ქალაქში იქნებოდა ფესტივალი, რომელსაც ასე შეიყვარებდნენ და ამდენს ისაუბრებდნენ, რომელიც ისე უხდება ბათუმს, როგორც ზღვას თოლიების გუნდი, მთებს – ნისლი, ნავსადგურს გემები . . .
კინოფესტივალის სტუმრებისგან არაერთი საოცარი სიტყვა და შეფასება მოგვისმენია ბათუმის, როგორც ცოცხალი ორგანიზმის, მისი მრავალფეროვნების შესახებ, ისიც, რომ ეს ის ქალაქია, რომელიც წარმოუდგენელია ხელოვნების, მუსიკის, კინოს გარეშე. დღეს, როგორც ბათუმზე, ასევე ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე თავისი შთაბეჭდილებები „ბიაფის“ ჟიურის თავმჯდომარემ მხატვრული ფილმების სექციაში, რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ და ამავე სექციის ჟიურის წევრმა, მწერალმა დათო ტურაშვილმა გაგვიზიარეს.
ლანა ღოღობერიძე
ამ ქალაქთან ძალიან სათუთი გრძნობები მაკავშირებს. 24 წლის ასაკში, ასპირანტურის დასრულების შემდეგ აქ დავიწყე პირველად მუშაობა პედაგოგიურ ინსტიტუტში, ახლა უნივერსიტეტია. ვკითხულობდი ლექციებს დასავლეთ ევროპის ლიტერატურაზე. თვეში ერთხელ ჩამოვდიოდი ერთი კვირით. ასე გაგრძეელდა ერთი წელი, შემდეგ კი სასწავლებლად წავედი მოსკოვში, კინემატოგრაფიის ფაკულტეტზე და დავიწყე რეჟისორობაზე ფიქრი. ძალიან მიყვარს ბათუმი, მართლა არაჩვეულებრივი ქალაქია, საქართველოსთვის უნიკალურია თავისი ადგილმდებარეობით. მიმაჩნია, რომ ზღვისპირა ქალაქს, საერთოდ, სხვა მიმზიდველობა აქვს, ის მოწოდებით არის საფესტივალო ქალაქი. საერთოდ, კინოფესტივალი, როგორც კულტურული მოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია და ვთვლი, რომ მან ძალიან დიდი ადგილი უნდა დაიჭიროს ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაში. „ბიაფი“ უკვე ტრადიციული ფესტივალია, რომელსაც ნამდვილად ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ჩვენს კულტურულ ცხოვრებაში. სწორი პოზიციებიდან აშუქებს, საინტერესო ფილმები ჩამოაქვს საზღვარგარეთიდან, ასრულებს ყველა იმ ფუნქციას, რაც კინოფესტივალმა უნდა შეასრულოს. კინო ხომ ინტერნაციონალური ხელოვნებაა და ამას ზედმიწევნით ესადაგება ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი. სამწუხაროდ, პანდემიის გამო, წელს ნაკლებად ვხედავთ უცხოელ კინოხელოვანებს, მაგრამ კარგია, რომ ფესტივალი ტარდება. ეს დიდი ფუფუნებაა დღეს თითოეული კინომოყვარულისთვის, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ფესტივალის ორგანიზატორებს. ბატონები გიორგი გოგიბერიძე და ზვიად ელიზიანი თავიდანვე მიხვდნენ, რომ ბათუმს ასე მოუხდებოდა კინოფესტივალი და დიდი გონიერება გამოიჩინეს, რომ დააარსეს იგი. შეიძლება ითქვას, შედარებით ისევ გაცოცხლდა ქართული კინო და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თანდათან ძალას მოიკრებს. იმედი მაქვს, საქართველოში დალაგდება ცხოვრება და კინოც განვითარდება, რადგან საქართველო კინოს ქვეყანაა.
დავით ტურაშვილი
საერთოდ, მგონია, რომ ბათუმი არის საფესტივალო ქალაქი. ჩემი იდეა ასეთია, ბათუმში ერთი ფესტივალი რომ დამთავრდება, უნდა იწყებოდეს მეორე, იმიტომ რომ ხშირად წვიმს და იდეალურია ფესტივალებისთვის. დამთავრდება კინოფესტივალი, უნდა დაიწყოს – თეატრალური, დამთავრდება – თეატრალური, დაიწყოს – ფერწერის და ასე შემდეგ. მახსოვს, როგორ იწყებოდა, რამდენი პრობლემა ჰქონდა . . . სულ ვცდილობდი, „ბიაფის“ ქომაგი ვყოფილიყავი და ძალიან მიხარია, რომ მსოფლიოს ამდენ რეჟისორს, არამხოლოდ ქართველს, ეძლევა საშუალება, თავისი ფილმით მიიღოს მონაწილეობა. პროგრამა ვნახე და რამდენადაც ვიცნობ კინოპროცესებს, ძალიან ბევრი უმაგარესი ფილმია, მათ შორის ისინიც, რომელთა ნახვაც ძალიან მინდოდა. იმდენად მიყვარს კინო, რომ ჩემთვის მის სანახავად დიდი ეკრანი არის აუცილებელი პირობა და ასეთ კარგ საჩუქარს ვერავინ გამიკეთებდა. დიდი მადლობა „ბიაფის“ ორგანიზატორებს, რომ დამპატიჟეს და მომცეს შესაძლებლობა, ვისიამოვნო კინოხელოვნებით. ვფიქრობ, სახელმწიფოს, ხელისუფლების და კიდევ იმ ადამიანების მხრიდან, ვისზეც არის დამოკიდებული ფესტივალის განვითარება, აკლიათ სახელმწიფოებრივი მიდგომა, ზუსტი და განსაზღვრული სტრატგია, თუ როგორ გამოვიყენოთ ქართული კინოს ფენომენი, რომელიც საბჭოთა პერიოდშიც კი იპყრობდა მთელ მსოფლიოს. მართლა წარმოუდგენელია, პატარა საქართველოს როგორ შეეძლო დიდ კინოსამყაროში თავისი სახელი და ადგილი ჰქონოდა და ჰქონდეს ახლაც, ამ რეალობაში, სადაც ამდენი პრობლემაა, ამდენი ფინანსური გაჭირვებაა. ჩვენი რეჟისორები მინიმალური ბიუჯეტით სასწაულებს ახდენენ. დედამიწაზე, სადაც კი კინოფესტივალია, ყველგან არის თანამედროვე ქართული კინო. ეს დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია. ამიტომ, ეს უნდა დაინახონ ადამიანებმა, ვისზეც არის დამოკიდებული ქართული კინოს დაფინანსება. იმდენად მაგარია ქათული კინო, რომ სხვა ქვეყნებშიც არსებობს ფონდები, რომლებიც ნაწილობრივ აფინანსებენ მას და მთავარია, რომ ეს დავინახოთ, დავაფასოთ ჩვენი კინო. მივხვდეთ, რომ კულტურა არის მთავარი, რისი მიცემაც შეგვიძლია სამყაროსთვის და ჩვენ, ქართველები, ამისთვის დაბადებული ხალხი ვართ. ასე მგონია, რომ ჩვენზე ნიჭიერი ხალხი დედამიწაზე არ არის. უბრალოდ, გვინდა, რომ ეს იცოდეს ხელისუფლებამაც, დააფასოს და შეუწყოს ამ ნიჭიერების წარმოჩენას ხელი. კინო, ლიტერატურისგან ან სხვა კულტურისგან განსხვავებით, არ არის დამოუკიდებელი, რომ არ სჭირდებოდეს ფინანსები. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მას სჭირდება დაფინანსება, რომლის გარეშეც უბრალოდ, ვერ იარსებებს. ჩვენსავით პატარა კი არა, საფრანგეთის მსგავს ძლიერ ევროპულ, დიდ ქვეყნებში სახელმწიფო ზრუნავს თავის კინოზე – დოტაციებით, რადგან დარწმუნებულია, ისეთი სულიერი საზრდოს გარეშე, როგორიც კინოა, მათი მოქალაქეები ვერ იქნებიან ჯანმრთელები. ბიზნესი როგორც უნდა განვითარდეს, როგორი მიწიერი კეთილდღეობაც უნდა გვქონდეს, ადამიანს მაინც სჭირდება სულიერი საზრდო, მათ შორის კინო და საერთოდ, კულტურა.
აქვე მინდა გავიხსენო უნკალური კინოთეატრის დანგრევის ფაქტი, რომელიც ერას მოედანზე მდებარეობდა. გაუთავებლად, შეპყრობილივით ვლაპარაკობდი, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. მპასუხობდნენ, ვანგრევთ, მაგრამ უკეთესს ავაშენებთო, უკვე 15 და მეტი წელი გავიდა, სანაცვლოდ არაფერი აუშენებიათ. შეიძლება იმ ქალაქში, სადაც საერთაშორისო და ასეთი მნიშვნელობის კინოფესტივალი ტარდება, არ იყოს კინოთეატრი? არ არსებობდეს კინოს სახლი? ეს ხომ აბსურდია, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ, ყველანი ერთ დიდი აბსურდში ვცხოვრობთ.