ოთხი დღე – აჭარის მთიანეთში
ოთარ ცინარიძე: 599 85 2114 –
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლების ჯგუფი, ექსპედიციის მიზნით, აჭარის მთიანეთში იმყოფებოდა ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის მზია თუთბერიძის ხელმძღვანელობით. იგი ჩვენი გაზეთის სტუმარია.
– აჭარის მთისა და ბარის ღირშესანიშნაობანი ჩვენი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებისთვის ყოველთვის თვალთახედვის არეალშია. რამდენიმე წლის წინ მეც გახლდით ამ კუთხეში ცალკეული პროცესების კვლევის, ბუნებრივი მოვლენების უკეთ გაცნობის, მოსახლეობის ყოფითი ცხოვრების შესწავლის, სამკურნალო წყლების დაძებნისა და მათი ბიოლოგიურ-ქიმიური თვისებების უკეთ გამოვლენის მიზნით. პირველი, რაც თვალს ახარებს, ის სოციალური პროექტებია, რომლებიც ბოლო ათწლეულში აჭარის მთიანეთში განხორციელდა.
– ქალბატონო მზია, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება რამ დატოვა ექსპედიციის მონაწილეებზე?
– საუკუნე-ნახევარზე მეტი გვაშორებს იმ დროს, როცა „თურქეთის საქართველოში“ გიორგი ყაზბეგი ღორჯომის ხეობიდან, კერძოდ, სოფელ მეკეიძეებიდან შემოვიდა, ცოტა მოგვიანებით ბახმარო-ზოტიყელი-ღორჯომის გამოვლით თურქთა ბატონობისგან თავდახსნილ აჭარაში თედო სახოკიამ იმოგზაურა. მის ჩანაწერებს სტუდენტობის წლებში გავეცანი. წლების განმავლობაში კოლეგიალური და მეგობრული ურთიერთობები მქონდა თედოს შვილიშვილთან შუქია აფრიდონიძესთან. ჩვენ გოდერძის უღელტეხილის გამოვლით შემოვედით და კიკიბო-ჩრდილა-ზოტიყელი-ბახმაროს გავლით დავტოვეთ ჩვენთვის საყვარელი და მუდამ მოსაფერებელი აჭარის მთიანეთი. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ვიცოდით ხულო-გოდერძი-ზარზმის საავტომობილო გზის რეკონსტრუქციის შესახებ, მაგრამ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მართლაც რომ დიდი და მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. ჩინელებიც ვნახეთ ერთ მონაკვეთზე. კურორტი გოდერძი უკვე პატარა ქალაქია მთაში. სასტუმროების კომპლექსი, ბაგირგზაზე დაკიდებული გონდოლები და ბაბლები სულ მალე აქაურობას ოთხი სეზონის კურორტად აქცევს. იმავე დღეს ხულო-თაგოს ბაგირგზაზე გავისეირნეთ. იგი წელს შეუკეთებიათ. ჯგუფის წევრებმა კაბინის აღჭურვილობა, მისი გამართული მოძრაობა მოვიწონეთ. ჩვენი ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან, ბატონებთან – გიორგი ლომინაძესთან, გიორგი ხომერიკთან ახლო ურთიერთობა აქვს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, ამჟამად ბიზნესში დასაქმებულ ვაჟა დავითაძეს. შუახევში მის მიერ ახლად გაკეთებულ სასტუმროში დავბინავდეთ. შემოდგომა ყველგან ხვავ-ბარაქით გვახარებს, ასე იყო შუახევის სინამდვილეშიც. გამოგიტყდებით, რომ პანდემიის გამო ცოტა არ იყოს ვფრთხილობდით, ოჯახებში მიპატიჟებისას თავს ვიკავებდით, თუმცა მთა ჩირუხში ნინო დავითაძე-ივანაძე, მისი მეუღლე ალექსანდრე ივანაძე აჭარული კერძებით გაგვიმასპინძლდნენ. იგივე იყო წაბლანელი ნუგზარ ბერიძისა და ხაბელაშვილებელი სულიკო ბოლქვაძის ოჯახში. მერისელი რაისა კაკაბაძე კიდეც გაგვინაწყენდა, რომ დროის დეფიციტის გამო მიპატიჟებაზე უარი ვთქვით. მისასალმებელია, რომ აჭარის მთიანეთის მოსახლეობა სტუმარმასპინძლობის დიდ ტრადიციას არ ღალატობს.
– ექსპედიციის მთავარი მიზანი რა იყო?
– ნიშანდობლივია, რომ ოთხ დღეში ბეღლეთ-დანისპარაულის, მარეთის, ჭვანის, ღორჯომის ხეობების 45-მდე სოფელი და დასახლებული უბანი შემოვიარეთ. ფოტო და ვიდეოფირებზე დავიტანეთ შრომითი პროცესები, მთების: ჩირუხის, ღომას, თაგინურის, ზოტიყელის, კიკიბოს, განდრეკილის (შედრეკილის), კურორტების – გოდერძის, ბეშუმის პეიზაჟები, ხეხილის ბაღები, ზვრები, თამბაქოს პლანტაციები. მერისის ხეობის ჩანჩქერი, ლელთის ტბა, ჯვარის მინდორი, ჯვარიმინდორი, საყენდრია, ჩირუხის მთა, სადაც მალე ზიპლაინი ამოქმედდება. განსაკუთრებული მოწონება ხვდა სოფელ ხაბელაშვილებში არსებულ სამსაუკუნოვან ხის ხიდს, „წისქვილების სოფელს“, მერისში არსებულ სასტუმრო კოტეჯებს. ისე ვიყავით ბუნების სიმშვენიერით დაწყებული, ტურისტული ინფრასტრუქტურით, სოციალური პროექტებით, ადამიანებთან ურთიერთობით გატაცებული, რომ დაღლას ვერ ვგრძნობდით. ჩანაწერების გაკეთებას, ფოტოების გადაღებას არ ვიზარებდით. სამუშაოდ დიალაადრიანად გავდიოდით და მიმწუხრზე ვბრუნდებოდით. დასახულ მიზანს ნამდვილად მივაღწიეთ. მალე ეს მასალები გეოგრაფიის ინსტიტუტში ბინას დაიდებს, პერიოდულად ფოტოები, ვიდეოები საიტებზე განთავსდება, მომზადდება მონოგრაფიები. თვალნათლივ ჩანს, რომ მიგრაციის პროცესები აჭარის მთიანეთის სოფლებსაც მოშლა-დაცარიელების პრობლემის წინაშე აყენებს. ეს პროექტები, შრომითი რესურსების ადგილზე დასაქმების წინაპირობები, ტურიზმის განვითარება უნდა გახდეს საბაბი მიგრაციის პროცესების შესაჩერებლად. აჭარის მთიანეთი ღვთისმშობლის ხსენების დღეს დავტოვეთ. გამონათლევი, ზვარის, ხულოს, ხიჭაურის, ზესოფლის მოქმედი ტაძრები, დაბა შუახევის ცენტრში მშენებარე ტაძარი, იქ აღვლენილი ლოცვები დასტურია იმისა, რომ აჭარაში ცეცხლითა და მახვილით წართმეული მრწამსი ძირძველ პოზიციაზე ბრუნდება.
– გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები წლებია, აჭარაში მიმდინარე სტიქიურ პროცესებს იკვლევთ. ამჯერად რა ნახეთ?
– იგივე ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი და მიმდებარე სოფლები ავიღოთ. მეწყრული პროცესები აქტიურია დანისპარაულში, რიყეთ-ბოძაურში. ვნახეთ ის სამუშაოები, რომლებიც მაგისტრალზე პრევენციის მიზნითაა ჩატარებული. ფერდსამაგრ სამუშაოებზე სამივე მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი თანხები იხარჯება. მისასალმებელია, რომ მეტი კონტროლი წესდება ტყეების დასაცავად. ერთ ხანს ტყის რესურსების ქაოსურმა მოხმარებამ, გაუთვალისწინებელმა მშენებლობებმა (გზები მაქვს მხედველობაში) მეწყრული პროცესების გააქტიურებას ხელი შეუწყო. ბევრს საუბრობდნენ „შუახევიჰესის“ მშენებლობასა და მოსალოდნელ უბედურებებზე. ჩვენ ვნახეთ სათავე ნაგებობა, დიდაჭარის წყალსაცავი, გამშვები სადგური. ყველაფერი მყარად, თანამედროვე სტანდარტების დაცვითაა გაკეთებული. უკვე ეს გიგანტი ოპერირებს და ქვეყანა დენს ღებულობს. როგორც მეგზურებმა გვითხრეს, ადგილობრივი თვითმმართველობები სტიქიისგან დაზარალებულ ოჯახებს დახმარების ხელს უწვდიან. დავათვალიერეთ 2016 წლის ზაფხულში სტიქიისგან იავარქმნილი უჩამბის ტერიტორიები, სადაც ნათლად ჩანს, რომ ბუნებამ ჭრილობა ჯერ ვერ მიოშუშა. გზის სავალი ნაწილი შეუცვლიათ, ახალი ხიდი გაუკეთებიათ, მაგრამ ღრანტეებად ქცეული ადგილი ისევ უსახური სანახავია. მეცნიერების, ადგილობრივი თვითმმართველობის, თუნდაც მოსახლეობის ვალია იმ განძის გაფრთხილება, რაც ბუნებამ ქართველებს, თუნდაც ამ კუთხეში, გვიწყალობა. ზედმეტი ჩარევა ყოველთვის უარყოფით კვალს ტოვებს.