„პირველად, ამდენი წლის შემდეგ, ვიწყებთ ახალი სამსართულიანი სკოლის მშენებლობას ბათუმის ცენტრში“
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი სკოლებში გადაინაცვლებს, რაც უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებს განათლების სამინისტროს კორონავირუსის ახალი შტამის მცირეწლოვნებში გავრცელების ზრდის გამო.
ამ ფონზე, ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი სულ უფრო შენელდა და რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია, პედაგოგთა ნაწილი აცრას არ ჩქარობს. რა ვითარებაა ამ კუთხით აჭარაში, რამდენად არიან მზად საჯარო სკოლები მოსწავლეთა მისაღებად და რა სიახლეა მუნიციპალიტეტებში სასკოლო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით – ამ და სხვა საინტერესო საკითხეზე გვესაუბრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძე.
–ბატონო ჯემალ, მზად არის თუ არა საჯარო სკოლები მოსწავლე–მასწავლებლების მისაღებად?
-საჯარო სკოლებში მოსწავლეთა დასაბრუნებლად მზადება აქტიურად მიმდინარეობს. ჯერ კიდევ შარშანდელი წლიდან, როდესაც პანდემიის საწყის ეტაპზე შეჩერდა სასწავლო პროცესი, დავიწყეთ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების ზუსტი შესრულება. ეს ეხებოდა როგორც სველ წერტილებს, ისე ინვენტარის დისტანციურად განლაგებას და პანდემიის პერიოდში შემუშავებული რეგულაციების მიხედვით სკოლების მოწყობას. კერძოდ, დავამონტაჟეთ დეზობარიერები, შევიძინეთ მაღალი ხარისხის სადეზინფექციო ხსნარები და სხვ. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ ეტაპზე ყველა საჯარო სკოლა მზადაა მოსწავლეთა უსაფრთხო გარემოში მისაღებად.
–რა მდგომარეობაშია სკოლების ინფრასტრუქტურა, პანდემიის გამო ხომ არ შეჩერებულა პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები?
– გეგმური და პროგრამული სამუშაოები არ შეჩერებულა. ჩვენი ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება. თუკი 2013 წელს 3 მილიონამდე ლარი გამოიყოფოდა ამ ხარჯებისთვის, ახლა ეს თანხა 16 მილიონს აღემატება. დამეთანხმეთ, არ არის მცირე წინსვლა, თანაც არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ხდება მსოფლიო პანდემიის პერიოდში. დაფინანსების გაზრდით ვახერხებთ ახალი სკოლების მშენებლობას, სხვების ნაწილობრივ თუ სრულ რეაბილიტაციას. წელს სულ 60 სკოლის ინფასტრქუტურული სამუშაოები განვახორციელეთ. რაც შეეხება მშენებლობების დასრულებას, წელს დაგეგმილი გვაქვს 7 ახალი სკოლის ჩაშვება ექსპლუატაციაში. მათი ნაწილი უკვე მზად იქნება 4 ოქტომბრისათვის, ნაწილი კი, ეტაპობრივად, დეკემბრამდე ჩადგება მწყობრში.
–მანამდე იმ სკოლების მოსწავლეები დისტანციურად ისწავლიან?
-არა, ისინი სხვა სკოლებში ისწავლიან. ვისაც მანძილის პრობლემა ექნება, მათ ტრანსპორტირებას ჩვენი სამინისტრო უზრუნველყოფს. რაც შეეხება რეაბილიტაციას, 41 სკოლას უტარდება სრული თუ ნაწილობრივი რემონტი. აქედან უმრავლესობა 4 ოქტომბრისთვის დასრულდება, სხვები კი ოქტომბრის ბოლომდე. რა თქმა უნდა, იქ წარმოებული სამუშაოები ისე გადანაწილდება, რომ სასწავლო პროცესს ხელი არ შეეშალოს, ეს ერთ-ერთი სატენდერო პირობაა.
–რამდენი მოსწავლე და რამდენი სკოლაა აჭარაში?
-აჭარის რეგიონში 60 ათასზე მეტი მოსწავლეა, რომლის 90% დადის 229 საჯარო სკოლაში. აქედან 180 სკოლას ემსახურება ტრანსპორტი, რომელიც ფინანსდება ჩვენი ბიუჯეტით, ანუ 20 ათასზე მეტი მოსწავლის ტრანსპორტირებას ახორციელებს სამინისტრო. ძირითადად, ეს ეხება მაღალმთიან მუნიციპალიტეტებს, სადაც მოსწავლის სახლი სკოლას დაშორებულია კილომეტრ-ნახევრით ან მეტით. დაბლობში ანუ ხელვაჩაურში, ქობულეთსა და ბათუმში ეს მანძილი იზრდება 2 კილომეტრამდე და მეტით. ამ პროგრამით გათვალისწინებულია სკოლების რეკონსტრუქციის სამუშაოების მიმდინარეობაც, როდესაც სამინისტროს გადაჰყავს მოსწავლეები სხვა სკოლებში და ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფს.
–ბათუმში რომელი სკოლის მოსწავლეები სარგებლობენ ტრანსპორტირების პროგრამით?
– პროცესი მასშტაბურია მე-16 სკოლასთან მიმართებაში. ექსპერტიზის დასკვნით, ეს შენობა არ არის უსაფრთხო და აქედან გამომდინარე, იქ სწავლა ვერ განახლდება. მე-16 სკოლელებს დროებით მოუწევთ ალტერნატიულ ფართში, მე-10 სკოლის მეორე კორპუსში სწავლა.
–მე-16 სკოლა როდის ჩადგება მწყობრში?
-გამოცხადდა კონკურსი პროექტის შესასყიდად. ხელშეკრულება უკვე დადებულია და მიმდინარეობს პროექტის დეტალური მომზადება. წელსვე ვაპირებთ ტენდერის გამოცხადებას და ახალი სკოლის მშენებლობის დაწყებას იმავე ტერიტორიაზე.
–სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, ტერიტორია იყო საფრთხის შემცველი.
-არა, სამხარაულის ექსპერტიზით, ნაგებობა იყო დაშლის პირას მისული. ჩვენ შევუკვეთეთ გეოლოგიური კვლევაც, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ სკოლის აშენება შესაძლებელია, თუმცა მათთან უნდა შევათანხმოთ საძირკვლის მშენებლობის პირობები, რასაც ტენდერში ჩავდებთ.
–ტრანსპორტირების პროგრამაზე ჩაგეკითხებით, აქამდე არ გაჟღერებულა თუ რატომ არ გვსმენია მის შესახებ?
-ამ პროგრამას წლებია, ახორციელებს განათლების და მეცნიერების სამინისტრო მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, აჭარის სამინისტრომ კი მისი განხორციელება შეითავსა უკვე მეორე წელია. რადგან ამდენივე ხანია, რაც დისტანციურ სწავლებაზე გადავდივართ, ალბათ ტრანსპორტირების შესახებ არ ჩამოვარდნილა სიტყვა.
–ოპოზიცია აცხადებს, რომ აჭარის პედაგოგთა დიდი ნაწილი არ არის სრულად აცრილი. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს და გაქვთ თუ არა სათანადო ბერკეტი მასწავლებელთა ვაქცინაციის პროცესის გამართულად ჩასატარებლად?
-არა, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ჩვენ არ ვაპირებთ არავის დავალდებულებას. აჭარის განათლების სამინისტრო აქტიურადაა ჩართული ვაქცინაციის აგიტაცია-პროპაგანდის სხვადასხვა კამპანიაში. უცხოურ ორგანიზაციებთან ერთად ვატარებთ საუბრებს და ვპასუხობთ დაინტერესებულთა კითხვებს რისკებზე, რომლებიც უჩნდებათ ანტივაქსერთა უსაფუძვლო განცხადებების შედეგად. აჭარაში პედაგოგთა ვაქცინაცია საკმაოდ წარმატებულად დაიწყო, ამ ეტაპზე 60-70%-ია სრულად ვაქცინირებული, თუმცა ეს არ არის საკმარისი მოსწავლეებისთვს უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. იმედი გვაქვს, აიცრებიან არა მხოლოდ პედაგოგები, არამედ ადმინისტრაციაც, მომსახურე პერსონალიც და მძღოლებიც, რომლებიც უშუალო კონტაქტში იმყოფებიან მოსწავლეების ფართო ჯგუფებთან. 4 ოქტომბრამდე გვაქვს ვადა და იმედია, სკოლების გახსნამდე გაცილებით მეტი პერსონალი იქნება აცრილი.
–მოსწავლეების აცრაზე ხომ არ არის საუბარი?
-ამ ეტაპზე – არა. მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგთა, მშობლების და მომსახურე პერსონალის უდიდესი ნაწილი იყოს აცრილი. მაშინ შევძლებთ ბავშვებისთვის შედარებით უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას.
–ბათუმის ცენტრალურ ნაწილში სკოლების დანგრევის გამო რთულია ბავშვების მოწყობა ტერიტორიულად ახლო სკოლაში, რაც დიდ უკმაყოფილებას იწვევს მშობლებში.
-გეთანხმებით, საკმაოდ დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ ამის გამო, რასაც ემატება მოსწავლეთა დარეგისტრირების თავისუფალი არჩევანი, ეს კი ზღუდავს მშობლებს სკოლის ტერიტორიული სიახლოვით შერჩევაში. პანდემიის გამო ბევრი მოსწავლე გადმოვიდა კერძოდან საჯარო სკოლაში და ამანაც გაამძაფრა პრობლემა. გაცნობებთ სასიხარულო ამბავსაც, გვაქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც გადაიჭრება საკითხი. ვგულისხმობ დამატებითი სკოლების მშენებლობას ბათუმის ცენტრალურ ნაწილში. პირველად, ამდენი წლის შემდეგ ბათუმში ვიწყებთ ახალი სამსართულიანი, ვიზუალურად ძალიან ლამაზი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლის მშენებლობას ჭავჭავაძისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების კვეთაში, რომელიც ერთ ცვლაში 600 მოსწავლეს მოემსახურება. ასევე, დავიწყეთ მშენებლობა და მალე მზად იქნება ფიროსმანის ქუჩაზე ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სწავლების, მე-6, სკოლა. აქ ავაშენეთ ახალი კორპუსი, სადაც საკმაოდ ბევრი საკლასო ოთახია და ბევრი მოსწავლის მიღების საშუალება გვექნება. გარდა ამისა, დავიწყეთ ბათუმის მე-15 საჯარო სკოლასთან (ჯავახიშვილის და გორგასლის ქუჩების კვეთაში) დამატებითი კორპუსის მშენებლობა. გვაქვს მნიშვნელოვანი გეგმები, რომლებსაც ეტაპობრივად განვახორციელებთ. მათ შორისაა ბათუმის მე-4 სკოლის ტერიტორიაზე დამატებითი შენობის აშენება. ამ გზით, გაცილებით იოლი გახდა პრობლემის გადაჭრა, რადგან სკოლებისთვის ტერიტორიის გამოძებნაა რთული – არსებობს სტანდარტები, რომლებსაც უნდა შეესაბამებოდეს სკოლის შენობაც და ეზოც. დამატებითი კორპუსები განტვირთავს მოთხოვნას და ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის სასურველ ადგილას მდებარე სკოლაში დარეგისტრირების საკითხს. ამ სკოლებიდან ზოგი წელს შედის ექსპლუატაციაში, ზოგიც – მომდევნო წელს და დანამდვილებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ 2-3 წელიწადში გაორმაგდება ცენტრალურ სკოლებში ამ ეტაპზე არსებული მოსწავლეების რაოდენობა.
–რა სიახლეები დაინერგა სკოლების ინფრასტრუქტურის მოწყობის კუთხით?
-ჯერ კიდევ შარშან, მზის მიკროელექტროსისტემები ბათუმის სკოლებში „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა“ და ლიეტუვური კომპანია შპს პარტნიორობით შემუშავებული პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა. პროექტმა ლიეტუვის გარემოს დაცვის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს მიერ გამოყოფილი გრანტი მოიპოვა. პროექტის ჯამური ღირებულებაა 502 667 ევრო (დღგ-ს გარეშე). მზის მიკროელექტროსადგურების პროექტი სრულად შეესაბამება გაეროს დღის წესრიგის მე-13 მიზანს, რომელიც ითვალისწინებს კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენების წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების გატარებას. ვგულისხმობ 13 საჯარო სკოლის სახურავების საკმაოდ დიდ ფართობზე განთავსებულ მზის გამათბობელ პანელებს (ეს საჯარო სკოლებია – N: 1, 6, 8, 9, 10, 13, 14, 16, 17, 22, 23, 28 და 30). მზის მიკროელექტროსისტემები დამონტაჟებულია 13-ვე სკოლაში. დარჩენილია დამიწების წრედის მოწყობა. მალე ეს სკოლები თავად გამოიმუშავებენ მათთვის საკმარის ელექტროენერგიას. ის კი არადა, სპეციალისტების აზრით, უფრო მეტი ენერგიის მოპოვების საშუალებაც ექნებათ, რაც დირექციას არა მხოლოდ კომუნალური სახსრების დიდ ეკონომიას, არამედ დამატებითი თანხების გამომუშავების საშუალებასაც მისცემს, რასაც გამოიყენებენ სკოლის განვითარებისთვის. ევროკავშირისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების მეშვეობით, ქედის მუნიციპალიტეტშიც მიმდინარეობს მსგავსი აქციები. იქ საჯარო სკოლებს უკვე გადაეცათ მზის კოლექტორები, რომლების საშუალებითაც მათ მიეწოდება თბილი წყალი. აგრეთვე, გადაეცათ მზის ელექტროპანელები, რომლებიც ამ ეტაპზე დასაწყობებულია აღნიშნულ სკოლებში. მემორანდუმის საფუძველზე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ აიღო ვალდებულება, რომ ამ პანელებს დაამონტაჟებს და ექსპლუატაციაში ჩაუშვებს. ასე რომ, წლის ბოლომდე, ქედის აბსოლუტურად ყველა საჯარო სკოლა შეძლებს საკუთარი ელექტროენერგიის გამომუშავებას. მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროექტს, უკვე გაჟღერებული სარგებლის გარდა, დიდი დატვირთვა ენიჭება ცნობადობის ჩამოყალიბებაშიც, ეკოლოგიის დაცვის მხრივ, რაც ასევე მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო კომპონენტი იქნება მოსწავლე-მასწავლებლების, სოფლის მცხოვრებლებისთვის, რომლებიც უდავოდ დაინტერესდებიან ალტერნატიული ელექტროენერგიის გამომუშავებით და სარგებელით. ცხადია, იგივე პროცესების ჩატარებას ვგეგმავთ უცხოურ კომპანიებთან თანამშრომლობით – შუახევში, ხულოსა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში.
–რამდენი სკოლა–პანსიონი ფუნქციონირებს აჭარაში?
-ამ ეტაპზე აჭარაში სულ 4 სკოლა-პანსიონი ფუნქციონირებს, რომლებსაც ადრე სოციალური დატვირთვა უფრო ჰქონდა. ახლა ეს პანსიონები მილევად რეჟიმშია და ახალ მოსწავლეებს არ იღებს. ეს გადაწყდა იმიტომ რომ, აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცეს პროფილური დატვირთვა. მსგავსი პროექტი უკვე ხორციელდება ბათუმის განათლების და მეცნიერების ქალაქში, სადაც მალე გაიხსნება ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სწავლების სკოლა (კომაროვის ტიპის) საცხოვრებელი კამპუსით, რომელიც მომავალი წლიდან დაიწყებს ფუნქციონირებას. კონკურსის წესით შეირჩნენ როგორც პედაგოგები, ისე მასწავლებლები. ეს სკოლა ჯერჯერობით მე-6 სკოლის დაქვემდებარებაში იქნება. ვიწყებთ მსგავსი პროექტის განხორციელებას ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანშიც. კონკურსი გამოცხადდა პროექტის შესყიდვაზე. ხელშეკრულება დადებულია. აქ აშენდება როგორც სკოლა, ისე 100-ადგილიანი საცხოვრებელი კამპუსი. ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, რა პროფილის სწავლება იქნება, (საბუნებისმეტყველო თუ უცხო ენათა შემსწავლელი) პანსიონში. გადაწყვეტილებას მიიღებენ იმის მიხედვით, თუ რა გამოწვევებია ამ მუნიციპალიტეტში, გაითვალისწინებენ ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებულთა ინტერესს ფაკულტეტების მიმართ.
– საჯარო სკოლებში რა სიახლე ხვდებათ მოსწავლეებს, ინვენტარი განაახლეთ? სპორტული დარბაზები?
-პირველ კლასელებს, როგორც იცით, ვამარაგებთ „ბუქებით“ და სახელმძღვანელოებით. რაც შეეხება ინვენტარს, მთელი საქართველოს მასშტაბით გამოცხადდა ერთიანი კონსოლიდირებული ტენდერი, რომელშიც აჭარის სამინისტროც მონაწილეობს. 2600 მერხს და სკამს შევიტანთ უახლოეს პერიოდში იმ სკოლებში, რომლებიც წელს შედის ექსპლუატაციაში, ან რომელსაც სჭირდება ინვენტარის განახლება.მიმდინარე წელს, ყველა ჩვენ მიერ აშენებულ სკოლაში პარალელურ რეჟიმში, შენდება სპორტული სივრცეებიც. გარდა ამისა, კეთდება ღია მოედნები. წელს უკვე 5 ღია მოედანი მოვაწყვეთ სხვადასხვა სკოლაში. წლის ბოლომდე 9 ღია მოედანი გვექნება, ზოგი აშენებული და ზოგიც – მთლიანად ან ნაწილობრივ რეაბილიტირებული. გარდა ამისა, 4 დამოუკიდებელი სპორტული დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს. ამათგან სამი წელს უნდა დასრულდეს, მეოთხე – მომდევნო წელს. პარალელურად, სკოლები აღიჭურვა სპორტული ინვენტარით, რაშიც 50 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. ყველაფერი ეს, ბურთები თუ სხვა სავარჯიშო აქსესუარები, სკოლებში, როგორც წესი, ყოველწლიურად შედის.

