ეკო-კატასტროფები მსოფლიოსა და საქართველოში
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
პლანეტაზე ეკომიგრანტების რაოდენობა 25 მილიონს აღწევს
ეკოლოგიური კატასტროფა გულისხმობს: 1) ბუნებრივ ანომალიას; 2) ატომური ელექტროსადგურის, ტანკერის და სხვ. ავარიას; 3) სასიცოცხლო გარემოში ანთროპოგენურ საზიანო ჩარევას.
მსოფლიოში უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ბუნებრივი კატასტროფების სიხშირე მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც უმთავრესად, კლიმატის ცვლილებებითაა გამოწვეული. გაეროს მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიოში 600-მდე სტიქიური უბედურება ხდება, 200 მილიონზე მეტი ადამიანი ზარალდება, ეკონომიკური დანაკარგები კი 100 მილიარდ დოლარს აღწევს. რაც შეეხება ეკომიგრანტებს, მათი რაოდენობა 25 მილიონს აღწევს, რაც ორჯერ მეტია ვიდრე შეიარაღებული კონფლიქტების და პოლიტიკური რეპრესიების შედეგად ადგილნაცვალი პირების რაოდენობა ერთად აღებული. საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზით, კლიმატის ცვლილებების ფონზე 2050 წლისათვის ეკომიგრანტთა რაოდენობა 200 მილიონამდე გაიზრდება.
ბუნებრივ კატასტროფაში ჩვეულებრივ მოიაზრება ყველა იმ ტიპის ბუნებრივი მოვლენა, რომლის შედეგები უარყოფითად აისახება ადამიანთა ცხოვრების პირობებზე და საზოგადოებაში ნორმალურ ვითარებაზე, იწვევს ადამიანურ მსხვერპლს ან მატერიალურ ზარალს.
ბუნებრივი კატასტროფების კლასიფიკაციის მიხედვით არსებობს შემდეგი ჯგუფები:
* გვალვა, წყალდიდობა, სეტყვა, ტორნადო, ციკლონი, ქარიშხალი;
* გეომორფოლოგიურ-გეოლოგიური – მიწისძვრა, ცუნამი, ვულკანი, ამოფრქვევა, მეწყერი, ზვავი, სანაპიროს ეროზია;
* ეკოლოგიური – მცენარისა და ცხოველის დაავადება, მწერების შემოსევა, ტყის ხანძარი, პესტიციდიზაცია;
* შეიარაღებული კონფლიქტი, სატრანსპორტო კატასტროფები, ატომური – ქიმიური შემთხვევები, ნავთობის დაღვრა, წყლის, ჰაერის, ნიადაგის დაბინძურება;
*გლობალურ-გარემოსდაცვითი – მჟავური წვიმები, ატმოსფეროს დაბინძურება, გლობალური დათბობა, ზღვის დონის აწევა, ოზონის ფენის შემცირება.
ამდენად, კატასტროფა არ წარმოიქმნება მხოლოდ ბუნებრივი მოვლენისაგან, ხშირად ის ბუნებაზე ადამიანის ზეგავლენის შედეგია. კატასტროფები მნიშვნელოვანწილად გამოწვეულია ანთროპოგენური ფაქტორით, რაც მოსახლეობის მხრიდან გარემოსადმი გაუთვიცნობიერებელი დამოკიდებულებით არის განპირობებული.
საქართველოს რთული რელიეფისა და სპეციფიკური გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ქვეყანაში ბუნებრივი სტიქიური მოვლენები მასშტაბურია, მათი განმეორებადობა არის ხშირი, ხოლო საშიშროების რისკი – მაღალი. საქართველო ამ მოვლენებით გამოწვეული ნეგატიური შედეგების მასშტაბებით, მსოფლიოს მთიან ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში, გლობალური კლიმატის ცვლილების ფონზე, გარემოზე ადამიანის ზემოქმედების გააქტიურების გამო, საქართველოში სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური ხასიათის მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის შესამჩნევი ზრდა შეინიშნება.
საქართველოში 1967-2012 წლებში ეკომიგრანტების სტატუსით გაყვანილია 60000-ზე მეტი ოჯახი. აღნიშნულ პერიოდში ქვეყნისადმი გეოლოგიური სტიქიით მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 14 მილიარდზე მეტი აშშ დოლარი, დაიღუპა 1000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 1995-2012 წლებში – 107 ადამიანი.
რაც შეეხება სამრეწველო ავარიებს, საქართველოში დღეისათვის ფუნქციონირებს ათასობით სხვადასხვა დანიშნულების მქონე მსხვილი, საშუალო და მცირე საწარმო. მოქმედ საწარმოებში მომხდარ შესაძლო ავარიებს მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეუძლიათ გარემოსა და მოსახლეობისათვის. გარდა ამისა, არსებობს მრავალი გაჩერებული საწარმო, რომელიც, ხშირ შემთხვევაში უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე უკონტროლოდ არის მიტოვებული. ბევრი მათგანი საწარმოო პროცესებში იყენებდა ნავთობპროდუქტსა და სხვადასხვა სახის ქიმიურ ნივთიერებას, რომელთა გარკვეული მარაგი ნარჩენების სახით, შენახვის ნორმების დაცვის გარეშე დარჩა საწარმოს ტერიტორიაზე. შესაბამისად, სხვადასხვა ბუნებრივი თუ ანთროპოგენური ფაქტორების მოქმედების შედეგად ამ საწარმოებიდან იქმნება ავარიული დაბინძურების საშიშროება.
მოქმედი საწარმოებიდან განსაკუთრებით მაღალი რისკის მატარებელია ნავთობპროდუქტების, ქიმიური, პლასტმასის, მინერალური და საშენი მასალების, ასევე, მეტალურგიული პროდუქტებისა და ლითონის მზა ნაკეთობების წარმოება და სამთო მრეწველობა.
კარგა ხანი დასჭირდა ჩვენს ქვეყანაში ეკომიგრანტების ბაზების და იურიდიული მხარის მოწესრიგებას. ამ ეტაპზე მთავრობამ წინ გადადგა ნაბიჯები, რაც ეკომიგრანტებს უსაფრთხო საცხოვრისით და მცირე კერძო ბიზნესით უზრუნველყოფს.
სტიქიური მოვლენების შედეგად, 90-იანი წლებიდან დღემდე, საქართველოში უამრავი ადამიანი დარჩა უსახლკაროდ. როგორც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში განმარტავენ, აქამდე არ იყო ცნობილი, რამდენი ეკომიგრანტი გვყავდა ქვეყნის მასშტაბით, ან რამდენი ადამიანი საჭიროებდა დახმარებას, ახლა კი შეიცვალა მდგომარეობა. ამ ადმიანების დასახმარებლად მთელი დეპარტამენტია მობილიზებული.
2020 წლიდან სააგენტოში არსებული საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის დეპარტამენტი ეკომიგრანტებს სთავაზობს:
ა)საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტების საფუძველზე, ეკომიგრანტთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობას, საარსებო წყაროების შექმნის გზით;
ბ)ეკომიგრანტთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომაროების გაუმჯობესებისა და ინტეგრაციის მიზნით, მიზნობრივი პროექტების/პროგრამების შემუშავებას, განხორციელებას და შეფასებას;
გ)ეკომიგრანტთა საჭიროებებზე მორგებული საარსებო წყაროების პროექტების/პროგრამების შემუშავებას.
დ)საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ეკომიგრანტთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, გრანტების გაცემას;
ვ)ეკომიგრანტთა ჩართულობის ხელშეწყობას სახელმწიფო პროგრამებში და მათ ინფორმირებულობას იმ სახელმწიფო დაწესებულებების და საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტებისა და პროგრამების შესახებ, რომლებიც მიზნად ისახავენ საარსებო წყაროების შექმნის ხელშეწყობას;
ზ)განათლებისა და გადამზადების კურსებში ეკომიგრანტთა ჩართულობას.
როგორ უნდა გაფორმდეს პირი ეკომიგრანტად?
ოჯახმა უნდა მიმართოს სააგენტოს, რეგიონალურ სამმართველოებს, აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ან ნებისმიერ იუსტიციის სახლს, სადაც აქვს შესაძლებლობა შეავსოს განაცხადი (აპლიკაცია). აღნიშნულის შემდეგ სააგენტო N779 ბრძანების შესაბამისად, გამოითხოვს მუნიციპალიტეტიდან მათი სტიქიით დაზარალების შესახებ ინფორმაციას და თუ მიანიჭა მუნიციპალიტეტმა N779 ბრძანებით გათვალისწინებული კატეგორია, ოჯახი დარეგისტრირდება ბაზაში ეკომიგრანტად.
დახმარების პროგრამაში მონაწილე ოჯახს ეძლევა საშუალება, სააგენტოს წარმოუდგინოს ქვეყნის ტერიტორიაზე მდაბარე შესასყიდი საცხოვრებელი სახლი, რომლის მათთვის შესყიდვას და კერძო საკუთრებაში გადაცემას უზრუნველყოფს სააგენტო, ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის გათვალისწინებით. ასევე ეძლევა საშუალება, შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს სააგენტოში არსებული საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ პროგრამებში.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში არსებული განსახლებისა და ბენეფიციარის საჭიროებებზე მორგებული საარსებო წყაროების შექმნის პროგრამების გარდა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში ახორციელებს განსახლების პროგრამებს ავტონომიის ფარგლებში მაცხოვრებელი ოჯახებისთვის.
რა ხდება აჭარაში?
ეკომიგრანტ ოჯახებს სახლის საყიდლად 30 ათას ლარს გადასცემენ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2022 წელს ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტს 3,000,080 ლარამდე ზრდის. მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც მომავალ წელს ამოქმედდება, თითოეული ოჯახისათვის გათვალისწინებული თანადაფინანსების მოცულობის გაზრდაა. სამინისტრო უსაფრთხო საცხოვრისის შესაძენად სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახს ერთჯერადად 30 000 ლარს გამოუყოფს.
ამ თემაზე ჩვენთან საუბრობს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე.
-რომელი წლიდან დაიწყო მთავრობამ ამ თემაზე აქტიური მუშაობა?
-ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა სამინისტრომ 2016 წელს შეიმუშავა, რომელიც ყოველწლიურად იხვეწება და ბენეფიციართა საჭიროებებზე ხდება მორგებული. 2022 წლიდან სახლის შესყიდვის მიზნით, გავზრდით თითოეული ეკომიგრანტი ოჯახისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობას.
-რამდენი სახლის შეძენას გეგმავთ გამოყოფილი თანხით?
– მომავალ წელს, გაზრდილი ბიუჯეტითა და თანადაფინანსებით, ეკომიგრანტებისათვის 100 უსაფრთხო საცხოვრებელი სახლის შეძენა იგეგმება.
-აქამდე რამდენმა ეკომიგრანტმა შეისყიდა საცხოვრებელი ფართი?
-დღემდე ,,ეკომიგრანტი ოჯახების უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში თანადაფინანსებით საცხოვრებელი სახლი 552-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეისყიდა.
-სხვა რა სახის დახმარებებს უწევთ ამ ადამიანებს?
-აჭარის მთავრობისთვის სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები, პროგრამული დაფინანსების გარდა, ფინანსურ დახმარებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სარეზერვო ფონდიდან იღებენ. მიმდინარე წელს სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და ინფრასტრუქტურაზე მიყენებული ზიანის აღმოფხვრის მიზნით სარეზერვო ფონდიდან ფინანსური დახმარება გაეწია 281 ოჯახს.
-სულ რა რაოდენობის თანხაა გაცემული ეკომიგრანტებზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში?
-2013 წლიდან დღემდე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სარეზერვო ფონდიდან მიზნობრივი დახმარება გაიცა 3 960 ოჯახზე. გარდა ამისა აჭარის მთავრობა მუნიციპალიტეტების მერიებთან თანამშრომლობითა და თანადაფინანსებით ეხმარება ეკომიგრანტ ოჯახებს, რაც გამოიხატება სოციალური სახლების მშენებლობასა და სახოვრებელი ფართების უსასყიდლოდ გდაცემაში. 2012 წლიდან დღემდე განხორციელდა 14 სახლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, სადაც საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდა 719 ოჯახი.
-კიდევ თუ აშენდება სოციალური სახლები?
-როგორ არა, ეს უწყვეტი პროცესია. აჭარაში სოციალური სახლების მშენებლობა გრძელდება. მალე 20 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა ქედის მუნიციპალიტეტში. კიდევ ერთი სოციალური სახლის მშენებლობა იგეგმება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ აჭარის მთავრობამ სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარებისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში 1989 წელს სტიქიის შედეგად დაზარალებული 200-ზე მეტი ოჯახი. ასევე ფინანსური დახმარება გაეწია ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში მცხოვრებ ოჯახებს, სადაც აქტიური მეწყრული პროცესია განვითარებული.
-რა მდგომარეობაშია ამ მიმართულებით იურიდიული ბაზა?
-უკვე წესრიგდება. მთავრობის მიერ პირველად განხორციელდა სფეროს ნორმატიზირება. კერძოდ, ძალაში შევიდა აჭარის მთავრობის დადგენილება, რომლითაც განისაზღვრა აჭარაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალურ – სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის ქმედითი დახმარების აღმოჩენის კრიტერიუმები დაზიანებული საცხოვრებელი სახლების მშენებლობის, რეაბილიტაციისა და გადატანის მიზნით. წესი არეგულირებს ასევე სოციალურ სახლებში ეკომიგრანტი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილებისა და გადაცემის კრიტერიუმებს. აღნიშნული დადგენილებით, პირველად ქართულ სამართლებრივ სივრცეში განხორციელდა ოჯახთა დიფერენციაცია სტიქიით დაზარალებულ ეკომიგრანტ და არაეკომიგრანტ ოჯახებად.
-თუ შეიძლება დაგვიკონკრეტოთ?
-ამოქმედდა განკარგულება, რომელიც უზრუნველყოფს სტიქიით დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) ფინანსურ მხარდაჭერას, მათი უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფისათვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე მოქმედებს ისეთი ნორმატიული მოდელი, რომლითაც სრული საჯაროობის დაცვით, ხორციელდება სტიქიით დაზარალებულ ოჯახთა დაზარალების კატეგორიების და ხარისხების კლასიფიკაციის განსაზღვრა და შესაბამისი მიზნობრივი, ქმედითი დახმარების გაწევა.