რა იდეა უნდა ასულდგმულებდეს პოლიტიკურ სპექტრს?
ლაშა ხომერიკი 593 50 82 69 –
ახალ მოძრაობას იდეა უნდა ჰქონდეს, გასული საუკუნის 90-იან წლებში ასეთი იდეა დამოუკიდებლობის მოპოვება იყო, ახლა კი უნდა გახდეს თავისუფლება და ქართული სახელმწიფოს გაძლიერება, – ასეთია ქართველ ანალტიკოსთა საერთო აზრი, რომლებიც ქართულ პოლიტიკურ სპექტრს თვითგანვითარებისკენ და განახლებისკენ მოუწოდებენ. აღსანიშნავია “აირაის” გამოკითხვა ზემოთქმულთან მიმართებით, მოსახლეობის 61 პროცენტი ახალი ძალის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მოსახლეობა დაიღალა ორპოლუსიანი პოლიტიკური გარემოთი. თვალს თუ გადავავლებთ ჩვენს ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებს, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ აქამდე ჩატარებული არჩევნები ყოველთვის ორპოლუსიანი იყო, მაგალითად, 1990 წლის არჩევნებში ძირითადი ბრძოლა “მრგვალ მაგიდასა” და კომუნისტურ პარტიას შორის მიმდინარეობდა, შევარდნაძის მმართველობის დროს მთავარი აქტორები “მოქკავშირი” და “აღორძინება ” იყვნენ, 2012 წლის არჩევნებშიც ორი მთავარი ძალა – “ნაცმოძრაობა” და “ქართული ოცნება” ებრძოდა ერთმანეთს. ყოფილი მმართველი პარტია ოპოზიციაში გადაბარგდა და ადრინდელი მმართველი პარტიებისგან („მრავალი მაგიდა“, „მოქკავშირი“) განსხვავებით, არ გამქრალა პოლიტიკური ასპარეზიდან. ანალოგიური სურათი იყო 2016 და 2020 წლების არჩევნებშიც, მაგრამ საკითხავია, რა იქნება ამ ადგილობრივ არჩევნებში? ამას, ცხადია, ყველაზე უკეთ არჩევნები უპასუხებს. სხვათა შორის, ყოველი არჩევნების მოახლოებისას იქმნებოდა ისეთი სურათი, რომ შესაძლებელი იყო მესამე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება, რომელიც კონკურენციას გაუწევდა არსებულ და ყოფილ მმართველ გუნდს არჩევნებში. სამწუხაროდ, არც საპარლამენტო და არც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა ეს მოლოდინი არ გაამართლა. მიზეზი საკმაოდ ბევრია – საშინაო და საგარეო ფაქტორები. საშინაო ფაქტორებიდან ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ქვეყნის ხელისუფლებას არ გააჩნია ჯანსაღი პოლიტიკური კლიმატისთვის აუცილებელი პოლიტიკური ნება, არც საზოგადოებაშია მზაობა და პოლიტიკური კულტურა. ერთი მხრივ, ამას გარკვეულწილად, მოსახლეობის ინდიფერენტულობა უწყობს ხელს და მერე მხრივ, თავად პარტიების მწირი ინტელექტუალური რესურსი, ანუ სათანადოდ ვერ უხსნიან მოსახლეობას მათ მიზნებს. არადა, ჯანსაღი პოლიტიკური გარემო გულისხმობს შესაბამისი ოპოზიციური ფლანგის არსებობას, რომელიც ამავდროულად, ოპონირებას გაუწევს ხელისუფლებას სახელმწიფოს მართვის პროცესში.
ცხადია, არც მმართველი პარტია და არც “ნაცმოძრაობა” არაა დაინტერესებული, რომ ქვეყანაში შეიქმნას მესამე პოლიტიკური ძალა, რომელიც კონკურენციას გაუწევს მათ, მაგრამ გაუგებარი ის არის, რატომ არ ცდილობენ პროდასავლური ძალები მძლავრი კოალიციური ბლოკის ჩამოყალიბებას, რათა მიუმხრობელმა ამომრჩეველმა ( ანუ შუაშისტებმა) მათზე გააკეთოს არჩევანი?! ჯერჯერობით პროდასავლური პარტიები ვერ ახერხებენ გაერთიანებას, ამის მიზეზი, უპირველესად, მათი ამბიციურობა და არაადეკვატურობაა, მათ უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს მოსახლეობა გულგრილი არ არის კოალიციური ბლოკების მიმართ. თავის დროზე “მრავალმა მაგიდამ”, „ნაცმოძრაობამ“ და “ქართულმა ოცნებამ” სწორედ კოალიიციის მეშვეობით შეძლეს ხელისუფლებაში მოსვლა. ახლა, ამ არჩევნებზე კოალიციის შექმნა არ არის ნებადართული, თუმცა თუ სურთ გამარჯვება პროდასავლურ ძალებს (ვგულისხმობ მესამე ძალას), უნდა ჩამოაყალიბონ ერთი მძლავრი პარტია, როგორც ეს დასავლეთშია.
როგორც ვიცით, მესამე ძალაზე პრეტენზიას “ლელო საქართველოსთვის”, “მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლი” აცხადებდნენ, მაგრამ ეს ნიშა ვერ დაიკავეს, ყოველ შემთხვევაში 2020 წლის არჩევნები ამის მკაფიო მაგალითი იყო, თუმცა შესაძლოა, ამჯერად სურათი შეიცვალოს.
ექსპერტი გია ხუხაშვილი მესამე ძალად გახარიას პარტიას მოიაზრებს: “მესამე ძალა გამოჩნდა. . . როგორც პროცესები და სხვადასხვა ინდიკაცია აჩვენებს, ფაქტობრივად, “ქართული ოცნება” და “ნაცმოძრაობა” გაყინულია ერთ ადგილზე და დეგრადირებს” , – ასე აფასებს ექსპერტი ხუხაშვილი „აირაის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს. ერთადერთი, ვინც ამ პერიოდში იზრდება, გახლავთ გახარიას პარტია და ეს კვლევის შედეგებში ნამდვილად ჩანს – მათი რეიტინგი ათი პროცენტია. თავის მხრივ, მმართველი პარტია მსგავს სოცილოგიურ გამოკითხვებს არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ მოახლოებულ არჩევნებში “ქართული ოცნება” დამაჯერებლ გამარჯვებას მოიპოვებს. ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში და ვინ ფიასკოს განიცდის, ამას, ცხადია, სულ რაღაც ერთ კვირაში გავიგებთ,
ოპონენტები ხელისუფლებას არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობის გამოც აკრიტიკებენ, ქვეყანაში რომ არასახარბიელო ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა გვაქვს, საკამათო არ უნდა იყოს და ამას გააჩნია თავისი მიზეზები, რის შესახებაც სხვა დროს ვისაუბრებთ. არანაკლებ მნიშვნელოვან გარემოებაზე გავამახვილებთ ყურადღებას – ჩვენს გეოსტრატეგიულ რეგიონში აუცილებლია სტაბილურობის შენარჩუნება, რადგან არაკეთილისმსურველებმა, შესაძლოა, ჩვენი არეულობით ისარგებლონ. საქართველოში ხომ არჩევნები, სამწუხაროდ, დაძაბულობასთან ასოცირდება, შეგახსენებთ, სწორედ სახელმწიფო გადატრიალების შედეგად წაგვართვა რუსეთმა აფხაზეთიც, სამაჩაბლოც. ამიტომ საქართველოსთვის ზესტრატეგიულია შიდა სტაბილურობა. ამგვარი საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება ევროკავშირში შემავალ ქვეყნებს. მაგალითად, ლატვიაში რომ მოხდეს დესტაბილიზაცია, მას ლიტვა თავს არ დაესხმება, არც ჩეხეთს ემუქრება საფრთხე სლოვაკეთისგან, ჩვენ მაგალითი დასავლური ქვეყნებისგან უნდა ავიღოთ, იქ დემოკრატია არ იზღუდება, ანუ ისინი შეთანხმებული არან უმთავრეს რამეში, მნიშვნელოვან საკითხებს არა ერთპიროვნულად, არამედ ფართო დისკუსიის, ანდა რეფერენდუმის მეშვოებით წყვეტენ. თუ დავაკვირდებით, ევროპაში, ძირითადად, მთავრობები კოალიციურია და ეს სულაც არ უქმნის მათ პრობლემებს, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ევროპაში საზოგადოების ყველა ფენის ინტრესები გათვალისწინებულია, მათ ინტერესებს გავლენიანი პარტიები ატარებენ. ჩვენთან ამ კუთხით არც ისე სახარბიელო მდგომარეობაა, რასაც თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები აქვს. ერთ-,ერთი მიზეზი პოლიტელიტის არგანახლებაა. ეს საკითხი ყველაზე სერიოზული პრობლემაა საქართველოში, მას ხელს უწყობს საკმაოდ ბევრი ფაქტორი: უმნიშვნელოვანესი ის არის, რომ საქართველოს რეალურად დღემდე არ ჰყავს ისეთი მმართველი ელიტა, რომელიც მოიცავს პოლიტიკურ და ფინანსურ ელიტასაც, ჩვენ მხოლოდ გავლენიან პიროვნებაზე ორიენტირებული საზოგადოება ვართ, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნის ქვეყანაში მმართველი ელიტის განახლების თვალსაზრისით. ამ კუთხით გადავავლოთ თვალი საქართველოს რეალობას: თითქმის 25 წელია, პოლიტიკური სახეები არ იცვლებიან, ანუ არ ხდება პოლიტიკური პარტიების განახლება ახალი კადრებით, ზოგიერთი ლიდერი ვერ ელევა პარტიის თავმჯდომარის პოსტს, არადა, დასავლეთში, კერძოდ, დიდ ბრიტანეთში ერთ ლიდერს პარტიის თავმჯდომარის პოსტი მხრლოდ ოთხ, მაქსიმუმ, რვა წლამდე შეიძლება ეკავოს, შემდეგ გზა უნდა დაუთმოს სხვას, ხოლო თუ ქვეყნის პრემიერი გახდა, უმალ ტოვებს პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობას და მის ადგილს სხვა ლიდერი იკავებს. ახალი ლიდერი კვლავ ცდილობს, მთავრობას დანაპირები შეასრულებინოს, რათა ამომრჩევლის ნდობა არ დაკარგოს, ამ მხრივ, საყურადღებოა პოლიტოლოგ გელა ირემაძის აზრი : “დასავლეთში პარტიის ლიდერებს არა პარტიული ელიტა, არამედ მთელი პარტია ირჩევს, ფორმალურად, რა თქმა უნდა, ჩვენთანაც იცავენ დადგენილ წესებს, მაგრამ რეალურად, ლიდერს პარტიის ელიტაში ირჩევენ, ამ მხრივ დასავლეთში ამომრჩევლის აზრსაც ითვალისწინებენ. . . ჩვენთან კი, ასე ვთქვათ, პარტიული ” საძმაკაცო” ანდა პარტიული ელიტა წყვეტს ლიდერის ვინაობას, ამიტომ ქართულ პოლიტიკაში ახალი სახეები თითქმის არ ჩანან, ხოლო თუ გამოჩნდებინ, მათი მარგი ქმედების კოეფიციენტი არც ისე მაღალია, რომ ზეგავლენა მოახდინოს საჭირბოროტო საკითხებზე”.
მოახლოებული არჩევნები ნათლად დაგვანახებს ორპოლუსიანი თუ მრავალპოლუსიანი იქნება არჩევნები. თუ ამჯერად, რეალურად გამოჩნდება მესამე ძალა, რომელიც გაარღვევს ამ მოჯადოებულ წრეს, ქვეყანას ეყოლება მრავალპარტიული საკრებულოები. მმართველმა ელიტამ ქვეყნის დემოკრატიის ხარისხი კიდევ უფრო უნდა აამაღლოს, რათა დასავლეთის კეთილგანწყობა არ დაკარგოს, არჩევნები კი მართლაც, უტყუარი ტესტი იქნება, ამის საილუსტრაციოდ.