„ყველა თანამდებობაზე ძვირფასია მშობლიური კუთხის, ქვეყნის სიყვარული“
ოთარ ცინარიძე 599 85 21 14 –
ზაზა დავითაძე შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეა. იგი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციული სიით ორჯერ იყო არჩეული წარმომადგენლობით ორგანოში. ამჯერად დაბა შუახევის მაჟორიტარად იყრის კენჭს. იგი ჩვენი გაზეთის სტუმარია.
– სპეციალობით ექიმი-სტომატოლოგი ვარ. პროფესიული განათლების მიღების შემდეგ მუშაობა შუახევში დავიწყე. აქ დაბადებულმა კარგად ვიცი, თუ როგორ იგრძნობა მშობლიურ რაიონში კვალიფიციური ექიმების დეფიციტი. თავის დროზე, ბატონ რამაზ სურმანიძიდან მოყოლებული, შუახეველმა ექიმებმა თანარაიონელთა ჯანმრთელობის დაცვას მთელი თავიანთი ენერგია და შესაძლებლობა მოახმარეს. ნოდარ დუმბაძის, გულთამზე ფუტკარაძის, გურამ ქარცივაძის საქმიანობას მრავალი შემფასებელი ჰყავს. გურამი წინა მოწვევის შუახევის საკრებულოში ბარათაულელთა მაჟორიტარი იყო. იგი ახლაც ბარათაულის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელია. ნოდარი და გულთამზე ისე წავიდნენ წუთისოფლიდან, რომ სხვაგან გადასვლაზე არც უფიქრიათ. შუახეველთა სამსახურში არიან ვახტანგ ოჩიგავა, მაია ბოლქვაძე, იზოლდა აბუსელიძე, ბადრი მამულაძე, პავლე მჟავანაძე, მაყვალა გოგიტიძე. მთაში ექიმი ყველა ეპოქაში საჭირო და დაფასებულ ადამიანად ითვლება. ეს საკუთარ თავზეც გამოვცადე. მოქმედი საკრებულოს არჩევნებში პროპორციული სიის მეათე ნომერი ვიყავი. ამომრჩევლებმა მე და ფატი ჭაღალიძეს პატივი დაგვდეს და ერთსულოვანი მხარდაჭერით წარმომადგენლობით ორგანოში მოვედით. ორივე კომისიის თავმჯდომარეებად აგვირჩიეს.
-მოქმედი საკრებულოს სამი კომისიის თავმჯდომარე მესამედ კენჭს იყრით 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებში. ეს ამომრჩეველთა ნდობის დასტურია თუ მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს მხარდაჭერა?
– ჩვენთან ერთად კენჭს იყრის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ შუახევის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ედნარ კეჟერაძე. მეორედ არჩევის კანდიდატები არიან გიორგი დავითაძე, თენგიზ ივანაძე. მმართველი პარტიის პოლიტსაბჭო მოქმედი საკრებულოს მუშაობას, თითოეული დეპუტატის აქტიურობას რომ აფასებს, იქიდანაც ჩანს, რომ ბარათაულ-წყალსაყრის, შუბან-ოლადაურის გაერთიანებულ ოლქებში მოქმედი საკრებულოს წევრებს, ბარათაულელთა მაჟორიტარ მურად ქათამაძესა და პროპორციული სიით არჩეულ ფრიდონ ფუტკარაძეს აქვთ პატივი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად კვლავ იყარონ კენჭი. 8 წლის განმავლობაში შუახევში აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების ერთობლივი მუშაობით, განათლების, კულტურის, ჯანმრთელობის დაცვის სფეროებში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვის დასტურია ის სოციალური პროექტები, რომელთა რაოდენობა წელიწადში 200-ზე მეტია. სოციალურად დაუცველებისთვის, შშმ პირებისთვის, სტიქიისგან დაზარალებული ოჯახებისთვის პროგრამები მოქმედებს, რომლებსაც ჯერ საკრებულოს კომისიების, ხოლო საბოლოოდ საკრებულოს სხდომებზე განვიხილავთ და ვამტკიცებთ.
– ასეთ ფონზე, ოპოზიცია მაინც ბრალს გდებთ, ხშირია საყვედურები ცალკეული მეწარმეების მისამართით.
– ოპოზიცია ჩვენს ნათქვამს იმეორებს. თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელ სტრუქტურებში მუშაობა მავალდებულებს, ვიყო ყველა მნიშვნელოვანი საქმის ეპიცენტრში. 8 წლის განმავლობაში 20-ზე მეტ მეწარმეს საქმიანობა შევუჩერეთ. კარგად მახსოვს „საუკუნის პროექტად“ წოდებული ფურტიო-ბუთურაული-ნენიის 29- კილომეტრიანი წყალსადენის მშენებლობისას წარმოქმნილი პრობლემები. წყალსადენი უკვე მოქმედებს. აქტიური ჩარევა რომ არ ყოფილიყო, ეს პროექტიც იმ ბედს გაიზიარებდა, რაც კომუნისტურ ეპოქაში აშენებულ წყალსაქაჩ სისტემას ერგო. რამდენიმე მეწარმეს ჯარიმაც დავუწერეთ. თუ საქმე პრაქტიკულად არ ნახე, მის შესახებ მსჯელობა ფუჭია. წინა მოწვევის საკრებულოში ოპოზიციური პარტიების მიერ არჩეული დეპუტატები ენას იქავებდნენ, ახლანდელი მოწვევის საკრებულოში სათქმელი ბევრი რომ აღარ აქვთ, სხდომებზე დასწრებასაც თავს არიდებდნენ. იმასაც გეტყვით, რომ სადაც საქმე კეთდება, იქ საკირკიმალოც იქნება, მაგრამ ისეთი მასშტაბების არა, როგორიც 2005-2012 წლებში იყო. მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა ღომა-შუახევის წყალსადენის რეაბილიტაციასა და დამატებითი შტოს გაკეთებაზე, მაგრამ სისტემამ გამართულად ორი წელიც ვერ იმუშავა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დღვანის თემის ტერიტორიიდან ახალი მაგისტრალი გამოვიყვანეთ. ახლა, დაბის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, გიდელას ხევიდან წყლის გამოყვანაზე მუშაობა დაწყებულია. პროექტს, გერმანიის მხარდაჭერით, 21 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება. დაბა შუახევის და 15-მდე სოფლის წყალმომარაგება გაუმჯობესდება.
– წინასაარჩევნოდ ყველა სოფელსა და დასახლებულ უბანში ამომრჩევლებთან შეხვედრები გქონდათ. როგორია მათი დამოკიდებულება მაჟორიტარებისადმი?
– ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი საჯაროდ მინდა წინ წამოვწიო. მე კარგად მახსოვს ის ამომრჩეველი, რომელიც ადრე გამართულ თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი მხარდამჭერი იყო. მისასალმებელია, რომ მათი საარჩევნო კულტურა, დამოკიდებულება სასურველი პარტიისა და მაჟორიტარი კანდიდატისადმი მეტ ეფექტს იძენს. ისინი პირადი ინეტერესებით არ შემოიფარგლებიან, სოფლის, ქვეყნის მომავალზე საჯაროდ მსჯელობენ და ჩვენგან თანადგომას ელიან. არიან ისეთებიც, რომლებსაც გაკეთებული ავიწყდებათ, გასაკეთებელზეც დამადლებულ პოზიციას იჭერენ. წარმომადგენლობით ორგანოში 8-წლიანი მუშაობისას ამომრჩეველთა სურვილებს, წინადადებებს გულისხმიერად ვეკიდებოდი, ერთხელაც არ დავინტერესებულვარ მათი პარტიულობით. შუახევი ტერიტორიულად, მოსახლეობის რაოდენობითაც პატარა მუნიციპალიტეტია, ყველა ერთმანეთს ვიცნობთ. პარტიულობასა და თანამდებობაზე ძვირფასი მშობლიური კუთხის, ქვეყნის სიყვარულია. ზოგიერთების ამბიციას თუ ავყვებით, ჩვენც დავზარალდებით და ქვეყანაც. ზოგიერთები კეთილმოწყობილი დაბა შუახევის ქუჩებში დადიან, ხარაჩოებში ჩასმული კულტურის სახლის შენობას გვერდით ჩაუვლიან, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის ხიჭაური-ჩანჩხალოს საავტომობილო მონაკვეთის კეთილმოწყობილ გზაზე ტრანსპორტით მოძრაობენ, მაგრამ დღემუდამ გაიძახიან: არაფერი არ კეთდებაო. ვინც გაკეთებულს გვიფასებს, მხარდაჭერასაც ისინი გვპირდებიან. დაბაძველში, ბესელაშვილებში, კლდისუბანში, ოქროპილაურში, თერნალში, სხეფში, ჩანჩხალოში, დაბა შუახევის უბნებში საინტერესო და შინაარსობრივი შეხვედრები მქონდა. წინა არჩევნებზე იყო ცალკეულ პირთა გამოხდომები, ამბიციური მოთხოვნები, რის მოწმეც ამჯერად არ ვართ.
– ბევრგან მეორე ტურზე საუბრობენ. . .
– მე ამორჩევლის იმედი მაქვს, იმ ამომრჩევლის, რომელსაც ჩემი პროფესიული და პოლიტიკური საქმიანობისა სჯერა.