რა შემთხვევაში განახლდება სასწავლო პროცესი კლასებში ?
ნათია იმნაიშვილი 27 48 93 –
რთული ეპიდსიტუაციის გამო საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებმა, პროფესიულმა სასწავლებლებმა და უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 15 სექტემბერს სწავლა დისტანციურ რეჟიმში დაიწყეს და ამ ფორმატით სწავლა 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
როგორც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ისინი თითქმის დარწმუნებული არიან, რომ საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა დათქმულ დროს დაიწყება.
მინისტრის განმარტებით, როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე სხვა უწყებები ყველაფერს აკეთებენ ეპიდსიტუაციის დასტაბილურებისთვის, რათა შესაძლებელი იყოს სწავლის საკლასო ოთახებში გაგრძელება, ასევე ეკონომიკური საქმიანობების გააქტიურება. მისი განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით, ეპიდვითარება დამაკმაყოფილებელია, თუმცა მნიშვნელოვანი განსხვავებებია რეგიონებს შორის.
-შეინიშნება, რომ აჭარასა და თბილისში გაცილებით უკეთესი მაჩვენებელია, ვიდრე კახეთში. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ღონისძიება, რომელიც ტარდება ქვეყნის მასშტაბით, იყოს ადეკვატური რეგიონებშიც, – განაცხადა ტიკარაძემ.
ბევრი მოსაზრება არსებობს დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით. აზრს გამოთქვამენ ექსპერტები, მასწავლებლები, დირექტორები, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მოსწავლეების ხმაა, რომლებსაც სკოლა სახლებში აქვთ მოწყობილი და სულ სხვა გარემოში უწევთ საგაკვეთილო პროცესში ჩართვა. როგორც ისინი ჩვენთან საუბარში ამბობენ, ონლაინრეჟიმში სწავლა ბევრ პრობლემასთანაა დაკავშირებული. მათი თქმით, ტექნიკური ხარვეზების გარდა, რომლებიც ინტერნეტის არქონას, ანდაც ტელეფონს უკავშირდება, პრობლემაა ისიც, რომ ასეთი სასწავლო პროცესი სწავლების ხარისხს ადაბლებს.
თინათინი, მე-11 კლასი:
-ძალიან მნიშვნელოვანია საგაკვეთილო პროცესის კლასებში გადატანა, რადგან დისტანციური სწავლება ნეგატიურად მოქმედებს ჩვენს ფსიქოლოგიაზე. გვჭირდება ერთმანეთთან პირდაპირი კონტაქტი. სხვა მხრივ, ჩემს შემთხვევაში, სკოლამ მაქსიმალურად შეგვიქმნა ის გარემო, რომ კარგად ვისწავლოთ, ვიყოთ მოტივირებულები და სათანადო ცოდნა მივიღოთ, რაც აუცილებელი და მნიშვნელოვანია.
გიორგი, მე-9 კლასი:
-რთულია ამ ფორმატით სწავლა, რადგან მოწყვეტილები ვართ რეალურ ურთიერთობებს, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ჩვენი განვითარებისათვის. ვიმედოვნებ, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი კლასებში აღდგება და აღარ დავუბრუნდებით ონლაინსწავლებას.
თამარი, მე-10 კლასი:
-დისტანციურმა სწავლამ ბევრი პრობლემა გაგვიჩინა როგორც მოსწავლეებს, ასევე, მასწავლებლებს. პირველი და უმთავრესი, ეს არის ინტერნეტი, რომლის შეფერხების თუ არქონის გამო, ბევრ ჩვენ თანატოლს უჭირს საგაკვეთილო პროცესში ჩართვა. არის ტელეფონისა თუ გაჯეტების პრობლემაც, რასაც მივყავართ იქამდე, რომ არ არის სრულფასოვანი განათლების მიღების საშუალება. ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო ახლა სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებაა, რადგან ეს აუცილებელია ჩვენთვის და ჩვენი მომავლისათვის.
4 ოქტომბრიდან იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლები იქნება, სწავლა კლასებსა და აუდიტორიებში განახლდება, ხოლო იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ეს მაჩვენებელი 4%-ზე მაღალი იქნება, სწავლა დისტანციურად გაგრძელდება.
საკლასო ოთახებში სწავლების განახლების შემთხვევაში მშობელს ისევ ექნება საშუალება, აირჩიოს, სურს თუ არა კვლავ დისტანციურ რეჟიმში სწავლის გაგრძელება.

