ტარიელ ფუტკარაძის სტიპენდია – წარმატებულ სტუდენტებს
ოთარ ცინარიძე 599 85 21 14 –
ცნობილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ტარიელ ფუტკარაძე 2021 წლის დასაწყისში კოვიდ-19-ით გარდაიცვალა. იგი მახათას მთაზეა დაკრძალული.
60 წლის ასაკში ბევრი მოასწრო. სტუდენტობის წლებიდან მოყოლებული სწავლას, მეცნიერულ კვლევებს ეროვნულ მოძრაობაში ჩართულობას უთავსებდა. მეცნიერულ და პოლიტიკურ სარბიელზე მოღვაწეობა დაუფასდა. ცნობილი ქართველოლოგის, პროფესორის, 15-მდე წიგნის ავტორის ღვაწლის დაფასებაა ის, რასაც ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო, გორის სასწავლო უნივერსიტეტების რექტორები როლანდ კოპალიანი, გიორგი სოსიაშვილი, საქველმოქმედო ფონდ „შუბანის“ წევრები, ტარიელის თანასოფლელები, მშობლიური შუახევის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებში დასაქმებულები აკეთებენ. სულ მალე შუბნის საჯარო სკოლას ტარიელ ფუტკარაძის სახელი მიენიჭება. გიორგი სოსიაშვილისა და ტარიელის უახლოესი მეგობრების ინიციატივით, უკვე მოქმედებს ტარიელ ფუტკარაძის საზოგადოება, გორის სასწავლო უნივერსიტეტში მისი სახელობის სტიპენდია დაარსდა, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები მისი კაბინეტით ისარგებლებენ.
შუახევის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოსა და საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის ფატი ჭაღალიძის ინიციატივით, დაიწყო მოძრაობა, რომ წარმატებული შუახეველი სტუდენტებისთვის დაწესდეს ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდია. იგი სემესტრული შედეგების მიხედვით ოთხ სტუდენტზე გაიცემა. ინიციატივის ავტორმა შუახევის მუნიციაპლიტეტის მერიას მიმართა. პროექტი შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რუსუდან შავაძემ წარადგინა. მისი მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული სტუდენტების წახალისება. აპლიკანტი, რომელიც სტიპენდიის მოსაპოვებლად იბრძოლებს, გარკვეულ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს. პირველ რიგში, უნდა ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება (91 ქულაზე მეტი), უნდა იყოს შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანამანათლებლო სკოლის კურსდამთავრებული (ბოლო 6 წლის განმავლობაში). უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს. პირველი სტიპენდიები 2021 წლის პირველი და მეორე სემესტრების შედეგებით გაიცემა. თუ საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი სტიპენდიას მოიპოვებს და მომდევნო წელსაც მაღალი აკადემიური მოსწრება ექნება, სტიპენდია შეუნარჩუნდება.
სხდომაზე წარმოდგენილი პროექტის შესახებ მოსაზრებანი გამოთქვეს საკრებულოს წევრებმა ზურაბ ვაშაყმაძემ, ფატი ჭაღალიძემ, ჯემალ ივანაძემ, ემზარ ჯუმუშაძემ. წარმოდგენილ პროექტს სხდომაზე დამსწრე ყველა დეპუტატმა მხარი დაუჭირა.
– შუახეველი სტუდენტები წარმატებით სწავლობენ ქვეყნის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. ნიშანდობლივია, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელსაც მაღალი შედეგები გვაქვს. გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტებიდან 80 პროცენტზე მეტი სტუდენტი გახდა. ხიჭაურის წმინდა აბუსერისძე ტბელის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი ძირითად შევსებას შუახევის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების კურსდამთავრებულებიდან ღებულობს. სტიპენდიები აქ ჩარიცხულ სტუდენტებზეც გაიცემა. სტიპენდიის მიღებისას შეზღუდვა არ ექნებათ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა გრიგოლ ხანძთელის სკოლის კურსდამთავრებულებს, ოღონდ მათ, ვინც შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრობს. სტიპენდია სპეციალური კომისიის ან შუახევის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცემა, – გვითხრა ფატი ჭაღალიძემ.

