ამბები
წარმატებული ბენეფიციარები დააჯილდოვეს
ოთარ ცინარიძე 599 85 21 14 –
ქვეყნის ბაზარზე გამოჩნდა იმ მეწარმეების პროდუქცია, რომლებმაც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ ,,აგროსერვისცენტრის’’ საგრანტო პროგრამით ,,სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა ’’ ისარგებლეს. ცისკარიძეების მარანში დაწურულ ღვინოს, ცხარე აჯიკას, ჩირს და სხვა პროდუქტებს უკვე იცნობენ როგორც ადგილობრივები, ისე უცხოელი ვიზიტიორები. შარშან, საგრანტო პროგრამით, აჭარაში 18-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. წელს, თანადაფინანსებით, ქობულეთში, ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში 16 ბენეფიციარი პროექტებს ახორციელებს. მათგან 4 – ქობულეთში, 3 – ხელვაჩაურში, 3 – ქედაში, 2 – შუახევში და 4 – ხულოში.
დაბა შუახევში პურის საცხობი იყო, მაგრამ ჭვანის ცენტრში გადაიტანეს. ბენეფიციარმა უჩა დავითაძემ დაბაში თანამედროვე სტანდარტების შესაფერისი საცხობისა და თონის გამართვა გადაწყვიტა. მისი პროექტი 59,5 ათასი ლარით დაფინანსდა. 31 ათასი ლარით დაფინანსდა უჩამბის ადმინისტრაციული ერთეულის ქვაბთის უბანში მცხოვრები ასიე დავითაძე-ვარშანიძის პროექტი. იგი ხილის მარნის მოწყობას აპირებს.
ადგილობრივ რესურსებზე მორგებული პროექტები დაუფინანსეს ხულოელებს: ჯემალ შავაძეს, გურამ აბულაძეს, ჯემალ ბოლქვაძეს.
– მიმდინარე წელს საგრანტო პროექტის ბიუჯეტი 1.175 ათასი ლარია. ჩემს მსგავსად კიდევ 15 ბენეფიციარი მიზნობრივ პროექტებს ახორციელებს. წინასწარი გათვლით, ობიექტზე 5 ადგილობრივი მუდმივ სამუშაოს გაიჩენს. კეთილმოწყობის სამუშაოებთან ერთად, დასასაქმებლების გადამზადებაც დავიწყეთ, – გვითხრა შუახეველმა უჩა დავითაძემ.
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანში 2021 წლის საგრანტო პროგრამის გამარჯვებული ბენეფიციარების დაჯილდოება და 2020 წლის საგრანტო პროგრამის “სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა” გამარჯვებული ბენეფიციარების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე, მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი, აგროსერვისცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე, დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ითქვა, რომ აღნიშნული პროგრამა პირველად 2020 წელს განხორციელდა, რომლის ბიუჯეტი შეადგენდა 1 000 000 ლარს. საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 2020 წელს გამოვლინდა 18 გამარჯვებული ბენეფიციარი.
აგროსერვისცენტრის თანადაფინანსება შეადგენს პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი განაცხადის საინვესტიციო ღირებულების 70 პროცენტს.
პროგრამა ითვალისწინებს როგორც არსებული ბიზნესის გაფართოება-მოდერნიზირებას, ასევე ბენეფიციარების ფინანსურ დახმარებას ახალი ბიზნესის დასაწყებად.
პროგრამის პრიორიტეტებია: ინოვაციური პროექტები, ახალგაზრდა მეწარმეების მიერ წარმოდგენილი პროექტები, ქალ მეწარმეთა მიერ წარმოდგენილი პროექტები, სოფლად გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და კლიმატის ცვლილებების შერბილების ღონისძიებების ხელშეწყობა, ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიების გამოყენება.
პროგრამის “სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა” კომისიის შემადგენლობაში არიან აჭარის მთავრობის აპარატის, სამინისტროების, აჭარის მუნიციპალიტეტების მერიის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები.
– საგრანტო პროგრამები ფრიად მნიშვნელოვანია და ადგილობრივ პირობებზეა მორგებული, – თქვა თორნიკე რიჟვაძემ, – ქვეყნის ბაზარი ისეთ პროდუქციას ითხოვს, რომლის წარმოება ადგილზეა შესაძლებებლი. ამ გზით მეტი ადამიანი დასაქმდება, აღარ განიავდება ეკოლოგიურად საღი პროდუქტი.
სულ ნანახია
508
დღეს ნანახია
1