ბათუმის ცენტრალური პარკი – სარეკრეაციო სივრცე და ტურისტებისთვის მიმზიდველი გარემო
ბათუმის ცენტრალური პარკი – სარეკრეაციო სივრცე და ტურისტებისთვის მიმზიდველი გარემო
ბათუმში ცენტრალური პარკის ახალი ტურისტული ატრაქციის მშენებლობა იწყება, რაც რეკრეაციული სივრცის გაზრდის მიზანშეწონილობამ და სეზონურობაზე დამოკიდებულების შემცირების აუცილებლობამ განაპირობა. სწორედ ამ გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა რეგიონის პირველმა პირმა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე. მისი თქმით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა პროექტი, რომელიც განხორციელდება ქალაქის შიდა ნაწილში არანაკლებ 22 ჰა ტერიტორიაზე. შეიქმნება ტურისტებისთვის მიმზიდველი გარემო, რომელიც ეკონომიკური პროცესების გააქტიურებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.
,, ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ ტურიზმის ხელშეწყობას, განვითარებას, საზოგადოებისთვის და ქალაქისთვის ახალი რეკრეაციული სივრცეების შექმნას. ურეხის და ე.წ. სტეფანოვკის დასახლებაში გაშენდება ახალი რეკრეაცია. ამ მიმართულებით ბოლო 1 წლის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით და დარწმუნებული ვარ, ეს ახალი ცენტრალური პარკი შექმნის ახალ მიზიდულობის ცენტრს ტურისტული თვალსაზრისით. ამასთან, ჩვენს თანაქალაქელებს ექნებათ გართობისთვის და დასვენებისთვის ახალი, ძალიან მიმზიდველი სივრცე’’, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ინვესტორთან მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ტერიტორიაზე აშენდება საბაგირო, რომელიც დაუკავშირდება არგოს მთას. ასე შეიკვრება ერთგვარი სამკუთხედი და საბაგიროს მეშვეობით ტერიტორია დაუკავშირდება ბულვარს.
სარეკრეაციო სივრცე, რომელიც ბათუმში პროექტის ფარგლებში შეიქმნება, მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის სწორი ურბანული განვითარებისთვის.
სახელმწიფო მიმდინარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწყობაში არანაკლებ 14 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
პროექტი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, როგორიცაა საბავშვო-შემეცნებითი მუზეუმი, საქართველოს ერთიანობის სიმბოლური ძეგლი, ტურისტული ინფრასტრუქტურა.

