„ყველაფერს შევძლებთ, უბრალოდ გვიყვარდეს!“
ლაშა ხომერიკი 593 50 82 69 –
“ანგელოზების სამყაროში” – ასე ეწოდება თანაავტორთა კრებულს, რომელშიც მკითხველი საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა ცხოვრებას გაეცნობა. კრებულის ერთ-ერთი ავტორი და სულისჩამდგმელია კრეატიულობით გამორჩეული პედაგოგი და პოეტი, ჩვენი თანაქალაქელი ნაზი აბაშიძე-კალოთელი, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარია.
– მკითხველთან თქვენი წარდგენისას, ვგონებ, ტელეწამყვანობაც უნდა აღმენიშნა, არა?
– დიახ, მიმყავს გადაცემა ,,ჩვენი დრო“ ტელეკომპანია tv12-ის პირდაპირი ეთერით, რომელიც სულ მალე ახალი ფორმატით წარსდგება საზოგადოების წინაშე.
– ამჟამად რას საქმიანობთ? გვიამბეთ თქვენს ბოლოდროინდელ პროექტებზე.
-პანდემიური შეფერხებიდან გამომდინარე, არც ისე ბევრია, თუმცა უქმად არცერთი წუთი არ ვყოფილვარ და ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი განხორციელებაც მეამაყება, ესაა კრებული ,,ანგელოზების სამყაროში“, რომლის შექმნის იდეაც მეკუთვნის და მიხარია, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ძალუძთ, პაწია რკო მუხად გადააქციონ. როგორც მოგეხსენებათ, ვმუშაობდი საბავშვო ბაღში, შაბათ-კვირას კი ორგანიზაციაში „მწიგნობარი“ ვატარებდი ტრენინგებს. გამიჩნდა სურვილი, რომ ეს ორი ორგანიზაცია გამეერთიანებინა და ამის გაკეთება შესაძლებელი გახდა კრებულის გამოცემით, რომლის მიზანიც საზოგადოებისთვის საბავშვო ბაღის ცხოვრების გაცნობაა. იდეა გავანდე საბავშვო ბაღების გაერთიანების იმჟამინდელ ხელმძღვანელს, ბატონ მამუკა შამილიშვილს, რომელიც მხარდაჭერას დამპირდა, თუმცა ხელმძღვანელობა მალევე შეიცვალა და უკვე ბატონ თენგიზ აფხაზავასა და ქალბატონ ზაირა ქაჯაიას, ასევე, „მწიგნობარის“ ძალისხმევით კრებული მალე იხილავს სამზეოს. . .
-შარშან ლექსების კრებულიც გამოეცით, ახლა როგორ აღიქვამთ ამ წიგნს და წლეულს რა ჟანრში აპირებთ მკითხველთან საუბარს?
– ჟანრი ნამდვილად შეიცვალა და მალე საზოგადოებას ისტორიულ რომანს შევთავაზებ, რომლის მთავარი გმირი ჩემი ბაბუა სანჯაღა (ვლადიმერ აბაშიძე) იქნება. ბებიას უკვე მივუძღვენი პოემა ,,დაბადებიდან დაბადებამდე“, რომელიც მოჰყვა ,,დედის თვალების“ გამოცემას. მანამდე კი ჯგუფი ,,ჩვენი ხმა“ ვმუშაობთ სრულიად ახალ ჟანრზე – ეს იქნება კრებული პანდემიურ ცხოვრებაზე, ამბავი, რომელსაც ეყოლება რამდენიმე ავტორი. იდეა ჩემს ძმას გია აბაშიძეს ეკუთვნის და მკითხველი იხილავს ისტორიულად საინტერესო, რეალურ ყოფას, ეპიდაფეთქებიდან დღემდე.
– ,,კალოთელის სამყარო“- ეს ლიტერატურული ფსევდონიმი აირჩიეთ და როგორ გრძნობთ თავს ამ სახელით?
– კალოთა მშობლიური სოფელი და ჩემი სულის ყველაზე ცეცხლოვანი ნაწილია. სახელწოდების მზიურ უბეში თავს უფრო მყარად, მშვიდად და დაცულად ვგრძნობ.
– ,,მწიგნობარში“ თქვენს საქმიანობასა და სამომავლო მიზნებზე რას გვეტყოდით?
– ამ ორგანიზაციასთან უკვე ათი წელია ვთანამშრომლობ. ერთად ბევრი სასიკეთო საქმე განვახორციელეთ და ჩვენს გულშემატკივრებს არც მომავალში მოვაკლებთ სიურპრიზებს.
– პანდემიამ რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში, როგორ უმკლავდებით ყოფით პრობლემებს?
– პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა, დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა მომაყენა, როგორც – ყველას, ყოფით პრობლემებს კი პოზიტიური აზროვნებითა და ადამიანებთან მჭიდრო ურთიერთობებით ვუმკლავდები. ყველასა მოვუწოდებ, რომ არ ჩაიკეტონ. ჩვენ გარშემო ყოველთვის არიან კეთილმოსურნე და მზრუნველი ადამიანები. მე პირადად, როცა სულიერი კრიზისი ვიგრძენი (რაც ბებია-ბაბუის დაკარგვამ გამოიწვია, ჩემთვის უძვირფასეს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს მივმართე, მეტიც, მიუხედავად შიშისა, მისთვის ვირუსი არ მიმეტანა (რა თქმაუნდა, უნებურად) გავბედე და სახლში ვეახელი. დამაკლდა, რომ გულში ვერ ჩავეკარი, რასაც სხვა დროს აუცილებლად გავაკეთებდი, მაგრამ მისი მჭევრმეტყველი მზერაც საკმარისი აღმოჩნდა ჩემთვის იმ საჭირო ენერგიის შესავსებად, რასაც ძალიან ვიყავი შეჩვეული ჩემი უსაყვარლესი ადამიანის მხრიდან.
– გულახდილი დალოგისთვის მზად ხართ? რამდენად შესაძლებელია ასეთი დიალოგი?
– ვფიქრობ, ეს ყოველთვისაა შესაძლებელი.
– შეგიძლიათ მიუტევოთ ადამიანს? რას ვერ ეგუებით?
– მიტევება შემიძლია, ვერ ვეგუები სიყალბეს!
– რწმენა ჩვენი ფარია?
– რწმენა ყველაფერია. რწმენის გარეშე ვერ წარმომიდგენია არსებობა! მწამს, რომ სამყაროს მფარველობს ღმერთი და ყველა ჩვენგანი ვალდებულია, ეს არა მხოლოდ ჩივილისა და საყვედურის, მადლობის დროსაც გვახსოვდეს.
– ადამიანი მით უფრო დიდია რაც . . . დაასრულეთ ეს ფრაზა.
– ,,რაც უფრო დიდია ადამიანი, მით უფრო ღრმაა მისი სიყვარული“ , – ამბობდა ლეონარდო დავინჩი და მე ვეთანხმები მას.
– ადამიანი, ფიქრი და ოცნება. . . ჩაგვახედეთ თქვენს სულში ახლა აქ, ჯერ პროზაულად. . . მერე – ლექსით. . .
– ადამიანი წარმოუდგენელია ფიქრის გარეშე, თუმცა ფიქრსაც გააჩნია საზღვარი. . . რაც მეტს ვფიქრობთ, მით უფრო შევდივართ ჩიხში, ამიტომაც არსებობს ოცნება. შეზღუდვა სამყაროს არ დაუწესებია, ის ჩვენ მოვიგონეთ. ყველა სიტყვის სამიზნედ ქცევა და რამე კონკრეტულთან ასოცირება შეიძლება, მაგალითად, ფიქრი ყურძნის მტევნად წარმოვიდგინო. ადამიანის გონს ხომ უკიდეგანო ფანტაზია გააჩნია და შეგვიძლია მოვუხმოთ პოზიტიურ შესაძლებლობებს. ფიქრი ყურძნის მტევანია, რომელიც სასარგებლოცაა და საზიანოც. ზოგი საუკეთესოა, ზოგი ძმარია, ზოგიც, უბრალოდ, დანალექი, ოცნება კი სიტყვაა, რომელიც უთქმელად გაივლის გულს, ყველა სისხლძარღვს მოივლის ღიმილიანი ცრემლებით და ემოციით გადმოიფრქვევა თვალებიდან.
ფიქრი ყურძნის მტევანია,
მჭახე, მათრობელა,
მწიფეა თუ უმწიფარი,
ეტრფის საფრთხობელაც,
როგორც ღვინო ეწურება,
მაჯამოცლილ მტევანს,
პირმოლიცლიცე ოცნება
შეგწეოდეთ ყველას!
– დილით, როცა ფანჯარას აღებთ და ცას გახედავთ…
– ცის კაბადონზე
მე ცრემლებს ვხედავ,
ცამ რომ დათოვა. . .
გათენებული ახალი დღისთვის
შევმადლი გამჩენს:
დიდი მადლობა!
– ყვავილად რომ გაეჩინეთ ბუნებას, რომელი ყვავილი იქნებოდით?
– ,,გალანთუსი-ფიფქია”
რა ყვავილი ვიქნებოდი? გამოვიცან, მე მგონი,
უეჭველად ვიქნებოდი ზამთრის სუსხთან მებრძოლი.
თეთრ კვირტებში უფრო მეტი, მექნებოდა მე გონი,
ვიქნებოდი ზამთარივით სპეტაკი და გამგონი!
თოვლის გრუნტში მოვიძიე, მე ფიფქია ,,გალანთუსი” –
ძველბერძნული ფესვმაგრობით ,,რძის ყვავილს” აღნიშნავს.
უძველესი მითებიდან გვაქვს ასეთი ლეგენდუსი,
რომ ყვავილი ჭიქით ხელში, თოვლის ბაბუს ნიშნავს!
რომ ზამთარში ნუგეშ-ფიფქად მიეახლა ევას,
სამოთხიდან გაძევებულს, გათოშილს არ მსტოვარს
და ამ დღიდან მწვანე ბუჩქად ევლინება თოვას,
თოვლის ქარბუქს მოჰყვება და გაზაფხული მოაქვს.
,,გალანთუსი” არქართული, ჟღერდა არამყარი. . .
,,თოვლის ფიფქი” ვუწოდე და ყველგან ვნახე კვალი.
მისტიურად, უჩვეულოდ, ვიგრძენ უცებ თავი,
დამიჯერეთ, ამოვიცან მასში წინაპარი!
– ნატვრა, რომელიც მუდამ თან გდევთ?
– ნატვრა, რომელიც მუდამ თან მდევს, არის პანდემიური ფონის დილის ნამივით აღგვა დედამიწის პირისგან და კიდევ, ჩვენს ბათუმს მინდა შეემატოს ხანდაზმულთა ცენტრი, სადაც მათზე ისე ვიზრუნებთ, რომ უკანასკნელი ამოსუნთქვა იყოს ბუნებრივი ღიმილით გაჯერებული. სურვილიც მაქვს – მინდა, რომ განათლების სისტემა, ისევე როგორც ჯანდაცვა და სხვა სასიცოცხლო დარგები, ისე აყვავდეს, როგორც არასდროს და ჩვენი მომავალი თაობა სწავლების ლაივფორმატს დაუბრუნდეს.
ცა კვლავ გაიხსნება, იარეთ გულმრთელი,
მიყვარხარ!-არა ხვალ, უთხარით ყოველ დღეს,
წავალთ და დაგვრჩება, რამდენი უთქმელი. . .
ყველაფერს გავუძლებთ, უბრალოდ – გვიყვარდეს!

