როგორ უმკლავდებიან უხვი ნალექის შედეგებს
უხვი ნალექის გამო ქალაქში ინტენსიურად იწმინდება ქუჩები და ზღვაში გამსვლელი არხები. გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს მაღალმთიან აჭარაშიც.
ბათუმში ინტენსიური წვიმების შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა, მობილიზებულია ,,ბათუმის წყლის” სპეცტექნიკა და აქტიურად მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ზღვაში გამსვლელი არხებისა და სანიაღვრე ქსელის გაწმენდითი სამუშაოები.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ძლიერი წვიმის შედეგად ხულოს, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში მეწყრული პროცესები რამდენიმე მიმართულებით განვითარდა. დილიდანვე მობილიზებულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა და ინტენსიურად მიდის გაწმენდითი სამუშაოები. ადგილობრივი მნიშვნელობის ზალმეთი-ხიხაძირის საავტომობილო გზაზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია. ყინჩაური-წაბლანას გზაზე, დროებით, მოსახლეობა, შემოვლითი გზით ისარგებლებს. პროცესში ჩართულია გეოლოგიური სამსახური და შესაბამისი დასკვნის შემდეგ, განახლდება დამეწყრილი გზის გაწმენდითი სამუშაოები. ქედაში სამ ლოკაციაზე მიმდინარეობს გზების გაწმენდა, ხოლო ხელვაჩაურში დამეწყრილი გზები 8 მიმართულებით იწმინდება.