სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა
ნათია იმნაიშვილი 27 48 93 –
დღეიდან, საჯარო და კერძო სკოლებში საგაკვეთილო პროცესი დაიწყო – მოზარდები მერხებს მიუსხდნენ და ერთმანეთთან და პედაგოგებთან „ცოცხლად“ ურთიერთობის სიხარულით შეუდგნენ სწავლას.
-ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია სკოლებში მკაცრად იქნება დაცული, რაც უზრუნველყოფს კოვიდის პროფილაქტიკასა და ხარისხიანი განათლებისადმი წვდომას. სამინისტრომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, არა მარტო დაასრულა სახელმწიფო სკოლების აღჭურვა ჰიგიენის საშუალებებით, არამედ დაასრულა სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ამასთან, სამინისტრო მშობლებს კვლავ აძლევს შესაძლებლობას, აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა, ხოლო რისკჯგუფის მასწავლებლები, სურვილის შემთხვევაში, შეძლებენ, გაკვეთილები დისტანციურად ჩაატარონ.
სამინისტროს მხრიდან სკოლებში მონიტორინგი კვლავ სისტემატურად განხორციელდება, აღნიშნავენ უწყებაში.
საქართველოში სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, თუმცა, რთული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, სწავლების პროცესი ონლაინრეჟიმში მიმდინარეობდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით, ამ დროისთვის სკოლების ადმინისტრაციების თანამშრომლებისა და პედაგოგების 67%–ია ვაქცინირებული.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლება მიულოცა სკოლის პედაგოგებსა და აღსაზრდელებს, განსაკუთრებით, პირველკლასელებს: – ვულოცავ სასწავლო პროცესის საკლასო სივრცეებში გაგრძელებას მოსწავლეებს, მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციას. განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს, რომლებმაც ახალი სასწავლო წელი სასკოლო გარემოში დღეს პირველად დაიწყეს. ასევე, სწავლა განახლდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში. ერთობლივი ძალისხმევით უნდა უზრუნველვყოთ სასწავლო პროცესის კოვიდუსაფრთხო გარემოში წარმართვა და რეგულაციების მაქსიმალური დაცვა. კიდევ ერთხელ, გილოცავთ და წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ, – განაცხადა მან.