აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ამომრჩეველთა 67-მა პროცენტმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა
ოთარ ცინარიძე 599 85 21 14 2
ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აჭარის მთიანეთის მოსახლეობამ, წინა არჩევნების მსგავსად, აქტიურად დააფიქსირა საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია. ამომრჩეველთა აქტიურობა იყო ქედის მუნიციპალიტეტში, სადაც საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 67 პროცენტი გამოცხადდა. 7 მაჟორიტარულ ოლქში საკრებულოს წევრის მანდატის მოსაპოვებლად 55-ზე მეტი კანდიდატი იბრძოდა. ამომრჩეველთა ნდობა ექვსმა მათგანმა მოიპოვა. დაბა ქედის, ცხმორისის, ზვარე-წონიარისის, მერისი-ოქტომბრის, პირველი მაისის, მახუნცეთის მაჟორიტარულ ოლქებში ამომრჩეველთა 40 პროცენტზე მეტმა მხარი დაუჭირა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატებს ვაჟა აბულაძეს, მერაბ ნაკაშიძეს, ამირან წულუკიძეს, მამუკა გოგოლიშვილს, გურამ თებიძეს, ლევან ვერძაძეს. დანდალოს მაჟორიტარულ ოლქში განმეორებითი არჩევნები ჩატარდება. მანდატის მოსაპოვებლად „ქართული ოცნებისა“ და “ენმ” -ის კანდიდატები ოთარ ხარაძე და ევგენი ცინცაძე იბრძოლებენ. ქედის მუნიციპალიტეტის მერობისთვის 3 კანდიდატი იბრძოდა. ამომრჩეველთა 57,16-მა პროცენტმა როლანდ ბერიძეს დაუჭირა მხარი. იგი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღმასრუელებელი სტრუქტურის ხელმძღვანელი იქნება. აქამდე როლანდ ბერიძე ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე იყო. შუახევის მუნიციპალიტეტში საარჩევნო სიებში მყოფი 15076 ამომჩევლიდან 2 ოქტომბრის არჩევნებზე 9998 გამოცხადდა. აქტიურობა იყო სამოლეთის, ნიგაზეულის, ფურტიოს, ნაღვარევის, ცინარეთის, დაბა შუახევის საარჩევნო უბნებზე. შუახევის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობის დასაკავებლად ომარ ტაკიძე, როინ ზოიძე, შალვა გოგიტიძე, გიორგი ტარიელაძე კენჭს იყრიდნენ. ამომრჩეველთა 56,9-მა პროცენტმა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატს ომარ ტაკიძეს დაუჭირა მხარი. იგი ერთი წლის განმავლობაში შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი იყო. დაბა შუახევის, უჩამბის, ჭვანის, ბარათაული-წყალსაყრის, შუბანი-ოლადაურის, დღვანის, ზამლეთის მაჟორიტარულ ოლქებში ამომრჩეველთა 40-პროცენტზე მეტის ხმები მიიღეს ზაზა დავითაძემ, როსტომ ლორთქიფანიძემ, მალხაზ ტაკიძემ, მურად ქათამაძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ, ემზარ აბაშიძემ, გიორგი კეკელიძემ. უბნებზე გამოცხადებული ამომრჩევლების ყველაზე მაღალი მხარდაჭერა როსტომ ლორთქიფანიძეს აქვს. როგორც შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დათა ზოიძემ გვითხრა, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო 21 წევრით იქნება წარმოდგენილი. 14 წევრი ანუ უმრავლესობა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მხარდამჭერია. წარმომადგენლობით ორგანოში 5 წევრითაა წარმოდგენილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, თითო წევრი ეყოლებათ პარტიებს „საქართველოსთვის“ და „ლელოს“. საარჩევნო უბნებზე, როგორც ქედაში, ისე შუახევში, ისეთი დარღვევები არ დაფიქსირებულა, რომ საერთო შედეგებზე გავლენა იქონიოს. ხულოს მუნიციპალიტეტის მოქმედი მერი ვახტანგ ბერიძე მეორედ იყრიდა კენჭს აღმასრულებელი სტრუქტურის პირველი პირის თანამდებობის დასაკავებლად. მას ხულოელებმა ამჯერადაც გამოუცხადეს ნდობა. უბნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა 54,16-მა პროცენტმა მას მხარი დაუჭირა. ხულოში, ადრინდელი 13-ის ნაცვლად, 8 მაჟორიტარი ოლქია. 6 მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩეველთა ნდობა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატებმა მოიპოვეს. ყველაზე მაღალი მხარდაჭერა ვაშლოვანელთა რჩეულს რენარ ბოლქვაძეს აქვს. დიოკნისი-რიყეთის, დიდაჭარა-საციხური-აგარის, ღორჯომის, სხალთა-ფუშრუკაულის, ხიხაძირი-თხილვანის მაჟორიტარულ ოლქებში ამომრჩეველთა 40-პროცენტზე მეტის მხარდაჭერა მიიღეს ლევან გელაძემ, ზაურ გობაძემ, თემურ ანთაძემ, ავთანდილ მახარაძემ, არჩილ აბაშიძემ. დაბა ხულოს, დეკანაშვილების საარჩევნო ოლქებში 40 პროცენტს არ გასცდენია არცერთი კანდიდატის შედეგი. განმეორებით კენჭისყრაში დაბა ხულოს ოლქში ერთმანეთს პარტიების „საქართველოსთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები ირაკლი ბოლქვაძე და ლევან მახარაძე დაუპირისპირდებიან, ხოლო დეკანაშვილების ოლქში – „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები – ნადიმ დეკანაძე და თენგიზ შავაძე.