პოლიტიკა
„სააკაშვილისთვის ადამიანის სიცოცხლე ჩალად არ ღირს, ყველა მათგანს მარიონეტებად თვლის და ისე ათამაშებს, როგორც სურს“
მარიამ ხითარიშვილი 27 48 94 –
თვითმმართველობის არჩევნების მშვიდი გარემო ერთბაშად დაარღვია ექსპრეზიდენტმა, როდესაც საკუთარ ფეისბუქგვერდზე ბათუმში გადაღებული ვიდეო გაავრცელა. მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა-არჩამოსვლაზე საზოგადოებაში აზრი ორად გაიყო – ერთმა ნაწილმა დაიჯერა, რომ ვიდეომიმართვა ნამდვილად ბათუმში იყო ჩაწერილი, მეორენი კი ირწმუნებოდნენ, რომ სააკაშვილი არავითარ შემთხვევაში არ გარისკავდა საკუთარი თავისუფლებით. ამჯერად, ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა შეძლო მთელი საქართველოს გაოცება და ამ ნაბიჯით მომხრეების კონსოლიდაციაც, მაგრამ ერთ რამეში შეცდა – დაიჭირეს და მანამ აღმოჩნდა საპატიმროში, სანამ დაგეგმილ და დაანონსებულ “გრანდიოზულ” მიტინგს ჩაუდგებოდა სათავეში.
გთავაზობთ ინტერვიუს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძესთან, რომელიც საუბრობს მიმდინარე პროცესებსა და არჩევნების მეორე ტურის პერსპექტივაზე „ქართული ოცნებისათვის“.
-ბატონო ტიტე, როგორ შეაფასებდით მიხეილ სააკაშვილის საქართველოში კონტეინერით შემოსვლას? მისმა ვიზიტმა საკმაოდ დიდი არეულობა შემოიტანა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
-ეს ადამიანი მუდმივად არის მოწოდებული, ყველგან, სადაც შევა, თესოს არეულობა და ქაოსი, მაგრამ ამ ჯერზე, ვერ მოახერხა ჩანაფიქრის სრულად განხორციელება, ვერ მიაღწია საბოტაჟს და დესტრუქციას. სამართალდამცველებმა სწრაფად, ხარვეზის გარეშე იმოქმედეს და მოათავსეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი იქ, სადაც ჯერ კიდევ 2012 წელს უნდა ყოფილიყო. საქართველოს მოსახლეობას ეყო გონიერება და გააკეთა არჩევანი სიმშვიდესა და დესტაბილიზაციას შორის.
-თქვენ მიგაჩნიათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ის შედეგი, რასაც ელოდა და სააკაშვილის მოულოდნელმა გამოჩენამ არ გამოიწვია ოპოზიციის მომხეების სრული კონსოლიდაცია?
-მე ვთვლი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკმაოდ კარგი შედეგები მიიღო. საქართველოს მასშტაბით 46% აქვს აღებული, შესაბამისად, ეს არის ქართველი ხალხის ნების გამოხატულება თვითმმართველობის არჩევნებზე.
-და მაინც, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში მეორე ტური დაინიშნა. . .
-ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც არჩევნები ღიად და გამჭვირვალედ ტარდება, მეორე ტური თავისთავად დგება. ამაში არაფერია გასაკილი და საგანგაშო. ეს კატასტროფა ნამდვილად არ არის, ბუნებრივი პროცესია.
-შედეგზე გახარიას პარტიამაც ხომ იმოქმედა?
-თავისთავად, ყოფილმა პრემიერმა, რომელმაც მოღალატურად მიატოვა ჩვენი პარტია, გაყო ხმები, ჩვენი ამომრჩევლის 10% მაინც წაიყვანა. სწორედ ამიტომ ვამბობდით, რომ გახარიამ რეალური დარტყმა მოგვაყენა, ისეთი, რომელსაც მისგან არ ვიმსახურებდით. „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა მისგან პიროვნება, პოლიტიკოსი, რომელმაც ქართველ ხალხში პოპულარობა მოიპოვა, ახლა კი რა გამოდის? ის ხალხი, რომელიც რამდენიმე თვის წინ ჩვენ გვიჭერდა მხარს, გახარიამ გადაიბირა სხვადასხვა ტყუილით და ჩვენს კანდიდატებს მეორე ტური დასჭირდათ. დარწმუნებული ვარ, ეს რომ არა, პირველივე ტურში დავდებდით მაღალ შედეგს. ყველამ დავინახეთ, რომ ეს მზაკვრული გეგმა მას თავიდანვე ჰქონდა მომზადებული და ელოდა მომენტს, რომ ჩვენთვის მტკივნეული დარტყმა მოეყენებინა. განსაკუთრებით დასანანია, რომ ამას აკეთებს ადამიანი, რომელსაც ვაფასებდით და რომლისაც გვჯეროდა.
-როგორ ფიქრობთ, ვის თამაშს თამაშობს გიორგი გახარია?
-რადიკალური ოპოზიციის, კონსტრუქციული ოპოზიცია რომ არ არის, ეს უკვე რამდენჯერმე დააფიქსირა.
-როგორ შეაფასებთ ჩატარებულ არჩევნებს?
-არჩევნების პირველი ტური ჩატარდა აბსოლუტურად მშვიდ გარემოში. თავიდან ბოლომდე იყვნენ მობილიზებულნი როგორც ელექტორატი, ისე კოორდინატორები, კომისიის წევრები, საარჩევნო ადმინისტრაცია, „ქართული ოცნების“ წევრები, რათა თავიდან აგვეცილებინა პოლიტიკური დაძაბულობა. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა ოპოზიციის აქტიური მობილობის ფონზე. ისინი ყველა ხერხით ცდილობდნენ, შეექმნათ ქაოსი, არეულობა, დაძაბულობა, ინტრიგებს ხლართავდნენ ყველა სიტუაციიდან. ცდილობდნენ უბნებში ზედმეტი ხალხის შეყვანას, ბიულეტენების ნომრების არევას, მანქანებში უხტებოდნენ ამომრჩევლებს, მაგრამ არავინ მათ არ აყვა, ყველა მიდიოდა, საკუთარ არჩევანს აკეთებდა და ყურადღებას არ აქცევდა ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებს. ჩანს, ხალხსაც მობეზრდა ერთი და იგივე ილეთებით დაწყებული არეულობა, რომელიც ისევ და ისევ მოსახლეობას და ქვეყანას აზარალებს. ოპოზიციის მომხრეებსაც კი არ ჰქონდათ ამ ქაოსში ჩართვის მცდელობა. ასე რომ, მინდა გაუწყოთ, სწორედ ჩვენი მმართველი პარტიის უშუალო დამსახურებით და ქართველი ხალხის თანადგომით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები აბსოლუტურად მშვიდ, სტაბილურ ვითარებაში წარიმართა.
-პრემიერმა ღარიბაშვილმა ერთ-ერთ ეთერში განაცხადა, რომ სააკაშვილს ოპოზიციის ლიდერების მკვლელობა ჰქონდა განზრახული ქვეყანაში სერიოზული არეულობის წამოსაწყებად.
-თუკი გავითვალისწინებთ, რომ სააკაშვილი ქურდულად შემოვიდა ქვეყანაში, გასაგები ხდება – მისი გეგმა გახლდათ ქვეყანაში არეულობის და დაპირისპირების მოწყობა. ამ განზრახვას სისრულეში ვერ მოიყვანდა, თუ სისხლი არ დაიღვრებოდა, რადგან ხალხი უკვე აღარ იჯერებს თითიდან გამოწოვილ ბრალდებებს. ისიც ცხადია, რომ პრემიერი ასეთ ბრალდებას ჰაერიდან ვერ მოიტანდა, აქვს ალბათ მტკიცებულებები, რომელსაც გაასაჯაროებენ, როცა დრო მოვა.
-მაინც შემაძრწუნებელი ბრალდებაა.
-ისევე, როგორც ამ კაცის ყველა ქმედება, რომელიც მისი ძალაუფლების დაბრუნებას ეხება. ანალოგიურ აქციებს რამდენიმე წლის წინათაც გეგმავდა, რაც ბიძამისთან, ალასანიასთან საუბრის ჩანაწერით გამჟღავნდა. მაშინ იგი ნატრობდა იარაღს, სნაიპერს, რათა ამოეხოცა ქართველი ხალხი, რომელსაც ცუდად მოიხსენიებდა.
სააკაშვილისთვის ადამიანის სიცოცხლე ჩალად არ ღირს, ყველა მათგანს მარიონეტებად თვლის, ძაფები თავად უჭირავს ხელში და ისე ათამაშებს, როგორც სურს. შესაბამისად, ქვეყანაში ძალაუფლების დასაბრუნებლად და ხალხის გადასაბირებლად მზადაა საკუთარი პარტნიორების ამოხოცვისთვისაც, ეს აღარ წარმოადგენს დიდ საიდუმლოს, ყველა ყველაფერს ხვდება და იცის, უბრალოდ უჭირთ ამის ხმამაღლა თქმა და დაჯერება, არადა, ნათელია მისი მიზნები.
-ხალხს მაინც სჯერა.
-აი, ეს არის ყველაზე ცუდი. შეცდომაში შეჰყავთ რიგითი მოქალაქეები. მათ გულწრფელად სჯერათ ყველა ის ტყუილი, „ნაციონალების“ მიერ დაფინანსებული ტელე-არხებით რომ ისმენენ. ჰგონიათ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლაა ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა. ანუ ქვეყნის 25-30 % მართლაც ასე ფიქრობს. არ არიან ჩახედული „ნაციონალების“ მზაკვრულ გეგმებში და არ იღებენ სიმართლედ იმ ინფორმაციას, რომელზე დაყრდნობითაც ანალიზი უნდა გააკეთონ. ასე რომ, ეს ადამიანები დღემდე ცხოვრობენ იმ სიცრუესა და ფანტაზიებში, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია უხვად აწვდის მათ.
-პრინციპში, რისი იმედი ჰქონდა სააკაშვილს, რატომ იყო ასე დარწმუნებული, რომ ვერ აღმოაჩენდნენ?
-იმიტომ, რომ ისიც იმ სიცრუეში ცხოვრობს, რომელსაც აქედან აწვდიან მისი მომხრეები. მართლა დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ ვერ მართავს ქვეყანას და უნიათო და უსუსური სამართლებრივი სისტემა გვაქვს. მას იმისიც სწამდა, რომ უამრავი მიმდევარი გვერდით დაუდგებოდა, ქალაქები გადაიჭედებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებით და მოეწყობოდა მისი დიდებული მსვლელობა საქართველოს მმართველობის ხელში ჩასაგდებად, არადა, თავად ხომ ნახეთ, რუსთავის ციხესთან ათასამდე კაცმა ძლივს მოიყარა თავი. რეალობა სულ სხვა დახვდა და იმედია, ყველა მიიღებს საკადრის პასუხს.
-თავად ოპოზიციის წარმომადგენლებიც აშკარად დაიძაბნენ სააკაშვილის მოულოდნელი ვიზიტით.
-კი, შიდა პარტიული განხეთქილება თვალსაჩინოა, მართლაც დაიძაბნენ ლიდერები. ვგულისხმობ ნიკანორ მელიას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ უპირობო ლიდერობას იჩემებდა. სააკაშვილის ჩამოსვლა პირადად მისთვის დამღუპველი და პოლიტიკური ველიდან გაქრობის წინაპირობაა, რადგან ფაქტია, რომ ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში გარკვეული პოლიტიკური ნიშის დაჭერას აპირებს.
-რა პოზიციას დაიჭერს უკრაინა საკუთარ მოქალაქესთან მიმართებაში?
-უკრაინას გააჩნია საკუთარი კანონმდებლობა, რომელიც დაარღვია სააკაშვილმა, როდესაც ფარულად დატოვა ქვეყანა. შესაძლებელია მოითხოვოს ექსტრადირება ან არ მოითხოვოს, ეს მისი სამართლებრივი სისტემის გადასაწყვეტია.
-ახლა უკვე ოპოზიცია სააკაშვილის გასათავისუფლებლად აპირებს გამარჯვებას და ვადამდელი არჩევნების დანიშნვას. როგორ ფიქრობთ, მმართველი პარტია მიიღებს ამ გამოწვევას?
-შარლ მიშელის დოკუმენტის თანახმად, ვადამდელი არჩევნები ინიშნებოდა 43%-იანი ბარიერის გადაულახავობის შემთხვევაში. ამაზე შეთანხმდა ყველა მხარე. როდესაც ჩვენ გამოვედით ამ შეთანხმების შესრულების ვალდებულებისგან, პრაქტიკულად, გაბათილდა შეთანხმება, მაგრამ ისიც ვთქვით, რომ ამ ბარიერზე გაცილებით მეტ ნიშნულს მივაღწევდით. შედეგი სახეზეა, ხმების 46% მივიღეთ. ვერცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, ვერცერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, რომელიც უკმაყოფილებას გამოთქვამდა შარლ მიშელის დოკუმენტის დატოვების გამო, ვეღარაფერს ამბობს. ისიც კი აღიარეს, რომ არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულ გარემოში, სტაბილურად, მშვიდობიანად, გამჭვირვალედ და ღიად. აქედან გამომდინარე, ჩვენ რომც არ დაგვეტოვებინა მიშელის დოკუმენტი, მაინც ვერავინ დაგვავალებდა ვადამდელი არჩევნების დანიშნვას, რადგან ყველაფერი ჩატარდა წესების დაცვით, მკაცრად, საარჩევნო კანონმდებლობის ფარგლებში.
-ეს ყველაფერი იცის ოპოზიციამაც, მაგრამ მაინც თავის აზრზე დგას და თავისას ითხოვს.
-ოპოზიცია ყოველთვის თხოულობს იმას, რაც სურს და სულაც არ იტვირთავს თავს, რამდენად კანონიერია მისი მოთხოვნა. მისი ლიდერებისთვის მთავარია ხელისუფლებაში მოსვლა და არა რომელიმე დოკუმენტის თუ კანონის მიხედვით მოქცევა. რაღაცას აიჩემებენ, იმას, რაც მათ ხელს აძლევთ და მისდევენ ბოლომდე, არანაირ ლოგიკას არ სცნობენ. ამიტომ, უნდა გაითვალისწინონ, რომ ჩვენ გვაქვს სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია კანონმდებლობა, ოპოზიციაც და პოზიციაც უნდა დაემორჩილოს გარკვეულ წესებს. აქედან გამომდინარე, სურთ თუ არა, უნდა გაითვალისწინონ ეს ყველაფერი და დაამთავრონ ყბადაღებულ 43%-იან ბარიერზე და მათივე გამოგონილ რეფერენდუმზე საუბარი.
-რამდენიმე ქალაქში შესაძლებელია ოპოზიციის კანდიდატებმა გაიმარჯვონ. ამის წინაპირობა რომ არსებობს, ესეც ფაქტია. ამ შემთხვევაში რა შეიცვლება „ქართული ოცნებისთვის“?
-არაფერი. არჩევნებში იმიტომ მონაწილეობს ორივე მხარე, რომ ღირსეულმა გაიმარჯვოს, ანუ გავიდეს ის, ვისაც მეტი ადამიანი დაუჭერს მხარს. ოპოზიციური პარტიები დაიჭერენ კვოტით გათვალისწინებულ ადგილებს, ხოლო მმართველი პარტია – თავისას. ოპოზიციის წარმომადგენლები უნდა იყვნენ როგორც ქვეყნის საკანონმდებლო, ისე თვითმმართველობის სტრუქტურებში. არაფერი არაბუნებრივი აქ არ არის. ჩვენ, როგორც დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფო ვითვალისწინებთ ყველა ადამიანის, პარტიის თუ სამოქალაქო სექტორის მოთხოვნებს და ყველას ვაძლევთ თვითგამოხატვის საშუალებას. სხვაგვარად, 21-ე საუკუნის პოლიტიკის წარმართვა წარმოუდგენელი იქნებოდა.
-სააკაშვილის ჩამოსვლის გათვალისწინებით, მეორე ტურისთვის რაიმე განსხავავებულ პიარ-კამპანიას აპირებთ თუ იგივე სცენარით წარმართავთ ამ პროცესს?
-არაფერი განსხავავებული არ იქნება. რატომ უნდა დავიძაბოთ იმ კაცის გამო, ქურდულად რომ გადმოკვეთა საზღვარი და თავისივე დაფუძნებული პარტიის ამჟამინდელი ლიდერები ჩააგდო კოლაფსში. მას არ გამოუვიდა ზარ-ზეიმით ჩამოსვლა, აშკარა ფიასკო განიცადა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათი საქმე დამთავრებულია და სულ მალე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ისე გადნება და გაქრება, მემატიანეებიც აღარ შემორჩება.
ერთს ვთხოვ ჩვენს მხარდამჭერებსაც და ოპოზიციის მომხრეებსაც. სიმშვიდე შეინარჩუნონ და არ აჰყვნენ იმ პროვოკაციებს, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ერთი მეორეს მიყოლებით მოამზადებენ და განახორციელებენ ციხეში მყოფი ლიდერის მითითებებით.
ისიც გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა მეორე ტურში იმ ადამიანებმაც კი მოგვცენ ხმა, აქამდე ტელევიზორიდან რომ იგებდნენ ამბებს, რადგან სააკაშვილის ჩამოსვლამ ეს ხალხი გამოაფხიზლა და დაანახა, რომ ქვეყნის გადასარჩენად მათი ხმებია საჭირო, რათა ისევ იმ შავ-ბნელ დიქტატურაში არ აღმოვჩნდეთ, 2012-ში ძლივს რომ დავაღწიეთ თავი. დარწმუნებული ვარ, მეორე ტური უფრო მკაფიოდ დაანახებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რომ მათი ეპოქა დასრულდა და ქართველი ხალხი მიუყვება დემოკრატიის გზას ევროპაში სრული ინტეგრაციისთვის.
სულ ნანახია
1141
დღეს ნანახია
1